ამბები
ამირან გამყრელიძე: ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66 561-ს მიაღწია. ვირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 566, ხოლო სულ გამოჯანმრთელდა 49 811 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 421), კარანტინის რეჟიმშია 2 656, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 4 878, კოვიდსასტუმროებში – 3 181 ადამიანი.
ამ ფონზე, სასიამოვნო სიახლეა რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის წარმატებული ცდების შესახებ გაკეთებული განცხადება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, კოვიდ 19-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის წელსვე გახდეს ხელმისაწვდომი.
– ჩვენი რეგიონისთვის კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყება დაახლოებით გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი. პირველი აცრები გერმანულ-ამერიკული ვაქცინით, რომლებზეც ყველაზე დიდი იმედები მყარდება, შეიძლება მიმდინარე წელს დაიწყოს და, ასევე, ბრიტანულ-შვედური ვაქცინით, რომელიც ალბათ, დეკემბერში გამოჩნდება, მაგრამ ეს შეზღუდული იქნება, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე თქმით, შვიდი მილიარდი ადამიანი, ან მისი ნახევარი რომ იმუნური იყოს, დაახლოებით, 7-8 მილიარდი ვაქცინაა საჭირო და მსოფლიოში უკვე ვაქცინების რვა მილიარდი დოზაა შეკვეთილი.
– ჩვენ ვართ პლატფორმაზე, სადაც საქართველომ ოთხი მილიონი დოლარი შეიტანა. დაახლოებით 20% რომ მოვიცვათ, 17 მილიონ დოლარამდე გვჭირდება როგორც კი მარეგულირებლების მიერ პირველი ვაქცინები დამტკიცდება, მანამდე ისევ პრევენციული ღონისძიებებით – პირბადით და ასე შემდეგ მოგვიწევს ცხოვრება, – აღნიშნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მან მოსახლეობას გრიპის ვირუსზე ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.„ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და მან უკვე მოკლა 1 200 000 ადამიანი, მათ შორის, 500-ზე მეტი ადამიანი ჩვენთან. მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი ახსნა, რომ დიახ, ის არსებობს და ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი. გრიპიც სერიოზული დაავადებაა, მაგრამ ის გრიპზე უფრო რთულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სულ ნანახია
537

დღეს ნანახია
1