ონლაინკონკურსი „იზოლაციის მუზა“ – ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი პანდემიის პირობებშიც ახერხებს ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო, მათთვის საჭირო პროექტების შეთავაზებას.
ამჯერად, ცენტრმა ხელვაჩაურში მცხოვრები 25 ახალგაზრდა ჩართო ონლაინკონკურსში „იზოლაციის მუზა“. კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა წარმოადგინეს იზოლაციის პერიოდში შექმნილი საკუთარი შემოქმედება: მოთხრობები, ჩანახატები და ესეები.
-კოვიდ-19-ის გამოწვევამ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენს საქმიანობაშიც. ახალგაზრდული ღონისძიებების წარმართვა პანდემიისა და დადგენილი რეგულაციების პირობებში, ცოტათი წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა სადაც ახალგაზრდობაა, იქ ჩანს მომავლის ხედვაც. ჩავთვალეთ, რომ არ გვქონდა მორალური უფლება, დავლოდებოდით რეგულაციების შემსუბუქებას, ჩვენ ხელი უნდა შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის დადებითი განწყობის შექმნაში, ამ პერიოდშიც კი – დროის რაციონალურად გამოყენებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ საგანმანათლებლო-წამახალისებელი ღონისძიებების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება დისტანციურ რეჟიმში, გეგმიური ღონისძიებები კი გადავდეთ გონივრული ვადით. პირველი ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩავატარეთ, იყო საინფორმაციო ტრენინგები თემებზე: ,,სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ და ,,კრიზისულ პერიოდთან გამკლავების სტრატეგიები“. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ინტერნეტთან და მოახერხეს აქტივობებში ჩართვა. მათგან მიღებულმა უკუკავშირმა საფუძველი მოგვცა, რომ ჩვენ არ გავჩერებულიყავით . . . ამიტომ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი დღემდე განაგრძობს ღონისძიებების მოწყობას, ბევრსაც გეგმავს. ზაფხულში, მაშინ როდესაც რეგულაციები ამის საშუალებას იძლეოდა, ჩვენ შევძელით დღის ბანაკის – ,,ეკოლოგიური წიგნიერების შესახებ“ ორგანიზება, რომელიც ეკოტურით დასრულდა, ასევე, ვმართავთ დებატებს, გამოფენებს, ფილმების განხილვებსა და ლიტერატურულ ვიქტორინას ღია ცის ქვეშ. მიმდინარე კვირაში ჩვენი აქტივობა – ონლაინკონკურსი ,,იზოლაციის მუზა“ მიზნად ისახავდა სხვადასხვა ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას, ხელშეწყობას, რომ მათ მოთხრობების, ჩანახატების, ლექსების თუ ესეების წერის ნიჭი აღმოეჩინათ საკუთარ თავში. შემოქმედებითი კონკურსის თემა იყო თავისუფალი, რათა ახალგაზრდები წერისას არ ყოფილიყვნენ შეზღუდულები რომელიმე კონკრეტული თემით და მართლაც, შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი ჩანახატები და მოთხრობები. მათი განხილვა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, ახალგაზრდებმა თანატოლებს იზოლაციის პირობებში შექმნილი საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს. ინტერნეტმომხმარებელთა ხმების რაოდენობის მიხედვით გამოვლენილ საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს წავახალისებთ წიგნების მაღაზიის ვაუჩერებითა და მეხსიერების ბარათებით. მომდევნო კვირეებში ვგეგმავთ აქტივობას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით და ინტელექტკლუბის ფარგლებში საფინალო ღონისძიებას, რომელსაც ახალგაზრდები მოუთმენლად ელოდებიან. ვფიქრობთ, კიდევ მრავალი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი, გვაქვს იდეები, რომლებიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და კვლევის შედეგებს ეფუძნება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დაძლევს მსოფლიო ამ გამოწვევას და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატა ხინკილაძემ.
ონლაინკონკურსში მიღებული ხმების უმრავლესობით, გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 7 ახალგაზრდა. მათ საჩუქრად წიგნების მაღაზიის ვაუჩერები და მეხსიერების ბარათები გადაეცათ.
ნინო ბერიძე:
– ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონკურსი იყო, რომელმაც ახალგაზრდებს საშუალება მოგვცა, ჩვენი ნამუშევრები გაგვეცნო უფრო მეტი ადამიანისთვის. მოვახერხეთ, ხმამაღლა გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ერთგვარი მოტივაციის მომცემია მსგავსი კონკურსები და ვფიქრობ, რომ ასეთი აქტივობები, მრავალი ახალგაზრდის შემოქმედების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.
ნატა მალაყმაძე:
-მივესალმები ასეთ წამახალისებელ კონკურსებს. ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი ყველანაირად ცდილობს, რომ იზოლირებული ბავშვები ჩაგვრთოს ინტელექტუალურ კონკურსებში და ამით მოგვცეს ნიჭის აღმოჩენის შესაძლებლობა.
ლიზი კახიძე:
– ძალიან კმაყოფილი ვარ იმ აქტივობებით, რასაც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი გეგმავს. ეს პროექტი მომავალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ ნიჭი. ყოველთვის განსხვავებულ და მრავალფეროვან აქტივობებს გეგმავენ და ცდილობენ ახალგაზრდების ცნობიერება ახალი ცოდნით გაამდიდრონ, გააღრმავონ. ყველაზე მნშივნელოვანი კი ისაა, რომ იზოლაციის პერიოდშიც კი, ისინი დისტანციურად ახერხებენ მოტივაციის შექმნას. ძალიან კმაყოფილი ვარ ამგვარი ღონისძიებებით. ვიმედოვნებ, რომ მათი ასეთი მიზანდასახულობა და მოტივაცია აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ ჯგუფის წევრი ვარ და მაქვს შესაძლებლობა ჩემი იდეები და ნიჭი გამოვავლინო. ამ პროექტების წყალობით, მე შევიძინე ახალი მეგობრები და ბევრი ცოდნა. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები სხვა რეგიონებშიც უნდა ჩატარდეს.
ნათია ფუტკარაძე:
– ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდობის ცენტრის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვარ, ვერთვები კონკურსებსა თუ ტრენინგებში. მივიღე მონაწილეობა კონკურსში „იზოლაციის მუზა“, რომელმაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა, რადგან იქ მიღებული ცოდნა, აუცილებლად დამეხმარება შემდგომში.
ნათია ჯიჯავაძე:
-პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს გვაკლია მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობა. თუმცა, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ამ სიცარიელეს გვივსებს და ყოველთვის სიახლეებს გვთავაზობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მან ჩაგვრთო კონკურსში „იზოლაციის მუზა“. ამ კონკურსის საშუალებით ჩემში აქამდე დაფარული ნიჭი აღმოვაჩინე. ამასთან, გავიცანი კონკურსის მონაწილეები და მათი შემოქმედება, რამაც დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ძალიან დიდი მადლობა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრს იმისათვის, რომ გვანებივრებს მსგავსი ღონისძიებებით.