დავით ჩხარტიშვილი: ხელისუფლება ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად და ახსოვდეს მთავარი, ოპოზიცია კი არაა ძლიერი, თავად „ოცნებაა“ სუსტი
ნანა მელია: 27 48 93 –
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობამ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით კვლავაც „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
რამდენიმე დღეში ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური გაიმართება – ამჯერად, მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიოს და ეს არის ბოლო არჩევნები, რომელიც შერეული სისტემით გაიმართა.
31 ოქტომბრის არჩევნები „აჭარასთან“ პუბლიცისტმა დავით ჩხარტიშვილმა შეაფასა.
– ბატონო დავით, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შესაძლებლობა ორ პოლიტიკურ ძალას აქვს – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“, თუმცა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოებში შესვლას არ აპირებენ. ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. როგორ შეაფასებთ 31 ოქტომბრის არჩევნებს?
– 31 ოქტომბრის არჩევნებს ერთი შეფასება აქვს და ეს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაა. თუმცა, კვლავ ვხედავთ რეანიმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“და არაერთ შემთხვევით ადამიანს „ქართული ოცნების“ მანდატით, მათი უმეტესობა დღეს ან ციხეშია, ან ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან სადღაც გადაკარგულში, იქ საიდანაც მოგვევლინნენ წლების წინათ და ივანიშვილის დისკრედიტაციის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. სამწუხაროდ, ჩვენში სუბსიდიარულობის პრინციპია დარღვეული და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია გაჩარხოს დედაქალქის სათანადო წრეებში კარგი სუფრის სანაცვლოდ, მსუყე ადგილი, არა ღირსებებისა თუ დამსახურებების გამო, არამედ ნეპოტიზმის შედეგად მოიპოვოს საკვანძო თანამდებობა რეგიონში. იმის გათვალისწინებით, რომ მმართელი ძალაც ცენტრში ნაკლებად იდეოლოგიზირებულია და დიდწილად ამორფული, კლანებად დაყოფილი, ასევე სიტუაციური გაერთინებაა და სულ რამდენიმე ისეთ ავტორიტეტზე დგას, როგორიც ივანიშვილი, გახარია თუ ვოლსკია, ცენტრიდან მოშორებით არაა ძნელი ათასი ჯურის რეგიონალური მასშტაბის მედროვისთვის, აკეთოს ის, რასაც წლებია აკეთებენ მათი სახელით. მერე კი ასეთ გამვლელებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო ადგილზე მსგავსი გამვლელები მოჰყავთ, როგორც წესი, თავთავიანთი წრეებიდან. აქ, სხვათა შორის, არაფერი ხდება ახალი. მოგეხსენებათ, მიყვარს არქივებში მუშაობა და ამასწინათ გადავაწყდი 1920 წელს გამოშვებული „საქართველოს“ ერთ-ერთ ნომერს, სადაც წერდნენ : „ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია მეტი ყურადღება მიექცეს ბათომის ოლქს და საგანგებო კომისრის ურატაქტიკას ბოლო მოეღოს. ადმინისტრაცია ნახევარზე მეტი ავანტიურისტებია, საპასუხისმგებლო ადგილზე შეუფერებელი პირებია, ზოგან კი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოსტები პირდაპირ ბოროტ და ავარა ხალხს აქვს ჩაბარებული. ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მოსაზრება, რომ ვითომ დაუშვებელი იყოს კრიტიკა მთავრობის წევრის, ან რომელლიმე მოხელის, იმიტომ რომ ის პარტიული ამხანაგია“. გამეღიმა – თურმე ცენტრალურ მთავრობას ვითარების შესასწავლად მოუვლინებია აჭარაში დამფუძნებელი კრების წევრი. მის მოხსენებით ბარათშიც დადასტურებულა ეს ინფორმაცია, დასკვნაც შესაბამისი დაიდო. სამწუხაროა, მაგრამ ამის გამოსწორება ვეღარ მოესწრო. რა მოვლენები განვითარდა მას შემდეგ აჭარაში, ყველამ ვიცით. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგნოებში „გაერთიანებული ოპოზიციის“ შესვლა-არშესვლას, ღიმილისმომგვრელია. ისინი აუცილებლად შევლენ როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში, მერწმუნეთ. ამას მათ შიდა ქართული და საერთაშორისო დღის წესრიგიც კარნახობთ.
– საერთაშორისო დღის წესრიგი ბევრ რამეს გვკარნახობს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ცოტა მეგობარი და ბევრი მტერი გვყავს, რაც შიდა პოლიტიკაზეც აისახება. ოქტომბრის ბოლოს აშშ–იც ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, ბაიდენმა გაიმარჯვა, ბევრმა ქვყანამ მიულოცა კიდეც გამარჯვება. საქართველო კი გაიყო ბაიდენის მომხრეებად და ტრამპისტებად. ჩვენ რას გვაძლევს ან ერთის გამარჯვება, ან მეორის?
– იქაც დიდი აურზაურია და ზოგადად, მთელი ევროპა ალმოდებულია, ყარაბღში კი მორიგი რუსული ბაზა ჩადგა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ ქვეყანამ დაანახა დანარჩენ სამყაროს, რომ მრავალი ფაქტორის გამო ვერ უზრუნველყოფს ხმების დათვლას იმ მეთოდით, რომ სხვისთვის დამაჯერებელი გახდეს მისი დემოკრატიის შუქურის სტატუსი, რომელსაც მთელი XX საუკუნის განმავლობაში უპირობოდ ინარჩუნებდა. ეს არც ისე ძნელი იყო წინა საუკუნეში, რადგანაც ევროპაში ფაშიზმი, საბჭოეთში კი კომუნიზმი ბატონობდა! საბჭოეთის დაცემის მერე კი, უალტერნატივო სწავლებად მოგვევლინა ამერიკული ლიბერალიზმი, რამაც მისი დეგრადაცია გამოიწვია საბოლოო ჯამში. კლასიკური ლიბერალიზმის მემარცხენე ლიბერალიზმად ტრანსფორმაციაში გამოიხატა ეს. რა მოხდა იქ და ასეულობით მილიონმა ამერიკელმა დაიძინა არჩევნების დღეს იმ განწყობით, რომ ყველა საკვანძო შტატში ტრამპი იგებს, გაიღვიძა კი საწინააღმდეგო რეზულტატით. გალურჯებული შტატებით, მკვდარი სულების მიერ მიცემული ხმებით და რესპუბლიკელი დამკვირვებლების არდაშვებით იმ შტატებში, რომლებსაც დემოკრატები, ანუ ბაიდენის მომხრეები აკონტროლებდნენ. მეინსტრიმულმა მედიამ, რომელიც იქ ნეოლიბერალურია და რამდენიმე ქვეყნის ნეოლიბერალურმა მთავრობებმა ნაჩქარევად მიულოცეს ბაიდენს „გაპრეზიდენტება“, მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ კვირეები დასჭირდება გამარჯვებულის გამოცხადებას. რომც არ დაკმაყოფილდეს ტრამპის სარჩელები და ბაიდენი მართლაც გახდეს პრეზიდენტი, ეს მოხდება მხოლოდ 14 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ხმოსნები აირჩევენ. იქამდე კი დავები შტატების სასამართლოებში და სავარაუდოდ, უმაღლეს სასამართლოშიც იქნება. უამრავი ფალსიფიკაცია დოკუმენტურად დასტურდება. ასე რომ, ნუ ვჩქარობთ ქართველები, რეზო თაბუკაშვილის არ იყოს: „ჩვენ ობოლი ერი ვართ“ და არავინ გვაპატიებს შეცდომას, მით უფრო, როცა ამდენი შეცდომა დავუშვით 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე. დროა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე მაინც და ცივი გონებით გავაანალიზოთ, რას გვიქადის ესა თუ ის კონფიგურაცია თუ პროექტი. მესმის „ნაციონალების“, რომლებსაც ბაიდენის გამარჯვება სურთ, რადგან ის მათი იდეოლოგიური ბანაკიდანაა, ე.წ. „იდენტობის პოლიტიკის“ გულშემატივარია და ორთოდოქსი ნეოლიბერალი, მაგრამ არ მესმის „ოცნების“ ზოგიერთი წევრის, ბაიდენს რომ ქომაგობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეშლებათ და დროზე ჯობია გადაბარგდნენ ისევ „ნაცებში“, ან მათ მონათესავე პარტიებში. ნებისმიერ შემთხვევაში, რომც გაიმარჯვოს ბაიდენმა, ის ძველი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, უფრო ზუსტად კი სტერეოტიპული ამერიკა წარსულს ჩაბარდება. დროა, ეს გაითავისონ „ნაცებმაც“ და სხვებმაც. მსგავსი რეფლექსია, სხვათა შორის დიდწილად ე.წ. „პორტირებულებს“ ახასიათებთ, რომელთა რაოდენობამ აქაურ „ოცნებაში“ კრიტიკულ მასას მიაღწია, ასევე სხვადასხვა რეჟიმებიდან „გაოცნებებული“ ოდიოზური და კორუმპირებული ფიგურების რაოდენობამ – ვერ ააშენებ ახალს და ჯანმრთელს ძველი რეფლექსიის ხალხით, ახალი კი მოსახლეობის დაკვეთაა 2012 წლიდან. ხალხი ამას ხედავს, ხალხი ვერ იტანს ყალბს, ერთადერთი მიზეზი კი, რის გამოც ეგუება ამას, ისაა რომ „ოცნება“ ის ერთადერთი ძალაა, რომელიც აჩერებს „ნაციონალებს“. მოკლედ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აშშ-ში, სიტუაცია კარდინალურად აღარ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში. საქმე იმაშია, რომ ХХ საუკუნე ტრიუმფალური იყო ამერიკისთვის გარემოებებისა და სასათბურე პირობების გამო. ორი მსოფლიო ომისა და ევროპის დასუსტების შემდეგ აშშ იქცა სუპერსახელმწიფოდ – შეუზღუდავი შესაძლებლობებით. შტატები ესაუბრებოდა დანარჩენ ქვეყნებს ისეთი მორალური სიმაღლეებიდან, როგორიც სიკეთე, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვაა. . . სანამ უცებ არ აღმოჩნდა, თავადვე ამერიკელი „პროგრესისტი» ინტელქტუალების მტკიცებით, „სისტემური რასისზმის“ კერად, რესურსებისთვის ომების გამჩაღებლად, ორმაგი სტანდარტების მატარებლად. ამერიკული ლამაზი მითი ჩვენს თვალწინ ინგრეოდა 2003 წლიდან მოყოლებული. თუ ადრე ამ საკითხში გარკვევას ღრმა ცოდნა სჭირდებოდა, პროცესები ისე განვითარდა და დაჩქარდა ახალი კორონავირუსის წყალობითაც, რომ დღეს ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. თუმცა პრობლემა იმაშიცაა, რომ ჩვენი „ლიბერალები“, სინამდვილეში კი ნეოლიბერალები, გარე სამყაროს რეალურად აღიქვამენ მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მათ ფულს ჩაუთვლიან ჯიბეში, იქამდე კი რელიგიური დოგმატების დარი წარმომადგელნების ტყვობაში არიან. ამიტომაც, ნებისმიერ საღ და ფაქტებზე დამყარებულ აზრს ნათლავენ ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდად. ამას არა უშავს, ჩვენი ქვეყანა რომ არ იჭყლიტებოდეს მათი დალტონიზმისა და ახლომხედველობის გამო. მოკლედ, ასეა თუ ისე, 1991 წელს ამერიკამ თავისი სიძლიერის პიკს მიაღწია, მას მერე დაღმასვლა აქვს. ჩვენთან შემოაღწია, როცა პლატოზე იმყოფებოდა, საქართველო კი უსუსურ, გარდამავალ მდგომარეობაში იყო. საქმე იმაშია, რომ მის წიაღში ამ აღმასვლასთან ერთად, იდეური კონკურენციის არქონის პირობებში, გაჩნდა ნგრევის და დეგრადაციის ლოგიკაც, რომლის გაჩერება შეუძლებელია, ისეა მიშვებული იქ საქმე, ჩვენ კი საკუთარ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომაც – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ახლა აშშ-ში -ბაიდენმა თუ ტრამპმა, გლობალური, იმპერიული დიდების შემობრუნებას ვეღარ მოახერხებს, რაც ჩვენთვის ახალ რეალობაში ცხოვრებას ნიშნავს. ის ძველი ამერიკა უკანასკნელ დღეებს ითვლის. როგორი იქნება ახალი ამერიკა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ XХI საუკუნე სულ სხვანაირი იქნება და შტატები უკვე ვეღარ ითამაშებს მასში ისეთ როლს, როგორც თუნდაც XХ საუკუნეში ერგოთ. ამერიკამ დაკარგა ის, რაც მთავარია და უპირატესობას ანიჭებდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში -„მორალური სიცხადე“, ამასობაში სხვა „ძალის ცენტრები“ აღმოცენდა ყურის ძირში. ფაქტობრივად, იგივე ისტორიული დისპოზიციაა რაც წინა საუკუნის ოციან წლებში ერგო საქართველოს. დანარჩენის მოდელირება თავად გააკეთეთ – ისტორია მკაცრად სჯის გაკვეთილების უცოდინრობის გამო, ესეც გვახსოვდეს.
– ბოლოსდაბოლოს, ვინ იმარჯვებს, თქვენი აზრით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში?
-ჯერჯერობით ტრამპი და ვიმედოვნებ, საბოლოოდ, რადგან საკითხი ასე დგას – ე.წ. ნამდვილი, ტრადიციული ამერიკა, ან ბაიდენის ანტი-ამერიკა. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ასე ხედავს ამას და არ დანებდება, რადგანაც ნამდვილი პატრიოტია და მისმა ამომრჩეველმაც ხმა არა პირადად მას, არამედ ტრადიციულ ამერიკულ ფასეულობებს მისცა. ეს კი საწარმოო კაპიტალია, რეალური 70 მილიონი შეიარაღებული ამერიკელია, ბაიდენს კი მხოლოდ სასაფლაოებმა, ნეოლიბერალურმა მედიამ, „ანტიფამ“, „ბლმ-მა“ და ფინანსურმა კაპიტალმა, იგივე საბანკო-სპეკულაციურმა კაპიტალმა „მოაგებინა“.
– გასაგებია, დავა გრძელდება და თქვენც ტრამპისტი ხართ. ახლა კი ჩვენს არჩევნებს დავუბრუნდეთ, რომელიც თქვენ პიროსის გამარჯვებად მონათლეთ „ქართული ოცნების“ შედეგების მიხედვით აჭარაში. კადრების გარდა, სხვა რა ფაქტორებმა იმოქმედა ასეთ არასახარბიელო შედეგზე?
– ყველაფერთან ერთად, ეს მოხდა იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ ძველმა ადმინისტრაციულმა ელიტამ ჩაყლაპა ახალი პოლიტიკური ელიტა. უბრალოდ, იმის გამო, რომ უკანასკნელმა არ იცოდა, რა და როგორ ეკეთებინა. პირველებმა კი, რადგანაც სააკაშვილის ინკუბატორში გამოწრთობილნი იყვნენ და მშვენივრად ფლობდნენ მართვის იეზუიტურ ტექნოლოგიებს, ადვილად დაჯაბნეს მეორენი. აქედანაა ეს „პორტირებულთა“ ფენომენიც, ძველი რეჟიმების ოდიოზური, კორუმპირებული ფიგურები და არაჯანსაღი ვითარება ზოგადად, აჭარის მმართველ პარტიაშიც. საქმე იმაშია, რომ არაა საკმარისი კრაზანების ბუდის დარბევა იმისათვის, რომ სკები მოაშენო და თაფლის ამოღება შეძლო, მით უფრო – შემთხვევითი ხალხის განლაგებით საკვანძო თანამდებობებზე მხოლოდ იმის გამო რომ, კარგი თამადები არიან, ანდა მორჩილნი, რაღაც ეტაპამდე, უფრო კონკრეტულად – პირველივე კრიტიკულ სიტუაციამდე. . . ამიტომაც არა შენი წრიდან, არამედ თანამოაზრეებიდან და თანამებრძოლებიდან უნდა შეკრიბო გუნდი, მაგრამ თუ არც იდეა გაქვს და არც გიბრძოლია, ამის გაკეთბა ძნელი იქნება, რა თქმა უნდა. უფრო ღრმად რომ წავიდეთ, ზოგადად, ქვეყნის პრობლემაცაა, რომ არა ეროვნული ინტერესებით, არამედ ელექტორალური სტრატეგიებით ვხელმძღვანელობთ, მიბმით სხვა ქვეყნებში გაბატონებულ დოგმებზე და ა.შ. და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში ისტორიული ბრძოლა მიდის კონსერვატორ-ტრადიციონალისტებსა და ნეოლიბერალებს შორის,ხ ერთი სისტემური პარტიისა სხვა სისტემურის წინააღმდეგ. ჩვენთანაც იგივე უნდა მოხდეს! ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს იქ და მხოლოდ ჩვენს, ლამის სტრაუსის პოზამიღებულ ისტებლიშმენტში, რომელიც თავს ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თვლის, სრული სიმშვიდეა ამ მხვრივ. სხვა კონფიგურაციაა მსოფლიოში და სხვა პატრონი- თეთრ სახლში. მხოლოდ ჩვენთანაა იგივე იდეები და მესიჯბოქსები. ძველი დირექტივებით ვსარგებლობთ, ახლის გადმოცემისთვის ვაშინგტონს არ სცალია, ჩვენ კი საკუთარ წიაღში კონცეპტების გენერაციასა და მით უფრო ახალი დოქტრინის ფიქალზე ამოტვიფრვაშეჩვეულზე გვიჭირს. ჩვენთან ისევ ერთი, ყავლგასული ნეოლიბერალური პარადიგმის ფორმატში მიმდინარეობს გამიშვი-დამაკავე, როგორც წინათ. ვდავობთ ისევ ტექნიკურ საკითხებზე, თანაც ისე ტექნიკურად, რომ ეპოქალური არჩევანის ილუზიაც იყოს და ტექნიკურ საკითხებსაც არ გასცდნენ აზარტში შესულნი. ამასობაში კი, ძველი და ახალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ელიტები, როგორც ავღნიშნე, ისე აირია ერთმანეთში, რომ შეიძლება გადჰყვეს არქაული დისკურსის მატარებელი ყველა ძალა დაშოშორიშორებას, რომელიც უთუოდ იქნება მალე. ამ ეტაპზე, მეორე ტურების დასრულებამდე მაინც, თავს შევიკვაბ მეტი კონკრეტიკისგან, ვგონებ, მერე უფრო გამართლებული იქნება თქმა სახელებით და გვარებით, აქაური პოლიტიკური ისტებლიშმენტის გენეზისით და ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ მე ვილაპრაკებ ამაზე. ვფიქრობ, აჭარული „ოცნების“ ჯანსაღ ნაწილსაც ბევრი ექნება სათქმელი.
– ანუ თქვენ არ უშვებთ რევოლუციურ სცენარს ქვეყანაში და დარწმუნებული ხართ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შევა პარლამენტში და ივანიშვილი „ოცნებას“ გადაახალისებს დოქტრინალურ დონეზე?
-ეს გარდაუვალია მისი მხრიდან. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ერთი ცნობილი ფენომენია „სიკვდილის ცეკვა“ – ხშირად ხდება ისე, რომ ერთ ჭიანჭველას აერევა მარშრუტი და იწყებს სირბილს ჩაკეტილ წრეზე. თანდათანობით მას უერთდება უფრო მეტი და მეტი ჭიანჭველა. წრე ფართოვდება, სანამ ძალღონე დაცლილი ჭიანჭველები არ კვდებიან. იმ ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით და მახასიათებლებით, რაც ჩვენს ოპოზიციას გააჩნია, რამეში დარწმუნებული იყო, დაუდევრობაა. ხელისუფლება ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად და ახსოვდეს მთავარი, ოპოზიცია კი არაა ძლიერი, თავად „ოცნებაა“ სუსტი და თუ არ გამოსწორდა ის ხარვეზები, რაზეც მივანიშნე, ასევე, თუ სწორად ვერ გათვალეს საგარეო ფაქტორები, რომლებიც ისეთი ლიმიტროფული ტიპის ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ლამის გადამწყვეტია, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. სწორად გამიგეთ, განა ცვლილებები აუცილებელი არაა? მაგრამ იმ ძალებმა როდი უნდა მოახდინონ ცვლილებები, ვინც ,,მიშისტური” სთორების მეშვეობით, „ნაცური“ მედიატექნოლოგიების გამოყენებით, „ნაცური“ რევოლუციური გამოცდილებითა და მოკავშირეებით, ასევე სლოგანებით, მოაქცია საპროტესტო მუხტის მატარებელი ხალხი „ნაცურ“ კალაპოტში და მიდენის „ნაცური“ ნარატივებით გაჟღენთილი მიზნისაკენ. ამ ცვლილებს ისევ კათარზისგავლილი და განახლებული „ოცნება“ მირჩევნია ჩაუდგეს სათავეში, ვიდრე სხვა გაურკვეველი ძალა, ამ ეტაპზე მაინც.