საზოგადოება
პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა. სიძნელეების მიუხედავად, ადაპტაცია მრავალმა კარგად შეძლო და წარმატებით გადაეწყო კიდეც ახალ რელსებზე. ერთ-ერთი ასეთია ჩვენი თანაქალაქელი ჩიტო ომერაძე, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო პოსტებზე წარმატებით მუშაობდა. ამჟამად იგი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ოფისის მენეჯერია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
“პანდემიამ საკუთარ თავთან დაგვაბრუნა”
ლაშა ხომერიკი: 595 26 20 03 –
პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა. სიძნელეების მიუხედავად, ადაპტაცია მრავალმა კარგად შეძლო და წარმატებით გადაეწყო კიდეც ახალ რელსებზე. ერთ-ერთი ასეთია ჩვენი თანაქალაქელი ჩიტო ომერაძე, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო პოსტებზე წარმატებით მუშაობდა. ამჟამად იგი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ოფისის მენეჯერია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ვინ არის ჩიტო ომერაძე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს?
– ყოველ ხედვას თავისი რაკურსი აქვს, გააჩნია საიდან აკვირდები საკუთარ თავს, გარემოს, ზოგადად სამყაროს. რა თქმა უნდა, მეც ამგვარ მთლიანობაში წარმოვიდგენ საკუთარ თავს შესაფასებლად, მაგრამ სანამ უშუალოდ პასუხს დავაკონკრეტებდე, ვიტყვი, რომ ჩემს თაობას გლობალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლიბებების ეპოქაში მოუხდა ცხოვრება. სოციალიზმიდან და საბჭოთა კავშირიდან პირდაპირ გადავაბიჯეთ კაპიტალიზმსა და დამოუკიდებელ საქართველოში. რამდენად დამოუკიდებელი ვართ, ეს სულ სხვა საუბრის თემაა და ამჯერად არ შევჩერდები. ეგონათ, რომ საქვეყნო ინტერესებიდან შორს ვიდექი და მექანიკურად, მხოლოდ პარტიულ დირექტივებს ვასრულებდი, ეს ასე არ იყო, მრავალი ეროვნული ცნობიერების ადამიანი მუშაობდა ჩვენ გვერდით. ბევრი ქილიკი ჩვენი წარსულის მიმართ კარგს არაფერს მოგვიტანს. ის გზა, რაც გავიარე, ვთვლი, რომ ღმერთის ნება იყო. ათმაგად გვიწევდა საქმის კეთებაც და უსაქმურთა მოგერიებაც… ცხოვრების გრძელი გზაც უკვე გავიარე, აღმართიც, დაღმართიც. მადლობა უფალს, რომ თვითგანსჯის უნარი არ წამართვა. ხშირად მეუბნებოდნენ, შენი გადასახედიდან სხვას ნუ სთხოვო, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდებოდა, რადგან ღრმად მწამდა, რომ სახელმწიფო მოხელეს უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა, ისეთი, როგორიც ქვეყანას სჭირდებოდა. გულისგულამდე მიყვარს ჩემი ადგილის დედა, ყველაფერი ქართული, ვერ წარმომიდგენია თავი ქართული ფოლკლორის, ლიტერატურის, კულტურის გარეშე. განსაკუთრებით მიყვარს გაზაფხული – სამყაროს გაღვიძება და, ასევე, შემოდგომის სევდანარევი პეიზაჟები. მიუხედავად ჩემი ემოციებისა და ხმაურიანი ცხოვრებისა, ძალიან მიყვარს სიწყნარე და სიჩუმე. . . ამ დროს ფიქრები გვეჯარება. ბევრს ვფიქრობ მომავალ თაობაზე, როგორი ქართველები დადგებიან და როგორ საქართველოში იცხოვრებენ. ვერ გავძლებ იმ ადამიანთა გვერდით, რომელთაც მლიქვნელობა და ღალატი შეუძლიათ. . . ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც დაწყებული საქმის შედეგს ვხედავ, ანდა ვინმეს დავეხმარე და თანადგომის ხელი გავუწოდე.
– თქვენი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ მომავალზე, რა პერსპექტივა ჩანს?
– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება კულტურასა და განათლებას, ახალგაზრდობას ვემსახურე. ვთვლი, რომ გამიმართლა, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. მე ვიპოვე ჩემი საქმე – სულიერებასთან შერწყმული. ამ სფეროში ჩემი საქმიანობის განმავლობაში უყურადღებოდ არ დამიტოვებია ერთი ფურცელიც, ერთი ფოტოც, ერთი გამონათქვამიც, ერთი ესკიზიც. წლების განმავლობაში ვკინძავდი და დღეს ამ სფეროში მეტად საინტერესო საარქივო მასალებს მოვუყარე თავი. საბოლოო დამუშავების შემდეგ სახელმწიფო არქივს გადავცემ. შეიძლება ითქვას, აქ შემონახულია აჭარისა და სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების (თეატრალური, მუსიკალური, მხატვრობის, გასტროლების, საერთაშორისო კონფერენციების, სამეცნიერო და სპორტული ღონისძიებების) ამსახველი მასალები, რომლებიც სამომავლოდ არაერთი სადოქტორო დისერტაციის მყარ წინაპირობად მოიაზრება. აღნიშნულ საქმიანობას ვაგრძელებ.
– წარსულის მდიდარი გამოცდილება რამდენად ასაზრდოებს ადამიანს და პირადად თქვენ?
– ბევრი რამ მასწავლა წარსულის გამოცდილებამ, ბევრის სულში ჩამახედა სიღრმისეულად, მომავალზეც დამაფიქრა. . . მიყვარს წარსულზე ფიქრი. საერთოდ, წარსულის გარეშე ადამიანი ნიადაგგამოცლილია. ვთვლი, რომ წარსული ჩემი განუყოფელი მთელია. წარსულის გადასახედიდან არის ფასეული ტრადიციები, მარადიული გრძნობები. ვერ დავივიწყებ ამ გზის გამკვლავთ – სახელოვან წინაპართ, მშობლებს, მშობლიურ სკოლას. როგორ დამავიწყდება ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ ფუტურიძე, პროფესორი აბელ სურგულაძე, სწორედ მათ შეძლეს ჩემს სულში გაეღვიძებინათ ეროვნული ცნობიერება. ამ კუთხით ჩემი აღმზრდელი ოჯახიც იყო – მამაჩემი, ისტორიკოსი, ღვაწმოსილი პედაგოგი ნიაზ ომერაძე. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში მომიხდა მუშაობა, გარდა რევოლუციური მთავრობისა, 2004 წლის 8 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. სწორად მოვიქეცი, ბევრი ტკივილის მიუხედავად არ ვნანობ იმ ათ წელს. კარგად ვიცი, ყველას მოსაწონი ვერასდროს ვიქნები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა – “მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია,” რადგან ამ მიწის მუდამ ღვიძლი შვილი ვიყავი.
– ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში, მოგონება ჟიული ჟარტავაზე. . .
– საქართველოს ეროვნულ გმირზე ჟიული შარტავაზე სათქმელს რა გამოლევს. იგი არ იყო ცხოვრებას მოწყვეტილი სახელმწიფო მოხელე. ის აშკარად ხედავდა სისტემის ბზარს, ხედავდა, რომ ახალ თაობას ახალი საზრდო სჭირდებოდა, იგი ახალ გზას ეძებდა, გახმაურებული ,,გულახდილი დიალოგები,, – ეს ახალი აზროვნების მაუწყებელი წიგნი მისი ინიციატივით გამოვიდა და სწორედაც რომ აამაღლა ახალგაზრდების ცნობიერება. აჭარასთან დამოკიდებულებაში ბევრი საგულისხმო ეპიზოდია აღსანიშნავი, რაზედაც სჯობს, შემდეგში ფართოდ ვისაუბროთ. სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს კარიბჭესთან იდგა. მე, მისი თანამედროვე, თანამებრძოლი უბედნიერეს პიროვნებად ვთვლი თავს, რომ არაერთხელ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობითა და თანადგომით ვემსახურებოდი აჭარის ახალგაზრდობას, მან შეგვაყვარა ჩვენი კულტურა და ქვეყანა. დღეს ბათუმის ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩა ჟიული შარტავას სახელს ატარებს, გამზირს მისი ბიუსტი ამშვენებს. ჩვენი, ბათუმელების ძალისხმევით კი მისდამი მიძღვნილი წიგნი “მამულისათვის თავდადებული” გამოიცა, რაშიც სხვებთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი.
– რამ გიბიძგათ დაგეწერათ “საუბარი მამასთან”?
– როგორც ილია ბრძანებდა, ერისთვის უმნიშვნელოვანესია გააცნობიეროს “ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის”. ვისაც ეს არ ახსოვს, ის არც ერად სახსენებელია. . . და ვფიქრობ, ვერც კაცობით დაიკვეხნის. დიახ, ჩვენ ყველანი ჩვენი ოჯახებიდან მოვდივართ, ჩვენი მშობლები ჩვენი სულის მესაძირკვლეები და მაგალითები არიან. მამა თავისი მოღვაწეობით, ცხოვრებით, ადამიანებთან ურთიერთობით გამორჩეული ადამიანი იყო, ნამდვილი მოძღვარი – ასე მიიჩნევდნენ უბადლო პედაგოგსა და ისტორიკოსს, რომელსაც გულისგულში ჰქონდა ამოტვიფრული მშობლიური ქვეყნის სიყვარული. სწორედ ამან და კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებამ გაგვახსენებინა ჩვენი წინაპრები – გადამაწყვეტინა შემექმნა წიგნი მამაზე. ამ “დავალების” შესრულება დააჩქარა ჩვენი ოჯახისადმი უსამართლოდ გადადგმულმა ნაბიჯმა. . . მამისეული სახლი წაგვართვეს. . . ეს ჩვენი ოჯახისთვის ტრაგედია იყო, რამაც მშობლების სიცოცხლე ნაადრევად შეიწირა. ჩემი მშობლების მიერ სათუთად აკინძული და შენახული გაყვითლებული ფურცლები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები და ფოტოები შევაგროვე. როცა მათ დავცქეროდი, ტკივილი მიმძლავრდებოდა. ყველაფერთან ერთად ამ ტკივილმა განაპირობა წიგნის დაბადება, რომელსაც “საუბარი მამასთან” ვუწოდე. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ჩემს ამ ინტერვიუს წაიკითხავს, დაწერეთ თქვენს წინაპრებზე, მოიგონეთ ისინი, ღმერთს შეავედრეთ. . .
– დაასრულეთ ფრაზა: ყოველი დილა იწყება. . .
– ყოველი დილა იწყება მზის მოლოდინით. . . ძალიან მინდა ყოველი დღე იწყებოდეს ხალისით და მზის მარმაშებით. ბათუმის დილა ხომ რაღაცნაირად სხვანაირია, განსაკუთრებით ბათუმური წვიმის შემდეგ. . . ხვალინდელი დილის იმედით მივუყვები ბათუმის ბულვარს და მიმეჩქარება იქ, სადაც გულით გასაკეთებელი საქმე მელოდება.
– კოვიდმა რამდენად შეგცვალათ? რას ფიქრობთ, ამ ვითარებაში უმთავრესი რა არის?
– კოვიდის პერიოდში ბევრი საინტერესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. პირველ ეტაპზე, დროებით მოვლენად მივიჩნიე პანდემია და ფანტასტიკური ფილმების ერთ სიუჟეტად გავითავისე. ეს პერიოდი თითქმის მსუბუქად გავიარე. . . შემდგომ ეტაპზე კი სიფრთხილით და ფხიზლად მივუდექი მედიკოსთა რეკომენდაციების დაცვას. . . ჯერჯერობით ამ პროგრამით ვაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან პესიმიზმი მეძალება, ერთი რამ მიკვირს, რატომ არ სჯერა ხალხს? არასაკმარისი სამედიცინო განათლების გამო, თუ ადრეული წლების პერიოდიდან სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შეჩვეული სიცრუის გამო? არ ვიცი, დრო გვეტყვის სიმართლეს, მაგრამ დღეს ეს კი ვიცი, მძიმე კვალს რომ ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში. . . პანდემიის გამო უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილეთ მრავალი ბათუმელი. . . ამ გაურკვეველ ფონზე, ვეცადე, დრო მიზნობრივად გამომეყენებინა და შევუდექი პირადი არქივის მოწესრიგებას. საბოლოო კორექტივების შემდეგ ბათუმის მუსიკალური ცენტრის ისტორიის პროექტიც მომზადდა დასაბეჭდად, საქართველოში პირველი – ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის
“სოროპტიმისტ ინტენაციონალის” კლუბ “ბათუმის” დამფუძნებელ ქალბატონ ნათელა დუმბაძესთან ერთად, რომელიც არის წიგნის “ნათელი მომავლის იმედით” ავტორი, მოვამზადეთ გამოსაცემად პირველი ეტაპი კლუბის 30-წლიანი ისტორიის შესახებ. . .
. . . ჩემს აივანსაც მივხედე (ქალაქში ვცხოვრობ მე-5 სართულზე), ყვავილები გავახარე, ჩემს მეგობარ ეთერ დეკანაძესავით ყვავილებთან გავაბი საუბარი, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ გამომდის, როგორც მას, ახლებიც დავრგე, ძველიც გადავრგე ქოთნებში და ლამაზად ჩავამწკრივე “სამაიას” საცეკვაოდ. . . ახლა ისინი აივნიდან პირდაპირ ზღვას გადაჰყურებენ და თავს იწონებენ. . . ახალი პროექტების იდეაც გაჩნდა. . . ასე, ამ პანდემიამ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავთან დაგვაბრუნა, ეს კი ბევრს ნიშნავს.
– წარამარა რომ იგინებიან და ენაც მდაბიურდება, ამის მიზეზი სად ვეძებოთ?
– რაც შეეხება წარამარა გინებას, ეს 21-ე საუკუნის სენია, მარტო სულით კი არა, სხეულითაც გაშიშვლდნენ ადამიანები, პორნოგრაფიამ, უხამსმა კინოფილმებმა, ზოგადად, ნეოხელოვნებამ გავლენა მოხდინა ადამიანის სულზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, კატეგორიულად ვამბობ – ენა კი არ მდაბიურდება, ჩვენ ვმდაბიურდებით. ჩვენ არ ვდგავართ მყარ ეროვნულ ნიადაგზე. . . არ უნდა დავანგროთ მშობლიური ენა, ჩრდილი არ უნდა მიადგეს იმ ენას, რომელ ენაზეც ლიტერატურული შედევრები შეიქმნა. საუბედუროდ, თანდათანობით ამოგვივარდა გონებიდან ისეთი ფრაზები და სიტყვები, როგორიცაა : “ხომ არაფერში გჭირდები?”, “ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება”, “გმადლობთ, გეთაყვა”, “უკაცრავად”, “ბოდიშის მოხდით”, “მაპატიეთ, ხომ არ შეგაწუხეთ?” და სხვა, და სხვა. უნდა დავიბრუნოთ ეს სიტყვები ურთიერთობაში, თორემ სიძულვილი ისეთი სიჩქარით და ძალმოსილებით დარბის, სიყვარულს მალე უფსკრულში გადაჩეხავს.
სულ ნანახია
686
დღეს ნანახია
1