ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ფარულად, აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზაციაზე . . . ისინი საბჭოთა წარსულს მოგვაგონებენ
ნინო მელია: 27 48 93 –
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ფარულად, მაინც აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.
„დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა, წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე, გარდა ამისა, ისინი ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ასევე, თვლის, რომ ოპოზიციის ის ნაბიჯები, რომლებიც მათ 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურებში გადადგეს, საბჭოთა წარსულს აგონებს.
– როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს და იმედია, 2024 წელსაც იმავე კინოს არ ანახებენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მე-2 ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, რასაც აკეთებენ, ეს არის მარტივი სპეკულაცია.
– როგორც ჩანს, ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაერკვა საარჩევნო პროცესში, იგივე პრობლემა ჰქონდათ მათ საჩივრების შეტანის დროსაც. პირველი ტურის დროს მათი საჩივრების თითქმის 99 პროცენტი შეტანილია არაუფლებამოსილი პირების მიერ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, ეს არაკომპეტენტურობაა თუ რაღაც შეგნებული ნაბიჯი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მე-2 ტურზე კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ეს არის მარტივი სპეკულაცია, რასაც მიმართავენ, ან საარჩევნო კოდექსი ვერ წაიკითხეს, ან არის უხეში სპეკულაცია, რაც მიუღებელია.
ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მონაწილეობს 2 კანდიდატი, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანდიდატები, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.