გიორგი კირთაძე: ჩვენი ბავშვობის ოცნება არ იყო ქუჩაში გაშლილ კარვებში ცხოვრება
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ქვეყანაში უფრო და უფრო იძაბება როგორც პოლიტიკური, ისე ეპიდემიოლოგიური ვითარება. ბათუმსა და თბილისში ლამის ყოველდღიურობად იქცა საპროტესტო აქციები, რომლებზეც ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ მმართველ გუნდს და რიგ განცხადებებს აკეთებენ, ზოგიერთმა მეორე ტურის დღეს „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობისკენ მოუწოდა მხარდამჭერებს.
რას ითვალისწინებს პროტესტის ეს ფორმა და რატომ არ ერიდებიან გართულებულ ეპიდვითარებას ოპოზიციის წარმომადგენლები, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელიც პროტესტს აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებში ცხოვრებით აფიქსირებს.
– რატომ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა და კენჭისყრის შედეგები არ შეესაბამება ამომრჩევლის ნებას?
– გარდა იმისა, რომ დაშინება, შანტაჟი და დაპატიმრებები იყო წინა თვეებში, ამას დაემატა საარჩევნო უბნებზე დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ე.წ. კარუსელების ტრიალი, რისი კონკრეტული ფაქტებიც დავდეთ, ხოლო საღამოს 8 საათიდან, მთელი ღამე რაც მოხდა, ამას ახლაც ვაპროტესტებთ.
– და რა მოხდა?
-გააქრეს ბიულეტენები. აჭარის მასშტაბით დაკარგულია 5600 ბიულეტენი, 25 ათასზე მეტი – გაბათილდა, ხოლო ბათუმის შემაჯამებელი ოქმების 75%-ში ბალანსი არ ჯდება.
-თუკი ასეა, რატომ არ დათანხმდით პრემიერის შემოთავაზებას კენჭისყრის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით?
-ეს ტყუილია, ბათუმის 120 უბნის 480 შემაჯამებელი ოქმიდან 380-ზე შევიტანეთ საჩივარი, ვითხოვდით მათ გადათვლას, გაბათილებას, მაგრამ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიამ, ისე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უარი გვითხრეს.
-კენჭისყრის შედეგებით, გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ადგილზეა. მოპოვებული მანდატები არ გაკმაყოფილებთ?
-ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები მანდატებისთვის და პარლამენტში თბილი სავარძლებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენი მიზანი იყო საქართველოსთვის უდიდესი საფრთხე – ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების გზით, მშვიდობიანად წასულიყო. ჯამში, ეს არჩევნები, ერთიანმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ მოუგო, მაგრამ ივანიშვილი ამას არ აღიარებს. 2012 წელსაც შეეძლო სააკაშვილს დაერეკა ცესკოში, მომენტალურად გაიზრდებოდა შემაჯამებელ ოქმებში ჩვენი მომხრეების პროცენტული შემადგენლობა და გაყალბებით დარჩებოდა პოსტზე, მაგრამ მსგავსი არაფერი უკადრებია.
-სააკაშვილი მაშინ პოსტზე დარჩა, პარლამენტის შემადგენლობა შეიცვალა, თანაც, თუ გადავხედავთ იმდროინდელ ქრონიკას, ჩანს, რომ მაშინაც გააყალბეს, მაგრამ იმდენად დიდი იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა, ვეღარ მოერივნენ.
-სააკაშვილს შეეძლო მაშინ არჩევნების გაყალბება, მაგრამ არ გააკეთა, რადგან ამ ქვეყნისთვის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული იმიჯის ასამაღლებლად. სააკაშვილი მაშინაც და ახლაც საქართველოზე ფიქრობდა და ფიქრობს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ყველაფერი გააკეთა ცესკოს გამოყენებითაც კი, ხელისუფლებაში დასარჩენად. არ შერჩება მას ეს ქმედება. არ შეიძლება, ერთი ადამიანი გვინიშნავდეს ხელისუფლებას. ხალხმა უნდა აირჩიოს სასურველი პარტია და გადაწყვიტოს, რა წყობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს.
-პანდემიის ფონზე აქციების გამართვამ გამოიწვია ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, იმატა სიკვდილიანობამ. ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა?
-ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. არჩევნების გაყალბების ნაცვლად, ჯანდაცვის სისტემა მოეწესრიგებინა, საავადმყოფოები აღეჭურვა სათანადო სამედიცინო ტექნიკით. ელემენტარულად, სასუნთქი და ტომოგრაფიის აპარატები არ აქვთ. სტაციონარშიც კი ვერ ათავსებენ კოვიდით დამძიმებულ ავადმყოფებს. სხვა რა უნდა ვილაპარაკო. პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდებათ მათ ეს გართულებული კოვიდვითარება, ასე უფრო უადვილდებათ ხალხის დაშინება და მართვა. დააკვირდით, სწორედ არჩევნების მოახლოებისას იმატა დავირუსებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა.
-მრავალათასიანი აქციები არაფერ შუაშია?
-აქციებს ღია სივრცეში ვატარებთ, თანაც, მაქსიმალურად ვუფრთხილდებით მოსახლეობას, ვიცავთ დისტანციას, ყველას ვურიგებთ პირბადეებს და სადეზინფექციო ხსნარებს. ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ყველაფერი ეს ოპოზიციას დაბრალდეს, თუმცა ის, რაც ხდება ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე მმართველი გუნდის უნიათობის ბრალია.
-აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლას მმართველ გუნდზე მეტად, მგონი, ოპოზიცია ელოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდენს მასზე შთაბეჭდილებას თქვენი პროტესტი და როგორ დაეხმარება მაიკ პომპეო მთავრობაზე განაწყენებულ პოლიტიკოსებს?
-ოპოზიციის პროტესტი ზოგადად ხელისუფლების ცვლისკენაა მიმართული. გვინდა მთავრობამ და ხალხმა დაინახოს, რომ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანია და აუცილებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ და მეგობარი ქვეყნების პირველმა პირებმა უნდა დააფიქსირონ, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს. მაშინ მეტი შედეგი ექნება ბრძოლას.
– არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას გეგმავთ. როგორ ფიქრობთ, ამით თქვენს საწინააღმდეგოდ ხომ არ განაწყობთ იმ ამომრჩეველს, ოპოზიციას რომ არ უჭერს მხარს?
-იმ ადამიანებს, რომლებსაც უდიდესი წილი მიუძღვით არჩევნების გაყალბებაში და ხალხის მოტყუებაში, ყოველთვის და ყველგან მოუწევთ „სირცხვილის დერეფნებში“ გავლა, არა აქვს მნიშვნელობა, ეს დერეფნები რეალური იქნება თუ ემოციური. იმ ხალხს კი, ვისაც გულწრფელად ჯერა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს ქვეყნის სათავეში, არავინ ერჩის, არანაირ პრობლემას არ შევუქმნით. მათ არავინ გადაუღობავს გზას. ჩვენ ყველას ვცნობთ, როგორც მთავრობის წევრებს, ისე ცესკოს წარმომადგენლებს.
-ანუ კონკრეტულ პიროვნებებს მოუწყობთ ამ დერეფნებს. როგორ ფიქრობთ, სამართალდამცველები არ ჩაერევიან?
-ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანონმდებლობის დაცვით. ახლაც არ შეგვიწყვეტია 24-საათიანი საპროტესტო აქციები. იგივე მეთოდებით, კანონის ფარგლებში, 5-მეტრიანი დისტანცირებით მოვაწყობთ ცოცხალი ადამიანებისგან შემდგარ დერეფანს საარჩევნო უბნებთან და როდესაც ხმის მისაცემად გამოჩნდებიან ზემოთხსენებული პირები, ვინც არჩევანის უფლება წაართვა ქართველ ხალხს, საყვირების ხმების თანხლებით მოუწევთ უბანში შესვლა-გამოსვლა. დამეთანხმეთ, ეს არ არის მაინც და მაინც სახარბიელო საზოგადოების თვალში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „სირცხვილის დერეფნები“ არ ნიშნავს, რომ გზას გადავღობავთ ან ვინმეს ნებაზე ზეწოლას განვახორციელებთ. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ცხადია, დააპირებს პროვოკაციებით წამოიკიდოს მოსახლეობა, მთავარია, რომ არ ავყვეთ და არ შევშინდეთ. ამიტომ მოვუწოდებთ შსს-ს წარმომადგენლებს, პოლიციას, დაიცვან მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები. ჩვენ არ ვაპირებთ კანონის ჩარჩოებს გავცდეთ და მომხრეებს რაიმე სახის დისკომფორტი შევუქმნათ.
-არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმით და ამ პროტესტებით, რატომ მიგაჩნიათ, რომ შედეგს მიაღწევთ? მმართველი გუნდი არ აპირებს პოზიციების დათმობას, თავადვე მოახდენს პარლამენტის ლეგიტიმაციას და მთავრობის ფორმირებას.
-სხვა გზა არ დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა, წაგვართვა არჩევანის უფლება. ამიტომ გამოვედით გარეთ, თორემ ჩვენი ბავშვობის ოცნება არ იყო ქუჩაში გაშლილ კარვებში ცხოვრება. რაც უფრო მეტი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, მით უფრო სწრაფად დათმობს „ქართული ოცნება“ ძალისმიერ მეთოდებს და ჩაატარებს ახალ, სამართლიან არჩევნებს. რაც შეეხება პარლამენტის ჩვენს გარეშე ლეგიტიმაციას, კი ბატონო, შეიკრიბონ, გავხდებით ჩრდილოეთ კორეა და დავაბრუნებთ კომუნისტურ პარტიას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა. ის, რომ არც ერთი სხვა პარტია „ქართული ოცნების“ გარდა არ აპირებს არც პარლამენტში და არც უმაღლეს საბჭოში შესვლას, არ იქნება მარტივად ასახსნელი მათთვის მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში.
-იქნებ უპირობო გამარჯვება მოიპოვოთ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობით, რატომ არ აპირებთ მოსინჯვას?
-მე უკვე ჩამოგითვალეთ თუ რა მეთოდების გამოყენებით გაყალბდა 31 ოქტომბრის არჩევნები. რა აზრი აქვს იგივეს გამეორებას? ამიტომ არ ვაპირებთ ისევ გაყალბებულ მდგომარეობაში აღმოჩენას, სადაც არანაირ გასაჩივრებას აზრი არა აქვს. სწორედ ამიტომ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ცესკოს თავიდან დაკომპლექტებას და პოლიტპატიმრების გამოშვებას. ამ ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების არცერთ ტურს აზრი არა აქვს.
-ამ ეტაპზე სად მართავთ საპროტესტო აქციებს და რამდენად დიდია თქვენი მხარდამჭერების რიცხვი ბათუმში?
-ისევ და ისევ მთავრობის სახლის წინ გვაქვს გაშლილი კარვები. უამრავი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან. ბევრი ღამითაც რჩება, რათა დაანახოს აჭარის ხელისუფალთ, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს და ადასტურებს საკუთარი ხმების გაყალბებას. რომ გამოიდარებს, აქ მოწყობილი სცენიდან მივმართავთ ჩვენს თანაქალაქელებს, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და ავუხსნით, რატომაა აუცილებელი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ამ მთავრობის გადაყენება. დღეს ახალგაზრდებს ჰქონდათ აქცია უსკოსთან, ხვალ და ზეგაც დაგეგმილი გვაქვს იგივე ფორმატში. გვინდა ყველას დავანახოთ, რომ საპროტესტო ტალღა აგორდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ ქვეყანაში.
-10 საათის შემდეგ ქუჩაში რომ ხართ აკრძალვების მიუხედავად, ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოწერეს?
-ყველამ კარგად ვიცით, რატომ დააწესა მთავრობამ ეს აკრძალვები. სურდა, ამით დავეშინებინეთ და ადამიანური რესურსებისგან დავეცალეთ, მაგრამ არავინ შეშინებულა, მაინც გვერდით დაგვიდგნენ. ბათუმელები ჩვენთან ერთად, ღამისთევით აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს. რადგან ვერ შეგვაშინეს, აღარაფერში გამოადგებოდათ დაჯარიმება და არც დავუჯარიმებივართ. ამით მეტ პროტესტს გამოიწვევდნენ, რაც ხელს არ აძლევთ.
-ამ საპროტესტო აქციებით, დაინფიცირებული მოსახლეობა ლამის ორადაა გახლეჩილი. როდის და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი?
-აუცილებელია, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რადგან თუკი ამას ბიძინა ივანიშვილს „გავუტარებთ“, ხვალინდელი დღე გუშინდელსა და გუშინწინდელზე მეტად დაგვიმძიმდება. ამ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ კრიზისს „ქართული ოცნება“ ცხადია, ვერ გაუმკლავდება და ქვეყანაში უფრო რთული პროცესები წავა – ქვეყანა დაიცლება მოსახლეობისგან, კრიმინალი აღზევდება და ა.შ. მოვუწოდებ ხალხს, დაიცვას საკუთარი ხმა. ყველა ხედავს, რა ვითარებაა, ამიტომ გამოდის გარეთ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი და დგება ჩვენს გვერდით.