შეეძლო წარმატებისთვის სპორტის არაერთ სახეობაში მიეღწია, მაგრამ კარატე დო აირჩია
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
იგი ათი წელია მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ფედერაციის პრეზიდიუმის (დირექტორატის, შიხანკაის – მასტერკლასის) წევრია. ამ ფედერაციაში მსოფლიოს მაღალი კლასისა და ტიტულის მქონე სპორტსმენები, მწვრთნელები, ინსტრუქტორებია გაერთიანებული, რომლებიც სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებულ (შოტოკან კარატე დოს) სხვადასხვა საკითხს წყვეტენ, მათ შორის, ამა თუ იმ სპორტსმენისათვის მაღალი საფეხურების (დანის) მინიჭებას, ადგენენ წლის კალენდარულ გეგმებს. ნოდარ ხაჯიშვილი გახლავთ შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიც, შავი ქამარი მეშვიდე დანის მფლობელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული.დღეს იგი გაზეთ „აჭარის“ სტუმარია.
დაამთავრა ქობულეთის რაიონის, სოფელ ქვედა აჭყვის საშუალო სკოლა. სპორტით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, თუმცა მაშინ არც იცოდა, რა იყო კარატე. მეზობლად ბერძენი მეზობლები ცხოვრობდნენ, რომლებმაც საბერძნეთიდან წიგნი ჩამოიტანეს. დაინტერესდა, გადაფურცლა და ფოტოებზე დაინახა, როგორ „დაფრინავდნენ“ ადამიანები. ერთი იდგა, მეორე რაღაც პოზით ჰაერში იყო „შეჩერებული“. ეს სურათი მყარად აღიბეჭდა მის ბავშვურ მეხსიერებაში. 12-13 წლისამ სპორტის ამ სახეობააზე ფიქრი დაიწყო და 15 წლის ასაკში ვარჯიშსაც შეუდგა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად. უნდა ვთქვათ, რომ ის ბავშვობიდან იყო ძალიან სპორტული. გაწევრიანდა სპორტულ კლუბშიც, სადაც ეუფლებოდა ძალოსნობას, მაგიდის ჩოგბურთს, ვარჯიშობდა მძიმე გირებით. ნოდარი მოსწავლეობისას სპორტის ბევრ სახეობაში ვარჯიშობდა. თანატოლებს შორის ფიზიკური სიძლიერით გამოირჩეოდა და ფიზკულტურის მასწავლებელს შეჯიბრებაზე სპორტის ყველა სახეობაში გამოჰყავდა. მასწავლებელი, ჟორა ხუხუნაიშვილი იყო ძალიან სერიოზული, მოწესრიგებული, ყველასთვის კარგი მაგალითის მიმცემი. სწორედ მან შეაყვარა ნოდარს სპორტი და უბიძგა მას გაჰყოლოდა. სკოლაში მაშინ სამხედრო სწავლებაც ტარდებოდა. მაგალითად, ავტომატის დაშლა-აწყობას ასწავლიდნენ, აგრეთვე, აირწინაღით სარგებლობასაც, რომლითაც ერთ-ერთ ეტაპზე გარკვეული მანძილი უნდა დაეფარათ. ეს არ იყო ადვილი. ბევრს სუნთქვა ეკვროდა. მეათეკლასელმა ნოდარმა ერთ დღეს აირწინაღით 25 კილომეტრი გაირბინა. რაღაც მომენტში ისე გაუჭირდა, რომ სურდა მოეხსნა, მაგრამ წარმოიდგინა, თითქოს ფრონტზეა, ბრძოლაში და ეს წინაღობა უნდა გადაელახა (უფროსკლასელი იყო და ჯარში წასასვლელად ემზადებოდა). ჟორა მასწავლებელმა სპორტსაზოგადოება „დინამოში“ წაიყვანა და იქაურ მწვრთნელს ჩააბარა.
რეჯებ და ემინე მიქელაძე-ხაჯიშვილების ოჯახში სამი ძმა – ზურიკო, რეზო, ნოდარი და ერთი და – ნარიკო იზრდებოდნენ. მათგან მხოლოდ ნოდარი მისდევდა სპორტს. ამბობს, რომ სპორტით მისი დაინტერესება თავიდან იმ წიგნის და . . . მამის დამსახურება იყო, რადგან სულ ეჭიდავებოდა.
სპორტული ჟინი იმანაც გამოუმუშავა, რომ მის ირგვლივ მუდამ სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა. ამ პაექრობებში თავადაც მონაწილეობდა და როცა რამდენიმე შეხვედრა მოიგო, თანატოლებისთვის მისაბაძი გახდა. არაერთ შეხვედრაში მონაწილეობდა, იგებდა. თანდათან განუმტკიცდა აზრი, რომ მოგებისთვის ბევრი უნდა ეშრომა. დაიწყო თავდაუზოგავი ვარჯიშები. იმ პერიოდში ოჯახი სახლს აშენებდა და პირველი სართულის ბოძები მისი სავარჯიშო ინვენტარი გახდა.
1975 წელს ბათუმის სპორტსკოლაში, „დინამოს“ სტადიონზე რომ მიიყვანეს, ის სპორტის თითქმის ყველა სახეობაში სავარჯიშოდ იყო მზად. საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა და სერიოზული ვარჯიში დაიწყო. შუბი პირველად რომ აიღო ხელში, 36 მეტრზე გატყორცნა. ეს საკმაოდ კარგი განაცხადი იყო და ამის შემდეგ მწვრთნელები ყველანაირ ამინდში ავარჯიშებდნენ, რადგან კარგ შედეგს ელოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არასწორი მეთოდით ვარჯიშის გამო ფეხი დაიზიანა. მოგვიანებით დაიწყო ვარჯიში ძალოსნობაში. მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრებაში. ვარჯიშობდა კრივშიც, სამბოშიც. შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. მალე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის ფაკულტეტზე წარმატებით ჩააბარა.
პარალელურად ხელჩართული ბრძოლის შესწავლა დაიწყო. თუმცა სტუდენტობის დროს შეჯიბრებებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა, მათ შორის, ძალოსნობაშიც. ყველაფერმა ერთად მისი ფიზიკურად გამოწრთობა განაპირობა, რაც მერე კარატეში ძალიან გამოადგა წარმატება თავისით არ მოსულა, იგი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ. ნოდარ ხაჯიშვილი ყოველდღე, დილით, 5 საათზე დგებოდა, დარბოდა, ვარჯიშობდა კარატეში, შემდეგ ლექციებს ესწრებოდა, სპორტულ სექციასაც უძღვებოდა. 4-დან 7 საათამდე ისევ კარატეში ვარჯიობდა და ასე თითქმის ყოველდღიურად.

-ბატონო ნოდარ, თქვენ სპორტის არაერთ სახეობაში იყავით წარმატებული, როდის მოვიდა პირველი წარმატება კარატეში?
-ეს მართლაც ისტორიული და დასამახსოვრებალი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა მაშინ ისე გავრცელებული და პოპულარული არ იყო, როგორც დღესაა. ვერც ტექნიკურად და ვერც ტაქტიკურად ვვარჯიშობდით როგორც საჭიროა. არც მეთოდური ინფორმაცია გვქონდა. გვეგონა, კარატე მხოლოდ ხელის და ფეხის ქნევა იყო, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ მასში ადამიანის შესაძლებლობების მთელი ფილოსოფია, ფსიქოლოგია, გამორჩეული მენტალობაა ჩადებული. ჩვენ კი მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ ძალებზე და ემოციებზე ვიყავით დამოკიდებული.
-ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი, მასწავლებელი?
-თავდაპირველად თავად ვიყავი სააკუთარი თავის მწვრთნელი, უფრო სწორად, თვითნასწავლი ვიყავი და ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან, შეიძლება ითქვას, თვალდახუჭული ვაკეთებდი ყველაფერს. არც კი ვიცოდი, როდის რა გამეკეთებინა. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვიხსენებ, ვინც თითქოსდა იცოდა კარატე, ისინიც კი შორს იდგნენ რეალური კარატესგან.
-სად ვარჯიშობდით და სად ჩატარდა პირველი შეჯიბრება?
-„დინამოს“ სტადიონზე, სპორტსაზოგადოებებში „დინამო“ „ბურევესტნიკი“, „სპარტაკი“, „განთიადი“ სექციები გვქონდა გახსნილი და იქ ვვარჯიშობდით. პირველი შეჯიბრება იყო აჭარის ჩემპიონატი. გამარჯვებულად ითვლებოდი თუ მოწინააღმდეგეს ნოკდაუნში „გაუშვებდი“ — მას ან ცხვირი მოტყდებოდა, ან ხელი, ფეხი . . .
-კარატე დო რატომ აირჩიეთ?
-ნამდვილი კარატე სწორედ კარატე დოა. მასში დიდი შინაარსია ჩადებული. თუ გინდა, რომ ბავშვმა ისწავლოს კარატე, ის თავდაპირველად კარატე დოში უნდა შეიყვანო, რადგანაც სწორედ აქ ისწავლება აბსოლუტურად ყველაფერი – სულიერი, მორალური, ინტელექტუალური, ფიზიკური . . . ყველაფერი ამაშია ჩადებული. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ პირველი ჩემპიონატი აროფიციალური იყო, რადგან მაშინ, სამწუხაროდ, არ ტარდებოდა ოფიციალური ჩემპიონატები, ის კი არა, აკრძალულიც კი იყო. ჩვენ დარბაზებში ვარჯიშს გვიკრძალავდნენ. ეს საქმიანობა სისხლის სამართლის საქმით ისჯებოდა, რადგან მას საშიშ და არაჰუმანურ სპორტის სახეობად მიიჩნევდნენ. ამას ამბობდა კომუნისტებისდროინდელი ხელმძღვანელობა. ძალოვანი სტრუქტურები გვითვალთვალებდნენ . . .
-იმ დროს თქვენ გარდა თუ ჰყავდა მიმდევარი ამ სპორტს?
-რა თქმა უნდა, და საკმაოდ ბევრიც.
-გაიხსენეთ პირველი ჩემპიონატი.
-პირველი არაოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა ბათუმში, ხოლო პირველი ოფიციალური – თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში და იყო ძალიან შთამბეჭდავი, კარატეს სულის, როგორც ნამდვილი საბრძოლო ხელოვნების წარმოჩენით. იქ იყო ნამდვილი ბრძოლა წესების გარეშე. წელს აღარ ჩატარდა ოლიმპიადა, მაგრამ 2021 წლის ოლიმპიადაზე დაგეგმილია, რომ კარატე დომ გარკვეული დოზით, მიიღოს მონაწილეობა. კარატე იაპონური სახეობაა და თუ ვინმე რაიმეს წყვეტს მასში, თუნდაც ოლიმპიური სახეობად შეტანას, უნდა დაეკითხოს იაპონიის სპორტის მესვეურებს. მაგრამ . . . კარატეს განვითარება იმ ადამიანებს რომ ჰქონოდათ ხელში, რომლებმაც კარგად იციან სპორტის ეს სახეობა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. მაშინ ის მყარად მოიკიდებდა ფეხს ოლიმპიურ თამაშებზე. ახლა არსებობს კარატეს მსოფლიო ფედერაცია, მაგრამ ეს არ არის კარატე დო.
-გამოდის, რომ ბათუმში თქვენ იყავით და ხართ ამ სახეობის პირველი მიმდევარი.
-კი. ასეა. დაინტერესებული ადამიანები რჩევებსაც მეკითხებოდნენ.
– და ალბათ ამ სახეობაში პირველი გამარჯვებულიც თქვენ ხართ?
-დიახ, ბათუმში არაოფიციალურ ასპარეზობაში გავიმარჯვე. შემდეგ 1980 წელს საქართველოს პირველ ოფიციალურ ჩემპიონატზე თბილისში ბრძოლები მოვიგე ნოკაუტით, მაგრამ სპორტის მესვეურებმა მომხსნეს შეჯიბრებიდან (ჩემი ორივე მოწინააღმდეგე საავადმყოფოში წაიყვანეს). თავიდან რომ გავეფრთხილებინე, მოზომილად მეჩხუბა, ჩემპიონი გავხდებოდი, მაგრამ . . . ასე მოხდა. მომდევნო ჩემპიონატები მოვიგე. 1982 წელს საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის მიერ ორგანიზებულ, მინსკში გამართულ სამწვრთნელო სემინარში ვმონაწილეობდი, სადაც ერთი თვე დავყავი. ეს სემინარი ძალზე მასშტაბური იყო, მას ესწრებოდა 600-მდე სპორტსმენი, საქართველოდან – 12. ხუთი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შერმდეგ მივიღე მწვრთნელ-ინსტრუქტორის წოდების სერტიფიკატი, რომელიც საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტმა მომანიჭა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე მწვრთნელად მუშაობა ოფიციალურად, თუმცა გაცილებით ადრეც ვმუშაობდი. მაშინ არ ვიყავი ჩამოყალიბებული მწვრთნელი, უბრალოდ, მოძრაობებს ვასწავლიდი.
-1982 წლიდან ასწავლით ოფიციალურად. რა წარმატებებს მიაღწიეს თქვენმა აღსაზრდელებმა?
-თითქმის 40 წელია ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში აღვზარდე მსოფლიო ჩემპიონები, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებულები, პრიზიორები. ჩვენ ყოველ მეორე წელს დავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში, რომელიც საბრძოლო ხელოვნების სასახლეში – ბუდოკანში ტარდება. სხვა დანარჩენი შეჯიბრებები, მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატი თუ საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს ირლანდიაში გაიმართა ასპარეზობა მსოფლიო თასზე, 2019 წელს – ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატი. წელს იყო დაგეგმილი შეჯიბრება მსოფლიო თასზე მოსკოვში, სადაც მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.
-ვიცი, რომ მოსწავლეებთან ერთად შეჯიბრებებში თქვენც მონაწილეობთ.
-დიახ, რადგანაც მე მწვრთნელი-პედაგოგი და მოქმედი სპორტსმენიც ვარ ასაკობრივ ჯგუფებში (მათ შორის, ახალგაზრდებშიც და სენიორებშიც). როგორც კატებში, ისე კუმიტეში (ბრძოლებში) დღემდე ვმონაწილეობ. საერთოდ, მონაწილეობა დავიწყეთ 1982 წლიდან აფრიკაში, ტოკიოში (არაერთხელ), კვიპროსზე, ჩეხეთში, მოლდოვაში, ლონდონში, ირლანდიაში, საბერძნეთში, თურქეთში, საბჭოთა კავშირის არაერთ ქვეყანაში გამართულ ასპარეზობებში და ყველგან წარმატებით გამოვდიოდით როგორც ჩემი მოსწავლეები, ასევე მეც. რა თქმა უნდა, ჩამონათვალში ყველა სინჯის მედალია.
-შეუძლებელია არ ვახსენო თქვენი ვაჟი, დევი, რომელიც კარატეში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა.
-გეთანხმებით, ის მართლაც ძალზე წარმატებული იყო. არ მინდა გადაჭარბებულად გამომივიდეს, მაგრამ მისი გამოსვლა ხშირად, მართლაც, „შიშის ზარს სცემდა“ მოწინააღმდეგეებს, რადგან ბრძოლის დროს ძალიან დაუნდობელი იყო და იმარჯვებდა კიდეც. 2004 წელს მან თავის ასაკობრივ ჯგუფში კუნძულ კვიპროსზე გამართულ, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო. 2006 წელს თურქეთში, ქალაქ ერზრუმში დიდ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა და აქაც გაიმარჯვა. 2007 წელს ტოკიოში, ხოლო 2008 წელს ლონდონში მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე უძლიერესის ტიტული დაიმსახურა. ის არის შავი ქამარი მეოთხე დანის მფლობელი. დევი 2008 წელს სწავლობდა ჯერ სპეციალიზებული სწავლების მოსამზადებელ კურსებზე ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ცხრათვიან კურსებზე, რომელიც წარმატებით ჩააბარა და შემდეგ ჩაირიცხა ტეხასის ტექნიკურ უნივერსისტეტში. დაამთავრა ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ამჟამად დოქტორანტურას ამთავრებს. სტუდენტობის დროს მსურველებს ავარჯიშებდა, ასწავლიდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. კონკურსი გაიარა, რის შემდეგაც დაინიშნა ამ ორთაბრძოლების მწვრთნელ-ინსტრუქტორად. სხვათა შორის, თავის სპეციალობაშიც გაიმარჯვა კონკურსში და ამერიკის კონგრესში გაიარა პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში ტრადიციულად, მხოლოდ ამერიკელი სტუდენტები მონაწილეობენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს, იმდენად საინტერესო თემები წარადგინა და ყველას მოწონება დაიმსახურა. იგი ერთ-ერთ კონგრესმენთან მუშაობდა, სადაც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა. ამჟამადაც მისმა სადოქტორო თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და კალიფორნიაშია მიწვეული, სადაც სხვა პროფესორებთან ერთად მის თემასაც განიხილავენ. დევი ყოველთვის კარგი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს. ყველას უყვება მის ისტორიასა და ტრადიციებზე, კულტურაზე. ამერიკაში დადგა ქართული ცეკვები, დააფუძნა ქართული ფედერაცია. ტეხასის უნივერსიტეტის სცენაზე არაერთხელ გამოვიდა ჩვენი ეროვნული ცეკვებით. ფორმა აქ შევუკერეთ და გავუგზავნეთ. იქაურ სტუდენტებს აჭარული ხაჭაპური და სხვა ქართული კერძებიც დააგემოვნებინა.
-რა გავლენა იქონია ეპიდემიამ თქვენს სავარჯიშო რეჟიმზე?
-გამორჩეულად არაფერი, რადგან ყველა წესების დაცვით, ღია სივრცეში ვვარჯიშობ, ზღვისპირა პარკში ერთ მაწანწალა ძაღლთან ერთად, რომელსაც კორონა შევარქვი. თავიდან ძალიან აგრესიული იყო, ახლა დავმეგობრდით. სიცოცხლის ბოლომდე ასე აქტიურად მინდა ვიცხოვრო, სხვაგვარად არ შემიძლია.
მომავალ წელს ნოდარ ხაჯიშვილს საიუბილეო თარიღი უსრულდება. ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი არ აშინებს და ამაში ბრალი კარატესტან მეგობრობას მიუძღვის. თვლის, რომ ასეთი მეგობრობა აუცილებელია, ის უნდა დაინერგოს ბაღებსა და სკოლებში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ძალოვან სტრუქტურებში. მომავალი თაობა აუცილებლად უნდა გახდეს ბრძოლისუნარიანი. ახლა მისი აღზრდილი სპორტსმენები 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს. ჩემპიონატი დეკემბერშიც, ირანში, ტარდება, თუ არ გადაიდო. ვარჯიშებს ხშირად აყურებინებს პატარა შვილიშვილს – დავითს, რადგან სურს რომ ცხოვრების ჯანმრთელი ცხოვრების წესი მისთვისაც მთავარი გახდეს, ისევე, როგორც მისი სამი შვილისთვის – საბინასთვის, დევიკოსა და უმცროსი ელენესთვის (16 წლის).

