რა არის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მიზანი?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
რა გავლენა მოახდინა სამხრეთ კავკასიაში (ყარაბაღში) განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოზე, სამერმისოდ რას უნდა ველოდოთ? ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ გიგა ფარტენაძესთან.
-რა ძვრები მოახდინა სამხრეთ კავკასიაში (ყარაბაღი) განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოზე?
-უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტი არახალია და გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობა ხშირად საუბრობდა მთიანი ყარაბაღის საკითხზე, მნიშვნელოვანი ტრიბუნებიდანაც არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, თუმცა რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, საკითხის მოგვარება მშვიდობიანი დიალოგისა და ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკებების გზით შეუძლებელი აღმოჩნდა. მსოფლიომ კვლავ ახალი, გამანადგურებელი და შეუბრალებელი ბრძოლა იხილა ტერიტორიებისთვის, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გადაუჭრბებელი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ათწლეულების სტრატეგიული მოლოდინის შემდეგ აზერბაიჯანისთვის შეიქმნა უნიკალური ისტორიული მომენტი, რასაც სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა: რუსეთმა დაიკავა ნეიტრალური პოზიცია და ფასილიტატორად მოგვევლინა, თურქეთი კი ღიად უცხადებდა აზერბაიჯანს მხარდაჭერას. რაც შეეხება დასავლეთს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაბმული იყო თავის საპრეზიდენტო მარათონში, ხოლო ევროკავშირმა მხოლოდ ოფიციალური განცხადებები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება გააკეთა. რეგიონში გამოიკვეთა კონფლიქტში ჩართული მხარეების მხარდამჭერები, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ატარებდნენ. მაგალითად, რუსეთს თავისი ენერგოიმპერიისთვის, კასპიისპირეთის ენერგორესურსების საკუთარ ტერიტორიაზე გასატარებლად ძალიან სჭირდებოდა ამ სისტემაში ირანისა და აზერბაიჯანის ჩართვა. ამ მიმართულებით მინიშნებები გაკეთდა ყარაბაღის ომის განახლებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ლავროვისა და ბაირამოვის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, ასევე, ზოგიერთი საელმწიფოს მიერ ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირებისას (მაგალითად, საქართველო), რომლებიც ცდილობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის იმუშაონ.
-ყარაბაღის ომის შესახებ სავარაუდოდ, იცოდნენ ზესახელმწიფოებმა, მაშ, რითი აიხსნება მათი გულგრილი დამოკიდებულება განვითარებული მოვლენებისადმი?
-ჩვენ, ყველამ ერთად მოვისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, რასაც ამერიკელ და კონფლიქტში ჩართულ სხვა ქვეყნის დიპლომატებს შორის აქტიური მოლაპარაკებების სერია უძღოდა წინ. ასევე, კარგად გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრების ( აზერბაიჯანი, სომხეთი) ლავროვთან გამართული შეხვედრა და იქ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის შედეგსაც ახლა ვხედავთ. გარდა ამისა, უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანმა, მეტწილად, თურქული მხარის დახმარებით ( დრონები, სამხედროების მომზადება და ა. შ.) შეძლო 27-წლიანი სტატუს-კვოს დარღვევა და გამარჯვების მოპოვება. გარდა ამისა, იხსნება ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა, რომელმაც შესაძლოა, დააკავშიროს ერთმანეთს თურქეთი და დანარჩენი თურქული სამყარო, თუმცა ამ გზაზე კონტროლიც რუსეთის ხელში რჩება. დასკვნის სახით რომ ვთქვათ, თუ ამ ომს ჰყავდა „გულგრილად“ განწყობილი ზესახელმწიფოები, მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესების გასატარებლად. შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთის მაგალითი, რომელმაც გამოსცადა საკუთარი დრონები რთულმასშტაბიან ომში, რითაც აიმაღლა საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პრესტიჟი, რაც აისახა იმაში, რომ არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა თურქულ მხარესთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.
-რუსეთმა ყარაბაღში ე. წ. სამშვიდობოები განალაგა, ეს რაზე მიგვანიშნებს?
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცეცხლის შეწყვეტისა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით ორი ზესახელმწიფო – დასავლეთით აშშ, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთი – იყო არბიტრის როლში წარმოდგენილი – ორი პარალელური კომპრომისის მაგიდა, ორ სხვადასხვა კონტინენტზე და საბოლოოდ, რუსეთის ე. წ. სამშვიდობოების განლაგებით დასრულებული მოლაპარაკება. შედეგი – სომხეთ-აზერბაიჯანის პატრიოტობა და ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, რუსეთმა კი სამხედრო გავლენები კიდევ უფრო გააძლიერა რეგიონში, დასავლეთის გავლენა – პირიქით, შესუსტდა, რაც ავტომატურად გულისხმობს ოკუპანტი ქვეყნის მეტ სამხედრო ტექნიკას ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ახლოს.
-რა არის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მიზანი და რას უნდა ველოდოთ სამერმისოდ?
-ფაქტია, რომ აშშ-ის ძალისხმევა, მოეგვარებინა ყარაბაღის კონფლიქტი, დიდი იყო, მაგრამ მისი, როგორც ფასილიტატორი სახელმწიფოს გათვალისწინება სამწუხაროდ არ მოხდა. ვფიქრობ, რომ პომპეოს ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა (ყოველშემთხვევაში, მინდა, რომ ეს ასე იყოს), რაც სომხეთ -აზერბაიჯანმა „შეძლო“ კომპრომისზე წასვლა და რუსული სამშვიდობოების ყარაბაღში განლაგებას დათანხმდნენ. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ გვეცოდინებოდა წინასწარ, როგორც ეს იცოდა დანარჩენმა ექვსმა სახელმწიფომ. უცებ, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, ამ სიას დაემატა მე-7 ქვეყანა – საქართველო. ამ მოცემულობიდან თუ ამოვალთ, ჩვენი ქვეყანა რეგიონში რჩება დასავლური ღირებულებების ერთადერთ უალტერნატივო გარანტად და დემოკრატიული მმართველობის ფლაგმანად კავკასიაში. სწორედ ეს არის პომპეოს მიზანი, რომ დაანახოს რუსეთს და მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა. დღევანდელ მოცემულობას თუ შევაფასებთ, ამერიკას საქართველოზე უკეთესი სტრატეგიული პარტნიორი, დასაყრდენი და მეგობარი არ ჰყავს კავკასიის რეგიონში. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური განცხადებების ნაწილში საუბარი შეეხება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ ეს იქნება მკაფიო მესიჯი რუსეთის ყარაბაღთან დაკავშირებული ქმედების პასუხად.
– არსებობს მოსაზრება, რომ კავკასიაში განვითარებული მოვლენების გამო შესაძლებელია საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია, რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
– მოცემულ ეტაპზე არარეალურად მიმაჩნია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის დაკარგვა, მაგრამ ამის მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში მძიმე და სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მეორე საკითხია თუ დართავს რუსეთი აზერბაიჯანსა და თურქეთს ახალი დერეფნის ნებართვას, არ არის გამორიცხული ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რადგან, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ნახჩევანთან და დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა სწორედ ამ კონფლიქტის შედეგად იხსნება, რაც თურქეთთან პირდაპირ საზღვარს ნიშნავს.
– თუ საქართველო არ გახდება ნატოს წევრი, რამდენად მოსალოდნელია რომ რუსეთმა იგი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს?
– საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სტაბილურობისა და განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად მიმაჩნია სამხედრო ალიანსის წევრობა. რა თქმა უნდა, რუსეთის ,,სამშვიდობო“ ძალების განლაგებას ყარაბაღში ექნება თავისი უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე და ამ პროცესში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენულობის, ერთიანობისა და თავდაცვისუნარიანობის გარანტი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ნატოს სრულფასოვანი წევრობა
-მსოფლიოს ახალი გადანაწილება, როგორც ჩანს, შეუქცევადი პროცესია, როგორია ამ პროცესში ამერიკის, ევროკავშირის, ჩინეთის და რუსეთის ჩართულობა. . .
– აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკამ გასულ თვეში აირჩია ახალი პრეზიდენტი – დემოკრატი ჯო ბაიდენი. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენს ექნება ,,არეული“ ურთიერთობების დალაგების მცდელობა, რაც აუცილებლად აისახება მთელ მსოფლიოზე, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებაში. რაც შეეხება რუსეთს, აქ ჩართულობის რაღაც ახალ ფორმაზე შეიძლება ვისაუბროთ და განსაკუთრებულს არც უნდა ველოდოთ, რადგან 2000 წლიდან რუსეთის მეთაური არის ერთი ადამიანი. ეს მეტყველებს ბევრ რაიმეზე. რაც შეეხება ევროკავშირს, წევრი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
– საქართველოზე ეს ახალი წესრიგი როგორ აისახება, რას უნდა ველოდოთ, რა უნდა გავაკეთოთ?
-ჩვენი ქვეყანა დგას ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ბატალიების პირისპირ. რომელმა პოლიტიკურმა პარტიებმაც არ უნდა მოიპოვონ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, მმართველობის ფორმა დემოკრატიას და საგარეო კურსს დასავლეთისკენ, საფრთხე არ უნდა შეექმნას, პირიქით, მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
– კოვიდი – ახალი მსოფლიო წესრიგის დამაჩქარებელი თუ პირიქით?
– ფაქტია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პანდემიამ შემოგვიტია, მსოფლიო ახალი გამოწვევების და განვითარების ახალი, თანამედროვე საშუალებების მოთხოვნის წინაშე დააყენა. პანდემიამ ცხადყო, სახელმწიფოები, რომლებიც ვერ შესთავაზებენ მოსახლეობას კრიზისების მართვის ეფექტურ მოდელს, ტექნოლოგიებზე და ელექტრონულ სერვისებზე მორგებულ მმართველობის ფორმას, ის უბრალოდ, განვითარების რელსებიდან გადავარდება,რაც გამოიწვევს პოზიციის დაკარგვას საერთაშორისო არენაზე, კოვიდი-19 – ეს არის ახალი მსოფლიო, ახალი წესრიგი.