„ყველა თუ დაავადდა, სად ვიშოვით 3 მილიონ ნახევარ საწოლს? ეს მოხდება, თუ არ შეწყდა მასობრივი შეკრებები, აქციები, მსვლელობები“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტია ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ამ დღეებში აჭარას ეწვია. მასთან საუბარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩავიწერეთ, სადაც კოვიდვითარებას ეცნობოდა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
-ბატონო ზაზა, რას გვეტყვით კოვიდ-19-ზე, რამდენადაა დაკავშირებული იგი სუნთქვის უკმარისობის პრობლემასთან?
-ინფექცია კოვიდ-19 არის რესპირატორული სისტემის ინფექციური ვირუსული პათოლოგია, რომელიც ძირითადად, აზიანებს სასუნთქ გზებს, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ვირუსით ორგანიზმის სხვა სისტემებიც ზიანდება. საკმაოდ დიდია მისი პროცენტული წილი სიკვდილიანობაში შიდა პათოლოგიების გამო. ეს არის ორგანიზმის კომპლექსური მტერი, მრავალწახნაგოვანი ვირუსი, რომელიც ადამიანში აღწევს რესპირატორული სისტემის მეშვეობით, აზიანებს ფილტვებს, იწვევს სუნთქვის მწვავე უკმარისობას, რაც ხდება კიდეც სიკვდილის მიზეზი. ამასთან, ვიმეორებ, რომ სხვა პათოლოგიებიც იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ამიტომ, ვირუსთან ბრძოლა ვერ იქნება მარტივი, რადგან არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება გამოკვეთილი, არ არის განსაზღვრული კომპლექსური მკურნალობა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, თეთრხალათიანების სახელით, მივმართო მოსახლეობას: თავი დაანებონ თვითმკურნალობას. ხშირად დაგვიანებით, პრაქტიკულად, სარეანიმაციო პაციენტი მოჰყავთ კლინიკაში, უკვე დამძიმებული, გართულებული მდგომარეობით, რასაც იწვევს სახლში მკურნალობა. მესმის, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია, მაგრამ მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციისა და რეკომენდაციების საფუძველზე უნდა ვუმკურნალოთ დავირუსებულს.
-მაინც რა შეცდომებს უშვებენ სახლში მკურნალობისას?
-თვითმკურნალობისას იყენებენ ანტიბიოტიკურ თერაპიას. ორგანიზმის ტემპერატურა 38 გრადუსამდე არც კი არის ასული და ასმევენ ძლიერ ანტიბიოტიკებს. როდესაც ბაქტერიული ანთების კომპონენტი არ არის გამოხატული, მისი გმოყენება უშედეგო, დაუშვებელი და არამიზნობრივია.კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას – ცხადია, კორონავირუსი ბევრ რამეს დააზიანებს მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე ცუდი, რასაც მოიტანს, არის მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. ამაზე ჯერ არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კუთხით ვერ გადავრჩებით.
-თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ რას გულისხმობთ?
-როდესაც კაცობრიობას აღარ დარჩება ბაქტერიებთან ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს გაცილებით ცუდ შედეგს მოიტანს, ვიდრე მსოფლიო პანდემია. ყველაფერი იწყება ბაქტერიის შეჩვევით ანტიბიოტიკთან, რომელიც მასთან თანაცხოვრებას სწავლობს. ამიტომ ითვლება თვითნებური ანტიბიოტიკური თერაპია ორგანიზმის პირველ მტრად. ეს ერთი, მეორე – ყველაზე ხშირად კოვიდ-19 იწვევს თრომბოზებს, ანუ შიდა სისხლშედედებას, რომლის საწინააღმდეგო პრეპარატებს, სამწუხაროდ, ბევრი თვითნებურად იყენებს. არასწორი დოზირებით, მოჭარბებულად მიღება კი თავის მხრივ, სისხლდენას იწვევს.
-ახალი კორონავირუსით იმდენად შეშინებულნი ვართ, რომ სხვა დაავადებები აღარც კი გვახსოვს.
-დიახ, აქაც იქმნება რიგი პრობლემები. თუკი პაციენტს ჩივილები აქვს და ლაბორატორიულად გამოირიცხა კორონავირუსი, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ჯანმრთელია ანუ, არ უნდა გამოგვეპაროს ტუბერკულოზის შემთხვევა, რომლის მიმდინარეობა და სიმპტომები ძალიან ჰგავს კოვიდ-19-ს. მოგეხსენებათ, ისიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ტუბერკულოზიც მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი დაკვირვების საგანია და მსოფლიო ორგანიზაცია, სამწუხაროდ, პროგნოზირებს, რომ ტუბერკულოზის შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად მოიმატებს.
-თუ შეიძლება გაგვაცანით სტატისტიკაც. კოვიდი უფრო საშიშია თუ ტუბერკულოზი?
-ამ ეტაპზე მსოფლიოში 56 მილიონს მიუახლოვდა კოვიდ-19-ით დასნებოვნებულთა რიცხვი, ხოლო ტუბერკულოზით დღეს, 65 მილიონია რეგისტრირებული. წარმოიდგინეთ, რამდენია არარეგისტრირებული, განსაკუთრებით, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება უფრო პროგნოზირებადია.
-ასე მკვეთრად რატომ მოიმატა ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობამ, ხომ დავამარცხეთ ეს დაავადება?
-დამარცხებით ვერა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. კარგად იმუშავა იმ საორგანიზაციო სქემებმა, რომლითაც ხორცილდებოდა ტუბერკულოზის მართვა. ძალიან დაგვეხმარა ახალი პრეპარატებიც, რომლებიც ბოლო დროს ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის.
-ე.ი. ამ მხრივ პროგრესი გვაქვს?
-სამწუხაროდ, ამ პროგრესს საფრთხე ემუქრება, ვინაიდან ბევრს აქვს სიმპტომები, მაგრამ როგორც კი მშვიდდება ახალი კორონავირუსის მხრივ, აღარ აგრძელებს საკუთარი ავადმყოფობის კვლევას მანამ, სანამ სასიკვდილო ეტაპამდე არ გაურთულდება ტუბერკულოზი. მოგეხსენებათ, ამ დაავადებას ჩუმ მკვლელს ეძახიან, ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია და შესაძლოა, საწყის ეტაპზე არც გამოავლინოს თავი. აქედან გამომდინარე, ის ორმაგად საყურადღებო და საფრთხილოა. ძალიან რთულია მასთან ბრძოლა, თუნდაც ახალი პრეპარატებით. ჩივილების მიუხედავად, ექიმთან მიუსვლელობა კი იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ამ დროს ზიანდება სასუნთქი გზების უმეტესი წილი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთი სისტემის ჩამოშლას, იგი ჩვენი ორგანიზმის კარიბჭეა, საიდანაც ვმარაგდებით ჟანგბადით – ადამიანის უპირველესი ენერგეტიკული საშენი მასალით, რომლის გარეშეც ვერ ვაწარმოებთ ნივთიერებათა ცვლას. მისი უკმარისობა იწვევს სხვა დაავადებებს, მათ შორის ხაზგასასმელია ფსიქიკური აშლილობები. ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც სუიციდმა მკვეთრად იმატა მსოფლიოში. ერთ-ერთ საინტერესო კვლევაში, რომელიც რეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, აშშ-ის სამი შტატი იყო დასახელებული, სადაც ერთი მესამედით მოიმატა თვითმკვლელთა რაოდენობამ. სამწუხაროდ, იცით, რომ ამერიკა კოვიდის გავრცელების მხრივ, უპირობო ლიდერია მსოფლიოში.
-ბატონო ზაზა, ჩამოგვითვალეთ სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ ტუბერკულოზის ცეტრს, თუკი გამოირიცხა ახალი კორონავირუსი.
-თუ გრძელდება მცირე ტემპერატურა, უმიზეზო ხველა ნახველით ან მის გარეშე (ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში), ოფლიანობა, სისუსტე, წონაში კლების ტენდენცია, ტკივილი გულის არეში, ეს მიგვანიშნებს ტუბერკულოზის შესაძლო არსებობაზე. განსაკუთრებით საშიშია ნახველი სისხლის მინარევით. თუკი შეამჩნევთ ამ სიმპტომატიკას, მომენტალურად მიმართეთ ტუბერკულოზის კაბინეტებს, ცენტრებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აჭარაში მაღალ დონეზეა ორგანიზებული ტუბსამსახური, სადაც კვალიფიციური და გამოცდილი ექიმები მუშაობენ. ბატონი დიმიტრი ცეცხლაძე ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთ-ერთი პატრიარქია მთელი საქართველოს მასშტაბით.
-ტუბერკულოზის ელიმინაციის პროექტზეც ხომ ვერ გვეტყვით ორიოდ სიტყვას?
– სწორედ აჭარადან დავიწყეთ ტუბერკულოზის ელიმინაციის პროექტი. მართალია, პანდემიამ მოგვისწრო, მაგრამ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა. ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. მე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ვარ. ცენტრში გვყავს 20-მდე კოვიდპაციენტი, მაგრამ იქვე, პარალელურ რეჟიმში, 80-მდე ტუბერკულოზით დაავადებული განაგრძობს მკურნალობას. მინდა წინ წამოვწიო პრობლემა, რომ არ მოხდეს ამ დაავადების ჩაკარგვა , მეორე პლანზე გადატანა, მისი უგულვებელყოფა კოვიდქაოსში. ამან შესაძლოა, მძიმე შედეგი გამოიღოს. ჩვენ მოვლენებს უნდა დავასწროთ, წინ გავიხედოთ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მით უმეტეს, თუკი ეს მოვლენები პროგნოზირებადია.
-რამდენად ეფექტურია კოვიდინფექციის მკურნალობის ქართული მოდელი?
-ჩვენთან კოვიდ-19-ის მკურნალობა მიმდინარეობს კოვიდინფექციის მართვის კლინიკური ჯგუფის მიერ მოწონებული ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლის საფუძველზე, სადაც სრულად არის ასახული ყველა ნოვაცია, რაც მსოფლიოში მოიპოვება. ბატონი თენგიზ ცერცვაძე ნოვატორი პიროვნებაა, ყველა სიახლეს სწრაფად აღიქვამს და მომენტალურად ნერგავს მკურნალობის მეთოდოლოგიაში.
-რაც შეეხება ვაქცინაციას?
-ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თადარიგი დაჭერილია და თუ სადმე შემოვა აპრობირებული ვაქცინა, ის ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის.
-რას გვეტყვით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩადგა მწყობრში?
-ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომელიც გვევლინება ყველაზე დიდ კოვიდმიმღებად საქართველოში. აქ 212 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, 49 – იმყოფება რეანიმაციული მართვის განყოფილებაში, მათგან 15 არის მართვით სუნთქვაზე, აპარატზე შეერთებული. ძალიან რთულ, დამძიმებულ, დაგვიანებული შემთხვევებს აქვს ადგილი, როდესაც შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლიდან იწყება ვირუსული პნევმონია და შემდეგ მთელ ფილტვებზე გადადის. კოვიდის ვერაგობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად ძიმდება სიტუაცია, მყისიერი გადაწყვეტილებებია საჭირო. ჩვენ ძალიან გვეხმარება ერთობლივი მუშაობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია იმყოფება მუდმივ კონტაქტზე. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე, პერსონალურადაა ჩართული ცალკეული პაციენტების მკურნალობაში, ღამითაც კი. მთელი სისტემა აქტიურად მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში.
-რა სახის პრობლემებს აწყდებით?
-აურაცხელი რესურსი სჭირდება ვირუსთან ბრძოლას. აი, მაგალითად, ახლა წამოიჭრა ჟანგბადის თემა. ამაში გვეხმარება საპარტნიორო ფონდი, რომელიც აპირებს დამატებით შეიძინოს ჟანგბადის ახალი რეზერვუარი. ყოველდღიურად 3.2 ტონა ჟანგბადს მოიხმარენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მთავრობის და სისტემის ჩართულობა, მაგრამ არაფერი გამოგვივა მოსახლეობის სწორი ორიენტირების გარეშე. ბევრს არ სჯერა ვირუსის არსებობის და დაგვიანებით მოჰყავთ თავიანთი დავირუსებული ახლობლები სტაციონარში. წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ნიღბების გარეშეც კი შემოდის. შემდეგ ცდილობენ პასუხისმგებლობა სისტემას დააკისრონ, ჩივიან, რომ არ გვყოფნის საწოლები. ყველა თუ დაავადდა, სად ვიშოვით 3 მილიონ ნახევარ ლოგინს? ეს მოხდება, თუ არ შეწყდა მასობრივი შეკრებები, აქციები, მსვლელობები.
-ოპოზიციას არ ეთანხმებით?
-არ ვერევი პოლიტიკაში, რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზნით იკრიბებიან, პირველ პლანზე ადამიანის ჯანრთელობა უნდა დავაყენოთ, რომ ერი გადარჩეს! ჩვენს ჯანმრთელობასთან შედარებით, ყველანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არის მეათე, მეასეხარისხოვანი. ის, რაც ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, შეფასდება დანაშაულებრივ ქმედებად, რადგან სიცოცხლის ხელყოფა, თავისთავად, დანაშაულია.
-გვეშველება რამე?
-უიმედოდ მტერი იყოს (იცინის). რასაკვირველია, უნდა დავიჯეროთ, რომ ადამიანის ინტელექტს ძალუძს შექმნას ამ ინფექციის გამანეიტრალებელი იარაღი, მაგრამ მანამდე აუცილებელია ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა. ამ კუთხით, თქვენთან მაღალი კლასის მუშაობაა. არაჩვეულებრივად კარგი, პროფესიონალი მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, გყავთ აჭარაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი – რუსუდან შავიშვილი. ეს ადამიანები, თავიანთ კოლეგებთან ერთად, თავგანწირული ექიმები არიან და მაქსიმალურს აკეთებენ კოვიდის აღმოსაფხვრელად. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კი ჩემთვის არის მოქალაქეობრივი გმირობის მაგალითი, იმ გმირობის, რომელიც აქ ყოველდღიურად, საათობრივად ხდება. ამ შრომას, თავდადებას და პროფესიონალიზმს შედეგი არ ექნება მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე.