„თუკი არ სურთ პარლამენტში შემოსვლა, ყურზე მოვკიდოთ ხელი და ძალით შემოვიყვანოთ, თუ რა ვქნათ?“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
სახალხო მინისტრად შერაცხულმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ქობულეთის საარჩევნო ოლქში, პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება, რითაც მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას სიყვარული და პატივისცემა.
პროფესიით ექიმი, დღემდე ავტორიტეტით სარგებლობს ხალხში, რაც მაღალი პროფესიონალიზმით და თავდაუზოგავი შრომით დაიმსახურა. ზაალ მიქელაძემ „აჭარასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, პანდემიასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
– მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის, აჭარაში ერთადერთმა გაიმარჯვეთ პირველივე ტურში. რითი ახსნით ამ წარმატებას?
– პირველ რიგში, იმით, რომ მე წარმოვადგენ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა იმ პროცენტის მოპოვების პრობლემა, რომლითაც გაიმარჯვა.
–ამის მიუხედავად, ორმა სხვა კანიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში უპირობო გამარჯვება.
-აქ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება დავასახელოთ, თუმცა ახლა ამაზე არ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ, რომ ამ არჩევნებში მე კენჭი ვიყარე ჩემს რაიონში, ჩემს კუთხეში, სადაც მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. პროფესიიდან გამომდინარე, ქობულეთში, პრაქტიკულად, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ვიცნობ და რომელიც არ მიცნობს. ზოგიერთის ოჯახის ან ბავშვების ექიმი ვიყავი, ზოგიც დაზღვევიდან მიცნობდა. შემდეგ იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომლის მეშვეობითაც უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამის საშუალება, ცხადია, სახელმწიფომ, ჩვენმა მმართველმა გუნდმა მოგვცა, ბოლოს კი, როდესაც აჭარის ჯადაცვის მინისტრად დავინიშნე, ყველა პროგრამის შემუშავება სწორედ ამ ხალხთან ურთიერთობით შევძელით. ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას და დაგვეფინანსებინა საჭირო მიმართულებები. ყველაფერ ამას კარგად ხედავს ხალხი, ყველამ იგრძნო ის სიკეთე, რისი მიცემაც შეძლო ხელისუფლებამ და საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს კენჭისყრის დროს იმ პროცენტებში, რომელიც საბოლოოდ დაიდო ცესკოს წევრების წინაშე და რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს.
–ბატონო ზაალ, ოპოზიცია აპელირებს, რომ მმართველმა გუნდმა გააყალბა არჩევნები. ამბობენ, იყო მუქარა, ზეწოლა ამომრჩეველზე. . . თავად ხომ არ შეგინიშნავთ მსგავსი რამ?
-ესენი ყველაფერს იტყვიან, უკან არაფერზე დაიხევენ. . . მსგავსი არაფერი გამიგია, როგორ შეიძლება, საკუთარ ხალხს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო! შეეშინდათ, შევაშინეთ და იმიტომ მოგვცეს ხმა?! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გავიმარჯვე, რომც არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, იგივეს ვიტყოდი, ანალოგიური დამოკიდებულება მექნებოდა. თუნდაც ხუთი ადამიანი მოგვიყვანონ (რადგან მათი ნომერი ხუთია), ვინც იტყვის, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა, რომ დაემუქრნენ და ძალით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიაცემინეს ხმა. იმასაც ამბობენ, ხმები მოგვპარეს და ბიულეტენები დაკარგესო, ამასაც თავად აკეთებდნენ. რას ნიშნავს გაყალბება, არ დავიჯერებ, ვერც კი წარმოვიდგენ, მსგავსი რამ დასჭირვებოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე კანდიდატს. ბრალდებები ცარიელი სიტყვებია, რადგან კონკრეტულად ვერც ფაქტს ასახელებენ და ვერც პიროვნებას, რომელიც ამ სიტყვებს დაადასტურებს. მე მომხრე ვარ, გადამოწმდეს ყველა უბანი. დავჯდები მათთან ერთად და გადავთვლი ხმებს, გადავამოწმებ იმ 43 ათას ხმას, რაც ქობულეთში იყო.
–დარწმუნებული ხართ, რომ ახალი გადათვლით ხმები არ მოგაკლდებათ?
-აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. შეიძლება უკეთესი ციფრიც კი მივიღო, რადგან სწორედ ისინი აყალბებდნენ.
-„სამართლიანი არჩევნები“ ასახელებს ფაქტებს და აცხადებს, რომ არჩევნების ორივე ტურში თითო „კარუსელი“ დატრიალდა.
-რას ნიშნავს „კარუსელი“? ჩვენი ოპონენტები კარგად არიან გარკვეული გაყალბების მსგავს მექანიზმებში და იმიტომ აცხადებენ ამას. პირადად მე, არც კი ვიცი, რას ნიშნავს ეს და არც მინდა ვიცოდე. ის თუ ახსოვთ, წინა ხელისუფლების პერიოდში, ზურგზე ფეხი რომ ჰქონდა დაჭერილი ნიღბოსანს საარჩევნო კომისიის წევრისთვის და ისე ათვლევინებდა კენჭისყრის შედეგებს. მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მაშინ, არჩევნების მათეულ პროცესებსაც ვაკვირდებოდი და კარგად მახსოვს ყველაფერი. ყველას ახსოვს ეს ფაქტები, თუმცა აღარ იხსენებენ. ცხვირწინ უხსნიდნენ ბიულეტენს იმათ, ვინც მათი იდეური მოწინააღმდეგე იყო და აიძულებდნენ მათთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას. აღარ მინდა იმ შავბნელი დროის ხსენებაც კი, მაგრამ მათი უტიფარი განცხადებები მაიძულებს. აღარ ვსდევთ იმ პერიოდის დანაშაულებრივ ქმედებებს, რადგან ქვეყანა სხვა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა, ბევრი სხვა პრობლემაა, თორემ დეტალებში „ამოვყრი“ ყველაფერს, რომელ საარჩევნო უბანზე რას შვრებოდნენ თავის დროზე.
–წინასაარჩევნოდ, სოციალური პროექტების წინასწარ დაანონსებასაც ედავებიან პრემიერს და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. გულისხმობენ კომუნალურების შეღავათებს და 17 წლამდე ბავშვებზე დახმარებას, იანვარში რომ უნდა გაიცეს.
-აბა, პროგრამული ბიუჯეტი როგორ დგება? 2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროდან ჩემს წამოსვლამდე მქონდა დაანონსებული. თავადაც კარგად იციან ეს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან? მეტი აღარაფერი დარჩათ სათქმელი. როგორ ფიქრობენ, დღეს გადავწყვიტე და ხვალ – გამოვაცხადე? აქ ხომ ფინანსებთან გვაქვს საქმე, რომელიც გაცილებით ადრე ნაწილდება. თავად არ იციან, რა გზებია გასავლელი, პროგრამად რომ აქციონ ნებისმიერი იდეა და გადაწყვეტილება? რა უნდა ექნა პრემიერს, ფარულად, მალულად განეხილა საკითხი და ერთპიროვნულად, ეკონომიკური გუნდის გარეშე დაემტკიცებინა? მსგავს აბსურდულ ბრალდებას კარგა ხანია არ შევსწრებივარ. სულ მაინტერესებს, როგორ, რა თავებში იხარშება ასეთი აზრები. . .
–პანდემიის გამძაფრებულ მეორე ტალღასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს აბრალებს.
-მსოფლიო პანდემიაც და მილიონობით ადამიანის დაინფიცირებაც ჩვენი ბრალია? უზარმაზარი გავლენის სფეროები გვქონია და არ გვცოდნია.
–მაინც რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების ასეთი მასშტაბური მატება, შეიძლება ითქვას, აფეთქება?
-აფეთქებას იწვევს ნებისმიერი არასწორი მობილობა, მით უმეტეს, ამ პერიოდში დაუშვებელია ხალხმრავალი, უმართავი, ბრმა ემოციებზე დაყრდნობით მოწყობილი აქციები, სადაც ადამიანები აღარ აკვირდებიან გარემოს, ვერ თოკავენ გრძნობებს და აღარ დაგიდევენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს: პირბადის ტარებას, დისტანცირებას თუ დეზინფექციას. ყველამ ვნახეთ ბათუმის აქციების კადრები, სადაც საქართველოს სხვა რაიონებიდან ჩამოსულები მრავლად იყვნენ. კარგად ვიცით, როგორც აგროვებენ ხალხს, მეგობრობით და ნათესაობით. ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ რომ დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინვე ვთქვი – შეხვედრები, აქციები და პროტესტის სხვა, ხალხმრავალი ფორმები ასე იოლად არ დასრულდებოდა. კარგად იცოდნენ, რომ ბათუმში იყო ინიფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ სპეციალურად არ ერიდებოდნენ.
– „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
-სხვებიც ანალოგიურად იქცეოდნენ, უბრალოდ „ნაციონალები“ მეტად აქტიურობენ და ესენიც ბრმად ჰყვებოდნენ.
–წინასაარჩევნო კამპანიას ხომ თქვენც აწარმოებდით როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი?
-კარგად რომ დაკვირვებოდნენ ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას, დაინახავდნენ, რომ ეზო-ეზო, უბან-უბან დავდიოდი, რათა არ შემეკრიბა 100-200 კაცი ერთად და არ შემექმნა ინფიცირების წინაპირობა. ახალი კორონავირუსის ერთადერთი შემაჩერებელი ქმედებაა ჯაჭვის წყვეტა, რაც ვერ მოხდება მანამ, სანამ გაგრძელდება ამ ადამიანების სხვადასხვა სივრცეებში შეკრება.
–სწორედ ამას ამბობენ, რომ შეკრებები ღია სივრცეში იმართებოდა და ვირუსის გადადება გამორიცხული იყო.
-თავად გადახედეთ კადრებს, კარგად ჩანს ის სივრცეები. იქ ხომ მჭიდროდ დგანან, რომელი იცავს დისტანციას, არც კი ახსოვთ კოვიდი და პანდემია, ისე არიან პროტესტით გატაცებული. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, აისახა შედეგზე და უკვე სულ სხვა პრობლემები შეექმნა ქვეყანას. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ისედაც იყო მოსალოდნელი. ეს ფაქტი არც დამალულა და არავის უთქვამს, რომ მეორე-მესამე ტალღა ძლიერი არ იქნებოდა, უბრალოდ, ირგვლივ აგორებული გაუმართლებელი პროტესტი რომ არა, ამ მასშტაბის არ იქნებოდა.
–თქვენ თქვით, რომ ეზო–ეზო დადიოდით, ყველაზე მეტად რომელი პრობლემები გამოიკვეთა მოსახლეობასთან ურთიერთობისას?
-სხვადასხვა სოფელს თუ უბანს განსხვავებული პრობლემა აქვს. ყველა ინდივიდუალურ შესწავლას და გადაწყვეტას საჭიროებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამიკვირდა, სოფლებში ისეთი გამართული ინფრასტრუქტურა დამხვდა. განსაკუთრებით მოწესრიგებულ, მოასფალტებულ შიდა გზებს ვგულისხმობ. ერთადერთი, კონკრეტული უბნების ჩიხებში შესასვლელი მონაკვეთები იყო დარჩენილი. მათი მოწესრიგება ჩანიშნულია მომავალი წლის ბიუჯეტში, ასე რომ, სწრაფად მოგვარდება ყველაფერი, თუ პანდემიამ არ შეგვიცვალა გრაფიკი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქობულეთსა და მის შემოგარენში პრობლემად რჩება წყალი და წყლის სისტემები. იმის მიუხედავად, რომ წყალუხვ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმდენად მოძველებულია სისტემები, ბევრ უბანს ხარვეზებით, ბევრსაც კი უხარისხო წყალი მიეწოდება.
–რაც შეეხება სოციალურ ფონს?
-ამ მხრივ, მოგეხსენებათ, ინფორმაცია მქონდა, სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიამ. უცხოეთში დასაქმებული ჩვენი ბევრი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა, ბევრმაც ადგილზე დაკარგა სამსახური და არავინ იცის, როდის აღდგება ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური განვითარების რიტმი.
–თქვენი გადასახედიდან, რისი იმედი აქვს ოპოზიციას, რომელიც ბოიკოტის რეჟიმს არჩევს? მმართველი პარტია კომპრომისზე წავა და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს?
– ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორ შეიძლება, არ მოგეწონოს კენჭისყრის შედეგი და ახალი არჩევნები მოითხოვო?! გაიარონ და იმ ჩემს ამომრჩეველს ჰკითხონ, კმაყოფილია თუ არა შედეგით. გამოდის, „ვიღაცის“ ახირება უნდა შევასრულოთ? ამის შემდეგ, ჩვენი მომხრეები რომ გამოვიდნენ ქუჩაში და იგივე მოითხოვონ, ეს მოიტანს დაუმთავრებელ არჩევნებს. ასე ყველა იტყვის: სანამ „მე“ არ ამირჩევთ, მანამ გავაპროტესტებ!
–ერთპარტიული პარლამენტიც ხომ არ არის გამოსავალი.
-თუკი არ სურთ პარლამენტში შემოსვლა, ყურზე მოვკიდოთ ხელი და ძალით შემოვიყვანოთ, თუ რა ვქნათ? ან გავუნაწილო ჩემი ხმები და არაფრად ჩავაგდო საკუთარი ამომრჩევლის ნება? იქნებ ბურჯანაძესავით ვიკითხო, როგორ ვერ მოახერხეს რიგი პარტიების ყიდვაო. დაფინანსების მისაღებად ბედნიერად დარეგისტრირდნენ ცესკოში, მაგრამ ეს რომ ხმებზე და პარლამენტის მანდატებზეა მიბმული, არავის გახსენებია. უმჯობესია, ყველამ ერთად ვიფიქროთ ქვეყნის და მოსახლეობის მომავალზე, პანდემია გაძლიერებულია, მისი შეჩერება კი მხოლოდ შეზღუდვებს და შეგნებულ ქმედებებს ძალუძს. სხვაგვარად ვერ გადავრჩებით.