„უნდა შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
მსოფლიოში იდეალური, სრულიად სამართლიანი სახელმწიფო ჯერჯერობით არ არსებობს და მომავალში თუ იარსებებს, საკითხავია, ყველა ქვეყანა, მით უფრო ზესახელმწიფო, ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას მეზობელ სახელმწიფოებზე ეკონომიკური ექსპანსიით, დაკაბალებით, სამხედრო და ფაქტობრივი ოკუპაციით და ანექსიით, როგორც მაგალითად, საქართველოს და უკრაინას მოექცა რუსეთი. როგორ აღიქვამს და რეაგირებს ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციები, რა ფაქტორები იჩენს თავს და სამომავლოდ როგორ შეიძლება ვითარების სტაბილიზაცია? ამის შესახებ გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე. -21-ე საუკუნეში ოკუპაცია, აგრესია დასაშვები არ უნდა ყოფილიყო, აგრესორს საკადრისი პასუხი რატომ არ მოსთხოვეს?
– საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება პასუხის მოთხოვნას ითვალისწინებს, მაგრამ როცა საქმე რუსეთს ეხება, რატომღაც გაერო უუნარო ხდება, ხოლო დასავლეთი შეშფოთება-აღშფოთებითაა დაკავებული, რაც ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ერიდებიან მასთან ღია კონფრონტაციაში შესვლას, რითაც მოსკოვი სარგებლობს, მაგალითად, მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ იგი უხეშ ძალას იყენებს და ფაქტის წინაშე აყენებს დასავლეთს, რომელიც იძულებულია მის მიმართ მხოლოდ დიპლომატიური ზეწოლით და სანქციებით შემოიფარგლოს. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ აშშ და მით უმეტეს, ევროპის რომელიმე ქვეყანა თავის ჯარს გაგზავნის რუსეთთან საომრად (აშშ სხვადასხვა ხერხით ცდილობს რუსეთის ამბიციების მოთოკვას, რაც გამოიხატება თუნდაც სანქციების დაწესებაში), დასავლეთი უფრთხილდება ასწლოვან სტაბილურობას.
– დასავლეთს თავისი გავლენის გასაფართოებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში აქვს თუ არა დეტალურად განსაზღვრული სტრატეგია?
– სასურველი და აუცილებელიცაა რომ ჰქონდეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, რომელიც ამ სივრცის უშუალო მეზობელია. ასეთი სტრატეგია ჯერჯერობით დასავლეთს არ აქვს სათანადოდ შემუშავებული, სამაგიეროდ, მისი ანალიტიკოსები დაუფარავად აცხადებენ, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია კლავს და ისევ მსოფლიო ჰეგემონიისკენ მიილტვის. ყარაბაღში ე. წ. რუსი სამშვიდობოების განთავსება ამის ნათელი მაგალითია.
– როგორც ცნობილია, რუსეთის ლიდერმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაამჟღავნა თავისი გეგმები პოსტსაბჭოთა სივრცის აღდგენასთან დაკავშირებით . . .
– დიახ, რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და რომ ერთპოლუსიანი სამყარო აღარ არსებობს და ამერიკა უნდა შეეგუოს ორპოლუსიან სამყაროს. ამ მიმართულებით რუსეთმა მტკიცე ნაბიჯები 2001 წლიდან გადადგა. თუ შევადარებთ ელცინისა და პუტინის რუსეთს, სხვაობა თვალსაჩინოა. რუსეთმა პუტინის დროს მოახერხა თავისი ძალების კონსოლიდაცია თავდაცვაში, უშიშროებაში, ენერგეტიკაში. უზარმაზარი ნავთობშემოსავლებით ისარგებლა და აგრესიული პოლიტიკა აწარმოა პოსტაბჭოთა ქვეყნების მიმართ, არადა, მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, დასავლეთიში ბევრს ეგონა, რომ რუსეთი უკუაგდებდა იმპერიულ ზრახვებს და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამიტომაც აღარ შევჩერდები.
– რა ფაქტორები განაპირობებს რუსეთის აგრესიას „ურჩი“ რესპუბლიკების მიმართ და რატომ მიითვისა მოსკოვმა აფხაზეთი და სამაჩაბლო?
– ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ჩვენი რეგიონების (აფხაზეთი, სამაჩაბლო) ანექსია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიული გაფართოების სურვილით როდია განპირობებული. ანექსია არის ქართული სახელმწიფოს სალიკვიდაციო ბერკეტი. ეს რუსეთს რამდენიმე მოსაზრებით სჭირდება: უპირველესად, კასპიისპირეთსა და დასავლეთს შორის ენერგორესურსების მიწოდების ან სულაც ხელში ჩაგდების მიზნით, რისი მიღწევის შემთხვევაშიც, შუა აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი მთლიანად რუსეთის გავლენის არეალში მოქცევიან; მეორე – ყოფილი საბჭოთა კოლონიების დასაბრუნებლად, მიგვანიშნებს, რომ დასრულდა რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხანა; მესამე – მთელ მსოფლიოს სურს აჩვენოს, რომ რუსეთი კვლავ ისეთი სახიფათო და სასტიკი ძალაა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის სახით. ამ მხრივ, რუსეთი ტრადიციული იმპერიული მეთოდებით ცდილობს გავლენის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასევე, მოსკოვისთვის მიუღებელია მისი ყოფილი კოლონიების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისა, რომლებთანაც საერთო საზღვარი აქვს, არც რუსეთი, არც ნებისმიერი სხვა დიდი სახელმწიფო არ დაუშვებს თავის საზღვრებთან უცხო ქვეყნის, ანდა სახელმწიფოთა ალიანსის გავლენების ზრდას.
– რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რას ემყარება, რა ფაქტორები განაპირობებს?
– ვხედავთ, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ აგრესიულ პოლიტიკაზე უარს არ ამბობს. მას გასდის იმპერიული ქმედებები, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ევროპა რუსულ გაზზე და ნავთობზეა დამოკიდებული, თანაც მოსკოვი დროდადრო პრობლემებს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბალტიისპირეთსა და ა. შ. ცხადია, თუ დასავლეთის მხრიდანარ ერთსულოვნება არ იქნება, მხოლოდ აშშ-ს გაუჭირდება რუსეთის ამბიციების მოთოკვა. არადა, როგორც 90-იანი წლების მიწურულს, ასევე 2000 წლის დასაწყისშიც დასავლეთი უფრო პრინციპული რომ ყოფილიყო რუსეთის მიმმართ, უკრაინის კრიზისი, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა, მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა, სირაქლემასავით თავი სილაში ჩაერგო. რა შედეგი მიიღო ამით დასავლეთმა? თითქმის არანაირი. ევროპას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი მეტ ლიბერალიზმს გამოიჩენდა, გაატარებდა რეფორმებს ქვეყანაში და შეეგუებოდა „მოძმე“ რესპუბლიკების არჩევანს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მედვედევი პუტინის ხაზის გამტარებელი აღმოჩნდა, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი კვლავ პუტინი გახდა. მან გააგრძელა ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ა. შ. ყოველივე ამას დასავლელი ლიდერები, ასე ვთქვათ, ეგუებოდნენ, მაგრამ ყირიმის ოკუპაციამ და მანამდე აგრესიამ საქართველოს მიმართ მსოფლიო თანამეგობრობა სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა.
– ამ რეალობის გაცნობიერება რამდენად ჯეროვნად ხდება?
– ევროკავშირი, აშშ აცნობიერებენ, რომ რუსეთი სახიფათო ქვეყანა გახდა, ყველანაირად ცდილობს გავლენების მოპოვებას სამეზობლოში.როგოცრც ვთქვი, ყარაბაღში რუსი სამხედროების განლაგება ამას ცხადყოფს.
– ე.წ რუსი სამშვიდობოების განლაგება აზერბაიჯანში (ყარაბაღი) რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყანისთვის?
– რა თქმა უნდა, საფრთხემ მნიშვნელოვანად მოიმატა, საქართველო, ასე ვთქვათ, რუსული ჯარის ( მას ჩვენს მხარეებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჰყავს თავისი ჯარი განთავსებული, ასევე, სომხეთში – გიუმრიში , რასაც ახლა დაემატა ყარაბაღი) ალყაშია მოქცეული,რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და დასავლეთმაც უნდა გაითვალისწინონ და სათანადო ზომები მიიღონ. კერძოდ, უნდა გავაქტიურდეთ საგარეო კუთხით, რათა საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აშშ-სთან გაფორმდეს სამხედრო და სავაჭრო ხელშეკრულება, რათა საქართველო დაცული იყოს რუსეთის აგრესიისგან. გარდა ამისა, საჭიროა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, ადამიანის უფლებების დაცვა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და გათავისება, ცხადია, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
– რას ურჩევდით ხელისუფლებას, როგორ უნდა გააღრმავოს ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან?
– როგორც აღვნიშნე, ხელისუფლებამ საგარეო საკითხებში განსაკუთრებით უნდა გამოიჩინოს თავი და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. პომპეოს ვიზიტი სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ამერიკისთვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ჩვენს გონივრულ ქმედებებზე დიდადაა დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
– და ბოლოს, სამომავლოდ როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს სტაბილურობა, ანუ უნდა შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ეს არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვის იქნება სავალალო. მოკლედ მნიშვნელოვანი საკითხები კონსესუსის და რეფერენდუმის მეშვეობით უნდა გადაწყდეს, რასაც მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

