ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი და ახალი შეზღუდვები
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ პირველი შემთხვევიდან დღემდე 46817- შეადგინა. გაზრდილია განკურნებულთა რიცხვიც. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2537 ადამიანი განიკურნა. გარდაიცვალა 19 კოვიდპაციენტი.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრს კოვიდ – 19 ორი დღის წინათ დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება. სხდომაზე აღინიშნა, რომ 4 ნოემბრიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, ასევე, რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
,,ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დადებით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, ასევე, გამოჯანმრთელებულების ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვართ ვალდებულები ვიზრუნოთ, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ გავრცლების სწრაფი ზრდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყევტილება საბჭოზე, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებში. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად, დაავადების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური საშუალება და შესაბამისად, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის მოქალაქეს 20-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.