პური გაძვირდება?!
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
კოვიდის მომძლავრებას და უცხოური ვალუტის კურსის ზრდას, ცხადია, მოჰყვა ფასების გასამმაგება. მკვეთრად მოიმატა ზეთის, ცოცხალი თუ გაყინული ხორც-პროდუქტების და ა.შ. ფასებმა. დაიწყო ინფლაცია, რასაც ვერ ერევა არსებული ხელფასები, პენსიები თუ სოციალური დახმარებები. შეღავათები, რომლებიც მთავრობამ დააწესა, იმდენად ცოტას ეხება და თან მცირეა, რომ ამინდს ვერ ქმნის მოსახლეობის საერთო სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.
გაძვირდა ფქვილიც, რისი მეშვეობითაც ხალხი შიმშილის ზღვარს უმკლავდებოდა. ახლა საკითხი დაისვა პურ-ფუნთუშეულის გაძვირებაზეც, თუ სახელმწიფო ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით არ იმოქმედებს.
ამ საკითხზე ინტერვიუ შპს „ნაღდი პურის“ დირექტორ პაატა ცანავას ვთხოვეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
– პაატა, არსებულ ვითარებაში რამდენად შეძლებთ პურ-ფუნთუშეულზე ფასების შენარჩუნებას?
– თქვენ ალბათ იცით, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის ერთობლივად გავრცელებული განცხადების შესახებ, სადაც წერია, რომ ხორბლის აღნიშნული პარამეტრით, ფქვილსა და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. იგივეს ვაცხადებთ ჩვენც, რადგან ბიზნესს სხვაგვარად ვერ ააწყობ. ჩვენი შპს ყოველთვის იდგა მომხმარებლის გვერდით და არასოდეს ამბობდა უარს ფასების დაკონსერვებაზე, როდესაც ამის შესაძლებლობა გაგვაჩნდა, თუნდაც მცირედი პროცენტით, მაგრამ უკვე კარგა ხანია საუბარია ფასების გაზრდაზე, რადგან ამოიწურა ყოველგვარი რესურსი.
– თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?
– უკანასკნელ თვეებში საქართველოში ფქვილისა და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება, რაც გამომდინარეობს საერთაშორისო ბაზრებზე ფქვილის გაძვირებით. სხვათა შორის, ზემოთ ხსენებულ განცახდებაში გარკვევით წერია: „ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით რომელიც მსოფლიომ განიცადა „კოვიდ-19“-ის მომდინარეობით, კერძოდ, მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად, ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.“ ვფქირობ, აქ კარგადაა აღწერილი ვითარება, რამაც გვაიძულა მთავრობისთვის მიგვემართა.
– პანდემიის პირველ და მეორე ტალღას რატომ არ მოჰყვა მსგავსი განცხადებები?
– იმიტომ, რომ პანდემიის პირველი ტალღის (მარტ-აპრილის თვეებში) დროს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, შევძელით ამ გამოწვევებთან გამკლავება. ვგულისხმობ, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რამაც საშუალება მოგვცა, მინიმალური დანაკარგებით მივსულიყავით ივლისამდე ანუ 2020-21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში, წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად (200$ – ტონის ფარგლებში), სექტემბრის თვემდე. შემდგომ თვეებში, ხორბლის და შესაბამისად, ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი – 55-57 ლარის ფარგლებში, რაც კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.
– თუკი მაშინ დაგეხმარათ სახელმწიფოს სუბსიდირება, ახლა რა მიზეზით აძვირებთ პურს?
– მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება. თუ შეიძლება ისევ იმ მიმართვას მოვიშველიებ. კარგადაა ყველაფერი ჩამოყალიბებული. კერძოდ: „მსოფლიოს ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6 -ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება“.
– როგორც ცნობილია, თუ ერთგან დაბალია მოსავალი, სხვაგან – მეტია, ეს ვერ აბალანსებს ფასებს?
– დიახ, მეტი ხორბალი მოიყვანეს რუსეთსა და ავსტრალიაში, თუმცა იქ დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნის პრობლემები. შედეგად, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება. ამას ემატება მსოფლიოში კოვიდ -19-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვების მკვეთრი მატება. ხალხს ეშინია მსოფილო პანდემიის და პირველ ყოვლისა ხორბლით და სხვა სტრატეგიული პროდუქტებით მარაგდება. ხორბალი, ამჯერად, საშუალოდ, 30 %-ით მეტი მოიმარაგეს წამყვანმა ქვეყნებმა, რამაც კიდევ უფრო ძლიერად იმოქმედა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და დაძაბა მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარება.
– რუსეთმაც მოიმარაგა საკუთარი ხორბალი, ამით ხომ საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს?
– რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, წლის განმავლობაში უკვე მეორედ განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით, გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანსს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასის ზრდისთვის.
– დოლარი და ევრო კარგა ხანია გადაახტა სამმაგ ნიშნულს, თუმცა პურის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა.
– დიახ, არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ამ თვეების განმავლობაში, წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე, ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით, ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე, შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. ამ ფასით – 200 $- ტონა დაწყებული, ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი ჯდებოდა წინა პარტიებთან შედარებით. შესაბამისად, დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან დარებით და შეესაბამება 270 $ – ტონა ნიშნულს.
– რას ითხოვთ სახელმწიფოსგან?
– მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ სახელმწიფო ბაზარზე არ მოახდენს გავლენას საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი, გაძვირებული ფასი (270$ – ტონა). შესაბამისად, ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.
– თუკი ვერ მიიღეთ სუბსიდირება?
– ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ ბათუმის ბაზარზე შენარჩუნდეს სტაბილური ფასები, მაგრამ ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება, ეს ყველამ ვიცით.
– გულისხმობთ პურის ხარსიხის ან წონის დაკლებას?
– სხვათა შორის, „ნაღდი პური“, ყოველთვის ხარისხიან ნაწარმს ამზადებს. ჩვენთან ბევრი ასორტიმენტი ცხვება და ყოველთვის გვყავს მომხმარებელი, მით უმეტეს, რომ ბათუმისა და აჭარის გარდა დასავლეთ საქართველოს ვამარაგებთ. შეიძლება დიდი რაოდენობით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ შესძლებისდაგვარად ვცდილობთ, გემრიელი პური მივაწოდოთ მომხმარებელს. ჩვენი ნამცხვრებიც გამოირჩევა გემოთი და ფუნთუშებიც. ამასთან, შევდივართ ქსელურ მაღაზიებში, სადაც დაუშვებელია ხარისხის დაცემა. სარესტორნო ბიზნესის შეჩერება თავისთავად დაგვარტყამს ბიუჯეტზე და ამ ფონზე, თუკი კიდევ ფქვილის ფასის კომპენსაციაც მოგვიხდა, უბრალოდ, დავიხურებით.
– თქვენ ამბობთ, რომ ყოველგვარი რესურსი ამოიწურა?
– რა თქმა უნდა, ასე მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვართ, ანალოგიურ ვითარებაშია სხვა პურის ქარხნებიც და წისქვილკომბინატებიც. ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდით, რადგან მოსახლეობა ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ განცხადებას პურის გაძვირების თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ ირგვლივ ყველა პროდუქტი უკვე კარგა ხანია გაძვირებულია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ მხრივ, ამიტომაც ვციდლობთ, მსოფლიო პანდემიის გამო მაინც, არ დავძაბოთ მომხმარებელი და მხარში დავუდგეთ ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში.
***
მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება, რაც წესით, უნდა ასახულიყო პურის ფასზე, მაგრამ პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი, თან გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან, რის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მინდა მოსახლეობას სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“.
მისივე თქმით : „ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ, როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნეს-ოპერატორების მიმართაც. აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, იმიტომ რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებით მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული“.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს-სექტორს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ წინაპირობის გარეშე პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს.
***
გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებულ მცირე პრესგამოკითხვას:
ნონა ლაბაძე: „ისედაც გააფუჭეს პურის ხარისხი, ყველაფერი გაძვირდა და ესეც რომ გააძვირონ, ძალიან გაუჭირდება ხალხს. როდესაც საჭმელი არ არის, პურს ბევრ ატანენ და ისე ნაყრდებიან, ამასაც თუ ასტრონომიული ფასი დაადეს, რა უნდა ვქნათ, არ ვიცი“.
მამუკა არეშიძე: სიმართლე გითხრათ, ჩემი ცოლი კარგა ხანია სახლში აცხობს პურს, რადგან მისი ყიდვა ძვირი გვიჯდება. დღეში 7-8 პური გვინდა, ეს კია 7 ლარი. თანაც მცირე წონა აქვს, ქერქს ვერ შეჭამ, გული იფშვნება და რა გრჩება? ამიტომ ვაცხობთ, კილოგრამამდე ფქვილით ორი დიდი „ბუხანკა“ გამოდის და კარგად გვყოფნის ყველას. პურს არ ვდარდობ, გააძვირონ და გადაყარონ თუ უნდათ, ისეთი ცუდი ხარისხი აქვთ, ფქვილი რომ უკვე გაძვირებულია, იმას რა ვუყოთ, ამაზე ვნერვიულობთ“.
ლილი კაკალაძე: „ფქვილი რამდენი ხანია გაძვირდა, ამ დღეებში კი, ალბათ საახალწლო საჩუქრებს გვიმზადებენ ამ ხერხით, იმხელა ფასები დაარტყეს ყველგან, რომ მაღაზიებში შიშით ვერ შევსულვარ. რა გახდა ასეთი, რა მოხდა, ხელფასებს გვიზღუდავენ, პენსიებს თეთრებით ზრდიან და ახლა პურის გაძვირებითაც გვემუქრებიან. დავიღალეთ, აქეთ – პოლიტიკა და ბოიკოტი, იქით – პანდემია და კორონა, ახლა კიდევ გასამმაგებული ფასები პროდუქტებზე, როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, როდის გვეღირსება ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბება, ხელფასი რომ იხელფასებს და ფული თვის დასაწყისიდან თვის ბოლომდე მიგყვება?!“

