„თუ ადამინს გრიპი და კოვიდ-19 ერთდროულად შეეყრება, მისი მკურნალობა და გადარჩენა ძნელი იქნება“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში მოქალაქეები პერიოდულად წერენ იმის შესახებ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ, მაგრამ ხელმისაწვდომი არაა. საქმე ეხება კერძო კლინიკებს, სადაც მოქალაქეებს, რომლებიც რისკჯგუფებს არ განეკუთვნებიან, შეუძლიათ აცრის გაკეთება. ამ შემთხვევაში ვაქცინაციის საშუალო ფასი 50-60 ლარია. რისკჯგუფებში მყოფი პირები კი, რომელთათვისაც აცრები სრულიად უფასოა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ნაკლებად მიმართავენ კლინიკებს. მისივე თქმი, სულ ქვეყანაში შემოსულია 212 000 დოზა ვაქცინა და დარიგებულია ყველა კლინიკაში, რომელსაც ამცრელი პუნქტი აქვს.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას 2020-2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, სადაც საუბარია რისკ და პრიორიტეტულ ჯგუფებზე, რომელიც სულ 30-ია. ინფორმაციაში აღნიშნულია: „სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობითვე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია „სანოფი პასტერის“ წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა, რომლის სამარკო დასახელებაა “ვაქსიგრიპ ტეტრა”. ვაქცინა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან და ოთხკომპონენტიანია.
ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აცრა გრიპზე. ამის გამო, სახელმწიფომ წელს ბევრად მეტი ვაქცინა შემოიტანა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინა განსაკუთრებით ეფექტიანია ოქტომბრის დასაწყისში, გრიპის აქტიური სეზონის დაწყებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა სჭირდება, თუმცა აცრები დაიწყო ნოემბრის დასაწყისში. მანამდე, საქართველოში არსებული მარაგი, 25 000 ვაქცინა, განკუთვნილი იყო მხოლოდ რისკჯგუფების გარკვეული ნაწილისთვის: ორსულებისთვის, დიალიზზე მყოფი და ც ჰეპატიტის მქონე პირებისთვის, ვინც მკურნალობის კურსს გადის; აივ ინფექცია/შიდსის მქონეთათვის, ბავშვთა, მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელი პერსონალისთვის, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გრიპზე აცრა გაიკეთონ, რადგან თუ ადამიანს გრიპი და კოვიდ-19 ერთდროულად შეეყრება, მისი მკურნალობა და გადარჩენა ძნელი იქნება: „ეს უკვე სერიოზული დარტყმაა ორგანიზმისთვის და ასეთი პაციენტის მკურნალობა და გადარჩენა გართულდება“. მისი თქმით, წელს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გრიპის ვირუსზე აიცრან, რათა გრიპისა და „კოვიდის“ ზედდების შემთხვევების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
თუ რა ვითარებაა ამ კუთხით აჭარაში, ამაზე საუბრობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე.
-საქართველოში და შესაბამისად, აჭარაში, შემოვიდა ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა, რომლის პირველი პარტია მივიღეთ ოქტომბრის ბოლოს. აცრებიც მაშინვე დავიწყეთ ეტაპობრივად, რისკ ჯგუფების მიხედვით. დღეის მონაცემებით შემოტანილია 26 530 დოზა ვაქცინა.
– რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია რისკჯგუფებში?
-ძალიან აქტიურად, რადგან მოსახლეობა დაშინებულია კოვიდით და ითხოვს აცრას. აქვე აღვნიშნავ, რომ რისკჯგუფებში შემავალ პირთა ჩამონათვალი გაზრდილია, ამიტომ ვცდილობთ, ვაქცინა თანაბრად გადავანაწილოთ პოლიკლინიკებსა და კლინიკებში, არ გამოგვრჩეს არავინ, ვისთვისაც რთული იქნება გრიპის ვირუსის გადატანა დამძიმებულ კოვიდვითარებაში.
-კოვიდ-19 რამდენად და რა კუთხით ზემოქმედებს გრიპზე?
-თუკი გრიპით დაავადებულს კოვიდის ვირუსი დაერთო, მისი გადარჩენა გართულდება. განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია ის ადამიანები, ვინც რისკჯგუფებში მოიაზრებიან. ბევრი აიგივებს კორონას გრიპთან, მართალია, ესეც გრიპია, მაგრამ სულ სხვა სიმპტომატიკით და გართულებებით. ახლანდელი ვაქცინაცია კი მხოლოდ გრიპის ვირუსისგან იცავს ადამიანს და არა კორონავირუსისგან.
– ბევრს სურს აცრა, მაგრამ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვაქცინას ვერ შოულობენ.
-მოსახლეობა თანდათან რწმუნდება ვაქცინაციის აუცილებლობაში. აცრის სურვილი განსაკუთრებით გაიზარდა მსოფლიო პანდემიის პერიოდში. მანამდე თუ ვეხვეწებოდით ბენეფიციარებს, აცრილიყვნენ, ახლა პირიქით, იქით გვახსენებენ, რომ უნდა ავცრათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმაზე მეტი ვაქცინა გვჭირდება, ვიდრე წინა წლებში. სწორედ ამიტომ არ ჰყოფნით კომერციული ვაქცინა. ისიცაა, რომ გაიზარდა რისკჯგუფების შემადგენლობა. ახლა სავალდებულო გახდა 65 წელს ზევით ასაკის ადამიანების აცრაც, რადგან ისინიც მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. ამ ჯგუფში შევიდნენ პედაგოგები, ფილტვებითა და გულსისხლძარღვთა სისტემით ქრონიკულად დაავადებული პირებიც. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გრიპის ვაქცინაცია. ასევე, თავადვე ვთავაზობთ აცრას ხშირად მოავადე ბავშვებს. რომელს ეკუთვნის, ამას ადგენს თავად ოჯახის ექიმი. ის წერს დასკვნას და მოგვმართავს მსგავსი ბავშვების ვაქცინაციისთვის.
-კიდევ ვის ეკუთვნის უფასო აცრა?
-ძალოვანებს; დიაბეტის მქონე პირებს; ექიმებს; ექთნებს; ვეტერინარებს; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს; პენიტენციურ და საპატიმრო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს.
-ამ ეტაპზე სულ რამდენი დოზა ვაქცინაა შემოსული და რამდენია უკვე აცრილი?
-26 ათასი დოზა გრიპის ვაქცინიდან გახარჯულია 10 ათასი დოზა, შესაბამისად, მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალთა ნაწილია აცრილი. ეს ციფრი შეესაბამება უწყებების მიერ წარმოდგენილ ბენეფიციარებს.
-იყო საუბარი, რომ ვაქცინა იწვევს გართულებებს, რამდენად უსაფრთხოა ეს ფრანგული ვაქცინა?
-არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა არც ერთხელ. მოხუცებულთა თავშესაფრის მცხოვრებთაც ამ ვაქცინით ვცრით. თუკი ასაკოვან ადამიანებს გადააქვთ და გვერდით მოვლენებზე არ ჩივიან, ფაქტია, რომ მართლაც უვნებელია.
-პანდემიის გამო რაიმე ტიპის შეზღუდვები ხომ არ დაწესებულა?
-არ ვცრით მათ, ვისაც დაუდასტურდა კოვიდი (20 დღის, 1 თვის გასვლამდე) ან ვისაც კონტაქტი ჰქონდა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთან. მათაც ვურჩევთ, თავი შეიკავონ აცრებისგან, 12 დღე მაინც.
-იყო შემთხვევები, რომ გრიპზე აცრილს არ გადაედო ახალი კორონავირუსი ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად. როგორ ფიქრობთ, ვაქცინა იცავს?
-საერთოდ, ვაქცინაცია იწვევს იმუნოუჯრედების გააქტიურებას, შესაბამისად, მაღლდება იმუნიტეტი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი შეუვალი ხდება, თუმცა კონკრეტულად კორონასგან დაცვის მექანიზმი ამ ვაქცინას არ გააჩნია.
-სხვა რა სახის აცრებს აკეთებთ ამ ეტაპზე?
-ზრდასრული ადამიანებისთვის სხვა ვაქცინაცია არ არის დაგეგმილი, რაც შეეხება 15 წლამდე ბავშვებს, ჩვეული განრიგით გრძელდება აცრები. ეს უწყვეტი პროცესია და ყველას ვთხოვ, რომ შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, არ შეწყვიტონ პატარების ვაქცინაცია. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივმართო სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს, რომ აუცილებლად აიცრან გრიპზე, არ გაირთულონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუკი დაემართებათ კოვიდი.
-ბევრმა არც კი იცის, რომ უფასოდ ეკუთვნის ეს აცრა.
-დიახ, ხდება ასეც, ამიტომ, აუცილებელია,მათ ხმა მივაწვდინოთ ყველა მედიასაშუალების გამოყენებით. განსაკუთრებით ეს ეხებათ 65 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც მანამდე აცრა არ ეკუთვნოდათ. ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ კლინიკებს, სადაც რეგისტრირებულნი არიან და მოითხოვონ ვაქცინაცია, რომელიც ეკუთვნით და რომელსაც სახელმწიფო მათთვის აფინანსებს.
-რაც შეეხება დიაბეტით დაავადებულებს, აქაც ასაკის მიხედვითაა განსაზღვრული თუ . . .
-დიაბეტით დაავადებულთ ასაკის მიუხედავად ეკუთვნით უფასო აცრა. ასევე, როგორც უკვე გითხარით, სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგებს.
-იმის მიუხედავად, რომ დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულნი?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, სწავლა ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამისთვის პედაგოგები ჯანმრთელად და გრიპის ვირუსისგან დაცულად მაინც უნდა გრძნობდნენ თავს.
-ჟურნალისტებს უფასო აცრები არ გვეკუთვნის?
-სამწუხაროდ, არა, თუმცა კარგი იქნება, რომ აიცრან, რადგან მართლაც უწევთ დაინფიცირებისთვის სარისკო ზონებში მუშაობა.
-კიდევ ვინ ითხოვს უფასო აცრებს?
-მშობლები ითხოვენ ბავშვებისთვის, თუმცა თანმდევი ქრონიკული დაავადებების გარეშე, მათზე უფასო ვაქცინაცია არ არის გათვლილი.
-ისევ კეთდება წითელას აცრები?
-რასაკვირველია, რადგან წითელა არანაკლებ ვერაგი და საშიში დაავადებაა, რომლისგან დაუცველობაც ხშირად იწვევს ცუდ შედეგს. მინდა ვთხოვო მშობლეს, ნუ აყვებიან სოციალური ქსელებით გავრცელებულ შეხედულებებს, თითქოს ეს აცრა ვნებს მათ ბავშვებს. პირიქით, თუკი არ აცრით, მაშინ გექნებათ რთული მდგომარეობა და დღეს, კორონას ფონზე, კიდევ უფრო საშიში ხდება ეს დაავადებები. აუცრელობის გამო, დაუცველი დარჩებით ორივე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში.
-ამ ვითარებაში კლინიკებში ზედმეტად მისვლას, ყველა ერიდება . . .
-ამისთვის, ყველა კლინიკასა და პოლიკლინიკაში შემოღებულია ონლაინრიგები. იქ დარეგისტრირდებით და კუთვნილ დროს მიხვალთ. მშობელი ეწერება და მიჰყავს ბავშვი გრაფიკის მიხედვით. ასე რომ, ეს პრობლემაც მოწესრიგებულია.