ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები
„ძალაგამოცლილს, იმედის სხივამდე მუხლებით მიხოხია და არ დამითმია, არ დავნებებულვარ!“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
უამრავი ემიგრანტი შვილი ჰყავს საქართველოს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა იმის მიხვედრა მარტივია, რომ მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. არავინ იცის, როდის დადგება ის დღე, როცა სამშობლოსა და ოჯახს მოწყვეტილი ყოველი ქართველი დაბრუნდება მონატრებულ საქართველოში.
უცხო მიწაზეც ცდილობენ ქართველი ემიგრანტები შექმნან „პატარა საქართველო“, თუმცა ვერსად ვემალებით იმ ფაქტს, რომ მათზე, ძირითადად, ძალიან სევდიან ისტორიებს, ხშირად ტრაგიკულსაც კი, ვისმენთ.
გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ზოგიერთ მათგანს, რათა თავიანთი სათქმელი ეთქვათ. გაცილებით მეტი ჩავწერეთ, ვიდრე ამ წერილში მოხვდა. ვეცადეთ, განსხვავებული ისტორიები შეგვერჩია, რადგან უკეთესად დაგვენახა, რამდენნაირ პრობლემასთან უწეთ მათ გამკლავება და როგორ ინარჩუნებენ მხნეობას, რათა არ გატყდნენ და ოჯახს გამოადგნენ უკიდურესი ძალისხმევის ფასად.
ანი ჩიტაური:
– იტალიაში 2014 წელს ჩამოვედი, მაშინ 26 წლის ვიყავი. საქართველოში ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მაგრამ, ყოველთვის ვმუშაობდი, ერთი წამითაც არ გავჩერებულვარ. პირადი სურვილებისა და გეგმების გამო გადავწყვიტე ემიგრანტობა. იტალიაში ჩამოსულს დამხვდა მეგობარი და დამსაქმებელთან მიმიყვანა, თუმცა აქედან დაიწყო ის რთული პერიოდი, რომლის გახსენება ახლაც კი მიჭირს. იტალიის ჰავამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, გამიმწვავდა ალერგია. ვსვამდი წამლებს, თუმცა ალერგიის წამლის და ანტიბიოტიკების შეძენა რთული იყო, რადგან ექიმის დანიშნულების გარეშე არავინ გასცემს. შემდეგ იყო ურთულესი პერიოდი – დავდიოდი ეკლესიაში, ვიყავი უფულოდ, მაგრამ ერთი ღვთისნიერი ადამიანი თანხით დამეხმარა და ცოტათი მაინც შევძელი ფეხზე დადგომა. ამის მერე ვნახე რამდენიმე სამუშაო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერც ერთს შევეგუე. ბოლოს წამოვედი ტოსკანაში, სადაც უკეთესი სამსახური ვიპოვე, ვიყიდე ბინაც და დღეს, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ყველა ქართველს დახმარების ხელი გავუწოდო. მათ განსაკუთრებით უჭირთ კანონებში გარკვევა, აქედან გამომდინარე, ეშინიათ ყველაფრის. მინდა ყველამ, თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ ჩვენს უფლებებს საემიგრაციო სამსსახური იცავს. ამ 6 წლის განმავლობაში საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი სახლი.
ირინა გაფრინდაშვილი:
– მარტოხელა დედა ვარ, ემიგრანტი. არ ვუშინდები სიძნელეებს და დაბრკოლებებს, ბევრჯერ დავცემულვარ და უფლის ნებით, მალე წამოვმდგარვარ. დამღალა ტირილმა და დარდმა. პირველი, რამაც ემიგრანტობა გადამაწყვეტინა, გაჭირვება, უმუშევრობა, უფულობა, საარსებო პირობების გაუარესება იყო. ვერაფერი შეგაჩერებს, როცა ხედავ, რომ შვილებს შიათ, არ იცი, რა აჭამო. ამან უფრო გამაძლიერა და გამაბედინა შორს წამოსვლა. უფლის წყალობით, ბევრ პრობლემას გავუძელი და გადავლახე. მოსაყოლი, გასახსენებელი და სათქმელი ძალიან ბევრია. ზოგჯერ გინდა, შენი დარდი ვინმესთან თქვა და გათავისუფლდე. დამღლელი და მოსაწყენია უცხო მხარეში, უცხო ბებიის მოვლა, როცა საკუთარ დედას და შვილებს სჭირდები. მათთან, თუნდაც ერთი ჩახუტება ჩემთვის ფასდაუდებელია. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ჯანმრთელობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას. მათ ოჯახებს კი ვეტყვი, რომ დააფასონ თითოეული თეთრი, რომელსაც ისინი ოჯახებში აგზავნიან, რადგან ის ოფლით და ცრემლითაა მოპოვებული.
ხათუნა მესხელი:
– 2 წელია იტალიაში ვარ, მანამდე 9 წელი თურქეთში ვიმუშავე. სტატია კი არა რომანი დაიწერება, იმდენი არასასიამოვნო დღე გამოვიარე ამ წლების განმავლობაში. ჭირვეული ბებიები, რთული სამსახურები, ხელფასის არმიღება, ქართველებისგან ღალატი, იმდენი რამაა, რა ჩამოთვლის . . . ჩამოვედი 2019 წლის 3 თებერვალს. თვენახევარი დამსაქმებლის ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც თუ „სიფათზე” არ მოეწონებოდი, თავს ოდნავაც არ შეიწუხებდა შენთვის. სხვის დაწუნებულ სამსახურებში მიშვებდა, ვერ მოგიშორეო, ყოველდღე მეუბნებოდა. ერთხელ, ბინიდან გაგდებაც დამიპირა, სხვა ემიგრანტებს რომ არ ეთხოვათ, მართლა გამაგდებდა. მერე სხვა დამსაქმებლის დახმარებით დავიწყე მუშაობა და ჩემს ჩანთას არ მაძლევდა, სანამ ვალი არ მივუტანე. მივუტანე და ჩანთიდან ჩექმები და პირადი ნივთები ამოცლილი დამხვდა. მანამდე შევსწრებივარ, ეს დამსაქმებელი, ვინმე ვალს რომ დაუგვიანებდა, მათი ჩანთებიდან ნივთებს გადმოყრიდა და ბინაში მყოფებს ეუბნებოდა, გაინაწილეთო. ზოგიერთი უსინდისო მართლაც იღებდა ტანსაცმელს. სხვა დამსაქმებლებიც არანაკლებად სასტიკნი არიან. თან სისხლს გვწოვენ ხალხს, ჩვენი ფულით მდიდრდებიან, თან გვლანძღავენ, გვამცირებენ, დანდობა არ იციან. მოკლედ, რაც ნაპოლში ყოფნისას მაგათ მანერვიულეს, იმდენი 9 წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობისას არ მინერვიულია. მე-5 თვეა ისეთ ქალაქში ვარ, სადაც ერთი ქართველიც არაა და დავისვენე. განა იმიტომ, რომ ქართველები მძულს, უბრალოდ, იტალიაში ქართველ ემიგრანტებს ერთმანეთის გატანა არ შეუძლიათ. ჩემი პირველი სამსახური იყო უსინათლო მოხუცი ქალი და მისი ლექტორი ქალიშვლი, რომელიც ცხარე ცრემლებით მატირებდა ყოველდღე. 4-სართულიანი სახლი ჰქონდათ, ყოველდღე 2 სართულს ვალაგებდი. ვიდეო კამერები ჰქონდათ. სამსახურიდან რომ მოდიოდა შვილი, მეჩხუბებოდა, მუხლებზე უნდა დადგე და ისე ხეხო იატაკიო. ვიდექი და ვხეხავდი მეც 7 თვე, სანამ ხელებში არ ჩამაკვდა, ვისაც ვუვლიდი. კარანტინის პერიოდში ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს ვუვლიდი, რომელიც ყოველდღე სახლიდან მაგდებდა, ან თვითონ მიდიოდა. გარბოდა და ძლივს ვაბრუნებდი უკან. ყოველდღე მეზობლების დახმარება მჭირდებოდა, რომ სახლში შევეშვი, წვიმაშიც კი მაგდებდა. როგორც კი მოიხსნა კარანტინი, მაშინვე შევიცვალე სამსახური.
თამარ ჩხეიძე:
– ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2003-დან 2011 წლამდე ვმუშაობდი. ემიგრანტი 2011 წელს გავხდი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეც სხვების მსგავსად, ოჯახში ვმუშაობ – 93 წლის ბებოს ვუვლი. ფლორენციის ერთ პატარა გარეუბანში ვცხოვრობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართვლებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. ემიგრაციაში დიდი თანხა არასოდეს გაქვს, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომა აუცილებელია. თვითონაც ვალი მაქვს აღებული და თანხას მის დასაბრუნებლად ვაგროვებ, მაგრამ მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. უცხო მიწაზე მიმოფანტულო ქართველებო, ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, ხშირად ვუთხრათ ერთმანეთს – მიყვარხარ, ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი და არასდროს დავამადლოთ თანადგომა, სიკეთის კეთება. გისურვებთ მხნეობას, გამძლეობას და თქვენს ლამაზ ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას. მუდამ მიგულეთ თქვენ სამსახურში.
თამარი ჭიჭინაძე:
– თამარი მქვია, ქუთაისიდან ვარ. მე-4 წელია ემიგრაციასი ვიმყოფებ., ბევრი რამ გადამხდა თავს, მაგრამ პოზიტიური განწყობა არასდროს დამიკარგავს, რაც ძალიან გამომადგა. იტალიური ენის არცოდნის გამო მიწუნებდნენ, სამსახურის პოვნა გამიჭირდა. ამიტომ ახალ სამსახურში ბებოს ყოველდღე ვუმღეროდი, რომ მიმჩვეოდა. ასეც მოხდა, მიმეჩვია და დამიტოვეს.
დალი ნადირაშვილი:
-14 წელია ემიგრანტი ვარ. არასდროს მიტირია, ვცდილობ გავუმკლავდე ყველაფერს, რადგან ეს გზა ავირჩიე. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში მინდოდა მუშაობა, მაგრამ არ გამოვიდა. დიდი შრომის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ იტალიაშიც და საქართველოშიც ვიყიდე ბინები. ამას საქართველოში სიზმრადაც ვერ ვნახავდი. სხვებთან შედარებით მარტივად გადავიტანე ემიგრანტობა, რადგან მალევე ჩამოვიყვანე ჩემთან მეუღლე, დები და ახლობლები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იტალიამ მაჩუქა, ეს შვილია. 21 წლის დარდის შემდეგ გავიკეთე ინვიტროგანაყოფიერება და დღეს უკვე 10 თვის ელისაბედი გვყავს. თავიდან, სამი წელი, მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით. ორივეს ნაშრომით ვიყიდეთ ბინა. აქაური მეზობლების უმეტესობა გვიცნობს, ძალიან კარგები არიან. ზოგადად, ძალიან მომწონს იტალიელები, მათი კულტურა, ცხოვრების რიტმი . . ბევრი რამ ვისწავლე მათგან. გონებრივად მაინც დაძაბულები ვართ, რადგან ჩვენი სამშობლოდან შორს გვიწევს ყოფნა. ბევრი წერს ქართველების ღალატზე, ურთიერთშელაპარაკებაზე, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენი თავიცაა, იმდენი გაგებაა, ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა დავანახოთ სიკეთე, რომ თვითონაც კარგები იყვნენ, გვიამხანაგონ, არ გვიღალატონ. მე იმათ ვამტყუნებ, ვინც აძაგებს, რადგან ამ წლების განმავლობაში ცუდი ქართველი მე ჯერ არ შემხვედრია. ყველასთან ერთნაირად ვერ იმეგობრებ, ცუდი და კარგი კი ყველგანაა.
თამუნა შაშიაშვილი:
– ინსტიქტურად კალენდარს ჩავხედე! ჩამეღიმა, ნოემბერი, ისევ ნოემბერი. რამდენიმე დღეც და მეცხრე წლის ათვლას დავიწყებ! რვა წელი . . . 2012 წლის ნოემბრის ერთ ცივ და წვიმიან დღეს აფრინდა ჩემი თვითმფრინავი . . . ათიათასობით ჩემნაირივით სუსტი მხრებით (ჯერ კიდევ 27 წლის) შევეჭიდე იმ მძიმე უღელს, რასაც ემიგრანტობა ჰქვია, უცხო მხარეში გაშვილებული ჩვილი ბავშვივით, რომელიც თითოეული სიტყვის წარმოთქმას და ნაბიჯის გადადგმას სწავლობს! თავისთავად გერთვება თვითგადარჩენის ინსტიქტი, ნელ-ნელა იზრდები, რაც გუშინ ურთულესი იყო შენთვის, დღეს გემარტივება და გეღიმება. სკოლაც წარჩინებით მაქვს დამთავრებული და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიც, მასწავლებლის კვალიფიკაციაც მივიღე და ვიმუშავე კიდეც რამდენიმე სკოლაში. კერძო სკოლის ,,სპექტრი” დირექტორის მოვალეობასაც ვასრულებდი და მაინც მეც აქ ვარ, სხვის მიწაზე მოსამსახურე-მომვლელის სტატუსით. გამოგიტყდებით, ამაზე არ მიოცნებია, ,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იციოდაო”. ჩემს ოცნებებს ნაადრევად შექმნილმა ოჯახმა შეუკვეცა ფრთები. უარესიც, განქორწინებამ უვადო ემიგრანტობაც მომისაჯა, 8 წლის შვილთან ერთად. ქუჩაში რომ რჩები, ძირს დანარცხებული, თავზე ჩამონგრეული, ნაკოწიწები იმედებით, არ გაქვს უფლება, არ იხოხო და არ წამოდგე. დაკარგული სისხლივით, გტკივა დრო! ყველაზე მეტად კი მარტოობა გაშინებს. თითქოს იმ მომენტში სცენაზე მარტო დგახარ უამრავი მაყურებლის წინაშე. წლების მერე ხვდები, რომ ხვალ ის დაგიკრავს ტაშს, ვინც დღეს გასამართლებს. ვისაც, საკუთარ თავზე არ გამოუცდია, მარტივია საუბარი – მაგას რა უჭირს, იქ არისო. არასდროს შევკამათებივარ არავის, რა აზრი აქვს? ვერ დააჯერებ. ერთი ადამიანის ტკვილს, მეორე ვერც გაითავისებს და ვერც გაიზიარებს. სამ წელზე მეტხანს გავუძელი ჩემი შვილის უსაზღვრო მონატრებას, 2016 წელს კი უკან დაბრუნება გადავწყვიტე. მახსოვს ბილეთი რომ ავიღე, როგორ მიკანკალებდა სხეული. ერთი თვე თითქმის არცერთი ღამე არ მძინებია, დღეებს ვხაზავდი კალენდარზე. ასე მეგონა, თვითმფრინავით კი არა, საკუთარი ფრთებით მოვფრინავდი, აღარასოდეს დავბრუნდებოდი . . . მაგრამ, როგორც ხედავთ, ისევ აქ ვარ! ბავშვობიდან ვწერდი და ეს ნაწერები, ლექსები თუ ჩანახატები, ჩემი ემოციებია. ასე შევიქმენი ჩემი სამყარო, რომელსაც ყოველდღე სხვა ფერი აქვს! ხშირად ფერადია, იშვიათად – მონაცრისფრო . . . ვწერ ტკივილებზე, სიხარულებზე, მონატრებაზე, ვცდილობ ხვალინდელი დღე არ გავდეს დღევანდელს (ყოველთვის არ გამომდის). მთელი ბავშვობა ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, ამიტომ ვწერ გაუთავებლად ყველაფერს ჩემს გევრდზე, რომელიც სოციალურ სივრცეში გავხსენი. მეამაყება ჩემში ადამიანი. ამ უსამართლო ცხოვრებას ყოველთვის იუმორით, ღიმილით, სიყვარულით ვებრძვი. მიყვარს ადამიანების ბედნიერი სახეების ცქერა, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას დავეხმარო (ბევრი არაფერი შემიძლია მაგრამ . . .). მთელი ღამე რომ ვიტირო, დილით მაინც მზესავით ამოვბრწყინდები ხოლმე, ყოველდღე სხვადასხვაფერი ვარ, იცით?! ჩემი ნება რომ იყოს, ყველგან გულებს დავხატავდი, უსიყვარულო საუკუნის, მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ! რაც არ გკლავს, გაძლიერებსო . . . რთულია ემიგრანტის უღლის ტარება, თუმცა, ჩემში ძლიერი ქალი ამ უღელის ტარებამ შექმნა. ყველა ემიგრანტი ქალი გმირია. გამძლეობას და ამაგის დაფასებას ვუსურვებ ყველას. ერთ ჩემს ჩანახატს შემოგთავაზებთ.
ჰოო . . . მე ის ემიგრანტი ვარ, დაუმსახურებლად რომ გააკრიტიკეთ,
ნეტა, ამას! სულ რომ იცინისო . . .
ჰო, ზუსტად ის ემიგრანტი ვარ, ვის ბალიშზეც მთელი ღამე წვიმდა და ჯერაც არ შეშრობია ცრემლები!
აი, ის ემიგრანტი ვარ! უანგაროდ რომ არიგებს ღიმილს, სითბოს, სიყვარულს და ცდილობს მაინც, იყოს კეთილი( მაპატიეთ თუ ვერ ვახერხებ)!
დიახ, მე ის ემიგრანტი ვარ! მარიტასავით ბევრჯერ რომ ესროლეს ტალახი ( ციციკორეს ეპოქა დგას ისევ) . . .
კი ის ვარ! მუხლებზე რომ დავცემულვარ და მიბღავლია, ძვლებში რომ დავუმტვრევივარ ჩემი ერთადერთი შვილის ჩახუტების სურვილს . . .
რა თქმა უნდა ის ვარ! ვისაც შეშლია და ამ შეცდომების აღიარების არ შერცხვენია . . .
ჰოო, ის ვარ! ძალაგამოცლილს, იმედის სხივამდე მუხლებით მიხოხია და არ დამითმია, არ დავნებებულვარ!
აი, ისიც მე ვარ! რამდენიმე ადამიანს, ღმერთი რომ უპოვია ჩემს თვალებში . . .
კიდევ ის, ტკივილებს უამრავჯერ რომ გამოვუტირებივარ, მაგრამ . . .
იცით, რა მეამაყება?!
მე თქვენთვის პატიება შემიძლია!
თქვენთვის ლოცვაც შემიძლია!
თქვენთვის გულწრფელი გაღიმება შემიძლია!
თქვენთვის მზესავით გამონათება შემიძლია!
თქვენი სიყვარული შემიძლია!
მე ვგრძნობ ჩემში ადამიანს . . .
ჰოო, მე ის ემიგრანტი ვარ! რომელიც ყოველთვის გაიღიმებს, რომელიც სულიერად ლამაზი უნდა მოკვდეს . . .