ფერებით ამღერებული თავისუფალი სული, ანუ აქ სამყაროა ფერებსა და ხმებში
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
მოგისმენიათ მუსიკა ქარში? შეგიგრძნიათ ის ფერები, მუსიკა რომ იტევს? თუ ეს შეგრძნებები გსურთ გაითავისოთ, ჩვენი თანამემამულის დავით მურაჩაშვილის ის ნახატი უნდა ნახოთ, ამ ემოციას რომ აღძრავს და გთანგავს. სხვა სურათებიც უთუოდ მიიპყრობს თქვენს ყურადღება – . თითქოსდა ანდამატურ, საოცნებო სამყაროში მოხვდით, ფერები ხმებს გამოსცემენ, ირგვლივ ყველაფერი მღერის, ხმა ნაცნობია, მშობლიური, განცდილი და მონატრებული. ხმა ხომ მედიუმია, მთავარია, რისი ხმა როგორ ვლინდება, რას წარმოშობს ჩვენში. ყველა ნახატი ცოცხლდება, გესმის ჩურჩული. . .
ეს ხან წვიმის ხმაა, ხანაც მზის მარმაშების ნარინჯისფერი ათინათია, ხანაც უსაზღვროებაში ჩაძირული, დაფიქრებული ადამიანი, სევდიანი, მაგრამ იმედიანი, ფართოდ გახელილი თვალებით. . .
ალბათ, ყველა თავისი გულით და გონებით აღიქვამს ამ დიდებული მხატვრის შემოქმედებას. პანდემიის დასრულებამდე, სანამ მისი გამოფენა გაიმართება, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სურათებით შეგიძლიათ გაეცნოთ. უთუოდ დაგაინტერესებთ მასთან ჩვენი ინტერვიუს გაცნობაც, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. დიახ, მუსიკოსი და მხატვარი დავით მურაჩაშვილი წარმატებული, შემდგარი ხელოვანია. იგი ასევე, წარმატებულია როგორც მუსიკოსიც. მის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ მე-20 საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდშია შესული, ხოლო როგორც ფერმწერი, იმდენად ნაყოფიერია, რომ გაოცებას იწვევს – წელიწადნახევარში რეკორდული რაოდენობის სურათი შექმნა – 580. მისი ტილოებით დაინტერესდნენ მთელი მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულები, ისინი შეიძენეს ამერიკელმა, იტალიელმა და სხვა ქვეყნების ბინადრებმა. დიახ, დავით მურაჩაშვილის ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით, ფერწერული ნამუშევრები, თუმცა აღტაცებას იწვევს ხოლო მინანქრით შექმნილი სამკაულების მისი კოლექცია. მხატვრისთვის უმთავრესი ფერწერაა, რომელშიც მან თავისი სულის განსხეულება შეძლო და არა მარტო თავისი სულის, არამედ თითოეული მოფიქრალი, ჰუმანური ადამიანის სულის. სწორედ ამიტომაც იზიდავს მისი ნახატები ბევრს და შეძენას ლამობენ. პანდემიის დასრულების შემდეგ, თავის ვერნისაჟზე სიურპრიზებს გვპირდება, მანამდე კი მასთან საუბრის ჩანაწერს გთავაზობთ. დამემოწმებით, რომ ეს გულწრფელ, მართალ, ნიჭიერ, განათლებულ ადამიანთან, ხელოვანთან შეხვედრაა.
–როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხელოვანთა სამყაროში?
– ხშირად მეკითხებიან, როგორც მხატვარი, სად ვხედავ საკუთარ თავს და როგორ ვხედავ. მართალი გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, როგორც ვხედავ და როგორც შემიძლია. ამ სამყაროში ყველას თავისი ადგილი აქვს, მით უმეტეს, ხელოვანს. თუ ღმერთმა ნიჭი მოგცა, ესე იგი გზასაც მოგცემს. შენ უბრალოდ, ამ გზის დანახვა უნდა შეძლო და თუ ვერ შეძელი, ე. ი. შენი ბრალი ყოფილა, სხვას ნუ დააბრალებ.
– წარმატებული მხატვარი ხართ, თქვენი ნახატები მოწონებით სარგებლობს . . . გვიამბეთ ამის შესახებ.
– ხელოვნება ხალხს ემსახურება, ანუ ხელოვანი ხალხის მსახურია. ყველა ხელოვანი – კომპოზიტორი, მხატვარი, მომღერალი, ვინც გინდა იყოს, ყველა იხარჯება და შრომობს იმიტომ, რომ იყოს წარმატებული და მისი შემოქმედება ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი, მისაწვდომი. ეს არის ხელოვანი ადამიანის საზრდო. ჩემთვისაც ასეა. მინდა ჩემმა შემოქმედებამ ადამიანებს ცხოვრება გაუხალისოს, გაუფერადოს, მე ვხატავ მათთვის, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს.
– მხატვრობის გარდა მუსიკაც გიყვართ. . . სიმღერა თქვენი სულის ძახილია? თქვენი შესრულებული „ბერიკაცი ვარ“ ოქროს ფონდში შეიტანეს. საინტერესო ფაქტია, გაიხსენეთ.
– ბავშვობიდან ვმღერი, გორში გავიზარდე. მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა ქართულ ხალხური სიმღერების შემსრულებლები, სოლისტები ვიყავით ჯერ ანსამბლ „ქართლში”, შემდეგ „მართვესა” და „კერიაში”, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ხელოვნების ძირითად გზად ხატვა ავირჩიე. ერთხელ „მართვესა”და ჩვენი ჯგუფის – „ქართლის” ერთობლივი კონცერტი გაიმართა გორში. სწორედ მაშინ მოგვისმინა ბატონმა ანზორ ერქომიაშვილმა და შემოგვთავაზა თბილისში გადასვლა „მართვეში”. ჩვენც დავთანხმდით და სწორედ „მართვესთან” ერთად ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერის ოქროს ფონდისთვის სიმღერა „ბერიკაცი ვარ”. არქივი ინახავს, ასევე, ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოზე ჩვენს მიერ შესრულებულ სიმღერას „ზამთარი “. არქივშია უნიკალური ჩანაწერები „ქართლის” და ჩემი ძმის ერთობლივად შესრულებული სიმღერებისა. იმდროინდელი უშუქობის და მწირი ტექნოლოგიების პირობებში, ჩვენმა ოპერატორმა გმირობის ტოლფასად მოახერხა გადაღება, მისი დამსახურებაა, რაც შემოგვრჩა. ვთვლი, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში მუსიკასთანაა დაკავშირებული. თბილისში ვსწავლობდი, მუსიკასთან ერთად ხატვასაც ვეუფლებოდი სამხატვრო სკოლაში, შემდეგ სამხატვრო აკადემია დავამთავრე ინტერიერის დიზაინის განხრით.
– რომელ მიმდინარეობას მიაუკუთნებთ თქვენს შემოქმედებას და რა გაძლევთ ბიძგს ნახატების შესაქმნელად?
-არასდროს ვიწყებ ხატვას ჩანახატით, მომინდა ხატვა? ვდგები, ვრთავ მუსიკას, ვიღებ ტილოს, ფუნჯს, საღებავს და ვიწყებ ყოველგვარი მომზადების გარეშე. რასაც ვხედავ, იმას ვხატავ, ამისთვის ჩანახატი არ მჭირდება, მხოლოდ – მობილიზაცია და „ფუნჯი თავისით დარბის”, „ფერებს თვითონ ირჩევს” ,სტილსაც და მიმდინარეობასაც. მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში . . . შეიძლება ზოგს ეს გაზვიადებული, ხატოვანი გამონათქვამი ჰგონია, მაგრამ დამერწმუნეთ, როგორც არის, ისე ვამბობ. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის აუცილებლად დასრულდება. შესაძლოა ნახატი ნახევარ საათში შევქმნა, შესაძლოა – ორი საათი დამჭირდეს, ამას ვერ განვსაზღვრავ. მთავარია, ემოციურად მზად ვიყო ხატვისთვის, დანარჩენი თავისთავად მოდის. ჩარჩოები არ მიყვარს. საერთოდ, თუ ხელოვანი ჩარჩოში მოექცევა, საკუთარ თავს დაკარგავს. ხატვისთვის აუცილებელი პირობა ჩემთვის – სამუშაო გარემო და მუსიკა. ნახატებს ყოველთვის მუსიკის ფონზე ვქმნი, ჩემთვის მუსიკა ფერებად იშლება, რაცჩემს ნახატებში აისახება. თითქმის ყველა სტილში ვხატავ, გააჩნია რა ხასიათზე ვარ. ინსპირაცია შეიძლება ნებისმიერი მოვლენა გახდეს. . .
– სად ეზიარეთ სამხატვრო ოსტატობას, ვინ მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?
– ჩემს ოჯახში ყველა ხელოვანია დედაჩემისა და ჩემი დის გარდა – მამაჩემი, ჩემი ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დიდი პაპა. მამაჩემი პროფესიონალი დიზაინერია დიდი გამოცდილებით. რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში მუდმივად არის ფანქრები, ფურცლები, ტილოები, საღებავები და კიდევ რაღაც უცნაური მასალები, რომელთა დანიშნულებაც მარტო მამაჩემმა იცოდა. ჩემი ძმა მამის კვალს გაჰყვა, დიზაინერია. მე მხატვრობა ავირჩიე. ვფიქრობ, საკუთარი თავი სწორედ აქ ვიპოვე, ეს ჩემი სამყაროა… როცა ვხატავ, მთლიანად ნამუშევრებით ვარ მოცული, მერე ისინი ხან ჩემს სახლში იდებენ ბინას, ხან – ჩემი ახლობლების, ხან სრულიად უცნობი ადამიანების სახლებში, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, ყველგან მიჰყვება ჩემი ემოცია, სითბო და სიყვარული.
– სამომავლოდ რას აპირებთ, ანუ რას უნდა ველოდოთ თქვენგან შემოქმედებით სფეროში?
– მინდა გავმართო გამოფენა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა მომეწყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, პანდემიაც უკან დარჩება და მეც მომეცემა საშუალება, თქვენს წინაშე წარვსდგე, ჩემო თანამემამულენო. ყველაზე მეტი ნახატი ამ პანდემიის დროს შევქმენი, ბევრი სურათიც გაიყიდა. . . მიხარია, რომ შევძელი ჩემი ემოციები და განწყობა, ჩემი სიყვარული ადამიანებისათვის გამენაწილებინა… სულის ჰარმონიისაკენ ნაბიჯები ხომ გადავდგი?! მე თქვენთვის ვხატავ, მეგობრებო, მადლობას ვუხდი თითოეულ თქვეგანს, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს, მადლობა მათაც, ვისაც არ მოსწონს, თქვენ მე მაძლიერებთ და სტიმულს მაძლევთ, რომ კიდევ მეტი დავხატო, მეტი სითბო და სიყვარული გიწილადოთ.