აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მერიას 88 675 ლარი გამოეყო
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს მერს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა ოქტომბერში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკარმიდამოს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოხმარდეს.
ასეთი 49 ოჯახია და მათ საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი და გაბიონი უნდა მოეწყოს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაიწყება ეტაპობრივად, 2021 წლიდან და ის 49 ოჯახი, რომელიც ქირით არის გაყვანილი, დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ ადგილს.
– მერიამ შემოიტანა წინადადება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 88 ათას 675 ლარი, რითიც უნდა მომზადდეს პროექტები. დაახლოებით 32 ოჯახია, რომელიც მეწყრული პროცესების გამო ადგილმონაცვლეობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ისინი ვეღარ მოახერხებენ დაბრუნებას იქ, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. ასევე, არის გაცხადებები, რომლებიც იყო შემოტანილი, თუმცა ჯერ საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება, – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძემ.
– 49 ოჯახია, რომელიც გაყვანილია ქირით. მათ საცხოვრებელ სახლებთან საჭიროა პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ, ფერდსამაგრი კედლის და გაბიონის მოწყობა. მას შემდეგ, რაც იქ ცხოვრება გახდება უსაფრთხო, ისინი დაუბრუნდებიან საცხოვრებელ სახლებს. ასევე, არის ადგილები, სადაც საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ იქაც საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მათთანაც დავიწყებთ სამუშაოებს, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ კახაბერ ფუტკარაძემ.