ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, მთავრობის სხდომაზე, ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და ის პირები გააფრთხილა, ვინც ვითარების დაძაბვას ცდილობენ.
– ვაფრთხილებ ყველას, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვის ნებისმიერი მცდელობა იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული. როგორც მოგეხსნებათ, ხვალ საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში, ასევე აჭარაშიც, ტარდება საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები. შესაბამისად, ბათუმში, ასევე, მაღალმთიან აჭარასა და ხელვაჩაურში ხვალ გაიმართება მაჟორიტარი კანდიდატების მეორე ტურები. მინდა, ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და, ამავე დროს, მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ღირებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმა. ეს არის წინაპირობა, რომ როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში და რესპუბლიკის მასშტაბით არ იყოს არანაირი საფუძველი პოლიტიკური დაძაბულობის და, განსაკუთრებით, პოლიტიკური კრიზისის. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია რიგი ოპოზიციური პარტიების (რომლებსაც ხალხმა, ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი წარმომადგენლობით ორგანოში) მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე, განსაკუთრებით, საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, მათ პატივი სცენ თავიანთ ამომრჩეველს. მაგრამ, ამავე დროს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბუნებრივი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელსაც აქვს უპირატესობა და ეს კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, მეორე ტურის შემდეგ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამომრჩვევლისთვის, ალბათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ხმა და ნება შესაბამისად იყოს რეალიზებული უმაღლეს საბჭოში, ასევე რეალიზებული იყოს პოლიტიკური ცხოვრების კომპონენტი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაცმოძრაობა”, „ოცნებას” უკვე აქვს საკმარისი მანდატები და როგორც უმაღლესი საბჭოს, ისე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნება. რაც შეეხება მეორე ტურებს,თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში თითოეულ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, ხმა მისცეს მშვიდ ვითარებაში.
– ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა შევაფასო დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება ე.წ. სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით. მინდა, მათ მოვუწოდო და შევახსენო, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურად კი ეს არის აბსოლუტურად უღირსი გადაწყვეტილება. აჭარის რეგიონში თითოეულ მოქალაქეს ვარწმუნებ, რომ ყველას მიეცემა საშუალება, ხმა მისცეს მშვიდ ვითარებაში. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, არ დარჩეს ეს დერეფანი ვიწრო. ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი მოწოდება იმისკენ, რომ ვითარება რეგიონში დაიძაბოს, იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული. „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ლიდერები, მათი ჩვეული ხელწერით – ქალებსა და ბავშვებს ამოფარებულები, ცდილობენ პოლიტიკური დესტრუქციის გაგრძელებას და ძალიან მალე დადგება დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ „ობლასტში“. ყველამ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ამ ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

