ამბები
შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდეს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
20 გარდაცვლილი და 2 401 ახალი შემთხვევა – ასეთია საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა. 17 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა. კლინიკაში მყოფი 212 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 49 პირი. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ იყო მსჯელობა დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
– ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, შეზღუდვების ხარისხი და გავრცელების მასშტაბები დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, როგორ დავიცავთ დადგენილ წესებს, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს და რამდენად ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა შესაბამის რეგულაციას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა რეგულაციების დაცვის პროცესში არა მხოლოდ მოქალაქეებისა და დამსაქმებლების, არამედ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობასაც.
„ჩვენ არასოდეს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება და საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი და კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სუბიექტმა, აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, მაშინ, როდესაც გამოხატავენ პროტესტს ან თავიანთ აზრს, ეს გააკეთონ რეგულაციების დაცვით. საჭიროა მხოლოდ პირბადის გაკეთება, დისტანციის დაცვა, არავის აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდით, ჩვენი აზრი გამოვხატოთ ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ზრდა გაგრძელდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.
„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად, ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება, იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.
„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებაში როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ყველა ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, დღეს აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია. შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში პირბადის ტარება არის სავალდებულო როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია შეზღუდულია ათ კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე, დიდ ქალაქებში, 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა გადასულია დისტანციურ რეჟიმში, საჯარო სექტორში არის გაცემული მითითება, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. გარდა ამისა, მთავრობა მოუწოდებს 70 წელს გადაცილებულ თანამოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე გაგრძელდება მსჯელობა კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება, თუმცა არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისეთი მძიმე შეზღუდვების, როგორიც გაზაფხულზე დაწესდა. გამყრელიძის განცხადებით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა თანდათანობით მიმართავს გამკაცრებულ ღონისძიებებს, ძირითადი პოლიტიკა კი არის ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. მან ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ეტაპობრივად სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე.
„ამ საკითხებზე მსჯელობს საბჭო, რადგან პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში არის თითქმის ერთნაირი მიდგომა, ანუ ბალანსი ერთი მხრივ შემზღუდველ ღონისძიებებს, მაგრამ არა ტოტალურ ლოკდაუნს, მეორე მხრივ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შორის, რომ პაციენტები დროულად იყვნენ მოვლილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფიცირების დადგენის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასვლას თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ისეთი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, როგორიცაა დისტანცია, დისტანციური სწავლება, ხელების ხშირი დაბანა, პირბადე და ა.შ.
– ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, – ეს განცხადება კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა.
„ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ – შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი. მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. თქვენ კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ აქ თავის გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სულ ნანახია
436
დღეს ნანახია
1