,,ახლა თითქოს ადვილია ამაზე საუბარი, რადგან ყველა მაშინდელი განცდა წარსულს ჩაბარდა“…
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
17 წლის იყო, პირველად რომ ჩავიდა იტალიაში, ქალაქ პეზაროში, საიდანაც დაიწყო მისი საოცნებო ცხოვრება. ბავშვობიდან მღერის, მრავალ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იტალიის კონკურსი იყო ის, რამაც თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება. იბრძვის წარმატებისთვის, რომელსაც სამშობლოს, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს უძღვნის.
როგორ აღმოჩნდა იტალიაში, რა გზა გაიარა და რაზე ოცნებობს, ამ და სხვა კითხვებზე მარიამ გოგბერაშვილი გვიპასუხებს.
– 23 წლის ვარ. ბავშვობიდან ვმღერი. სცენაზე დგომაზე პატარაობიდან ვოცნებობდი და ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოცნება რეალობად მექცია. სიმღერის გაკვეთილბზე 3 წლიდან დავდივარ. ჩემი მასწავლებელი მზია მაცაბერიძე მრავალმხრივად განვითარებაში მიწყობდა ხელს – ვმღეროდი პოპს, ჯაზს, თითქმის ყველა სტილს. ერთხელაც, ჩემი მშობლები დაიბარა და უთხრა: „თქვენს შვილს დიდი მომავალი აქვს, ცოდოა მისი ხმა პოპისთვის გავაფუჭოთ, რადგან უსასრულო შესაძლებლობები აქვს, მოდი, ოპერა ვცადოთ“. მშობლებმა რჩევა გაითვალისწინეს და თავად მზია მაცაბერიძემ გამიწია რეკომენდაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტთან, ქალბატონ ელენე ჯანჯალიასთან. ის პარალელურად, მუსიკალურ სკოლა „აფხაზეთი პირველში“ მუშაობდა აკადემიური ვოკალის სპეციალისტად. ასე დავიწყე საოპერო ხელოვნებაში პირველი ნაბიჯების გადადგმა. უბედნიერესი ვარ, რომ გამიმართლა და ელენე მასწავლებლის ხელში აღმოვჩნდი, მან მაზიარა დიდ ხელოვნებას.
– იტალიაში როგორ აღმოჩნდი ?
– მე და ჩემი მასწავლებელი მუდმივად კონკურსებზე დავდიოდით თბილისში, ბათუმში, თურქეთში, უდიდესი შრომისა და ძალიან ბევრ ადამიანურ სიამოვნებაზე უარის თქმის ფასად, ერთად ვაღწევდით წარმატებებს. თურქეთის კონკურსიდან პირველი ადგილით ჩამოსულებს, იტალიის კონკურსში მონაწილეობის ამბიციაც გაგვიჩნდა. ასე მოვხვდი პირველად იტალიის პატარა ქალაქ პეზაროში.
– კონკურსი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?
– კონკურსს ერქვა. დიდი წარმატების იმედი არ მქონია, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო და საკმაოდ ძლიერი მომღერლები იყვნენ ჩემი კონკურენტები. ვფიქრობდი, გამოცდილებას მივიღებ და ამის გამო ღირს ცდა-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, საპრიზო ადგილი ავიღე. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, როგორც მე, ისე ჩემმა პედაგოგმა. ბედნიერები დავბრუნდით სამშობლოში, სადაც ოჯახი და მეგობრები გველოდნენ.
– როგორც ვიცი, ჯერ იყო აკადემია. . .
– პეზაროში ყოფნისას ქართველმა მომღერალმა, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა, არაერთი დიდი კონკურსის გამარჯვებულმა და წარმატებულმა მომღერალმა ოთარ(ბაჩო) ნაკაშიძემ შემამჩნია. გაცნობის პირველივე დღეს მკითხა: „მარიამ, ასეთი პატარა ხარ და ამხელა შესაძლებლობები გაქვს, არ გინდა, ბედი აქ, იტალიაში ცადო?“ ეს სრულიად წარმოუდგენელი მეგონა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიაზრებდი, რამხელა ფინანსებზე იყო საუბარი, რაც საქართველოში ჩვეულებრივი ოჯახისთვის წარმოუდგენელი თანხებია. თანაც ცხოვრებაში სკოლაშიც კი არ წავსულვარ დედის ან მამის გარეშე და წარმოუდგენელი იყო 16-17 წლის ასაკში ამხელა ნაბიჯის გადადგმა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბატონი ბაჩო ჩემს მშობლებს დაუკავშირდა. უთხრა მათ, რომ ჩემით პეზაროს მუსიკალური აკადემიის დირექტორი იყო დაინტერესებული, დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი და სთხოვა ჩემებს, ამაზე ეფიქრათ. ზაფხულში აკადემიიდან მოწვევაც მომივიდა. ბაჩოს დიდი გულშემატკივრობითა და დახმარებით, გადავწყვიტეთ მთელმა ოჯახმა, რომ დიდი სიახლეების დრო იყო და ნოემბერში უკვე სტუდენტი გახლდით. ახლა თითქოს ადვილია ამაზე საუბარი, რადგან ყველა მაშინდელი განცდა წარსულს ჩაბარდა. . . აკადემიაში სწავლის პერიოდი ჩემთვის რთული აღმოჩნდა, სრულიად მარტო დავრჩი ამ უცხო ქვეყანაში, სადაც ხელმძღვანელის გარდა ჩემიანი არავინ მეგულებოდა. დეპრესია რომ არ მომძალებოდა, თავით გადავეშვი საქმეში, ვმეცადინეობდი დილიდან დაღამებამდე, მქონდა მასტერკლასები ისეთ მომღერლებსა და საოპერო ხელოვნების სპეციალისტებთან, ვისთან ერთად მუშაობაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი: ალა სიმონე, უილიამ მატეუცცი, კარლო მორგანტი. . . ეს მათი არასრული ჩამონათვალია. მათ მაზიარეს იტალიური ოპერის ხელოვნებას. აკადემიის წლები საოცრად დატვირთული და საინტერესო იყო, კონცერტები ყოველ კვირას იმართებოდა, საღამოებს ესწრებოდნენ ოპერის მოყვარული მელომანები, სპეციალისტები და ექსპერტები, ეს წლები ჩემს ცხოვრებაში განუმეორებლი იყო.
– კონსერვატორიაში ჩაბარება როდის და რატომ გადაწყვიტეთ?
– აკადემიის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩაბარება. ყველა მეუბნებოდა, რომ საამისოდ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ იმდენი ხანია სცენაზე ვდგავარ, თავს პატარად ვერ აღვიქვამდი, თანაც კონსერვატორიის დიპლომი აუცილებელია ნებისმიერი მომღერლისთვის. ასე ვთქვათ, ეს შენი განათლების გარანტია. ბებოსთან ერთად გადავედი ნეაპოლში ბედის საძიებლად. ბებო ჩემი სიმშვიდის გარანტიაა. ის მხარში მიდგას, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ვამხნევებთ ამ უცხო ქვეყანაში. ათასგვარი საბუთის მიტანა დამჭირდა და შემდეგ – გამოცდა ვოკალში. ეს კიდევ ერთი საოცრება იყო ჩემს ცხოვრებაში – თქვენ წარმოიდგინეთ, პირველივე ცდაზე მოვხვდი ნეაპოლის კონსერვატორიაში. ამიყვანა კონსერვატორიის მიმღები გამოცდების კომისიის თავჯდომარემ, პროფესორმა ვალერია ბაიანომ. ის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგია კონსერვატორიის ლექტორებს შორის. როგორც დედამ შვილი, ისე მიმიღო და დღემდე მხარში მიდგას. ჩემი დიდი შრომისა და მისი უანგარო, თავდადებული შრომის წყალობით, დღეს მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, თანაც 100%-იანი დაფინანსებით.
– როგორი იყო პირველი თვეები უცხო ქვეყანაში ?
– როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი თვეები კოშმარული იყო უცხო მიწაზე. საშინელებაა, როდესაც არავისი გესმის, არც ერთი ქუჩა არ გეცნობა, არც ნაცნობი ან მეგობარია ახლომახლო, არც სახლში დაბრუნებულს გხვდება თბილი გარემო და მზრუნველი დედა. უზომოდ მენატრებოდა ოჯახი, ჩემი დები. . . . თავი ჯოჯოხეთში მეგონა, სადაც ჩემი არავის ესმოდა და მეც – არავისი, თუმცა სწორედ ეს დამეხმარა გარემოსთან ადაპტაციაში, 3 თვეში მოვახერხე ენის შესწავლა და უცხო გარემოც ჩემთვის სასიკეთოდ მოვირგე. ბევრჯერ ყოფილა წუთები, როცა მიფიქრია, რომ მორჩა, დამთავრდა, ეს უკანასკნელი ძალებია და მეტს ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ ზოდიაქოთი ვერძი ვარ და დამარცხებას ასე ადვილად ხომ ვერ შევეგუებოდი?!
– გეგმებზე რას გვეტყვით ?
– უამრავი გეგმა მაქვს. მინდა წარმატებას მივაღწიო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საოპერო ხელოვნება ჩემი ცხოვრებაა და სცენაზე დგომა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, მეორეც – ადამიანები, რომლებმაც უამრავი რამ გაიღეს ჩემი წარმატებისთვის, ნამდვილად იმსახურებენ დიდ სცენაზე ჩემ დანახვას, კიდევ იმიტომ, რომ მინდა ჩემი სახით კიდევ ერთი ადამინი ჰყავდეს საქართველოს, რომელიც ასახელებს და ამ პატარა ქვეყნის სახელს საზღვრებს გარეთ გაიტანს.
– სამშობლოში დაბრუნებას თუ გეგმავთ?
– საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა ვგეგმავ! ჩემი სამშობლოს, ოჯახისა და მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი ჩემი ქვეყნისა და საყვარელი ადამიანებისთვისაა, პირველ რიგში! იმედია, ღმერთი ძალას მომცემს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.
– დაბოლოს, რას ურჩევთ თანატოლებს ?
– არასოდეს დანებდნენ, არასდროს ჩაიქნიონ ხელი. იქ ყოფნისთვის, სადაც დღეს ვარ, უამრავი რამ გავიღე, ძალიან ბევრჯერ წავიქეცი, თუმცა, შევძელი წამოდგომა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა. არასოდეს დავნებებულვარ. ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი ოცნებების ახდენისათვის. გჯეროდეთ და იშრომეთ, ძალიან ბევრი იშრომეთ და დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დაგიფასდებათ!