გიორგი სურმანიძე: პანდემიის დროს უფრო გამოჩნდა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ქვეყნის შენახვა-გადარჩენის კუთხით
ცეცილი ირემაძე: 577 20 45 63 –
სოფლის მეურნეობის მდგრადი სისტემა და სოფლის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და სტრატეგიული ამოცანაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გამოირჩევა აგრარული ბიომრავალფეროვნებით და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის ნაკლებად კონკურენტუნარიან სექტორად. სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აჭარის ეკონომიკაში, თუმცა მისი წილი რეგიონის მთლიან შიდა პროდუქტში, დასაქმებასა და უცხოურ სავალუტო შემოსავლებში საკმაოდ მოკრძალებულია.
გართულებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას და ახორციელებს მიმდინარე პროგრამებს. თუ რა კეთდება ამ კუთხით აჭარაში, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.
– ბატონო გიორგი, რამდენი ტონა ციტრუსის მოსავალს პროგნოზირებენ სპეციალისტები აჭარაში?
– წინა წელთან შედარებით წელს ციტრუსის მოსავალი ნაკლებია. ამის მიზეზია 2020 წლის თებერვლის, დასავლეთი საქართველოსთვის, ანომალიური ყინვები. ამ ეტაპზე ველოდებით 40 ათას ტონა ციტრუსს, აქედან ალბათ 32-33 ათასი ტონა ნაყოფი მაინც იქნება სტანდარტული, ხოლო – 7 ათასი – არასტანდარტული. შარშანდელთან შედარებით მოსავალი ცოტაა, მაგრამ ხარისხია გაზრდილი. ამის მიზეზია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასთან ერთად ამ სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამები. მათ შორის ერთ-ერთია ექსტენციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ფერმერების სწავლებას, თუ როგორ უნდა მოუარონ ციტრუსს. მასტერ-კლასებმა რეალური შედეგი გამოიღო და მართლაც მივიღეთ მაღალხარისხიანი ციტრუსის მოსავალი.
– ჩაბარების ფასი უკვე იცით?
– ციტრუსის ჩაბარების ფასს ბაზარი დაარეგულირებს. ჯერჯერობით ქალაქის ტერიტორიაზე, რომელი პუნქტებიც იბარებენ ნაყოფს, 80 თეთრს იხდიან კიოლოგრამში, თუმცა, ვფიქრობ, ფასი მალე 0,80-1.20 ლარამდე გაიზრდება.
– როგორ მიმდინარეობს ციტრუსის ჩაბარება-გადაზიდვა-გადამუშავების მოსამზადებელი სამუშაოები ამ ეტაპზე?
-ყველაფერი კეთდება უკვე შემუშავებული სქემების მიხედვით. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის გადამამუშავებელი საწარმო შეისყიდის 20 თეთრად. აქედან 10-ს გადაიხდის საწარმო, 10-ს კი სახელმწიფო. რაც შეეხება სტანდარტულ ნაყოფს, ჩაიბარებენ პუნქტები, რომელიც ყველა შესაბამის სოფელსა და დაბაშია, შემდეგ კი გადაზიდავენ სხვადასხვა ქვეყნებში ანუ ყველა გავა შიდა და გარე ბაზრებზე. მოგეხსენებათ, საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის. ასე რომ, მზად ვართ ყველა ტიპის ციტრუსის მიღება-გადახარისხება-გადამუშავება-გადაზიდვისთვის. ექსპორტიორები უკვე ელოდებიან ციტრუსს გადასაზიდად საექსპორტო ქვეყნებში.
– სუბტროპიკული ხურმის მოსავალი და მისი გადაზიდვის პერსპექტივები როგორია?
– დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 2600 ტონა სუბტროპიკული ხურმა. ..ჩაბარების პროცესი გაგრძელდება სარეალიზაციო პროდუქციის ამოწურვამდე. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელი მოსავალი 2100 ტონას შეადგენს.
-ჩვენს ქვეყანაში გართულებული კოვიდვითარება ხელს ხომ არ შეუშლის ხელს პროდუქციის ექსპორტს?
-ჯერჯერობით არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამოვლენილა. ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. ხშირია სატელეფონო ზარები. მოსახლეობა გვირეკავს და სხვადასხვა შეკითხვით მოგვმართავს. ისეთ საკითხებს, რაც უშუალოდ სახელმწიფოს ევალება და ლოკალურად უნდა მოვაგვაროთ, ვგულისხმობ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მყისიერად ვაგვარებთ.
-ახალი კორონავირუსის ფონზე მეტი დატვირთვა მიეცა ქვეყნის სოფლის მეურნეობას
-ამ დარგს დატვირთვა ყოველთვის ჰქონდა, უბრალოდ, მსოფლიო პანდემიის და ჩაკეტილობის ფონზე უფრო გამოჩნდა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ქვეყნის შენახვა-გადარჩენის კუთხით. ცხადია ვგულისხმობ ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტების არსებობას. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ შესაძლებელია სოფლის მეურნეობა არ იყოს მილიონების მომტანი კონკრეტული მეწარმისთვის, მაგრამ შემოსავლების მხრივ არ ჩამოუვარდება სხვა წარმოებებს და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია, თუკი გავითვალისწინებთ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით მთელი მსოფლიო. დღესდღეობით მოგებული რჩება ის ქვეყნები, რომელსაც საკუთარი სურსათის წარმოება მაღალ დონზე აქვთ განვითარებული და ექსპორტსაც ამ კუთხით აწარმოებენ.
-როგორც ვიცი, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასათბურე მეურნეობების განვითარებას?
-დიახ, ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა და ისევ კეთდება,თუმცა მნიშვნელოვანია კენკროვანი კულტურების და სხვა მრავალწლიანი ხეხილის გაშენების პროგრამებიც, რასაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. ვცდილობთ კენკროვანი კულტურების სათბურების მოწყობასაც, რაც სარფიანია მეწარმეებისთვის. მეურნეებს ვეხმარებით სასათბურე პირობებში მარწყვის წარმოების ტექნოლოგიური სიახლეებისა და მეთოდების დანერგვაში, რაც რეგიონში ხელს შეუწყობს, როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებას ასევე, მარწყვის კულტურის პოპულარიზაციას, კოოპერატივების განვითარებასა და შემოსავლების ზრდას. თუ აკეთებთ მარტივი ტიპის სათბურს, გათბობაც არ სჭირდება დასავლეთში, ხოლო თუ გაქვთ საშუალება და გაათბობთ, კიდევ უკეთესი. იგივე სქემით კეთდება კიტრისა და პომიდვრის, სალათის თუ მწვანილების სათბურები. უკვე საკმაოდ მომრავლდა მათი წარმოება ჩვენს რეგიონში, რამაც დაარეგულირა ზამთარში ბოსტნეულის ფასები. აღარ გვიხდება მისი იმ რაოდენობით იმპორტი, როგორც ადრე. ეს საქმე (სათბურები) ჩვენთვის უფრო მომგებიანია, ვგულისხმობ მიწის დანაწევრებულ ნაკვეთებს, რადგან რეგიონში საშუალოდ 2000-დან 5000-მდე აქვთ ფერმერებს მფლობელობაში მიწები.
-რთველმა როგორ ჩაიარა ქედაში?
-ქედაში ცოლიკაურის რთველი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე, კარგად ჩატარდა. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ფერმერებმა შეფერხების გარეშე, მათთვის მისაღებ ფასებში ჩააბარეს მოწეული მოსავალი. რამდენიმე დღეში დაიწყება ჩხავერის რთველი, ქედის ღვინის საწარმო ჩაიბარებს ყურძენს. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კილო ცოლიკაური – 2 ლარად, ხოლო ჩხავერი 4 ლარად ჩააბარონ. აღსანიშნავია, რომ საწარმომ („კახური ტრადიციული მეღვინეობა“ – K) საკუთარი მიზანდასახულობითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას – ღვინის ტურიზმს ავითარებს.
-შუახევში რა ვითარებაა?
-აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა, ვეტერინარული კლინიკა და აგრო მაღაზია ფუნქციონირებს. პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე სოფელ ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე ხეხილის სანერგე მეურნეობა. სანერგე და საჩითილე მეურნეობები ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავალის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის. ყველა ობიექტი ემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შუახევში მოქმედებს ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდა მეცხოველეობის განვითარება. რაც შეეხება აგრომაღაზიას, სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებულ ადგილობრივ მწარმოებლებს და სადისტრიბუციო კომპანიებს, თავიანთი პროდუქციის რეალიზების საშუალება ეძლევათ. აგრომაღაზიაში კი ფერმერებს შეუძლიათ, შეიძინონ ხარისხიანი საქონელი და იქვე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, რაც მათ დაეხმარებათ თავიანთი მეურნეობების უკეთ მართვაში.
-მაღალმთიანეთში სოფლის მეურნეობის კიდევ რომელი დარგების განვითარებას გეგმავთ?
-ჯერჯერობით ვგეგმავთ კენკროვანების დარგვა-გაშენებას. გაკეთებული ვნახე და ძალიან მომეწონა. ქედაში ვენახთან ერთად მეხილეობა ვითარდება. შუახევში ბოსტნეული მოდის კარგად. თითქმის ბიოპროდუქტებისას უახლოვდება მისი მოწევის ტექნოლოგია. ვგულისხმობ, ტკბილი წიწაკის და სხვა ბოსტნეულის წარმოებას. ცხადია, მეფუტკრეობა და მეკარტოფილეობა კარგადაა განვითარებული სამივე მუნიციპალიტეტში, რაც კარგ შემოსავალს უტოვებს ამ სფეროში ჩართულ ადგილობრივ ფერმერებს. სხვათა შორის, მინდა აქცენტი გავაკეთო მეფუტკრეობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი დარგია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე – ქვეყნისთვის. ამ კუთხით, ჩვენთან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია. ქედაში უკვე დაიწყეს სერტიფიცირებული ბიოთაფლის წარმოება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანს უნიკალურ ქართულ თაფლს. ასევე, გვინდა მეტი გასაქანი მივცეთ საკალმახე მეურნეობებს, რომლებიც არა მხოლოდ ცოცხალ თევზს, დიდ შემოსავლებს მოუტანს ადგილობრივებს.
-თუ დაფინანსდნენ გრანტის მიღების მსურველი აჭარის ფერმერები?
-კი, უკვე დავაფინანსეთ 18 პროექტი. სხვათა შორის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გონიოს ციხის ტერიტორიაზე ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. პროგრამის ბიუჯეტი იყო მილიონ ლარზე ცოტა მეტი. პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა.
პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. აგროსერვისცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70%-ს უფინანსებს. მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ამ პროგრამის გაზრდილი თანხა და იმედი გვაქვს, რომ მეტი ფერმერი მიიღებს საკუთარი საქმის დაწყების შესაძლებლობას. ასევე სამინისტროს ექნება 30 000-ლარიანი პროგრამა „ბაღების გაშენება-განვითარებისთვის“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს უფრო მეტბიუჯეტიანი პროგრამები, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენმა ფერმერებმა. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ მათ ამ პროგრამების ათვისება-გამოყენებაში.
-რატომ ვერ ვითარდება საქართველოს სოფლის მეურნეობა, იმის მიუხედავად, რომ გვაქვს მართლაც ნაყოფიერი ნიადაგები და თბილი კლიმატი?
-აუცილებელია თავად მოსახლეობის, ამ შემთხვევაში – ფერმერების გააქტიურება. მეტი ჩართულობა უნდა იყოს მათი მხრიდან, მოგვაწოდონ ახალი იდეები. ჩვენც ვნახავთ, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ ეტაპზე მათთვის სახელმწიფოს. ყველამ კონკრეტულად უნდა იფიქროს, თუ საითკენ განვავითაროთ ჩვენი მეურნეობები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ფერმერებს, რომ მოგვმართონ, ვარწმუნებ ყველას – სახელმწიფო გაიზიარებს მათ მიერ მოწოდებულ საინტერესო პროექტებს და მოახდენს მათ რეალიზაციას. ყველა ფერმერი თავისი ფერმერული მეურნეობის ინდივიდუალური მეპატრონე და რეალიზატორია. საინტერესო მიმართულებაა ასოციაციები და კოოპერატივები, რომლებშიც ერთიანდებიან ჩვენი ფერმერები. ამ სისტემების მეშვეობით უკეთ ხდება მათი პრობლემების გადაჭრა და განვითარების მეტი შანსი ეძლევათ სამომავლოდ.
-უძველესი დროიდან აჭარა მეთევზეობის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, ახლა კი არათუ თევზის რეწვა-მოპოვება, მისი იაფად ყიდვაც კი გართულებულია.
-ეს თემა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას და შესაძლებლობებს ცდება. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშობთ ამ მიმართულებითაც. ცოტა ხანში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებთან ერთად, შევიმუშავებთ სტრატეგიას ამ უდიდესი პრობლემის მოსაგვარებლად.