ირაკლი კუპრაძე: ნებისმიერი სხვა მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, განსაკუთრებით, ექსპრეზიდენტის ჩამოყვანის
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ამ პროცესს და ელოდება ხელახალი არჩევნების დანიშნვას.
რას ედავება ოპოზიციური მხარე მმართველ გუნდს, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ირაკლი კუპრაძე, ბათუმის ოლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი პარლამენტში, პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
– ჩვენთან წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ელოდით არჩევნების გაყალბებას, თუმცა არ გიხსენებიათ ბოიკოტი. რა მოხდა კენჭისყრის შედეგების დათვლის შემდეგ?
-შემდეგ მოხდა ის, რომ არჩევნების წინა დღეებში გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი. იყო მუქარა, დაშინების და მოსყიდვის მცდელობებიც. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ყველა ფაქტი დაფიქსირებული გვაქვს. დაიწერა დასკვნებიც, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, მივმართეთ სათანადო ორგანოებს რეაგირებისთვის, თუმცა, ამაოდ. ყველაფერი ეს იყო წინაპირობა, რამაც მოიტანა ის, რასაც ყველა ველოდით – არჩევნებმა ჩაიარა ფატალური გაყალბების ფონზე. ეს სიტყვა (ფატალური) ზუსტად ასახავს იმ დღეს წარმოქმნილ ვითარებას, ვინაიდან ადრე დაწყებულმა ქმედებებმა დიდი გავლენა მოახდინა კენჭისყრის ოფიციალურად გაცხადებული შედეგებზე.
-თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
-გავიხსენოთ პირველად გახსნილი უბნები, რომლებიც გადათვალეს. მაგალითად, სამგორის უბანში გახმაურდა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ გუნდს დაკლებული ჰქონდა რამდენიმე ათეული ხმა, სხვა პარტიებსაც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ერთი უბნის გახსნით და თავიდან გადათვლით, ძალიან შეიცვალა მხარდამჭერთა პროცენტული თანაფარდობა. ამის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ საგანგაშო იყო ცალკეული უბნების გახსნა და სასამართლოებმაც, საუბნო და საოლქო კომისიებმაც უარი თქვეს ბიულეტენების გადათვლაზე. ეს დანაშაულებრივი ქმედება იმის სიგნალი გახდა რომ, ხელისუფლება ცდილობდა დაეფარა გაყალბება და არჩევნების რეალური მასშტაბები.
-მმართველი გუნდი აპელირებს, რომ შესთავაზა ხმების გადათვლა ოპოზიციას, რაზეც უარი უთხარით.
-შემოგვთავაზეს გვიან, როდესაც ყველანაირი ვადა გასული იყო. მას შემდეგ, რაც უკვე გასაჩივრებული გვქონდა საოლქო თუ საქალაქო კომისიებში, პირველ, მეორე და უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადათვლიდნენ 1500 უბანს, ცხადია, დანაშაულებრივი განცხადება იყო, რაც არ იყო დასაჯერებელი, მით უმეტეს, რომ თავად ჩაახშვეს სამართლებრივი გზები მორჩილი კლანური სასამართლოს პირობებში. მოსამართლეებს მიღებული ჰქონდათ დირექტივა, არ განეხილათ არჩევნებთან დაკავშირებული არცერთი დავა. სააპელაციო სასამართლომ ზეპირი განცხადებების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილებები, ჩვენი დასწრების და ოპონირების გარეშე.
-გაყალბება მხოლოდ უბნებში, ხმების გადათვლისას მოხდა?
-გადათვლამდე დაფიქსირდა გაყალბების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რაც საარჩევნო-საუბნო ოქმებს სცილდებოდა. უამრავი კადრები ვნახეთ, სადაც გინებით, მუქარით, იარაღის ტრიალით, პოლიციის უმოქმედობით მიმდინარეობდა არჩევნები. გამოდის, ამაზეც თვალი უნდა დახუჭოს ოპოზიციამ, რაც, დამეთანხმეთ, არცთუ მარტივია, რადგან საქმე ეხება არჩევანის თავისუფლებას და მოქალაქეების შელახულ თავმოყვარეობას.
-„ლელო საქართველოსთვის“ აცხადებდა, რომ ამომრჩევლისთვის გახდებოდა შუალედური რგოლი „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, თუმცა მინიმუმი ხმების აკრეფაც გაუჭირდა.
-პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არც კი ვიცით ხმების რეალური რაოდენობა.
-გაყალბების მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურემა მოძრაობამ“ მიიღო საკმაოდ დიდი პროცენტი, ანუ თანაფარდობითაც კი, „ლელო“ ვერ გავიდა ხელშესახებ პროცენტულ მაჩვენებელზე.
-ელემენტარულად, „ლელოს“ წევრებისა და ოფიციალური მხარდამჭერების რიცხვი სცილდება 250 000-ს. ამ მოქალაქეებმა ოფიციალურად, საკუთარი ნებით გამოხატეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ მივიღეთ 60 თუ 70 ათასი ხმა. ყველაფერი ეს ხომ გაუგებარი და დაუჯერებელია.
– რამდენი ადგილი მიიღეთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში?
– 4 დეპუტატი გავიდა პარტლამენტში, ხოლო უმაღლეს საბჭოში – არცერთი. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდნენ წარმოდგენილი. ეს არის ბიძინა ივანშვილის ორპოლუსიანი ხელისუფლების შედეგი. დღეს თუ ვინმე არის „მიშისტი“, ეს სწორედ ივანიშვილია, რომელიც ინარჩუნებს სააკაშვილს, როგორც მთავარ ოპონენტს. მედიასაშუალებებიც, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს ემორჩილება, ცდილობენ მოსახლეობას სააკაშვილის სახით საფრთხობელა შეუქმნან, ამით კი ნებისმიერი ალტენრატივის ფიქრსაც კი ჩამოაშორონ მოქალაქეები და არჩევანი გააკეთებინონ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, ისიც, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ აპირებს ალიანსის შეკვრას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაცმოძრაობასთან“ – დაბლოკოს. მსგავსი პოზიცია კი მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა თავიდანვე.
– ხართ დარწმუნებული, რომ იმ 250 ათასმა, რომელმაც აღგიქვათ მხარდაჭერა, ბოლო მომენტში არ გადაიფიქრა? ან რატომ უნდა დაეჭირათ მხარი თქვენი პარტიისთვის, მაშინ როდესაც გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ გაერთიანებული „ნაცმოძრაობასთან“?
– თუნდაც იმიტომ, რომ ამ პოლიტიკოსებს არაერთხელ უკვე უთხრა უარი ქართველმა ხალხმა, ჩვენს გუნდში კი ახალი სახეები არიან გაერთიანებული. ეს ის პოლიტიკოსებია, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმსაც ებრძოდნენ და ამ ხელისუფლებასაც, უსამართლობას არ ეგუებიან.
-თუკი არ შეხვალთ პარლამენტში „ქართული ოცნება“ საკუთარი კანდიდატებით შეავსებს ადგილებს და ლეგიტიმაციას მიანიჭებს საკანონმდებლო ორგანოს, თან ხელფასებსაც ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე.
-დიახ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დეპუტაცია, რომლის მეშვეობითაც შეძლებს პარლამენტში მუშაობის დაწყებას, თუმცა პოლიტიკურად ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე უმძიმესი დარტყმა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან არ ექნებათ სათანადო ლეგიტიმაცია და მიიღებენ ზეწოლას. თავისთავად, „ქართულ ოცნებას“ შესაცვლელი ექნება პოლიტიკური მიდგომები, რაც სავარაუდოდ, მაინც მოიტანს ახალ არჩევნებს, რომლის დანიშვნაც მოუწევს ბიძინა ივანიშვილს, უნდა თუ არ უნდა ეს.
-გამოდის, თქვენი ბოიკოტი გამართლებულია?
-დიახ, გამართლებულია. მთავარია, რომ ბოიკოტი იყოს ერთიანი და არცერთი ოპოზიციური პარტია არ შეეკრას „ქართულ ოცნებას“ და არ შევიდეს პარლამენტში. როდესაც „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსიც“ კი, რომელიც სახელისუფლებო ორბიტაზე მყოფ პარტიად ითვლება, თანხმდებიან ბოიკოტზე, გამოდის, მართლაც გამოუსწორებელი რამ მოხდა.
-თანხმობის მიუხედავად, თქვენ მაშინვე დატოვეთ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან, როგორც კი გამოჩნდა ტრანსპარანტებზე წარწერები „მიშა ჩამოდი“.
– დიახ, „ლელო საქართველოსთვის“ გუნდმა ნამდვილად დატოვა აქცია, სადაც ჩვენთან შეუთანხმებლად დაიწყო მოწოდებები და გაჩნდა ფირნიშებზე წარწერები „მიშა ჩამოდი“. ეს მიუღებელი იყო, როგორც პირადად ჩემთვის, ისე ჩემი პარტიისთვის. როდესაც ზეპარტიული მიზნებიდან გამომდინარე ოპოზიცია შეთანხმდა თანამშრომლობაზე, გადაწყდა, რომ მოვითხოვდით ახალ სამართლიან არჩევნებს და საარჩევნო კომისიების გათავისუფლებას ზეწოლისა და მმართვეელი გუნდის მარწუხებისგან, ნებისმიერი სხვა მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ექსპრეზიდენტის ჩამოყვანას. შესააბამისად, ღიად დავაფიქსირეთ პოზიცია და დავტოვეთ ეს აქცია, რადგან უარი გვითხრეს ჩვენთვის მიუღებელი ამ ფაქტორის აღმოფხვრაზე. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ „ლელო“ არ იქნება ვიწრო პარტიული მოთხოვნების და აქციების მონაწილე.
– თქვენ კონკრეტულად მიშას წინააღმდეგი ხართ თუ? . .
– ჩვენ ვებრძვით ბელადომანიას. ცალკეულმა პიროვნებებმა თუ პოლიტიკურმა ფიგურებმა არ უნდა გადაფარონ მთავარი მოთხოვნები. იმ აქციაზე კი გადაიფარა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა და გამოდიოდა, თითქოს ჩვენც და ჩვენი მომხრეებიც ვითხოვდით სააკაშვილის ჩამოსვლას. მსგავსი რამ ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას, დაუშვებელი იყო ჩვენი პრინციპებიდან და პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარე.
-ამის გამო უთანხმოება მოგივიდათ „ნაციონალებთან“?
-არა, ამის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ოპოზიციურ ფორმატში, სხვადასხვა პარტიებმაც გაიზიარეს ჩვენი ეს პოზიცია, შევთანხმდით, რომ მსგავს ხარვეზებს აღარავინ დაუშვებს და გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვართ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, საკუთარ პიროვნულ ღირსებებზე დაფუძნებული პარტია, რომელიც ყოველთვის დააფიქსირებს მსგავს უკმაყოფილებას, თუმცა მუდმივად იქნება დაინტერესული, რომ შენარჩუნდეს ერთიანობა, რადგან სასწორზე დევს ძალიან მნიშვნელოვანი ზეპარტიული მიზანი – საკუთარი ხმების და კონსტიტუციური უფლებების დაცვა.
– დღეს არჩევნების მეორე ტურია, თუმცა არსად ჩანს „სირცხვილის კორიდორები“, რომელიც დააანონსა „ერთიანმა ოპოზიციამ“.
-როგორც კი გაჟღერდა ეს თემა, მაშინვე დავაფიქსირეთ, რომ „ლელო“ არ მიიღებს ამაში მონაწილეობას, რადგან არ მიაჩნია ბრძოლის დასაშვებ ფორმად შექმნილ ვითარებაში.
– რატომ, დაგვიკონკრეტეთ.
– იმიტომ რომ, როდესაც ვითხოვთ ზეწოლისგან თავისუფალ არჩევნებს, თავად არ უნდა დავადანაშაულოთ ამ „კორიდორებით“ იქ მისული ამომრჩეველი. მნიშვნელობა არა აქვს, რატომ მივიდა იქ: ზეწოლის გამო, თუ გულწრფელი დამოკიდებულებით. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი და ქვეყნის ხსნა სწორედ ივანიშვილის ხელშია. თანაც ამ ზეწოლაზე უარი თქვა გუშინ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადგან „ქართული ოცნება“ გეგმავდა კორიდორების მომწყობთათვის ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
– ბიულეტენებში ასახულია თქვენი პარტიაც, თქვენ და თქვენი მომხრეები არ წადით არჩევნებზე, გამოდის კარტბლანში მიეცით „ქართულ ოცნებას“. თუკი თქვენი მხარდამჭერები მაინც დააფიქსირებენ პოზიციას?
– ჩვენ არ მივალთ, მაგრამ ჩვენი მომხრეები შესაძლოა მივიდნენ და პრინციპულობიდან გამომდინარე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
-მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიცია დარწმუნებულია საკუთარ მარცხში და იმიტომ არ მონაწილეობს მეორე ტურში . . .
-უკვე პირველ ტურში დაინახეს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ამიტომაც გააყალბეს და რა აზრი ჰქონდა ისევ ამ ფარსში ჩვენს მონაწილეობას?