ამბები
ოფიციალური თბილისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ელოდება
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა და თბილისში შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
„მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების საკითხებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება – ეს არის ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ხელშესახები შედეგები გვაქვს“, – აღნიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, აშშ–ის ბიუჯეტის 2020–2021 წლების კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 132 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას. ამასთან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური დახმარება 50 მლნ დოლარით გაიზარდა.
დავით ზალკალიანის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რეგიონში დღეს არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა და კიდევ უფრო გაამყარებს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრების ფარგლებში განიხილება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის სფეროში. მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
„მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს – მაიკ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩაივლის – ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს, ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები ტარდება. ამერიკული დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.
რეგიონულ ჭრილში განხილვის თემა, სავარაუდოდ, ყარაბაღში არსებული ვითარება გახდება, სადაც 10 ნოემბრიდან რუსეთს თავისი მშვიდობისმყოფელები შეჰყავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აშშ-ში დავით ბაქრაძის განცხადებით, საელჩო ამერიკულ მხარესთან დიდი ხანია მუშაობს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტზე.
სულ ნანახია
478
დღეს ნანახია
1