ხელოვანიხელოვნება
„გამორჩეულად მიყვარს ის ნახატები, ადამიანის რამდენიმე მხარეს რომ წარმოაჩენს“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ნათია კიკნაძე პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია, განათლება გერმანიაში, სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც თავისუფალი მხატვრობის განხრით სწავლობდა. ხატვა მისი სულის გამოძახილია.
– ქალბატონო ნათია, მოგვიყევით თქვენს შესახებ . . .
– დავიბადე 1980 წლის 19 აგვისტოს, ხარაგაულის რაიონში. დედა იმ დროს მშობლიურ კუთხეში იყო დასასვენებლად ჩასული, ამიტომ ეს რაიონი გახდა ჩემი დაბადების ადგილი. მიყვარს იქაურობა, ყველა ტკბილი მოგონება მას უკავშირდება. განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგები მახსენდება და ჩემი დეიდაშვილები, რომლებიც ყოველთვის იქ მხვდებოდნენ. გავიზარდე თბილისში, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი წელი დედაქალაქს უკავშირდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, 19 აგვისტო, რადგან ფერისცვალების დღეა. მომწონს როცა მილოცავენ და მეც ვულოცავ ყველას.
– როდის გადაწყვიტეთ მხატვარი გამხდარიყავით?
– ხატვა დავიწყე მაშინ, როცა პირველად დავინახე სახატავი საშუალებები, ალბათ, ორი წლიდან. დედა მომიყვა, რომ ერთ დღეს, როცა სახლში მარტონი ვიყავით, წიგნზე დამიხატავს ადამიანი. ისეთი ნახატი ყოფილა, დედას უფიქრია, კიდევ ვიღაც არის სახლშიო. გაოცებულა, თვალებს არ უჯერებდა… ნიჭი მამისგან გამომყვა, რომელიც ძალიან კარგად ხატავს.
– თქვენი პირველი ნამუშევარი . . .
– ვერ ვიხსენებ პირველ ნამუშევარს, რადგან მთელი ცხოვრება ვხატავ. ჩემი საყვარელი პერიოდი იყო ყოველი წლის ბოლო ზარი, რადგან ამ დროს ყოველთვის ჩემთან ამოჰქონდათ მოსახატად გოგოებს წინსაფრები, ბიჭებს – პერანგები. მთელი ღამე ვხატავდი, რომ მომესწრო დილისთვის. კარგად მახსენდება ეს დრო, რადგან ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი.
– რომელ სამუშაო მასალას ანიჭებთ უპირატესობას?
– ვხატავ აკრილით, ხან ზეთით. სამუშაო პროცესი აკრილში უფრო ადვილია, მაგრამ ზეთით შესრულებული ნახატები უფრო მომწონს.
– როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?
– ვხატავ მხოლოდ მაშინ, როცა ვარ მარტო. თუ მუსიკას ჩავრთავ, აუცილებლად კლასიკას, თუმცა მუსიკის გარეშეც კომფორტულად ვგრძნობ თავს ხატვის პროცესში.
– რომელიმე ნამუშევარი თუ გიყვართ გამორჩეულად?
– გამორჩეულად მიყვარს ის ნახატები, ადამიანის რამდენიმე მხარეს რომ წარმოაჩენს, მინიმუმ ორს მაინც, ამიტომაც მომწონს ჩემი ორთავიანი ქალები.
– თუ გაგიყიდიათ ან გაგიჩუქებიათ საკუთარი ნამუშევარი?
– ყოველთვის მიჭირდა ნახატებთან განშორება, თუმცა გამიჩუქებია და შემდეგ ისე მომნატრებია, მივხვდი, ეს აღარ უნდა გამეკეთებინა. ახლა ვცდილობ, შევიცვალო ეს დამოკიდებულება. ვეჩვევი იმასაც, რომ ჩემი ნიჭით მივიღო შემოსავალი.
– ყოფილხართ თუ არა რომელიმე მხატვრის გავლენის ქვეშ?
– მხატვრებიდან გამოვარჩევდი ფრიდა კალოს, რადგან მომწონს, როგორ აღწერს ნახატებში თავისი ცხოვრების სცენებს. თუმცა ვერცერთი მხატვრის გავლენის ქვეშ ვერ მოვექცევი, რადგან ვხატავ მხოლოდ ჩემი წარმოსახვით, რაც ჩემს ქვეცნობიერთან არის ახლოს. ჩემს კარიკატურებშიც გამოგონილი პერსონაჟები არიან.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ხელოვნება, რა თილისმა აქვს მას ისეთი, რომ ნებისმიერ ეტაპზე ის საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია?
– ხელოვნება არის ის, რისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება. თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, ხელოვნების ნიმუშია, რადგან ამ ნივთების გარეშე, კომფორტი და ცხოვრება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ხელოვნება არ იყოს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
– გეგმებზე რას გვეტყვით?
– ჩემი გეგმები გამოფენებს უკავშირდება. მინდა შევქმნა ისეთი ნახატები, რომლითაც მოიხიბლება დამთვალიერებელი.
სულ ნანახია
1065
დღეს ნანახია
1