ავთანდილ ბერიძე
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 65 წლის ასაკში, გარდაიცვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2016 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ხულუსის ძე ბერიძე.
ავთანდილ ბერიძე დაიბადა 1955 წლის 11 იანვარს, ქალაქ ბათუმში. აქვე წარჩინებით დაამთავრა სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ეკონომიკისა და ორგანიზაციის ( სპეციალობა – ეკონომისტი) დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
1971-1974 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის კოლმეურნეობაში რიგით წევრის რანგში, ხოლო 1974-1978 წლებში მოსკოვის ოლქის ქ. ზვენიგოროდის 46-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში – ლაბორანტად.
რუსეთის ფედერაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობას შეუდგა აჭარის საკონსერვო მრეწველობის კომბინატში – ნორმადარად, აქვე იყო პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეც (1979-1982 წლები).
1982-2012 წლებში ავთანდილ ბერიძე სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირსა და ხელვაჩაურის რაიონულ პროფგაერთიანებას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ის აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს თავდაუზოგავად უერთგულა.
1991-1996 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ორჯერ გახლდათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ასევე არჩეული იყო სოფელ ახალშენის საკრებულოს წევრად.
2012 წლიდან ავთანდილ ბერიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 2012-2016 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2017-2018 წლებში ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს, გარდაცვალებამდე კი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ.
ავთანდილ ბერიძე აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისა და მისი უსაყვარლესი კუთხის – აჭარისათვის უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ თუ ე.წ. არაფორმალურ გამოცემასთან, ჟურნალ-გაზეთებთან. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლებში ის და მისი თანამოაზრეები გამოსცემდნენ გაზეთ „მაჭახელას“, რომლის არაერთი ნომერი არათუ დიდი სიფრთხილითა და ბრძოლით იბეჭდებოდა, არამედ, დიდი რისკის ფასად ვრცელდებოდა მოსახლეობაში.
ავთანდილ ბერიძეს საზოგადოებაში, ასევე, იცნობდნენ როგორც საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს ერთ-ერთ დამფუძნებელსა და აქტიურ წევრს. ის უზომოდ იყო შეყვარებული მშობლიურ ქალაქზე, კუთხესა და მთლიანად საქართველოზე. ამიტომაც მას ყველგან ნახავდით: საყვარელი ბათუმის ქუჩებში თუ ტაძარში, ქვეყნისა თუ რეგიონისათვის მნიშვნელოვან ყველა ღონისძიებასა თუ შეკრებაზე. იყო გულისხმიერი, ყურადღებიანი და გულანთებული ადამიანი, რომლის უმთავრესი ოცნება ერთიანი, ძლიერი საქართველო იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.
მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს – აჭარას მიუძღვნა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო