,,ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივის ასაცილებლად ცდილობს, რომელიმე პარტია დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე”
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
საპარლამენტო არჩევნები-2020 დასრულდა. მმართველი გუნდი საკანონმდებლო საქმიანობის გასაგრძელებლად ემზადება და ცდილობს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში შესვლაზე დაიყოლიოს, ეს უკანასკნელნი კი ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. რა პერსპექტივა აქვს მოცემულ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და რა მოხდება, თუ არცერთი მხარე არ წავა კომპრომისზე? ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება სამართლის დოქტორს, კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ვთხოვეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
რისი იმედი აქვს ოპოზიციას, როდესაც ბოიკოტს უცხადებს მმართველ გუნდს?
– როგორც იცით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მან მიმართა სხვადასხვა სამართლებრივ საშუალებას როგორც სასამართლოში, ისე საარჩევნო კომისიაში, თუმცა საჩივრები არც კი განიხილეს. ქვეყანაში არსებობს უნდობლობა სასამართლო ხელისუფლების და საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ, რადგან ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას და საარჩევნო კომისიებშიც უმრავლესობა, ფაქტობრივად, მმართველ პარტიას აქვს. ასეთ ვითარებაში, ოპოზიციას სხვა გზა არ გააჩნია, თუ არა მიმართოს ბოიკოტის ფორმას და უარი განაცხადოს პარლამენტში შესვლაზე. ბოიკოტი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელსაც მიმართავენ დემოკრატიულ ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობაზე თუ საერთოდ, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ასე გავლენას მოახდენს მმართველ პარტიაზე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიაღწევს. რამდენად წარმატებული იქნება ეს ტაქტიკა, დრო აჩვენებს. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს აღნიშნულ პოზიციის, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.
– რამდენად ლეგიტიმური იქნება პარლამენტი, თუკი მხოლოდ ერთი პარტია შევა საკანონმდებლო ორგანოში?
– კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტს შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა იგი ლეგიტიმაციას მოკლებული იქნება, რადგან იქ არ იქნება წარმოდგენილი მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესები, რომელმაც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა. გარდა ამისა, პარლამენტის საქმიანობა მთელ რიგ პროცესებში სხვადასხვა პარტიულ წარმომადგენლობას გულისხმობს. მაგალითად: ფრაქციები, კომიტეტები, უმრავლესობა, უმცირესობა, დელეგაციები, ნდობის ჯგუფი და ა. შ. ამ ინსტიტუტებში პარლამენტის საქმიანობა დამყარებულია პოლიტიკურ პარტიებს შორის პროპორციულ თანამშრომლობაზე. თუ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, იგი თავისი შინაარსით არ იქნება პარლამენტი.
– პროპორციული არჩევნები, თუნდაც ნაწილობრივი, ხომ ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა პარტიით დაკომპლექტებას?
– პროპორციული არჩევნების მიზანი არის მრავალპარტიულობის, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჯგუფის ინტერესების წარმომადგენლობის მიღწევა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბრძოლა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, რაც საქართველოში არაერთი წელია გრძელდება. როგორც იცით, პროპორციული სისტემის მიღება ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა და საბოლოოდ შეთანხმდნენ ე.წ. 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, სადაც 30 წევრი კვლავ მაჟორიტარული წესით აირჩევა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მაჟორიტარული ადგილები შეენარჩუნებინა, თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ეს იყო კომპრომისული ვარიანტი, რაზედაც ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან მოახერხა შეთანხმება. სხვადასხვა მექანიზმი მიიღეს იმისათვის, რომ მაჟორიტარულ ადგილებს გავლენა არ მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და გადამწყვეტი ყოფილიყო პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები. თუმცა დღეს ოპოზიცია, პირველ რიგში, სწორედ პროპორციულ ნაწილში მიიჩნევს არჩევნებს გაყალბებულად. ამდენად, განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო კომისიების და სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო, საარჩევნო პროცესმა სრული ნდობა ვერ მოიპოვა.
– მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუკი გამარჯვებული პარტიები უარს იტყვიან მანდატებზე, შეუწყდებათ დაფინანსება. რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება?
– ეს სრულიად წარმოუდგენელია. სამართლის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ასეთი კანონის მიღება შეუძლებელია და იგი არაკონსტიტუციური იქნება. ამგვარი განცხადებები არის მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლის და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევის მცდელობა, რათა პარტიებს დაფინანსების შეწყვეტის მუქარით აიძულონ პარლამენტში შესვლა. მსგავსი კანონით დაფინანსებას ვერ შეუწყვეტენ პარტიებს, რომლებსაც არჩვენებში მონაწილეობის მომენტისთვის მოქმედი კანონით დაფინანსების მიღების უფლება აქვთ.
– ოპოზიცია აპელირებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ერთპარტიულ პარლამენტს და ამით საფრთხე შეექმნება ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. როგორია თქვენი კომენტარი?
– ერთპარტიული პარლამენტი არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. იგი უარყოფითად აისახება ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, მათ შორის, ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში, რომელიც მრავალპარტიულ დემოკრატიას ეფუძნება და ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებაში გვეხმარება. პირველ რიგში, აქ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი დასკვნა, რეზოლუცია და შენიშვნა აქვთ მომზადებული საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. მათ კარგად იციან, თუ როგორი რთული ვითარება გვაქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. „ქართული ოცნება” 2012 წელს ხელისუფლებაში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის დაპირებით მოვიდა და ევროკავშირმა მილიონობით ევრო დახარჯა ჩვენ მხარდასაჭერად ამ სფეროში. თუმცა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ე.წ. სასამართლო რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, სასამართლო კვლავ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის გამო არის დღეს შექმნილი ეს პოლიტიკური კრიზისი და ალბათ ევროკავშირი კვლავ მიაქცევს ამ საკითხს ყურადღებას. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და მოწოდებები შეთანხმების მიღწევასა თუ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კვლავ ჩვენი მხარდაჭერით არის განპირობებული. თუმცა აქვე კარგად უნდა გავაანალიზოთ ეს განცხადებები და ვფიქრობ, ოპოზიციამ მეტი უნდა იმუშაოს, რათა დეტალურად აუხსნას ჩვენს პარტნიორებს, როგორ გაყალბდა არჩევნები და რომ ასეთი ბოიკოტი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა განწყობების გამომხატველია. ევროპული ინტეგრაციისთვის სწორედ ამ პროდასავლური პარტიების და მათი ამომრჩევლის პოზიცია არის მნიშვნელოვანი.
– ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს. სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საინტერესოა, რამდენად გამართულად იმუშავებს პარლამენტი ასეთ შემთხვევაში?
-კანონმდებლობის მიხედვით, როგორც უკვე მოგახსენეთ, პარლამენტი შეიძლება შეიკრიბოს პირველ სხდომაზე და უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ოპოზიციის წევრების გარეშე, როგორც ვიცით, „ქართულ ოცნებას“ ექნება უმრავლესობა პარლამენტში და შეუძლია მიიღოს კანონები, სხვა გადაწყვეტილებები. თუმცა, ამავე დროს, არსებობს საკითხები, სადაც პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება მეტი ხმა, ვიდრე ეს არის უბრალო უმრავლესობა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ორგანული კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ, რასაც სჭირდება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობა, საქართველოს სახალხო დამცველი აირჩევა სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას – სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა – სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა – სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმა სჭირდება კონსტიტუციური კანონის მიღებას, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით მიიღება, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას ასევე, სჭირდება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობა. ჩამოთვლილთაგან შეიძლება ბევრი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ შეიქნეს ამ მოწვევის პარლამენტში, თუმცა თუ ეს აუცილებელი გახდება, პარლამენტს არ ექნება გადაწყვეტილების მიღების უნარი. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად სრულფასოვანია პარლამენტი, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
– რა პროცედურებით, როგორ ხდება საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა?
– პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას ცნობს პარლამენტი დადგენილებით და ამის შემდეგ, თითოეულ არჩეულ წევრს შეუძლია მიმართოს განცხადებით პარლამენტს საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რაზედაც ასევე პარლამენტი იღებს დადგენილებას. ამგვარად ხდება პარლამენტის მანდატზე უარის თქმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოთქმული აზრი, თითქოს პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციიდან არჩეული წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და ამგვარად შეინარჩუნებს ოპოზიციას პარლამენტში, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს აქვს უფლება, განცხადებით მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და პარლამენტი იღებს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, გააუქმოს თავისი პარტიული სია და გამორიცხოს პარტიული სიიდან ადგილმონაცვლეობა. ამგვარად, პარლამენტში არჩეულ წევრს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ვერავინ აიძულებს საკანონმდებლო ორგანოში დარჩენას.
– თეორიულად, თუ მოხდა ისე, რომ პარლამენტში 100 წევრზე ნაკლები მოგროვდა ოპოზიციის ბოიკოტის და მანდატებზე უარის თქმის შედეგად, მაშინ რა მოხდება?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუმცა ის ვერ შეასრულებს გარკვეულ უფლებამოსილებებს, რომელიც კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღრული. ამასთან თუ კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან და ეს 100 წევრია, შეიძლება ვთქვათ, რომ კონსტიტუცია პარლამენტის სრულ უფლებამოსილებას უკავშირებს ამ რაოდენობის წევრების ყოფნას პარლამენტში. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ თეორიულად ვიღაცამ მომავალში შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს იმ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საკითხი, სადაც ორ მესამედზე ნაკლები წევრია, კერძოდ, თუ რამდენად სრულფასოვანია ასეთი პარლამენტი. მოკლედ ძალიან ბევრი უხერხულობა შეიძლება შეიქნას.
– ავთანდილ დემეტრაშვილი გვეუბნება, რომ პარლამენტი არალეგიტიმური არ იქნება, მაგრამ ლეგიტიმაციაც ხარისხობრივია და საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობის ხარისხი დაბალი იქნება, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ჩინეთსაც კი არ ჰყავს. რა გამოსავალი რჩება მმართველ გუნდს?
– დიახ, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალი იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სრულფასოვან წარმომადგენლობით ორგანოდ აღქმის თვალსაზრისითაც. ბევრი საერთაშორისო ფორმატი არსებობს, სადაც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის, როგორც წესი, წარმოდგენილი და აქაც იქნება ბევრი პრობლემა. ვფიქრობ, საქართველო იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში და აქედან გამოსავალი შეიძლება იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება. მათ შორის, ეს შესაძლებელია იყოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო კომისიის შეცვლა და ა. შ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური კრიზისის გადალახვის ერთ-ერთი მექანიზმი არის ვადამდელი არჩევნების გამოცხადება. თუმცა როცა მმართველი პარტია არ აღიარებს შექმნილ სიტუაციას როგორც პოლიტიკურ კრიზისს, პანდემიის პირობებში, ისედაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, თანდათან მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მაინც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დღეს ცდილობს როგორმე რომელიმე პარტია დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე, რათა თავიდან აიცილოს ერთპარტიული პარლამენტის შექმნის პერსპექტივა.
– რამდენად ლეგიტიმურია არჩევნების მეორე ტური ოპოზიცი,ის ბოიკოტის ფონზე?
– არჩევენების მეორე ტური, ფაქტობრივად, იყო ერთპარტიული არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ აქტივობა ძალიან დაბალი იყო, საშუალოდ 25 % და იმაზე გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის ხმის მისაცემად, ვიდრე პირველ ტურში მისცა მათ ხმა.
– თქვენი პროგნოზი – რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, დათმობს პოზიციებს და შევა პარლამენტში?
– უახლოესი დღეები, პირველი სხდომის თარიღის მოახლოება გვიჩვენებს, თუ რა შეიცვლება, მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ, მიუთითებს რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და აგრძელებს ბოიკოტს. აქვე ალბათ ცნობილი გახდება, რა გეგმა ექნება ოპოზიციას, როგორ იმოქმედებს, თუ „ქართული ოცნება“ შეიკრიბება და საქმიანობას შეუდგება ერთპარტიულ პარლამენტში.
დასასრულ, ვიტყოდი, რომ დღეს ორი საკითხი არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: სასამართლო ხელსუფლების დამოუკიდებლობა და სანდო, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება. თუ ეს ორი საკითხი უახლოეს წლებში არ გადაწყდება, ვერ შევძლებთ ნორმალური არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების არჩევნების გზით მონაცვლეობას.