აჩი შაქარიშვილი: გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი შეუზღუდავია.
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
ამ წერილის გმირმა ბევრი გადაიტანა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, იბრძვის არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობისთვის, სხვებსაც უნდა დაეხმაროს. უმჯობესია აჩი შაქარიშვილმა თავად გვიამბოს საკუთარ თავზე, ჩვენ კი დავინახოთ როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლის სიყვარული.
– გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ არის აჩი შაქარიშვილი?
– ბათუმელი ვარ, 31 წლის. 2 წელზე მეტია, რაც შშმ პირი ვარ 22 წლის ასაკში მიღებული ტრამვის და მერე განვითარებული დაავადებების გამო. მამას სატვირთო მანქანამ გადაუარა, როდესაც მის შეკეთებას ცდილობდა, ამ შემთხვევის დანახვისთანავე ინსტიქტურად გადავხტი მეორე სართულიდან მისაშველებლად. ქუსლის დაზიანების შედეგად შეჭრილი ინფექციით დაიწყო ყველაფერი. განვითარდა სისხლძარღვების შევიწროება, შემდეგ გადაიზარდა განგრენაში. ძალიან რთული იყო ის პერიოდი. ტრავმების გამო მომიწია სწავლის შეწყვეტა. გართულებები გაგრძელდა წლების განმავლობაში. მრავალი ოპერაციის და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად შევინარჩუნე კიდურები, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადში დატვირთულმა ურიკამ გადამიარა ფეხზე, ახალი წლის ღამით კი ბომბი ამიფეთქდა ფეხქვეშ დაუდევრობის გამო. განმივითარდა მაობლიტირებელი ქრონიკული თრომბანგიიდი, საზღვარგარეთ და ასევე საქართველოში ჩატარებული მრავალი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, დამეწყო განგრენა და 2 თვეში მომიწია ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია.
– რა ცვლილებები მოჰყვა ამ შემთხვევას თქვენს ცხოვრებაში?
– რახან შშმ პირი გავხდი, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა მთელი რიგი ცვლილებები. თავიდან არც კი ვიცოდი, საიდან დამეწყო.სრული ქაოსი, ცუდი აზრები თუ დარდები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მივხვდი, რომ „მე მინდაზე“ უფრო პრიორიტეტული გახდა „მე მჭირდება“…
– ყველაზე მეტად რასთან გამკლავება იყო რთული?
– ყველაზე მეტად რთული მაინც ყოველდღიურობა იყო. გრძელი თეთრი ღამეები და დილა, რომელიც თითქოს სხვანაირად იწყებოდა და დღე, რომელიც შუალედი იყო ალბათ ცუდსა და საშუალოს შორის. ფსიქოლოგიური წნეხი და გამიჯვნა – არის და იქნებას ან აღარ იქნებას შორის.
– ალბათ იყო ეტაპები – ნეგატიური დამოკიდებულება, გაუცხოება, აგრესია, როგორც თქვენი, ასევე საზოგადოების მხრიდან.
– საზოგადოებრივი განწყობა, საკუთარი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან განახებს, რომ რაც არ უნდა მხარდაჭერა ან იგნორი გხვდებოდეს, საკუთარი სწორი დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია როგორც თავთან, ისე სხვებთან მიმართებაში, ვიდრე გარშემომყოფთა წარმოდგენა შენს პრობლემაზე. თითქოს გამართლებაზეა კარგ გარემოში მოხვედრა.
– შეცოდება/სიბრალული ამაზე რას გვეტყვი?
– ეგ გარდაუვალი მგონია, რადგან მწირია საზოგადოების გაცნობიერება როგორც ჩვენს ფიზიკურ, ასევე სოციალურ მდგომარეობაზე, რომელსაც ბევრი რამ განაპირობებს, თუნდაც მედიაში შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტეელევიზიის გადაცემა #ჰეშთეგის მნიშვნელობა ამ მხრივ და მისი დაბრუნების აუცილებლობა საეთერო ბადეში.
– მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და არაადაპტირებული ტერიტორიები . . .
– მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ყველა ქალაქისა თუ მოქალაქის პრობლემაა… რაც შეეხება ადაპტირებულობას, ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორია, როგორც შენობები, ასევე გაუმართავი ფეხით სავალი თუ ველობილიკები (თუნდაც გარეუბნებში მათი არარსებობა), ადაპტირებული საპირფარეშოების არარსებობა, გნებავთ, შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობა მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თავიდანვე მიიღონ ზომები ადაპტირების თანამედროვე სტანდარტებამდე მისაყვანად.
– საზოგადოების ცნობიერებას ამ კუთხით მაინც როგორ შეაფასებდი და რის შეცვლას ისურვებდი ამ მხრივ?
– საზოგადოების ცნობიერება, მგონი, მაინც იდივიდუალურია და შეგვიძლია დავყოთ კიდეც. აი, თუნდაც, იმათ ცნობიერებაზე რომ ითქვას, ვინც ტროტუარზე არ აჩერებს მანქანას, რადგან იცის, ის რისთვის გამოიყენება, იგივე პანდუსის მნიშვნელობა, უსინათლოთა ბილიკის არსი და გამართულობა, ყველა დანიშნულების ობიექტის ადაპტირება. კარგი იქნებოდა მეტი ინფორმაციულობა და მხარდაჭერა საზოგადოებისგან, ცნობიერების ამაღლება ჩვენი უფლებების დასაცავად, ყველა ჩვენგანისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
– დღეს რითი ხარ დაკავებული და როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე პანდემიის ფონზე ?
– ვერ ვიტყვი, რომ პანდემიის გამო ჩემი დღის წესრიგი დიდად შეიცვალა, რადგან ძირითადად, მაინც ვარჯიშით შემოვიფარგლები. ნიჩბოსნობაში დავიწყე ვარჯიში, პანდემიის გამო მოგვიწია გაჩერება და გული მწყდება თუნდაც დაკარგული დროის გამო. ძნელია, რეალობა შეზღუდვებს გიმატებს, როცა ისედაც შეზღუდული ხარ ბევრ რამეში.
– როგორ ფიქრობთ, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს დღეს სახელმწიფო რამდენად უწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ინტეგრირება მოახდინონ?
– დავიწყებდი იქიდან, რომ ეტლი ფუფუნების საგანი არ არის. ეს არ არის „ბეემვეს“ და „მერსედესი“ს თემა. ყოველ შშმ პირს უნდა ჰქონდეს მასზე მორგებული, როგორც მექანიკური, ასევე ელექტროეტლი. შშმ პირებთან მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით მიდგომა არ კმარა.უნდა მოხდეს მისი პენსიის, სოციალური უზრუნველყოფის გადახედვა. ბევრი საჭიროებაა – რეაბილიტაცია, განათლება, დასაქმება და მრავალი სხვა. არის ამ მხრივ ცვლილებები, მაგრამ ზედაპირულია. პირადად მე, როცა ელექტროეტლი მოვითხოვე, მიპასუხეს, რომ რადგან 2 ხელი მაქვს და თითები არ მაკლია ხელზე, ამიტომ არ მეკუთვნის თურმე და არ მჭირდება.
– რას ურჩევდა აჩი შაქარიშვილი შშპ პირებს?
– არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. . .შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს განაჩენს. არის ცუდი დღეები, რთული პერიოდი, მაგრამ ცხოვრება მშვენიერია. მთავარია, არ გაჩერდე. . ,,მე არ შემიძლია„ – ეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. ნუ დაიმალები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ერთად გადავდგათ ნაბიჯები. გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი შეუზღუდავია.
– როგორია თქვენი გეგმები?
– მინდა იმ ადამიანების მაგალითი ვიყო, რომელთაც ჩემსავით,
აქამდე არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ გამოგვივა, მინდა ჩვენსავე სფეროში განვვითარდე და უფრო გავიღრმავო ცოდნა სხვადასხვა შშმ პირის მდგომარეობის თუ მათი საჭიროებების შესახებ, ვიყო მათთან ერთად როგორც მოხალისე თუ როგორც მეგობარი. ყველაზე დიდი სურვილი, რა თქმა უნდა, სიარულია, მე მაქვს ფეხზე გავლის პოტენციური შანსი პროტეზირების შემთხვევაში. ერთ შანსს ყველა იმსახურებს, მინდა ვიარო და სრულყოფილებისაკენ და უკეთესი მდგომარეობისაკენ გასავლელ გზაზე სხვასაც წამოვუკრა ეტლზე ხელი, დავიხარჯო ჩვენი კეთილდღეობისთვის ყოველდღიურად, ახალგაზრდულ ან შესაბამის ასოციაციებთან აქტიური თანამშრომლობით, მონაწილეობით ყველა შესაბამის ღონისძიებასა თუ შეკრებაში.