ანზორ ბოლქვაძე: მადლობელი ვარ – მეოთხედ მენდო აჭარის მაღალმთიანეთი და ამირჩია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში
ხატი იაშვილი: 591982426 –
ანზორ ბოლქვაძე უკვე მეოთხედ აირჩიეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად. ოპონენტების საკმაოდ მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, კვლავ მას წარედგინა მაღალმთიანი აჭარის ინტერესები პარლამენტში. პირველ ტურში ვერ შეძლო სათანადო რაოდენობის ხმების მიღება. რა მოხდა არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის ბოიკოტს უნდა უმადლოდეს გამარჯვებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თუ მთიელებში საკუთარ პოპულარობას – ამაზე და მაღალმთიანი აჭარის ძირითად პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბოლქვაძე „აჭარასთან“ ინტერვიუში.
-ბატონო ანზორ, უკვე მეოთხედ ხდებით პარლამენტარი, პირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყავით, შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეხვედით „ქართულ ოცნებაში“?
-მე არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, ახლაც უპარტიო ვარ. უბრალოდ, „ქართული ოცნებიდან“ ვიყრი კენჭს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება და მმართველი გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ხალხი მიენდო და უკვე მესამედ აირჩია საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ფორმირებისთვის.
-როგორც გამოცდილი მაჟორიტარი, კარგად ხართ გარკვეული მაღალმთიანი აჭარის ძირითად პრობლემებში. თუ შეიძლება გამოვკვეთოთ რამდენიმე?
-პირველი და უმთავრესი ამოცანაა, მაღლმთიან აჭარაში შევინარჩუნოთ მოსახლეობა. მიგრაციულ პროცესებს იწვევს როგორც მეწყერი, ისე დასაქმების ადგლების ნაკლებობა. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მთის კანონი, რამაც გამოიღო გარკვეული შედეგი, თუმცა ამაზე შეჩერება არაფერს გვარგებს, აუცილებელია სხვა პროგრამების განხორციელება და ახალი პროექტების შემუშავება-რეალიზაცია. თანდათან მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის აღმშენებლობის პროცესი. წესრიგდება ინფრასტრუქტურა, შემოსულია გაზსადენიც ხულოს მუნიპაცილიტეტში, რაც უდიდეს პრობლემას მოუხსნის მთიელებს. სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ მიმართულებით და ზედიზედ შედის აჭარის სოფლებში ბუნებრივი გაზი.
-ინფრასტრუქტურული პროექტებიდან რომელს აღნიშნავდით?
-დაადგა საშველი და დაიწყო საუკუნის პროექტი – ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა. ამ მაგისტრალს კარგა ხანია ელოდა მოსახლეობა, რადგან აქედან შემოაქვთ ხულოში და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში როგორც შეშა, ისე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვები. აგრეთვე, ადგილობრივ ფერმერებს ადიგენის და ახალქალაქის ბაზრობებზე გააქვთ საკუთარი პროდუქცია, ზაფხულობით საქონელი გადაჰყავთ და ა.შ. ისიც აღსანიშნავია, რომ ხულო-ადიგენის გზას უდიდესი დატვირთვა ეძლევა მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის.
-ამ გზის მშენებლობის დასრულება როდისთვისაა დაგეგმილი?
-გზის მშენებელ კომპანიას ორი წლის ვადა აქვს მიცემული, ამ ეტაპზე ყველაფერი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ვადებშიც ჩაეტევიან და ხარისხიან გზას დაგვიგებენ. ასევე, დაწყებულია გზის მოწესრიგება ხიხაძირის მიმართულებით, მხოლოდ 7 კმ-ია დარჩენილი. ეს საკითხი ინფასტრუქტურის სამინისტრომ დადებითად გადაგვიწყვიტა, მშენებლობა აღდგა და მომავალ წელს, უკვე ახალდაგებული გზა მოემსახურება ხიხაძირის მოსახლეობას. ეს პროექტიც გათვლილია, ისევ და ისევ, ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებაზე.
-ხიხაძირში ტურიზმის განვითარება რა კუთხით იგეგმება?
-ხიხაძირს უდიდესი ისტორიული დატვირთვა აქვს. ამ ხეობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ხიმშიაშვილები, იქვეა ხიხანის ციხე, სადაც ახლა არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, აღსანიშნავია სხალთის და თხილვანის მუზეუმებიც, ორივე მოქმედია. ყველაფერი ერთად, საბოლოო ჯამში, მოიზიდავს როგორც შიდა, ისე უცხოელ ტურისტებს. კიდევ გავიმეორებ, ამ ხეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, რადგან ისტორიულადაა მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, სოფელ ვერნებში ეკლესიის ნანგრევებია, რომლის აღდგენაა დაგეგმილი. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კალოთაშიც, მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა მაღალმთიანმა აჭარამ დაიბრუნოს ის დატვირთვა, რომელიც გააჩნდა წარსულში და გახდეს ქვეყნის დასაყრდენი რეგიონი როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. აღსადგენია ხიხანის ხეობიდან გოდერძის უღელტეხილზე გადმომავალი ყოფილი სამხედრო გზაც, რის შედეგადაც წრიული მოძრაობის საშუალება მოგვეცემა და განვითარების მეტ პერსპექტივებს მივიღებთ.
-გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული მშენებლობები ისევ გრძელდება თუ . . .
-არ შეჩერებულა, მიმდინარეობს. კოვიდვითარების გამო შეზღუდულია სათხილამურო ტრასების და სასტუმროების ფუნქციონირება, თუმცა ისეთი გრანდიოზული პროექტებია ამოქმედებული, ამ უღელტეხილს მალე მართლაც საერთაშორისო დატვირთვა მიეცემა. ეს ყველაფერი კი, მოსახლეობის დასაქმებას და ადგილზე დამაგრებას შეუწყობს ხელს.
-დასაქმებას სათანადო პროფესიული განათლებაც დასჭირდება.
-დიახ, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა. ამოქმედებულია პროფესიული სასწავლებლები ხულოსა და შუახევში, ვფიქრობთ, ქედაშიც გავხსნათ. ეს ხელს შეუწყობს სათანადო დონის კადრების მომზადებას, რათა სამომავლოდ, როდესაც მიმდინარე პროექტები დასრულდება, არ შეგვექმნას კადრების დეფიციტი. ასე ვთქვათ, ყველაფერი კომპლექსურად კეთდება.
-ბატონო ანზორ, წინა მოწვევის პარლამენტში წარმოადგენდით მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტს, ახლა დაგემატათ ხელვაჩაურიც, იქ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას?
-ხელვაჩაურს, დღესდღეობით, მეწყრული მოვლენებით გამოწვეული პრობლემები აქვს. სწორედ არჩევნების წინა პერიოდში დაიღუპა ოჯახი და ბევრი ადამიანი დარჩა მეწყერსაშიშ ზონაში. მთავრობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შემოვიარეთ ეს ადგილები, ვნახეთ ჩამოშლილი გზა, სანიაღვრე არხი, საცხოვრებელი სახლების საყრდენი კედლები და ა.შ. დაზარალებულები გადავიყვანეთ ნაქირავებ ფართებში, დავაბინავეთ . . . პროფესიით მშენებელი ვარ, კარგად ვერკვევი ამ საკითხებში და გარწმუნებთ, დეტალურად შევისწავლი და ჩავერთვები ვითარების მოწესრიგებაში.
-როგორ აპირებთ ვითარების მოწესრიგებას?
-აჭარის მთავრობა აფინანსებს 25 ათას ლარს პროგრამით, რომელიც დაზარალებული ოჯახებისთვის სახლების შეძენაზეა გათვლილი. დოლარის კურსის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ამ თანხის გაზრდის აუცილებლობა, რადგან ბენეფიციარი ვეღარ ყიდულობს საცხოვრებელ ფართს. ამიტომ სესხი გამოაქვთ ბანკებიდან, რაც უარეს მდგომარეობაში აგდებს მათ. თანაც, ხალხის მთიდან გამოყვანა და ბარში ჩასახლებაც არ არის გამოსავალი. აქაც არის ადგილები, სადაც შესაძლებელია სახლების აშენება და მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხის ჩასახლება. ამით მთაც არ დაიცლება და პრობლემაც მოიხსნება. ცხადია, ყველაფერ ამას სათანადო საკანონმდებლო ბაზის მომზადება სჭირდება.
-მიწის კანონი ამოქმედებულია და მაღალმთიანეთის მიწებიც – დარიგებული, თუმცა გაჩერებულია იალაღების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
-დიახ, ეს საკითხიც გადაწყდა. ვაპირებთ იალაღებზე 500 კვ/მ ფართობის დამტკიცებას მათთვის, ვისაც იქ სახლი, ბოსტანი და დამხმარე ნაგებობები აქვთ.
-დღის წესრიგში დადგა გომის მთაზე მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხიც.
-კი, მართლაც მოსაწესრიგებელია, ქობულეთელების გარდა, შუახევის მოსახლეობაც დადის იქ ზაფხულობით და ითხოვს აშენებული სახლების რეგისტრაციას. ჯერ შეჩერებულია მშენებლობები, მაგრამ ბევრი ამ თემას იყენებს კუთხეებს შორის დასაპირისპირებლად, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. გარწმუნებთ, ყველაფერი კანონიერად მოწესრიგდება.
-მაღალმთიანეთში იგეგმება ზამთრის კურორტების ამოქმედება სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებით. ექსპერტების დასკვნებით, არის თუ არა სათანადოდ მშრალი ნალექი სათხილამურო ტრასის ასამოქმედებლად?
-თავიდანვე, როდესაც გადაწყდა სათხილამურო ტრასის გახსნა, ჩაიდგა მეტეოსადგური, რომელიც წლის განმავლობაში ამოწმებდა ნესტს, ქარის სიმძლავრეს და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდა ტრასები და აშენდა სათანადო შენობა-ნაგებობები. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. იმდენი და ისეთი მშრალი თოვლი მოდის ხულოში, დაბლობსაც გაგინაწილებთ (იცინის).
-ბატონო ანზორ, რატომ ვერ გაიმარჯვეთ არჩევნების პირველივე ტურში?
-მე მყავდა 19 კონკურენტი. აქედან, ათამდე პირი ხულოდან იყო. მოგეხსენებათ, ყველას ჰყავს სანათესაო-სამეგობრო. ძირითადი მიზეზი ხმების გადანაწილება გახდა.
-ბოიკოტი რომ არა, მეორე ტურში გაიმარჯვებდით?
-მე პირველ ტურშიც ძალიან ცოტა ხმა დამაკლდა, ხოლო მეორეში – საეჭვო არაფერი მქონდა. ბოიკოტის მიუხედავად, საკმაო ხმები წაიღო ოპოზიციამ. ასე რომ, უკონკურენტო გარემო ნამდვილად არ ყოფილა.
-მმართველ გუნდს არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში სდებენ ბრალს.
-არანაირი გაყალბება არ ყოფილა. თუ ასეა, პირველივე ტურში რატომ ვერ გავედი. მაღალმთიანეთში ყველამ ზეპირად იცის, ვინ ვის მისცა ხმა. არაფერი იმალება. იცით, მე რამდენმა ჩემმა მომხრემ მომიხადა ბოდიში, ბიძაშვილია და უარს ვერ ვეტყვი, მას უნდა მივცე ხმაო. რომელ მუქარასა და ზეწოლაზე ლაპარაკობენ, არ ვიცი. ვინ გაბედავდა და სხვის ბიულეტენს მე მომაწერდა, როგორც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს. მსგავსი რამ, უბრალოდ, წარმოუდგენელია. სხვათა შორის, ის ადამიანები, პირველ ტურში რომ ვერ მომცეს ხმა, მეორე ტურში დამიდგნენ გვერდით. პირველად 27 ათასი ხმა მივიღე, მეორედ – 33 ათასი. ასე რომ, ოპოზიციის სამადლო არაფერი გვაქვს.
-ოპოზიციის პროტესტის ფონზე, პარლამენტი შესაძლოა, ერთპარტიული აღმოჩნდეს?
-იმედი მაქვს, გამოიჩენენ გონიერებას ოპოზიციური პარტიები და ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში არ გააგრძელებენ დაპირისპირებას, საპროტესტო აქციებს. მოსახლეობამ მათ მისცა ნდობის მანდატი, აიღონ და ქვეყნის სახალხო ტრიბუნიდან განაცხადონ, რატომ არიან უკმაყოფილოები. პარლამენტარობა უმძიმესი შრომაა, ყველადღიურ დაძაბულ მუშაობას ითხოვს. დეპუტატი არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხელფასთან და ხელშეუხებლობის სტატუსთან.
-რა არის ყველაზე რთული მაჟორიტარისთვის მუშაობის პროცესში?
-ყველაზე რთულია ყურადღების სათანადოდ გადანაწილება, მოსახლეობის პრობლემების გაცნობა და დახმარება. ყველა ოჯახის ეზოში შენც უნდა ცხოვრობდე, საძებნელი არავის უნდა გაუხდე, რომ იმედად ჰყავდე. მათთვის შესაძლოა დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენდეს, როდის რომელ კანონს მიიღებ, მაგრამ ყურადღებას აქცევენ თუ დგახარ გვერდით ადგილობრივი საკითხის მოგვარებისას. არადა, მთას ნამდვილად აქვს პრობლემები, რომლის გადაჭრასაც, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, პარლამენტარის ჩარევაც სჭირდება. მადლობელი ვარ – უკვე მეოთხედ მენდო აჭარის მაღალმთიანეთი და ამირჩია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. მინდა მივმართო ჩემს ერთგულ ამომრჩევლებს და დავარწმუნო, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები. მთავარია, ეს პანდემია მშვიდობიანად გადავიაროთ და ისევ ჩავებათ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.