ქართველი გოგონა, რომელმაც „თომას ზღაპრები“ იტალიურად თარგმნა
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
კესა კეკელია 11 წლის გოგონაა, რომელიც იტალიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიური ძალიან კარგად იცის, თავისი თანატოლებისთვის გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ თარგმნა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. პანდემიის ფონზე, ვერ მოხერხდა პრეზენტაციის გამართვა, თუმცა როგორც კი ყველანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, კესა ზღაპრის ავტორთან ერთად თავისი ნამუშევრის ორიგინალურ და განსაკუთრებულ წარდგენას გვპირდება.
– კესა, რამდენი ხანია, რაც იტალიაში ცხოვრობ და რამდენად მარტივია იტალიური ენა ?
– 2 წლიდან ოჯახთან ერთად, აქ, იტალიაში ვცხოვრობ. დავდივარ სკოლაში, ვარ მე-6 კლასში. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 8 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემთვის ძალიან მარტივია იტალიური ენა და შესაბამისად, ძალიან მარტივადაც ვისწავლე.
– როგორ ფიქრობ, ქართული ენის სწავლა უფრო ადვილია თუ იტალიურის?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის – იტალიური ენის.
– ზღაპრების თარგმნა როდის ან რატომ გადაწყვიტე?
– თარგმნა გადავწყვიტე მაშინ, როცა კითხვა დავიწყე. თავიდან, არ ვინტერესდებოდი, რადგან არ ვიცოდი ქართული ენა. მას შემდეგ, რაც შევძელი უფრო უკეთესად გამეგო, თუ რა ხდებოდა ზღაპარში, გამიჩნდა სურვილი, რომ ის იტალიურ ენაზეც ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
– რატომ – გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ?
– „თომას ზღაპრები“ გადავთარგმნე იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესოდაა ასახული მოვლენები და ისე შემიყვარდა, რომ მომინდა ჩემი თანატოლებისთვისაც გამეცნო იგი.
– კომუნიკაცია თუ გქონდა თავად ზღაპრის ავტორთან? ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასება. .
– დედა ესაუბრა გიორგი კეკელიძეს, მე ვერ ვნახე, რადგან დაგეგმილი პრეზენტაცია, რომელზეც იგი იტალიაში ჩამოსვლას გეგმავდა, ვირუსის გამო გადაიდო.
– მიუხედავად გადადებული პრეზენტაციისა, როგორც ვიცი, შენი ნათარგმნი ზღაპრები უკვე არის ბიბლიოთეკებში. .
– პატარა პრეზენტაცია ჩავატარეთ მხოლოდ მალტაში, თუმცა როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მოვაწყობთ დიდ ღონისძიებას და წარვადგენ ჩემს ნამუშევარს. მიუხედავად ამისა, ჩემი თარგმანი უკვე იყიდება იტალიურ მაღაზიებში, არის სკოლების ბიბლიოთეკებში, ასევე, ხელმისაწვდომია „თომას ზღაპრების“ ელექტრონული ვერსიაც.
– გამოხმაურება როგორი იყო მეგობრების მხრიდან?
– ყველამ წაიკითხა და ვფიქრობ, თითოეულმა მათგანმა ისეთი სიამოვნება მიიღო, როგორიც მე პირველად წაკითხვის დროს.
– კესა, რთულია სამშობლოდან შორს ყოფნა?
– მე ძალიან პატარა ვიყავი, იტალიაში რომ ჩამოვედით, ამიტომ საქართველო არ მახსოვს. არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ჩვენთან ხშირად ჩამოდიან ნათესავები, განსაკუთრებით კი ბებიას ჩამოსვლა მიხარია. მე და ბებო ერთად ვერთობით, მან მასწავლა ქართული ასოები, წერა, ლექსები. მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. წელს, ვირუსის გამო ვერ ჩამოვიდა, იმედია, მომავალ წელს ჩამოვა და ისევ ერთად ვიქნებით.