ამბები
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თბილისში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
საპროტესტო აქციები – თბილისსა და ბათუმში
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თბილისში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
საპროტესტო აქცია მოეწყო ბათუმშიც. აჭარის მთავრობის შენობასთან მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტებმა რამდენიმე კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ახალ შეზღუდვებს, რომლის მიხედვით საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ქუჩაში გადაადგილება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ბექა დიასამიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდნენ – ღამით მონაწილეთა ნაწილი დარჩა ადგილზე, ასევე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლიდერები. რაც შეეხება შეზღუდვებს, დიასამიძე ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ დამორჩილებას და ადგილზე ბოლომდე დარჩებიან. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და არ დააჯარიმებს ან არ დააკავებს აქციის მონაწილეებს.
ცნობისათვის: აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. უფრო ადრე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ეს რეგულაციები იქნება ძალაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება ოპოზიციის მომხრეების მიტინგს თბილისში, გუშინ
ღამით ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეებმა გამყოფი ღობის გარღვევა და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციის ორი მონაწილე დაშავდა. შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.
განვითარებულ მოვლენებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენება, თანაც პანდემიის პირობებში, საერთაშორისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობას უდრის. სახალხო დამცველის განცხადებით, როდესაც ხდება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება, ეს ძალა პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს, ამ შემთხვევაში კი, როდესაც საკმაო რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული და ხალხის რაოდენობაც არ იყო ბევრი, სხვა ღონისძიებების გამოყენება შეიძლებოდა. ლომჯარიამ ისიც აღნიშნა, რომ პოლიციელებს მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.
შეგახსნებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.
„გთხოვთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, არ აყვნენ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის: „მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო. არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური პოზიცია.
ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის. ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.
ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით! ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ.
დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე განმარტა, როგორ იმოქმედებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციის აქციაზე: „აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 10 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, თქვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“.
კალაძის განცხადებითვე, კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა. „გუშინაც გაკეთდა განცხადებები ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციამ აქცია დღეს 18 საათისთვის კვლავ დააანონსა.
სულ ნანახია
579
დღეს ნანახია
2