„რა ენა წახდეს“, ანუ „მარგალიტები“, რომლებითაც მოფენილია ჩვენი საინფორმაციო სივრცე
მარინა მითაიშვილი: 593 31 73 90 –
პრობლემას, რომელზეც ახლა ვწერ, ერთი და ორი წერილი ვერ უშველის და ვგონებ, ვერც ერთი გაზეთის ყოველ ნომერში ამ თემაზე წერა, თუმცა თუ ყველა გამოცემა და ტელეარხი, ან უმრავლესობა მაინც სისტემატურად ,,იყვირებს“, იქნებ გვეშველოს კიდეც და ქართული ენა შევინარჩუნოთ. იმის ახსნა რომ დავიწყო, რას ნიშნავს ენა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ძალიან შორს წავალთ, მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, თუ ქართულად არ ვიაზროვნებთ და არ ვილაპარაკებთ, ქართველები ვეღარ ვიქნებით.
მეეზოვე ყოველ დილით ხედავს ქუჩებსა და ეზოებში დაყრილ ნაგავს, გვის და ადამიანებს სუფთა გარემოს ახვედრებს. მართალია, ნაგავი ყოველთვის თავიდან გროვდება, მაგრამ ეზო ამით არ სხვაფერდება, ის იგივეა. ჩვენც, გაზეთის მესვეურებსაც გვიწევს ენის ნაგვისგან წმენდა, ოღონდ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს ნაგავი ისე ენივთება, ერწყმის საფიცარ დედაენას, რომ ვეღარ აცილებ და გრძნობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თუ ასე გაგრძელდა, ენა აღარ გეექნება, ისაუბრებ რაღაც სიმბიოზზე, ენა-მუტანტზე, რომელიც შენს შთამომავლობას სრულიად სხვა ადამიანებად აქცევს. იქნებ ეს გარდაუვალია?
გარდაუვალი იქნებოდა, ადამიანებს საკუთარი ნება რომ არ გაგვაჩნდეს, რომელიც აუცილებლად უნდა მივმართოთ მშობლიური ენის დასაცავად ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, წიგნებიდანაც კი მოვარდნილი სხვა ენებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურების, უცხო სიტყვების, უბრალოდ უცოდინრობის და ხეპრეობის ნიაღვრისაგან. განსაკუთრებით ღვლარჭნილი და გაუგებარია ჩინოვნიკთა და პოლიტიკოსთა ენა, რისი დახვეწის ცოდნა და ენერგია ჟურნალისტების უმრავლესობას არ გააჩნია და მოდის დაბინძურებული ქართული ენის ზვირთები ყველა მხრიდან, წალეკვით ემუქრება ჩვენს ქართველობას, რომელსაც სხვა დროს და სხვა მიზეზით ხშირად მივტირივართ და გვავიწყდება, რომ თუ ენის სისუფთავეს იცავ, ეროვნულობას ვერავინ ვერასგზით წაგართმევს.
იმ ადამიანების წიგნიერებაზე, რომლებიც საკუთარ ენაზე დამაკმაყოფილებლად მაინც ვერ მეტყველებენ, ზედმეტია ლაპარაკი. სამწუხაროდ, არ აქვთ ლექსიკური მარაგი, უბრალოდ, არ იციან საკუთარი ენა. მხოლოდ საყველპურო ქართულით ვერ გადიან ფონს და იმ დანაკლისს, რომელიც ლიტერატურის კითხვით უნდა შეევსოთ, ტელევიზიებიდან მოსმენილი ლექსიკით „ინაზღაურებენ“.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამგვარ მეტყველებას ვეჩვევით და ნორმად მკვიდრდება.
შედეგის ჩვენებას ვეცდები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან ამოკრეფილი „მარგალიტებით“, რომელთა საბადოებითაა მოფენილი ქართული საინფორმაციო სივრცე. სიბინძურის ამ ნიაღვრის შხეფები შემოპარულა ჩვენს გაზეთშიც. ამა თუ იმ რესპონდენტის ნაუბრის ბოლომდე გაშალაშინება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან აზრს ჩვენთვის სრულიად „უცხო“ენაზე გამოხატავს. . .
მაშ, ასე – „მარგალიტები“: „სწრაფად მოხდეს ფულადი მხარდაჭერის მიცემა მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე” – ამგვარ „მელოდიურობას“ ყურმიჩვეული მკითხველისთვისაც კი განსამარტებელია, რომ ქართულად ამის თქმა შეიძლებოდა ასე: „ რაც შეიძლება სწრაფად და მეტ მოქალაქეს მისცენ ფულადი დახმარება“. სიტყვების „მოხდა“ და „განხორციელდას“ გარეშე ქართველს აზრის გამოხატვა რომ აღარ შეუძლია, მართლაც დიდი უბედურებაა. მაგალითად: „კომპანია თავისი ხარჯებით მოახდენს დაზიანებული სივრცის რეაბილიტაციას“ „მაღალ დონეზე“ ნათქვამად მიაჩნიათ მავანთ, ჩვენ კი რომ გვცოდნოდა, დაზიანებულ სივრცეში რას გულისხმობს, იქნებ გადმოგვექართულებინა კიდეც ეს „შესაშური კონსტრუქციის“ ფრაზა. . . თუ დაზიანებულ სივრცეში სარემონტო შენობა იგულისხმება, ადამიანურქართულად შეიძლებოდა ასე გვეთქვა: – კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებს (თუ უცხო სიტყვა აუცილებელია – გაარემონტებს) შენობას . . . ან მაგალითად: „მოგვეცეს შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება“, ამ „ზღაპრული“ წინადადებიდან განხორციელება დიდის მოკრძალებით, რომ ამოვიღოთ, შეამჩნევს ვინმე უმისობას? ვერა და წინადადებაც გაიმართება: – მოგვეცეს შემოქმედებითი საქმიანობის უფლება.
ქართული ზმნა ჩემპიონიც კია მოქნილობითა და ტევადობით. აქ ჩვენი საამაყო მწერლის გურამ დოჩანაშვილის არხსენება, შეუძლებელია. მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“ მთავარი გმირი ვასილ კეჟერაძე ერთ-ერთ ბიუროკრატს, რომელიც ანკეტის შესავსებად მიადგა (ამ უხეშ ზმნას იმიტომ ვუსადაგებ, რომ ასეთი მარტივი საქმისთვის მასთან მისვლა დიდი სისულელე იყო), ქართული ენის შესაძლებლობებში ოდნავ მაინც რომ გაარკვიოს, ეკითხება: – როგორ იტყოდა ერთი სიტყვით ლაბორანტი თანამდებობიდან უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე რომ გადაეყვანათ და შემდეგ კვლავ ლაბორანტად დაენიშნათ. ბევრი წვალების შემდეგ იგი მხოლოდ ორსიტყვიან პასუხამდე: – ლაბორანტად ჩამომაქვეითეს, – მივა. ვასილ კეჟერაძეს კი მზად აქვს ერთი სიტყვა, ზმნა, რომელიც ყველაფერს იტევს – ჩამომალაბორანტეს. მერწმუნეთ, ვერცერთი იმ ენიდან, რომელთაგან ამოგლეჯილი სიტყვებითა და სტრუქტურებით ცუდისკენ ვასხვაფერებთ მშობლიურ ქართულს, ერთსიტვვიან პასუხს ვერაფრით მივიღებდით. თუმცა, გადავიდეთ შემდეგ „მარგალიტზე“: „აუცილებელია შეფასება, რათა არ მოხდეს დისკომუნიკაცია და მიიღოთ სწორედ ისეთი მომსახურება, ისეთი ხარისხით და ისეთ ბიუჯეტში, როგორიც შეათანხმეთ“, – ამ ფრაზის დალაგება მსგავს ლაბირინთებში გაღწევის უნარგამომუშავებული ჩემი ტვინისთვისაც კი ძნელია. . . შედარებით იოლად ამოსახსნელ მაგალითს შემოგთავაზებთ: „ვაქცინის გამოცდა კარგად პროგრესირებს“ – თუ უცხო სიტყვის მოხმობა დიდ განათლებულობად მიგაჩნია, სწორად მაინც გამოიყენე, დალოცვილო. პროგრესირებს ნიშნავს უკეთესობისკენ სვლას (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი წინ მოძრაობა, წარმატება) ამიტომ ცუდად პროგრესირება შეუძლებელია, მაშასადამე, სიტყვა „კარგად“ ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა და კარგად (ტავტოლოგია – ხაზგასასმელად) ნამდვილად არ მეტყველებს ამის დამწერზე. თუმცა უცოდინრობის უკეთესი მაგალითებიც არსებობს: „გადავეწყვეთ ახალ რეალობასთან შესაბამისობაში და საზოგადოებას ჩვენი აქტივობები უკვე ციფრულ და ონლაინ რეჟიმში მივაწოდეთ“. ამის
ნაცვლად – „მოვერგეთ ახალ რეალობას და ჩვენი აქტივობები (ღონისძიებები) ინტერნეტით გამოვაქვეყნეთ“ – ასე მშობლიურქართულად ნათქვამი ძალიან არათანამედროვედ ჟღერს? ალბათ. . . და ჭრის თანამედროვე ტერმინოლოგიით დატვირთულ ყურებს. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად – არც სტილისტურად, არც მართლწერის თვალსაზრისით გამართული ზემოთ მოყვანილი „შედევრი“ არ არის და საერთოდ, ქართულად მეტყველებას ეს არ ჰგავს. რატომ ჩნდება „ძვირფასი“ სიტყვათშეთანხმებები: „შესაბამისობაში მოსვლა“ (ამის სანაცვლოდ ლამაზი ქართული სიტყვა გვაქვს – მისადაგება) და „შესაბამისობაში თანხვედრა“ , ან ყველაფრის მიწოდება რატომ გახდა ასე აუცილებელი – ინფორმაციით დაწყებული აქტივობით დამთავრებული („მივაწოდეთ ინფორმაცია“, „მივაწოდეთ აქტივობა“)? სად გადავმალეთ მათ სანაცვლოდ სათქმელი შესანიშნავი ქართული ზმნები: ვაუწყეთ, ვაცნობეთ, შევატყობინეთ და ასე შემდეგ? ვინ დაგვიშალა მათი „შესაბამისობაში თანხვედრა“ (მათ ენაზე თუ ვიტყვით) ჩვენს სათქმელთან? რატომ არ შეიძლება ქართული ენის აგებულებისთვის შეუსაბამო ისეთი სტრუქტურების სარეველებივით ამოძირკვა, როგორებიცაა: „სეზონური ფუნქციონირება ხდება“ (სეზონურად მუშაობს), „შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან მიმართებით“ (შეთანხმება სხვადასხვა საკითხში), „საზოგადოება შეიყვანონ დაბნეულობაში“ (საზოგადოება დააბნიონ), „კომუნიკაციის დამყარება“ (ურთიერთობა). . . იქნებ ამიხსნას ვინმემ, რას ნიშნავს „საჯაროდ გახმაურება“? გაგიგიათ რაიმე საჯაროდ ნათქვამი გაუხმაურებელი დარჩენილიყოს?! როგორი ქართულია : „აქ არ იყო თანაბარი განათლების მიღება“?
დღევანდელ „მარგალიტებში“ გამარჯვებული ფრაზის დროც მოვიდა: „ტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში ხორციელდება“, ამაზე „უკეთ და ზუსტად“ ვერ იტყოდი, მაგრამ რა ვიცი, იქნებ მაინც აჯობებდა გვეთქვა: ,,ტრანსპორტი განუწყვეტლივ იმოძრავებს“. . .
ვფიქრობ, დასაწყისისთვის საკმარისია. ჩვენ შევეცდებით მსგავსი „მარგალიტები“ არ მოგაკლოთ, პერიოდულად გაგაცნოთ თანამედროვე ქართველთა დიდი ნაწილის „სიტყვაკაზმულობანი“. იმედია, მათი „შემოქმედები“ ხანდახან მაინც იცნობენ საკუთარ თავს და ქართულად წერა-ლაპარაკს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.