„მოვუწოდებ სხვა პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში, პროპორციულად გადაინაწილონ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები და გაზრდილი რაოდენობით წარმოადგინონ საკუთარი დეპუტაცია.“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
გაყალბებულ არჩევნებზე, უბნებში თუ გარეთ პარტიული კოორდინატორების მობილიზაციაზე ახლაც მიმდინარეობს ხმამაღალი საუბრები როგორც მასმედიაში, ისე აქციებზე. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ ადანაშაულებენ მმართველ გუნდს მუქარასა და ზეწოლაში. რა ხდებოდა არჩევნების პერიოდში საარჩევნო უბნებზე და რამდენად იყვნენ ჩართულნი პარტიის კოორდინატორები ხმის მიცემის პროცესში? ამაზე და „ქართული ოცნების“ გეგმებზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ბათუმის პარტიული ორგანიზაციის პარტიული აქტივის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავა.
– ბევრი კითხვა გააჩინა საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურმა. თუ შეიძლება, მოკლედ გაგვაცანით მათი მიმდინარეობის ძირითადი მომენტები.
– ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას, პრაქტიკულად, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს იმიტომ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და სხვა დამკვირვებლებმა, პრაქტიკულად ყველამ დაადასტურა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა არჩევნები. შესაძლოა, იყო ძალიან მცირე ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენდა გავლენას კენჭისყრის შედეგებზე.
– თქვენი ოპონენტები აპელირებენ ბიულეტენების შეცვლასა და დაკარგვაზე, ბალანსის დარღვევაზე მოსულ ამომრჩეველსა და აღნუსხულ ბიულეტენებს შორის.
– მე დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ პროცესს და მინდა დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი ფაქტები იყო, ოღონდ, პირიქით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მიმართული. ჩვენი ოპონენტები, ალბათ, სპეციალურ დავალებას ასრულებდნენ „ზემოდან“ და ხელოვნურად ქმნიდნენ ქაოსს, რათა შემდგომ მმართველი გუნდისთვის გადმოებრალებინათ გაყალბება. გასაპროტესტებლად ხომ უნდა ჰქონოდათ რაიმე ფაქტი მაინც. ეს განსაკუთრებით იოლი იყო აჭარაში, რადგან აქ, პარალელურად, უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობდა და ბიულეტენიც გაცილებით მეტი იყო. მოაკლებდნენ ბიულეტენებს, წაიღებდნენ სხვა უბანზე, იქ გადასცემდნენ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც ჩააგდებდნენ ყუთში და ასეთი მანიპულირებით ცდილობდნენ არჩევნების გაყალბების ილუზიის შექმნას. ვინც იყო უბნებზე, ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა. ასე რომ, არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ჯანსაღ, ნორმალურ გარემოში. ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები მოხსნილია, მით უმეტეს, ევროპარლამენტარებმა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოუწოდეს ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და იქ გამართონ დებატებიც და განხილვებიც, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა. ეს კითხვის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოგეხსენებათ, ისინი ცერემონიებს არ დაიწყებდნენ და დასკვნაში პირდაპირ მოგვახსენებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და არ ცნობდნენ შედეგს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ტყუილად ცდილობენ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას.
– „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორ ელენე ნიჟარაძის თქმით, ორივე ტურში თითო „კარუსელი“ დაფიქსირდა, ხოლო უბნებს გარეთ მყოფი პარტიული კოორდინატორები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, თან აკონტროლებდნენ მათი მოსვლის პროცესს.
– მე, როგორც პარტიული აქტივის რიგითმა ხელმძღვანელმა, მინდა აგიხსნათ, რა ხდება არჩევნების დღეს პარტიებში. ამ დროს ყველა პარტია (მათ შორის, ოპოზიციურიც) საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაზე მუშაობს. იქმნება გარკვეული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს არჩევნებამდე. მაგალითად: სააგიტაციო მასალის შეტანას, კანდიდატების და პარტიის პროგრამის წარდგენას, სამაჟორიტარო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებას, იწყება სიარული კარდაკარ და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, კანონდარღვევა არ არის თუ პარტიული აქტივისტები უბნებს გარეთ, მოშორებით დადგებიან და ერთმანეთს შეეხმიანებიან, ნუ დავიზარებთ მეგობრებო, მოვიდეთ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დავაფიქსიროთო. აქვე მინდა დავამატო, რომ ის ამომრჩევლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოპოზიციურ პარტიებს და მუშაობენ საჯარო სამსახურებში, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვერ იტყვიან, რომ კონკრეტულად მათზე განხორციელდა რაიმე სახის ზეწოლა.
– ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ, რომ ჩვენს გაზეთს არანაირი ზეწოლა არ ჰქონია მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ქვეეყნის სათავეში.
– ყველანი ბათუმელები ვართ და არ დაიმალება მსგავსი ფაქტები. გამოკითხეთ წვრილი თუ მსხვილი ბიზნესი, ყველა გაიხსენებს წინა ხელისუფლებების დროს ჩატარებულ არჩევნებს და იმასაც გეტყვიან, თუ როგორ აიძულებდნენ მათ ამ პერიოდებში გარკვეული თანხის მიტანას მმართველი გუნდის სარეკლამო ხარჯების დასაფარად. არცერთი ბიზნესმენისთვის არავის ერთი თეთრიც კი არ მოუთხოვია მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ქვეყნის სათავეში. პირიქით, იქით ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ ყველა კერძო წამოწყებას. ასე რომ, რაიმე სახის მუქარასა და ზეწოლაზე ლაპარაკი ჩვენი მთავარი ოპონენტების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
– იგივე ელენე ნიჟარაძეს მოსყიდვად მიაჩნია პანდემიის გამო დაანონსებული სოციალური პროექტები და თვლის, რომ ისინი დროზე ადრე გააჟღერა პრემიერმა.
– სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ ახალი წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმომ გამოაცხადა მსოფლიო პანდემია, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ადეკვატური ზომები, იყო ეს შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე თუ საბანკო სესხების გადავადება, ბიზნეს-სუბიექტებისთვის დახმარება და ა.შ. ახლა აღარ დავიწყებ ყველაფრის ჩამოთვლას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იმ პერიოდში სწორედ ამან შეუწყო ხელი კოვიდის შეჩერებას ჩვენს ქვეყანაში. არც ის დაგავიწყდეთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შევძელით სამმილიარდ-ნახევარი დოლარის მობილიზება, ფონდის შექმნა ანუ თუკი მაშინ, როდესაც მინიმალური დანაკარგები გვქონდა, არ ითვლებოდა ეს ზომები მოსახლეობის მოსყიდვად, ახლა, როდესაც ლამის კატასტროფამდეა მისული ერის მდგომარეობა და ყოველდღიურად 40-50-მდე გარდაცვლილი გვყავს, არჩევნების ჩატარებას უნდა დავლოდებოდით? იმ მიზეზით, მოსახლეობას არ ეფიქრა, რომ „თავს ვაწონებდით“, არ უნდა შემოგვეღო შეღავათები? სიმართლე გითხრათ, საკითხის ასე დაყენებაც კი აღმაშფოთებელია. იმას რატომ არ ამბობენ, პრემიერმა რომ განაცხადა კომუნალურების შეღავათებზე: მაინც დაწესდება, იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა აირჩიოთ პარლამენტშიო.
– კოვიდის გავრცელებასაც ხელისუფლებას აბრალებენ.
– კი, ესეც იკადრეს. ამას წინათ, გიგი უგულავას ინტერვიუს ნაწყვეტი ვნახე, რა დღეშია კაცი, დორბლებს ყრის, იფურთხება და ჩვენკენ იშვერს ხელს, თითქოს ჩვენი ბრალია კორონას გამძვინვარება. როგორ, ამ აქციებმა და უაზრო ღამისთევებმა არ შეუწყო ხელი კოვიდით ინფიცირებულების რაოდენობის კატასტროფულ ზრდას? მთავრობა რომ ყოფილიყო უნიათო, როგორც გვეძახიან, თავიდანვე ვერაფერს გააწყობდა და ვერ აღმოფხვრიდა ვირუსს ისე შედეგიანად. ყველაფერი სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ წინასაარჩევნო აგიტაციები, შემდეგ კი აქციები გამართეს. ბათუმის აქციებზე უმრავლესობას პირბადეც არ ეკეთა, აღარაფერს ვამბობ დისტანციასა და დეზინფექციაზე. ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან იოლია ხელის გამოშვერა მთავრობისკენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში და ჩვენ მოგვეწყო მსგავსი აქციები. რას გვიზამდნენ ხომ ყველამ ვიცით, არც მეტი, არც ნაკლები – სამშობლოს მტრებად, ქართველი ერის მოღალატეებად გამოგვაცხადებდნენ. ამიტომ, შეირგონ ის ლოიალობა, რასაც მმართველი გუნდი იჩენს მათ მიმართ, აიღონ მანდატები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა ისევ ანდო, შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას ეკადრება.
– ბატონო თენგიზ, თქვენი გადასახედიდან, რისი იმედი აქვს ოპოზიციას როდესაც ბოიკოტს აცხადებს. დანიშნავენ განმეორებით არჩევნებს?
– თუკი გადავხედავთ ევროპის სახელმწიფოების საპარლამენტო პრაქტიკას, საკანონმდებლო ორგანოებში პარტიები შედიან 38-37-36-პროცენტიანი შემადგენლობით და ქმნიან ძირითად სახელისუფლებო გუნდს. როდესაც მერკელის პარტიამ 37%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ეს ჩაითვალა დიდ მიღწევად. აქედან გამომდინარე, ჩვენი 47-48% მართლაც მონაპოვარია. მოსახლეობის ამხელა ნაწილის მხარდაჭერით გეძლევა მთავრობის ფორმირების სრული უფლება. პოლიტიკური კრიზისი კი ესპანეთს ჰქონდა, როდესაც არაერთი არჩევნების მიუხედავად ვერ შესძლეს კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამიტომ ვთვლი, რომ აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ. დარწმუნებული ვარ, განმეორებითი არჩევნების შემთხვევაშიც კი იგივე შედეგი ექნებათ, შეიძლება უფრო ნაკლები ხმებიც მიიღონ და რა ვქნათ ახლა, ამისთვის უნდა დავხარჯოთ რესურსი, დრო? . . . შემდეგ რას იტყვიან, ისევ არალეგიტიმურად გამოაცხადებენ არჩევნებს, ჩვენ დაგვდებენ ბრალს გაყალბებაში და იგივე მექანიზმებს აამუშავებენ?
– ერთპარტიული პარლამენტიც ხომ წარმოუდგენელია საპარლამენტო რესპუბლიკაში?
– პრინციპში, ოპოზიციური ფლანგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე გავიდა. პატარა პარტიებმა ბარიერიც ვერ გადალახეს. ისინი ამბობენ, ჩვენ ჯამში მივიღეთ 50%-ზე მეტიო. რა ვქნათ ახლა, მათ მივცეთ ხელისუფლება, ვისაც მოსახლეობის მინიმალურმა ნაწილმაც არ მისცა ნდობის მანდატი? აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ პარტიებმა 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს. არადა, ყველანაირად შეუწყო ხელი მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი და უმაღლესი საბჭო ჩამოყალიბებულიყო, თუმცა არც ეს დაგვიფასდა. იმ 8 პარტიას, რომელიც პარლამენტში მოხვდა, მიეცა სახალხო ტრიბუნა, საიდანაც ქვეყნის ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხს გააჟღერებს და იმუშავებს უკეთესი საარჩევნო სისტემის შექმნაზე, თუმცა არც ეს მოინდომეს. რაც შეეხება ბოიკოტს და ერთპარტიულ პარლამენტს, იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ჰყავს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ზრუნავს ქვეყანასა და ხალხზე. უკვე რეალურადაა დაწყებული საუბარი კოალიციების შექმნაზე. აქ არ იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა“. არ არის გამორიცხული, რომ ეს პარტიები შევიდნენ პარლამენტში. პრინციპში, სანამ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყება, რეალურად ვერავინ ვერაფერს გეტყვით. ჯერ არ ვიცით, თამაშის რა წესებზე შეთანხმდებიან.
– გამოდის, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავა პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად?
– მე არ ვამბობ, რომ კომპრომისი დაუშვებელია. პირიქით, ასე დროს ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, თუმცა იმასაც დავამტკიცებ, რომ არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ გვემუქრება. მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, არათუ ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოში არავის სცხელა პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ქართველი კაცის გონიერება გაიმარჯვებს და ის ტონის მიმცემი საშინელი გუნდი (ნაცმოძრაობა), რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, მაინც ჰყავს ამდენი მიმდევარი, სულაც არ შევა პარლამენტში.
– ე. ი. ერთპარტიულ პარლამენტს ვერ ავცდებით?
– რას ამბობთ, ეს არც ჩვენთვისაა მისაღები. მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში, პროპორციულად გადაინაწილონ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები და უფრო გაზრდილი რაოდენობით წარმოადგინონ საკუთარი დეპუტაცია.
– რამდენი ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში?
– მილიონ 600 ათასი. აქედან მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ეს არის აბსოლუტური ლეგიტიმაცია, რაც მთავრობის ფორმირების და ქვეყნის მართვის სრულ უფლებას გვანიჭებს.