ამბები
ოპოზიციური პარტიები სტრატეგიას ცვლიან
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეს აჭარის მთავრობასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ისინი აჭარის მთავრობასთან აქციებს დროებით წყვეტენ, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ და 8 ნოემბრის ფართომასშტაბიანი აქციისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება და ხმაური იყო გუშინ ბათუმის 79-ე ოლქთან, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა 21 საათზე უნდა დაწყებულიყო. აქ იმყოფებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, მოძრაობა „იმოქმედეს“ და ორგანიზაცია „ალტერნატივის” წევრები, რომლებმაც სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. კომისიასთან დაპირისპირების დროს შენობის მიმდებარედ სალონის შუშა ჩატყდა და 3 ადამიანი დაშავდა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორი და ერთი მოქალაქე. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი განცხადებით, დაზიანებები საგანგაშო არ არის.
,,დაშავებულია სამი მოქალაქე, ერთია პოლიციის ოპერატორი, ასევე დაშავაბულია ორი პიროვნება, პირველად ეტაპზე დაზიანების ხარისხი არ არის საგანგაშო. რაც შეეხება ფაქტს, პოლიციის კორდონი იყო, რა დროსაც ხდებოდა გარკვეულ მოქალაქეთა ჯგუფის და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ, ძალის გამოყენებით, საოლქოში შესვლის მცდელობა, ” – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა კომისიის წევრებმა, მიხეილ კიკაბიძემ და უშანგი მიქელაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმების შესახებ საჩივრებს განიხილავდნენ, მათ უბნების გადათვლა მოითხოვეს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს სხდომის დატოვება. მიაჩნიათ, რომ კომისია შეთანხმებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს და მათ პროცესში ჩართვას აზრი ეკარგება.
გუშინვე, მოგვიანებით, მომხდარ ფაქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, ინციდენტი იყო მიზანმიმართული შეტევა საარჩენო კომისიების მუშაობაზე და ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები ვერ განვითარდება.
,,ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია იმ საჩივრების განხილვის დროს, რომელიც შეტანილია არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოიჩინონ უმაღლესი პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიყენოს არჩევნების შედეგების შეჯამებას. ამავე დროს იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონს მიღმა დარჩენილ ქმედებაზე. მათი მთავარი მიზანი არის არეულობის და რევოლუციული სცენარების პროვოცირება ჩვენს რეალობაში. რაც არის წარუმატებელი მცდელობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ის შედეგი, რომელიც არის მათთვის არასასურველი პოლიტიკური შედეგი, შეძლონ და ღირსეულად მიიღონ, აღიარონ დამარცხება და პატივი სცენ მათი ამომრჩევლის ხმებს” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სულ ნანახია
490
დღეს ნანახია
1