საზოგადოება
გვაკვალიანებს კლინიკური ფსიქოლოგი…
ლაშა ხომერიკი: 595 26 20 03 –
,, ადამიანებო, ბათუმში ვინც ხართ იზოლაციაში და მომკითხავი არ გყავთ, რაც სრულიად შესაძლებელია, დაპოსტეთ, დაწერეთ, პურს მაინც მოგიტანთ ვინმე, ეზოდან მაინც შემოგძახებთ. . . საშინელებაა, არავის რომ არ ახსოვხართ. . . მოვიკითხოთ ერთმანეთი თანაქალაქელებმა, თანასოფლელებმა. . . როცა არავის ახსოვხართ, ათასი დარდი მოდის და დაავადებაც მწავდება. . . თქვით საკუთარ პრობლემებზე, ეს სირცხვილი არ არის. . . და თუ თვლით, რომ როგორც ფსიქოლოგს შემიძლია თქვენი დახმარება, შეგიძლიათ მომწეროთ,, – ეს ამონარიდია კლინიკური ფსიქოლოგის ქალბატონ შორენა დოლიძის ფეისბუქპოსტიდან. სწორედ სიყვარულით სავსე ამ სტრიქონებმა გადამაწყვეტინა, ჩვენი მკითხველი შემეხვედრებინა მასთან. ქალბატონი შორენა არა მარტო კარგი ფსიქოლოგია, არამედ შესანიშნავი ადამიანი, სანიმუშო დედა, საინტერესო პოეტი. ამ ინტერვიუში იგი კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დაძლევის გზებზე ამახვილებს ყურადღებას.
– ახლა ყველაზე მეტად ფსიქოლოგების რჩევა- დარიგება სჭირდება ადამიანს, მეთანხმებით?
– დიახ, ფსიქოლოგისაც, ან უბრალოდ, ერთმანეთის სიყვარული, მოფრთხილება და გამხნევება.
– რა იქნება პირველი რჩევა, რასაც მესიჯის სახით გაუგზავნით ადამიანებს. . .
– რეალობის მშვიდად მიღება და საფრთხის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცადოთ, პანიკას არ ავყვეთ.
– სიტყვა მკურნალია, ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს, ახლა რატომღაც აგრესიული ლექსიკა და დამოკიდებულება გაბატონებულა. . .
– დიახ, როგორც პოეტი ვიტყვი, რომ სიტყვა ცოცხალია, სიტყვა აცოცხლებს, სიტყვას ახლავს ენერგეტიკა, რაც სასწაულია. . . ხედავ, როგორ ხორციელდება სიტყვა, იძენს მატერიალურ სახეს, არა მარტო ტექსტად და კულტურულ კონტექსტად, არამედ მატერიალურად ხორციელდება და ეს საოცარია. . .
– სათნოების სახლი, სადაც მუშაობთ, ამ ეტაპზე როგორ უმკლავდება ეპიდემიას? რა შეგიძლიათ მოგვითხროთ გაწეულ საქმიანობაზე?
– იქ აჩვენეს მაგალითი თავდადების, სიქველისა და სათნოების. ადრევე განხორციელდა კადრების სწორი ცვლა, რადგანაც თანამშრომლებიც ავად გახდნენ, ხოლო ვინც ჯანმრთელი იყო, არცერთი წასულა სახლში, საკუთარი შვილები და ოჯახი არ უნახავთ თვენახევარი და არ დაუტოვებიათ მოხუცები. მზრუნველობის შედეგად უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. სიხარულსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.
– შიშის ვირუსი ყველა ვირუსზე დაუნდობელია, როგორ დავძლიოთ იგი? როგორ შევინარჩუნოთ საგანგებო ვითარებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორ გავძლიერდეთ პიროვნულად?
– შიში ძლიერი ემოციაა და დაკავშირებულია თვითგადარჩენასა და უსაფრთხოებასთან. აუცილებელია შიშის გადალახვა, რისთვისაც საჭიროა საფრთხის შემცველი რეალობის გააზრება, შესაძლებლობის ფარგლებში სწორი ინფორმაციის მოძიება-მიღება, სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ფსიქოლოგიური წონასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის დაძლევისას. იმ შემთხვევაში, როცა შფოთვა, შიში ძალიან ძლიერია, სჯობს კონსულტაცია სპეციალისტებთან, იქნება ეს ოჯახის ექიმი, ნევროლოგი,ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი.
– მიმდინარეობს ციფრული გადაწყობა, ტექნოპროგრესის მზარდი ტემპი და ადამიანების შეგეუბა ამ პროცესების მიმართ არცთუ ადვილია. ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვისთვის რა არის უპირველესი?
– დიახ, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა. ფსიქოლოგები რეკომენდაციას ვაძლევდით, რომ მოზარდებს ცოტა დრო გაეტარებინათ ტელეფონებთან, კომპიუტერებთან და მეტად დაკავებულიყვნენ ცოცხალი ურთიერთობებით. ახლა, პანდემიის დროს, როცა იზოლაციაში ვართ და სკოლის მოსწავლეები დისტანციურად ერთვებიან სასკოლო პროცესში, ვხედავთ, როგორ წაიღო ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი სივრცე ვირტუალურმა სივრცემ. მშობლებს ვთხოვდი, შეძლებისდაგვარად გაეკონტროლებინათ შვილების დრო, რადგან ხშირად მთელი დღე უსხედან კომპიუტერებს, გაკვეთილებისა და თამაშების გამო, ან ფილმების. . . სკოლამდელების მშობლებს კი რეკომენდაციას მივცემდი, ცოცხალი თამაშობებით ჩაანაცვლონ ტელეფონები. მართალია, ახლა ტექნოპროგრესის ეპოქაა, პატარები ლაპარაკის დაწყებაბდე ტელეფონით სარგებლობას უკეთ ახერხებენ და შესაბამისად კომუნიკაციაც ამ გზით ვითარდება, რაც მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
– დღე, რომელსაც ვერ ივიწყებთ. . .
– ბევრი ასეთი დღეა, შვილების დაბადება, რაღაც დღეები ბავშვობიდან. ჩემი პირველი წიგნის დაბადება, ბინის მიღება. . . ამ დღეებს რა დამავიწყებს, თავისი ფერით, შინაარსით, შედეგით, უფრო კი ადამიანებს ამ დღეებიდან.
– რწმენა ადამიანის საყრდენია?
– გააჩნია, ვინ რას ეძახის რწმენას, ვისთვის რელიგიური გზაა ღმერთთან ზიარება, ვისთვის უბრალოდ, საკუთარი თავის რწმენა, მიზნების და ა. შ. დიახ, საყრდენია, რწმენაა ის ერთადერთი უნარი, რაც დანარჩენი ცოცხალი არსებებისგან გამოგვყოფს.
– კეთილგონიერი ადამიანების ნაკლებობას უჩივიან ჩვენს საზოგადოებაში. . . ვის მოიხმობდით ისტორიული წარსულიდან?
– ბევრ ვინმეს. . . მაგრამ ილია შეუცვლელია. თანამედროვე საქართველოს რამდენიმე ილია სჭირდება.
– ლექსის მკითხველი კაცის დაძლევა ძნელიაო, თქვა ბროდსკიმ, მით უფრო ლექსის მწერლის. . . პოეზია გვაღვიძებს?
– პოეზია გვაცოცხლებს, თანაც პოეზია ძალიან მაღალი მატერიაა. . . იშვიათები ეზიარებიან და სწვდებიან მის სიღრმეებს სრულფასოვნად. . . საქართველოში მგონი ყველა პოეტია, მკითხველიც. . .
– წარმოიდგინეთ, გაემგზავრეთ სხვა პლანეტაზე, რომელ წიგნს წიაღებდით?
– ბევრი წიგნი გამახსენდა: სახარება, ძველი აღთქმიდან რამდენიმე წიგნი, ჩემი დიდი სიყვარული – “ვეფხისტყაოსანი”, ვაჟა, მაგრამ ალბათ, ბევრ ცარიელ რვეულს და კალამს წავიღებდი, რომ საკუთარი თავი გადმომეტანა ფურცელზე.
– დასვით კითხვა, საჭიროდ რომ მიგაჩნიათ და უპასუხეთ. . .
– რთული ყოფილა კითხვის მოფიქრება. შევეცდები. კითხვა: და მაინც, რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში? პასუხი: სიყვარული, ადამიანების და სამყაროს უპირობო სიყვარული. წმინდა იოანე მახარობლის სიტყვებს გავიხსენებ: “იყვარებოდეთ ურთიერთარს!” და – ვაჟას სიტყვებს, რომლებიც მდუმარე მთებს ათქმევინა: “გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!”
სულ ნანახია
824
დღეს ნანახია
2