„თუკი ეს გააკეთეს უკონკურენტო გარემოში, გასაგები ხდება, რას მოიმოქმედებდნენ პირველ ტურში”
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ამჯერადაც ფართო მასშტაბით აკვირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს. როგორი ვითარება იყო არჩევნების ორივე ტურში, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდებში, რა ხარვეზები და დარღვევები გამოვლინდა, ამაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს ინტერვიუში ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორი.
– ელენე, რა შემადგენლობით და სად აკვირდებოდით არჩევნებს?
– წინასაარჩევნო პროცესს 68 გრძელვადიანი დამკვირვებელი აკვირდებოდა ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო არჩევნების დღეს 1000-მდე დამკვირვებელი ესწრებოდა საარჩევნო პროცესს უბნებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ორგანიზაციას წარმომადგენლები ჰყავდა ყველა საარჩევნო ოლქში, რომლებიც არჩევნების დღეს იქ იმყოფებოდნენ დღე-ღამის განმავლობაში. პარალელურად, ოლქის ტერიტორიებზე, სხვადასხვა უბანზე გადაადგილდებოდნენ ჩვენი მობილური ჯგუფები, აფიქსირებდნენ დარღვევებს და აქედან გამომდინარე, რეაგირებდნენ. ასევე, გვყავდა იურიდიული ჯგუფები. ისინი კონსულტაციებს უტარებდნენ დამკვირვებლებს, ხოლო ესემეს-ცენტრის ოპერატორები დღის განმავლობაში იღებდნენ ინფორმაციებს ყველა დამკვირვებლისგან, აწარმოებდნენ სტატისტიკას და ანალიზის საფუძველზე ორგანიზაცია აკეთებდა საჯარო განცხადებებს.
– როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო?
– წინასაარჩევნო გარემოს ჯერ კიდევ 1 ივნისიდან ვაკვირდებოდით და უკვე მაშინ, ძალიან ბევრი დარღვევა გამოვავლინეთ. მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რასაც ყოველთვის აკეთებს მმართველი პარტია. ასევე დავაფიქსირეთ სოციალური პროექტები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიისგან შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან.
– მსოფლიო პანდემიაა, არჩევნების გამო ხელისუფლება არ უნდა დახმარებოდა მოსახლეობას?
– ჩვენ გვესმის ეს სიტუაცია, მაგრამ იყო რიგი პროექტები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენდა. ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ იყო ინიცირებული, რომ მმართველი პარტიის პოზიტიური მხარე წარმოეჩინა ანუ მისი რეკლამირებისთვის.
– თუ შეიძლება, ორიოდ პროექტი მაინც დაგვიკონკრეტოთ?
– მაგალითად, კოვიდის მესამე ტალღის ფარგლებში რაც გამოცხადდა პრემიერის მიერ. ვგულისხმობ, 17 წლამდე ბავშვებისთვის ფულად დახმარებას და კომუნალური გადასახaდების შესახებ შეღავათების დროზე ძალიან ადრე დაანონსებას. ასევე, იქ იყო მოსახლეობისთვის ვალების ჩამოწერა, ბიზნესპროექტების დაფინანსება და ა.შ. დამეთანხმეთ, ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ამომრჩეველზე და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას.
ზოგადად, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენება კანონის დარღვევაა. ამ კუთხით მოიაზრება ადამიანური რესურსი (საჯარო მოხელეები) და ბიუჯეტი, რომელსაც მიმართავენ კონკრეტული კანდიდატის ან პარტიის სასარგებლოდ. კერძოდ, პირველი ტურის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ერთად მოსახლეობაში გამართულ შეხვედრებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს შეხვედრები, მართალია, არასამუშაო დროს იგეგმებოდა, რაც კარგი ტენდენციაა, მაგრამ საჯარო მოხელეების მობილიზება ხდებოდა, ამასთან, ისიც არ ვიცით, რამდენად ნებაყოფლობითი იყო მათი ამ შეხვედრებზე დასწრება. სწორედ ამიტომ განვიხილეთ ასეთი შემთხვევები ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებად.
– მედიაში საუბარი იყო ფიზიკურ ძალადობაზე, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
– კი, იყო ძალიან ბევრი ძალადობის შემთხვევა და მუქარა-ზეწოლის ფაქტები, რაც მიმართული იყო პარტიების მხარდამჭერების წინააღმდეგ. ბევრ ინფორმაციას ვიღებდით მოქალაქეებისგან, რომ მათ აშინებდნენ სამსახურის დაკარგვით ან სხვა პრობლემების შექმნით, თუკი მონაწილეობას მიიღებდნენ ოპოზიციის შეკრებებსა და აქციებში.
– ეს ფაქტები დადასტურდა თუ. . .
– სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ამ ფაქტების ეფექტური და დროული გამოძიება. როგორც წესი, საქმეს იწყებენ, მაგრამ ბოლომდე ცოტა თუ მიჰყავთ და საზოგადოებაც ვერ იღებს რეაგირების შესახებ სრულყოფილ პასუხს.
– რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს?
– ამ დღესაც გვქონდა შემთხვევები როგორც უბნის გარეთ, ისე შიგნით. ამ დროს, ტრადიციულად ფიქსირდება პარტიული კოორდინატორების მობილიზება უბნებთან, რომლებიც აკონტროლებენ ამომრჩევლების გამოცხადებას. ასევე, დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგაც, მათი ტექნიკა დააზიანეს.
– უბნებში რა ვითარება იყო?
– ძირითადად, დაფიქსირდა კონცეპტუალური დარღვევები, თუმცა გვქონდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებიც. ცდილობდნენ დამკვირვებლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მტრული გამოხედვებით და მუქარის რეპლიკებით. მსგავსი ფაქტი ბევრი დაფიქსირდა არა მხოლოდ ჩვენი, სხვა ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების მიმართ. დარღვევები იყო ოქმებთან დაკავშირებითაც. აღმოვაჩინეთ დისპროპორციები, გადასწორებული მონაცემები. ასწორებდნენ, ალბათ, იმ შემთხვევისთვის, რომ გაეცათ პასუხი, თუ რამ გამოიწვია დისპროპორცია, ტექნიკური მიზეზი იყო თუ სხვა რამ, თუმცა ეს არ დასჭირდათ, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი თქვა ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
– ყველა საჩივარზე თუ ნაწილზე?
– საჩივრების უმეტესი ნაწილი არ დაგვიკმაყოფილეს. უარი თქვეს გადათვლაზეც. როგორც ვიცით, არც სხვა სადამკვირვებლო მისიების თუ ოპოზიციის მოთხოვნები დააკმაყოფილეს. სწორედ ამან შეუწყო ხელი იმ პოლიტიკური კრიზისის გამძაფრებას, რომელმაც დღევანდელ ბოიკოტამდე მოგვიყვანა.
– საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით ჩატარებულ არჩევნებს?
– ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები. დარღვევების და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო, მეორე ტურშიც არ მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
– საარჩევნო ადმინისტრაციასთან რა სახის პრობლემა შეგექმნათ?
– საერთოდ ყურად არ იღეს ჩვენ მიერ წარდგენილი დარღვევები, არადა, საკუთარი ინიციატივითაც კი უნდა გადაეთვალათ ბიულეტენები, რადგან ამან ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგი. იგნორირება გააკეთა სასამართლომაც, თუმცა იქ იმდენი საჩივარი არ შესულა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, დროის რესურსიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, შეზღუდული ვართ დროში, გასაჩივრების ვადა მხოლოდ ორი დღეა. გარდა ამისა, ეს მოითხოვს მეტ ადამიანურ რესურსს – სარჩელების მომზადებისთვის სასამართლოში წარსადგენად და ფინანსებსაც, იქ ბაჟია გადასახდელი.
– სულ რამდენ უბანზე გქონდათ საჩივრები წარდგენილი?
– 33 უბანზე წარვადგინეთ სარჩელები, ვითხოვდით ხმების გადათვლას, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ერთ უბანთან დაკავშირებით დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა.
– არჩევნების მეორე ტურში რა იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი?
– მეორე ტურს აღარ ვაკვირდებოდით ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით. გვყავდა მხოლოდ 35 მობილური ჯგუფი 17 მაჟორიტარულ ოქლში. ძირითადად, ვაკვირდებოდით ვითარებას უბნების გარეთ, სადაც, სამწუხაროდ, იმავე სცენარით წარიმართა პროცესები, როგორითაც არჩევნების პირველ ტურში. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად უკონკურენტო გარემო იყო, პარტიული კოორდინატორების სრული მობილიზაცია ისევ გამოცხადდა და ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებზე თითოეული ამომრჩევლის მისვლას. ცხადია, ესეც ზეწოლად ითვლება, რადგან თუკი კონკრეტული ამომრჩეველი არ მიდის არჩევნებზე, ამას აფიქსირებენ და შემდეგ, სავარაუდოდ, ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით თუ სხვა ბერკეტებით. ცხადია, ამის მტკიცებულება არ გაგვაჩნია, მხოლოდ ვვარაუდობთ, აბა, სხვა რა აზრი ჰქონდა პარტიული კოორდინატორების ასეთ მობილიზაციას?
– ოპოზიციის მიერ გაცხადებული „სირცხვილის კორიდორები“ არ ითვლებოდა ზეწოლად ამომრჩეველზე?
– დაანონსებულმა „სირცხვილის კორიდორებმა“ ნეგატიური დამოკიდებულება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რადგან მათაც ჩათვალეს, რომ ეს მიუღებელია და არანაირად არ შეიძლება მსგავსი ზეწოლის განხორციელება ამომრჩევლებზე. მათ აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მივიდნენ და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს თუ პოლიტიკურ პარტიას. სწორედ ამიტომ, „სირცხვილის კორიდორები“ არც მოუწყვიათ და არსად დაფიქსირებულა.
– დაკარგულ ბიულეტენებზეც საუბრობენ. . .
– დიახ, სამგორის 97-ე უბნის გადათვლისას აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიულეტენი გაქრა, ხოლო ოპოზიციის ხმები საერთოდ არ იყო დათვლილი. სწორედ ამის შემდეგ განაცხადეს უარი ხმების გადათვლაზე საუბნო და საარჩევნო კომისიებმა, ამის შემდეგ არ დააკმაყოფილა სარჩელების უმეტესი წილი სასამართლომაც. ესეც მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, შეეშინდათ, იქაც მსგავსი პრობლემები არ წამოჭრილიყო.
– ოპოზიცია აპელირებს, რომ ტრიალებდა „კარუსელები“, რამდენი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა?
– დავაფიქსირეთ მხოლოდ ერთი „კარუსელი“- 22-ე საარჩევნო უბანზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც იწვევს არჩევნების გაყალბებას. თანაც ხდება ორგანიზებულად, რამდენიმე პირის მიერ, რადგან ამას ერთი პიროვნება მარტივად ვერ ჩაატარებს, თუ არ არის სხვებთან შეთანხმებული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს. წარმოიდგინეთ, საუბნო კომისიის წევრებს შეჰყავდათ ეს ადამიანები უბანში, რათა ხმა მიეცათ მათი კანდიდატისთვის მონაცვლეობით. სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტი იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუმართლებელი, ვერ მივხვდით, რა საჭირო იყო ამ უკონკურენტო გარმოში „კარუსელის” დატრიალება.
– ეს მეორე ტურზე დაფიქსირდა?
– დიახ. რაც შეეხება პირველ ტურს, იქ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დააფიქსირა ერთი „კარუსელი“.
– გამოდის, მხოლოდ თითო შემთხვევა დაფიქსირდა, ოპოზიცია კი მასშტაბურად დატრიალებულ „კარუსელებზე“ საუბრობდა.
– იცით რა, როდესაც ფიქსირდება ერთი, ეს გულისხმობს „კარუსელების“ მასშტაბურ დატრიალებას. სხვა მხრივ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაყალბების ამ ფორმას. უბრალოდ, ამ უბნებზე ეს შემთხვევა აღირიცხა, სხვაგან კი ისე გააკეთეს, რომ ვერ დააფიქსირეს დამკვირვებლებმა. მეორე ტურის „კარუსელმა“ დაგვარწმუნა, რომ ეს არჩევნები იყო კარგად დადგმული სპექტაკლი დემოკრატიაზე, სადაც ყველამ იცოდა საკუთარი როლი, იგივე კოორდინატორებმა, „კარუსელში“ ჩართულებმა, სასამართლომ და საარჩევნო ადმინსტრაციამ. თუკი ეს გააკეთეს უკონკურენტო გარემოში, გასაგები ხდება, რას მოიმოქმედებდნენ პირველ ტურში, ოპოზიციის მძლავრი მხარდაჭერის გასაუვნებელყოფად.
– რამდენად ლეგიტიმურად ჩაითვალა არჩევნები და რამდენად ლეგიტიმური იქნება პარლამენტი, თუკი ოპოზიცია არ აიღებს კუთვნილ მანდატებს?
– არ ვიცი ოპოზიციას როგორი სტრატეგია ექნება ამ მიმართულებით, მაგრამ სამართლებრივად, მმართველ გუნდს იმდენი მანდატი აქვს აღებული (90 მანდატი), რომ თავისუფლად შეუძლია მუშაობის დაწყება. ეს, კონსტიტუციის თანახმად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, დადგება პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხიც. გასაგებია, რომ ერთპარტიული პარლამენტი, ამ ეპოქაში, სრულიად წარმოუდგენელია, ვერ იმუშავებს სათანადოდ, გაუჭირდება ფუნქციონირება, ვერ გამართავს დებატებს, ვერ მოაწყობს განხილვებს, ამის გარეშე კი ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა არ იქნება უპრიანი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციამ მოსახლეობის ხმების გაცილებით მეტი პროცენტი მიიღო (ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაგვთანხმდა ხმების გადათვლაზე), გამოდის, მოსახლეობის ეს ნაწილი საერთოდ არ იქნება ქვეყნის საყოველთაო საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი. შესაბამისად, კითხვის ქვეშ დადგება ამ ორგანოს პოლიტიკური ლეგიტიმურობა და ეფექტურად ვერ იმუშავებს. პირველ რიგში, თავად მმართველ პარტიას არ უნდა აძლევდეს ხელს მსგავსი მმართველობა, რადგან ეს იქნება სწორედ მისი დისკრედიტაცია.