ამბები
ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის და საყვირების ხმის ფონზე წარიმართა – სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მომხრეები საოლქო კომისიის შენობასთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
„აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენია, 5,6 ათასზე მეტი ბიულეტენი კი დაკარგულია, ოქმების 75%–ში ბალანსი არ ჯდება. . . მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება დადასტურდეს. შემაჯამებელი ოქმის შედგენა ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწევთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძემ.
საოლქო კომისიაში განმარტავენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების შედეგები რეალობას ასახავს.
„საჩივრების განხილვისას ჩვენ ორი საარჩევნო უბნის შედეგები გადავთვალეთ. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომებს და ბალანსი მივიღეთ. ამიტომაც დღეს ჩვენ შემაჯამებელ ოქმს შევადგენთ. დანარჩენი საჩივრები, უსაფუძვლობის გამო, არ განიხილება“, – განაცხადა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტი იქვე გამოხატეს – სხდომა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს.
მიუხედავად ამისა, ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დაამტკიცა. აღნიშნულის პასუხად, ოლქის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები არ ეთანხმებიან არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ხმაური იყო საარჩევნო ოლქის სხდომაზეც, სადაც კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო ადმინისტრაცია ჩატარებული არჩევნების გამო გააკრიტიკეს.
„ხალხი იყო თავიდან ბოლომდე მოუმზადებელი. ტყემალს ჭამდნენ და ბალზე ისხდნენ „ქართული ოცნებისა“ და ოლქის მიერ წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. 11 ათასი ბათილი ბიულეტენი იმაზე მიგვანიშნებს, რომ, უკაცრავად და, რაღაც მაიმუნობას ჰქონდა ადგილი“, – თქვა ირაკლი ფაღავამ, დიმიტრი დარჩიამ კი კომისიის წევრებს მოუწოდა: “კარგად დაფიქრდით, ვიდრე ამ შემაჯამებელ ოქმს მოაწერთ ხელს“.
თავის მხრივ, ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ ოქმების შედგენისას ტექნიკური შეცდომები მართლაც დაუშვა, რომელიც ახსნა-განმარტებებით გამოასწორა. „ის, რომ უბნებზე დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომები, ორი უბნის თავიდან გადათვლამ დაადასტურა. რაც შეეხება გადათვლებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ ორი უბანი გადაითვალა. მე-19 უბანი გადავთვალეთ საჩივრების საფუძველზე, ასევე – 85-ე უბანი, რომლის გადათვლა დაგვავალა სასამართლომ. ორივე უბნის გადათვლის და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არანაირი გადაცდომა, არანაირი ზედმეტი ბიულეტენი არ იყო და შედეგები დარჩა უცვლელი“, – აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში 120 საარჩევნო უბანზე შედგენილი ოქმების თითქმის 70 %-ის გაბათილებას და ხელახლა გადათვლას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი ოლქში შეტანილი საჩივრებით 20 უბნის გადათვლას ითხოვდა. მათგან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი. ამის შემდეგ, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და 14 ოქმის გადათვლა მოითხოვა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნაზე მათ უარი უთხრა. როგორც საიას იურისტი მირზა მამულაძე განმარტავს, გასაჩივრებულ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვეოდა დაჯამებული ბიულეტენების რაოდენობას – ერთ შემთხვევაში 103-ით მეტი იყო, ორ შემთხვევაში – 90-ით, კიდევ ერთ შემთხვევაში – 65-ით, დანარჩენ შემთხვევებში 10-ის ფარგლებში, ორში კი ბალანსის გამოანგარიშება საერთოდ შეუძლებელი გახდა, რადგან მითითებული არ იყო არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა. მოახდენდა თუ არა ეს ცდომილება გავლენას არჩევნების შედეგებზე, ამ შეკითხვის პასუხად საიას იურისტი ამბობს, რომ „ამის განსაზღვრა ახლა რთულია”.
– არ ვიცით, ეს უზუსტობები მექანიკური შეცდომები იყო, თუ სხვა რამემ განაპირობა. სწორედ ამიტომ ვითხოვდით მიღებული შედეგების გადამოწმებას, რომ გაზრდილიყო სანდოობა პროცესის მიმართ. ახლა რომ ვთქვა, ეს გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე-მეთქი, გამომივა მარჩიელობა. ყველა კითხვას პასუხი რომ გასცემოდა ამომწურავად, აუცილებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაციასაც და სასამართლოსაც ეხელმძღვანელა გამჭვირვალობის პრინციპით, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა“, – აღნიშნა მირზა მამულაძემ.
სულ ნანახია
535
დღეს ნანახია
1