ამბები
არჩილ თალაკვაძე: დიალოგი არ დასრულებულა
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მეორედ შეიკრიბნენ. შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ.
– ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. გადათვლას არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყუთები იყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“. უამრავი მანიპულაცია უკვე განახორციელეს და გადათვლას აზრი არ აქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.
რაც შეეხება დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება, რაზეც შეიძლება დაშენდეს სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება:
– მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატულ ნებას ასახავს, – განაცხადა მან.
– მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
– ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, – აღნიშნა ბაქრაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა.
მისივე თქმით, გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, სადაც, ოპოზიციის მოლოდინით, არჩევნების თარიღზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, სადაც, ოპოზიციის მოლოდინით, არჩევნების თარიღზე ისაუბრებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგი არ დასრულებულა და კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა.
– მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, – თქვა მან.
ოპოზიცია, რომელიც ორი კვირაა, არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ერთადერთ გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არ განიხილავენ საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებას, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.
სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეკრიბეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელი რჩება.
– „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს“, – განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მან ოპოზიცია სადავო უბნებზე ხმების გადათვლაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.
– მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე. ოპოზიციას ურჩევნია, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭროს. მმართველი პარტია გააგრძელებს მოლაპარაკებებს იმ იმედით, რომ ოპოზიციის რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება, დიალოგი კი კონკრეტული იქნება და ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სულ ნანახია
508
დღეს ნანახია
1