ასლან ლორთქიფანიძე: ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში შევა
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მისი სტუმრობა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს დაემთხვა. მაიკ პომპეო ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ შეხვდა. როგორც ცნობილია, ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავს მონაწილეობას, მეტიც, ბარიერგადალახული პარტიები ირწმუნებიან, რომ არც საქართველოს პარლამენტში შევლენ და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში. როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები ქვეყანაში და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუ პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ.
– ბატონო ასლან, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს როგორ შეაფასებთ და რა იყო სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილი?
-აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დაგეგმილი იყო და საამისო მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. მისი მთავარი გზავნილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, აშშ გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მიზნით, აშშ-ის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 132 მილიონი დოლარი. პომპეომ განაცხადა, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია. საქართველოში მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ჩვენს რეგიონში სახეცვლილ პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ფონზე. საქართველო რეგიონში, ყარაბაღის ომისა და თურქეთის საგარეო აქტივობების შემდეგ, აშშ-ის ერთადერთ საყრდენ სახელმწიფოდ რჩება, რაც მის მნიშვნელობას და დასავლეთის ინტერესს ზრდის.
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გაითვალისწინებს ოპოზიცია ამ მოწოდებას?
– აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა, მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში“. ოპოზიციას ორი პოლიტიკური მკვებავი წყარო შეიძლება ჰქონდეს: საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. საკუთარი ამომრჩევლების უმრავლესობა პარლამენტის ბოიკოტირების ლოზუნგით ქუჩაში აღარ გამოდის, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ბოიკოტის გაგრძელებას არც საშინაო და არც საგარეო მხარდაჭერა არ აქვს. ეს ფაქტი იძულებულს გახდით, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე. ძალიან მაღლა აწიეს თამასა და ახლა ოპოზიციას ექნება მცდელობა, ისე შევიდეს პარლამენტში, რომ სახე სრულად არ დაკარგოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოწოდება შეეძლოთ გამოეყენებინათ საფუძვლად პარლამენტში შესვლისთვის. თუმცა ექსდიქტატორის გავლენის ქვეშ მყოფმა პარტიებმა ეს არ გააკეთეს, რისთვისაც მოუწევთ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა.
– რატომ არ შეხვდა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას? როგორც ვიცით, მხოლოდ მისმა თანაშემწემ გამართა შეხვედრა, რა შედეგით დასრულდა იგი?
– პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში და არ ხვდება ოპოზიციას. შეხვედრების გეგმაზე ამერიკული მხრიდან მუშაობს აშშ-ის საელჩო საქართველოში და სახელმწიფო მდივნის აპარატი. ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება მიუღებელია შტატებისთვის. მაიკლ პომპეომ 35-წუთიანი შეხვედრა გამართა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და, ძირითადად, მათ ესაუბრა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე. 1%-იან ბარიერგადალახულ 7 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერმა. მან მოისმინა პარტიების მოსაზრებები და გაუმეორა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს რეკომენდაციები, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანონ, ქართულმა ოპოზიციამ კი ამერიკული მხარისგან ხელახალი არჩევნების მხარდაჭერა უშედეგოდ მოითხოვა. მოსაზრებები არჩევნების მასობრივად გაყალბების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სარწმუნო ინფორმაცია არ არის, რადგან მათ მაგიდაზე უდევთ ეგზიტპოლებისა და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებთან ერთად.
– რა მოლოდინი გაქვთ, შევლენ ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოებში?
– საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატატების შესვლა-არ შესვლის შესახებ. მათ ამის უფლება არ აქვთ. ცესკო ცალკეული პარტიების მიერ წარდგენილი სიის რიგითობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მათგან არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ყველა არჩეული დეპუტატი ინდივიდუალურად წყვეტს საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების გაგრძელების ან შეჩერების საკითხს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მათ უნდა მიმართონ პარლამენტის ახლად არჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს. სხვა შემთხვევაში, ავტომატურად უნარჩუნდებათ სადეპუტატო მანდატი. კანონმდებლობის მიხედვით, მათ აქვთ პოლიტიკური ბოიკოტირების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეინარჩუნონ სადეპუტატო უფლებამოსილებები და ხელფასები, თუმცა არ მიიღონ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა, როგორც ეს 2008-2012 წლებში გააკეთა „ლეიბორისტულმა პარტიამ“. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი „შალვას გზას“ აირჩევს გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო სხვები საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩაერთვებიან. შეიძლება, რამდენიმე დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვოს, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა ისარგებლებს სადეპუტატო მანდატით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც ასე იქნება. ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების შემდგომი სიითი ნომრების გაუქმების ბერკეტი აქვთ.
– 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, როგორ ფიქრობთ, მიიღებს მასში ოპოზიცია მონაწილეობას?
– საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მე-2 ტურში კანდიდატურების მოხსნას. ოპოზიონერი დეპუტატების განცხადებები, რომ ისინი ხსნიან კანდიდატურებს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური პოპულიზმი და სიცრუე. ყველა მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენში იქნება 2 კანდიდატი. ისინი არ აქტიურობენ მე-2 ტურის არჩევნებში და მათ ელექტორატს მოუწოდებენ, არ მივიდნენ არჩევნებში, რაც პოლიტიკური ბრძოლის სრულიად უსარგებლო ფორმაა. ცდილობენ არჩევნების დელეგიტიმაციას, რახან იციან, რომ მაჟორიტარული ოლქების მოგების არანაირი რესურსი არ აქვთ. ყველა ოლქს ეყოლება გამარჯვებული კანდიდატები.
– თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოებში არ შევა, რა შედეგს მივიღებთ?
– ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში შევა. თუ თეორიული დაშვების ლოგიკას მივყვებით, პარლამენტის კანონიერებას ეს საფრთხეს არ უქმნის, რადგან 76 დეპუტატი საკმარისი იქნება კანონშემოქმედებითი საქმიანობის განსახორციელებლად, მმართველ პარტიას კი 90 დეპუტატი ეყოლება (ჩამკეტი მექანიზმის გამო მას პროპორციული სიით არჩეული 1 დეპუტატი მოაკლდება, 61-ის ნაცვლად პროპორციული სიით არჩეული 60 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, მაჟორიტარული სისტემით კი – 30-ის). თუმცა ერთპარტიულ პარლამენტს ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა, რითაც ზიანი ადგება ქვეყანას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ოპოზიციური პარტიები დაკარგავენ საბიუჯეტო დაფინანსებას და მნიშვნელოვან ტრიბუნას, რაც მათ მარგინალიზაციას გამოიწვევს.
– ოპოზიცია ირწმუნება, რომ ერთიანია, რამდენად რეალურია მათი ერთობა?
– არათუ ოპოზიცია არ არის ერთიანი, არამედ მე-2 ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიის შიგნითაც არის მწვავე წინააღმდეგობები. „ნაციონალური მოძრაობა“, დიდწილად, დაშლილია და ეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდება პარლამენტში მათი ნაწილის შესვლითაც. არანაირი ღირებულებითი ერთობა არ აქვთ არც ოპოზიციას, ზოგადად, და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ დეპუტატებს. მიხეილ სააკაშვილი კონტროლს კარგავს არა მარტო მთელ ოპოზიციაზე, არამედ თავის პარტიაზეც. მისი დავალებით ლევან ვარშალომიძის აქტივობამ ე.წ. „სირცხვილის კორიდორთან“ დაკავშირებით მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ვერ ჰპოვა. ახლა სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობენ ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ ამ უშედეგო პერფორმანსით.
– ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას და თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს. როგორია 31 ოქტომბრის არჩევნების თქვენეული შეფასება?
– საარჩევნო კოდექსი მკაფიოდ განსაზღვრავს ხელახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. ამ ნორმების მიხედვით, ოპოზიციის მოთხოვნა ყოველგვარ საკანონმდებლო საფუძველს მოკლებულია. ხელახალი არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, ასევე, გაუმართლებელია ფინანსური თვალსაზრისითაც. ხელახალ არჩევნებს არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო ლეგიტიმაცია. ამ მოთხოვნით ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის. მას მხარს არც დასავლეთი უჭერს. 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის, ოპოზიციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისა და ცესკოს მონაცემები ერთმანეთის იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო ტექნიკური ხასიათის დარღვევებს საერთო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ნება აისახა ცესკოს შემაჯამებელ ოქმში. ეს მონაცემები ოპოზიციური პარტიების სურვილებს არ ემთხვევა, თუმცა კანონმდებლობა ამ სურვილების საბოლოო შედეგებში ასახვას არ ითვალისწინებს.
– მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი როგორ აისახა ოპოზიციაზე?
– სააკაშვილს სრულად აქვს დაკარგული რეალობის შეგრძნება, არაადეკვატური განცხადებებით კი მთელი ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციას იწვევს და უბიძგებს მათ მარგინალიზაციისკენ, ასევე, 2016 წლის მსგავსად, შლის თავის პარტიას. „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველის განცხადებების შინაარსობრივი განხილვა შეუძლებელია მათი არათანმიმდევრულობისა და ქაოსური ხასიათის გამო.
– „სირცხვილის კოროდორზე“ რას იტყვით, რომლის მოწყობასაც აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურზე?
– სააკაშვილის ეს იდეა მიუღებელი აღმოჩნდა არა მარტო ოპოზიციური „ერთობისთვის“, არამედ თვით „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ გაიზიარეს. ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწყობენ სანახაობას, გაკეთდება ნიუსები და ამით ამოიწურება ეს პერფორმანსი.
– როგორი იქნება არჩევნების ლოგიკური დასასრული?
– მმართველ პარტიას ეყოლება 90-კაციანი უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციას – 60-კაციანი უმცირესობა საქართველოს პარლამენტში. აჭარის უმაღლეს საბჭოში იქნება 14-კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და 7-კაციანი უმცირესობა. ოპოზიციის ნაწილი გამოიყენებს პოლიტიკური ბოიკოტირების უფლებას, რომელიც დიდხანს ვერ გაგრძელდება და მომავალი წლიდან საკანონმდებლო ორგანოები გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ოპოზიციური პარტიების პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების უმრავლესობა სადეპუტატო მანდატებს შეინარჩუნებს. მომავალი წლის შემოდგომაზე კი გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.