ასლან ლორთქიფანიძე: სააკაშვილი როზაჩკა კაკალაშვილის დონის პოლიტიკოსად იქცა
„მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა 100 დეპუტატის შესვლა“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
31 ოქტომბრის არჩევნებში ხმების უმრავლესობა ისევ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რასაც მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი და ხალხმრავალი აქციები საქართველოს მსხვილ ქალაქებში. მმართველი პარტია მშვიდად სთავაზობს გაბრაზებულ მოწინააღმდეგეებს კენჭისყრის შედეგების გადათვლას, რასაც მხედველობაში არც იღებენ ოპოზიციის ლიდერები და დაჟინებით ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ლოზუნგებით: ხმები გააყალბეს, არჩეევნები მოგვპარეს“.
არსებულ ვითარებას ემატება უცხოეთში გადახვეწილი ექსპრეზიდენტის მიერ აქ დარჩენილი მომხრეების მისამართით ზუსტად გათვლილი ტექსტები, რომლითაც აქეზებს არჩევნებწაგებულ პოლიტიკოსებს. შედეგად მივიღეთ აქციები, ათასობით დავირუსებული მოქალაქე და ასობით გარდაცვლილი. მსოფლიო პანდემიის დროს დაძაბული პოლიტიკური ვითარება ღუპავს ერს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ვთხოვეთ პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს. გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს.
-საქართველოს ცენტრალურმა და აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიებმა დაამტკიცეს შემაჯამებელი ოქმები. საქართველოს მასშტაბით მმართველმა პარტიამ პროპორციულ ნაწილში ხმების 48,22% მოიპოვა, აჭარის რეგიონში – 45,86%. მმართველმა პარტიამ პირველივე ტურში 13 საპარლამენტო მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ხოლო 17 ერთმანდატიან ოლქში მე-2 ტური გაიმართება. აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მაჟორიტარული ოლქიდან მმართველმა პარტიამ 1 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ხოლო დარჩენილ 2 ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამ მონაცემებით პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ საქართველოს პარლამენტში უკვე მოიპოვა 74 მანდატი (მათ შორის, 61 პროპორციული სისტემით), ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში 12 ადგილი (11 პროპორციული). საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 სადეპუტატო მანდატის მოპოვება, ხოლო უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში-11-ის. საქართველოს პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბუნებრივი ბარიერი სულ 9 პარტიამ გადალახა, ხოლო უმაღლეს საბჭოში-ორმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით ხმების 27,18% მიიღო, ხოლო აჭარის მასშტაბით – 33,96%. პარლამენტში პროპორციული სიით მან მიიღო 35 მანდატი, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – 7. სხვა პარტიების მანდატების „მონაგარი“ პარლამენტში ასეთია: „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“-4, „ლელო“-4, „პატრიოტთა ალიანსი“-4, „გირჩი“-4, „მოქალაქეები“-2, „ლეიბორისტული პარტია“-1.
-აძლევს თუ არა ეს პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების პრიორიტეტს?
-„ქართულ ოცნებას“ დარჩენილი 13 მაჟორიტარული ოლქიდან 2 მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაშიც კი ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობა (76 მანდატი), ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველივე ტურში მოახერხა უმრავლესობისათვის საჭირო, საკმარისზე მეტი -12 მანდატის მოპოვება.
-როგორ ფიქრობთ, თუკი ოპოზიცია უარს იტყვის საკუთარი პოზიციების გადახედვაზე, მხოლოდ „ქართული ოცნება“ თუ შესძლებს პარლამენტის ლეგიტიმაციას?
-მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა 100 დეპუტატის შესვლა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. სიმართლე ისაა, რომ ცესკო-ს აქვს ლეგალური უფლება, ცნოს 150-ივე მანდატის კანონიერება, პარლამენტის ფუნქციონირებისათვის კი საკმარისია 76 დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება. ეს რაოდენობა საკმარისია მთავრობის ფორმირებისთვისაც.
-დიალოგის ორი რაუნდი შედგა, თუმცა არც ერთი მხარე არ თმობს პოზიციას . . .
–ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რისი კანონიერი უფლებაც მას არ აქვს, რადგან საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხელახალი არჩევნები ტარდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ საარჩევნო ოლქში მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტში და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს; ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო, ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ დროს საუბნო კომისიებში მათი 11600 წარმომადგენლიდან, უკლებლივ ყველა ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს შენიშვნების გარეშე (მხოლოდ სამმა მიუთითა შენიშვნაზე და ამ უბნების საჩივრები საოლქო კომისიებმა განიხილა). სიმართლე ისაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის შედეგი, რაც მიიღო. არ შეიძლება არჩევნების შედეგები ხელოვნურად ისე დალაგდეს, რომ ყველა პარტიისთვის იყოს მისაღები. ყველა ჩაგდებული ბიულეტენი ზუსტად აისახა არჩევნების საბოლოო შედეგში. იყო უამრავი ტექნიკური ხასითის დარღვევები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო კომისიებში როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილ წევრებს. ეს დარღვევები არ იყო იმ მასშტაბის, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. საოლქო კომისიებმა განიხილეს საჩივრები და ამ ხარვეზების უმრავლესობა გამოსწორდა. ხელისუფლება ოპოზიციას თავაზობს მათ მიერ მითითებული საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლას, რასაც არ თანხმდებიან, რადგან კარგად იციან, რომ ეს პროცედურა მთლიანად ჩამოშლის მათ ბრალდებებს. ვფიქრობ, რამდენიმე პარტია ხელისუფლებასთან მიაღწევს კომპრომისს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. რადიკალური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, თუმცა მათ სიებში მყოფი პირები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ, რის გამოც, მათი ნაწილიც ჩაერთვება საპარლამენტო მუშაობაში. პარტიების ნაწილი პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას გამოიყენებს ანუ შეინარჩუნებს სადეპუტატო მანდატებს, თუმცა არ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას.
-როგორ აფასებენ უკვე ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები?
-მთავარ უცხოურ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენდა „ეუთო“. მისი წინასწარი შეფასებით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. საუბარია ცალკეულ ხარვეზებზე, რომელსაც მათი აზრით, ადგილი ქონდა. ეს არის საარჩევნო უბნების სიახლოვეს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ყოფნა, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. კანონი იძლევა საარჩევნო უბნიდან გარკვეულ მანძილზე პარტიული აქტივის დგომის უფლებას, ისინი ახდენენ საკუთარი ამომრჩევლების აღრიცხვას. ყველა პარტიას შეეძლო ამომრჩევლების მობილიზება. უარყოფითად შეფასდა საუბნო კომისიებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობაში ყოფნა, იყო საუბარი სხვა ტექნიკური ხასიათის ხარვეზებზე, რაზეც უცხოელი სადამკვირვებლო მისიები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე მიუთითებენ. მთლიანობაში დასკვნები იყო დადებითი.
-ბათუმსა და მაღალმთიანეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები სათუოა?
-არა, ამ ოლქებში მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებით, მხოლოდ გაიზრდება როგორც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის რაოდენობა.
-სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს სიცივეში აქციის მონაწილეთათვის წყლის ჭავლის შესხმას. რას ფიქრობთ ამაზე თქვენ?
-ის სახალხო დამცველია და სხვა განცხადებას ვერ გააკეთებს. თუმცა შეეძლო ყოფილიყო ობიექტური. ქართული პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებისას იყო ყველაზე ჰუმანური სამართალდამცავი უწყება მთელს ევროპაში, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში, მსგავს შემთხვევებში, გარდა წყლის ჭავლისა, იყენებენ: ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს და რეზინის ხელკეტებს.
-სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს ხალხს. თქვენი კომენტარი
-სააკაშვილი როზაჩკა კაკალაშვილის დონის პოლიტიკოსად იქცა, უკვე საკუთარ ამომრჩევლებთან შედის კონფლიქტში. ამის შედეგია ის, რომ 50-მდე პარტიის დახმარებით, რუსთაველზე, ბოლო მიტინგზე, 5000 კაცის მობილიზებაც კი ვერ მოახერხა. ეს ნიშნავს, რომ მას საკუთარმა ამომრჩეველმაც კი ზურგი აქცია. ის გაუთავებლად საუბრობს საქართველოში ჩამოსვლაზე და არ ჩამოდის, ქრონიკული ტყუილები კი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების გულისწყრომას იწვევს. მისი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს უკვე არავინ სერიოზულად აღარ აღიქვამს, რამდენიმე ათასი მხარმჭერის გარდა, რომლებიც ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში ვერ ქმნიან.
-გართულებულ ეპიდვითარებაში რამდენად დასაშვებია აქციების მოწყობა, ყოველდღიურად, ათასობით ჩვენი მოქალაქე ვირუსდება. მკვეთრად იმატა გარდაცვლილთა რიცხვმაც. რატომ არ ზღუდავენ ოპოზიციას?
-ხელისუფლებას უწევს გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის ზღვარზე მოქმედება ანუ ერთი მხრივ, უნდა იყოს ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, ხოლო მეორე მხრივ, ამავე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ოპოზიციური პარტიები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როცა ხშირ შემთხვევაში, აქციებზე არ უზრუნველყოფენ მოქალაქეთა დისტანციის დაცვას, რაც ეპიდემიის გავრცელების ინტენსივობის ზრდას უწყობს ხელს. ხელისუფლებას უფლება არ აქვს, შეზღუდოს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა, გარდა საომარი მდგომარეობის შემთხვევისა.
–როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან პოზიცია- ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელი მხარე წავა დათმობაზე?
-რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმება ფიზიკურად შეუძლებელია მათი არაადეკვატური მოთხოვნის გამო. კანონმდებლობით შეუძლებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება და ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის ამ პარტიიდან არჩეული კანდიდატების უმრავლესობას, უარი თქვას სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გაცხადებებით პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიმართვაზე, ანუ მათი უმრავლესობა დეპუტატის მანდატით ისარგებლებს, აიღებს ხელფასს, თუმცა გამოიყენებს საპარლამენტო ბოიკოტის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებას და არ დაესწრება საპარლამენტო სხდომებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც ასე იქნება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას.
–აჭარის უმაღლეს საბჭოს თუ შეეძლება აჭარის მთავრობის დაკომპლექტება?
-საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველ პარტიას კვლავ ეყოლება 14 კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობა. მას მარტივად შეუძლია აჭარის მთავრობის ფორმირება. უსკო ცნობს 21 უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატების ნაწილი უარს არ იტყვის სადეპუტატო მანდატზე, თუმცა გამოიყენებს სხდომების ბოიკოტირების უფლებას. ისინი აქამდეც ხშირად იქცეოდნენ ასე. ოპოზიციურ ელექტორატს ისინი იმისთვის არ აურჩევია, რომ აიღონ მაღალანაზღაურებადი ხელფასები და არ იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოში. მათი ნაწილი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაესწრება უმაღლესი საბჭოს სესიებს და სხდომებს.
-რატომ ამბობს ოპოზიცია უარს ბიულეტენების გადათვლაზე?
-ძალიან მარტივი მიზეზის გამო, შესანიშნავად იციან, რომ ბიულეტენების გადათვლა არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ეს პროცესი კი მთლიანად ჩამოშლის მათ ბრალდებებს არჩევნების გაყალბების შესახებ.
– “ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. რას მოიმოქმედებს ოპოზიცია?
-ამ არჩევნებს აქვს როგორც საგარეო, ისე, დიდწილად, საშინაო ლეგიტიმაცია. საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, კანონმდებლობა არ იძლევა ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აცდენილია არა მარტო ქართულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო შეფასებებს, არამედ საკუთარი ამომრჩევლების ნებასაც. ისინი ვერ ახერხებენ ქუჩაში ამ მოთხოვნით გამოიყვანონ თავიანთი ამომრჩევლების დიდი რაოდენობა. მხოლოდ რამდენიმე ათას კაციანი აქციები იმის მაჩვენებელია, რომ მათ მოუწევთ, ანგარიში გაუწიონ საკუთარი ამომრჩევლის დიდ ნაწილს- არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა იძულებული იქნება შეინარჩუნოს მიღებული სადეპუტატო მანდატი. რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, რევოლუციური გზით მოახერხოს ხელისუფლების ცვლილება.
-უარს თუ იტყვიან პარტიები სადეპუტატო მანდატებზე, შეუწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება?
–აუცილებლად. მალე მოხდება ამ კანონპროექტის ინიცირება. მიმაჩნია, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. მოსახლეობა, მათ შორის ოპოზიციური ელექტორატი, იხდის გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც მათთვის მიცემულ მანდატებს გამოიყენებენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დაიცავენ ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლების პოზიციებს, ასახავენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს საპარლამენტო საქმიანობაში. ალოგიკური იქნება საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ იმ პარტიებმა, რომლებიც უარს იტყვიან საპარლამენტო საქმიანობაზე. ეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა გამოვა.