მთიან აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტები შეემატება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტებისთვის საინტერესო ახალი ადგილების მოწყობას განაგრძობს.
ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის უწყებამ წელს, პირველად აჭარაში, კანიონინგის მარშრუტი მოაწყო. უჩხოს მიმართულება, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგდა, პირველი ამ ტიპის ტურისტული მარშრუტია რეგიონში. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონი მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვებისა და უჩხოს ხეობის დალაშქვრის საშუალებას მისცემს.
სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, პირველად იქმნება მთიან აჭარაში ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურაც. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ექსტრემალური ბილიკიც მოეწყობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები გაკეთდება. პროექტს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ტურისტული პროდუქტების სააგენტო მუშაობს, ჩირუხის მთის ტურისტულ განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი საშუალებას მისცემს ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, ჩირუხის მთების ავთენტური გარემოთი და ალპური ბუნებით დატკბნენ. პროექტის პრეზენტაციას უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს. გარდა აღნიშნული პროექტისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჩირუხში, ზღვის დონიდან 2148 მ სიმაღლეზე ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საპიკნიკე ზონა მოაწყო. საპიკნიკე ზონები გაკეთდა კაპნისთავსა და სოფელ შუამთაშიც.
მნიშვნელოვანია ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტიც, რომელიც ტურისტებს ისტორიული ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. სააგენტო ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების, კიბეების მოწყობასა და ტურისტული ბილიკის მარკირებას გეგმავს. შედეგად, ხიხანის ციხე ჩირუხი- ხიხანი-გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ ბილიკზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ჩატარება და მასშტაბური პრეს და ინფოტურების ორგანიზება.
მიმდინარე წელს რეგიონს ორი ახალი, გარდამავალი ტურისტული მიმართულებაც დაემატა. ქობულეთი-შუახევის (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკების მარკირება ზაფხულის მიწურულს დასრულდა.