კიდევ ერთხელ რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების შესახებ
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
იცვლება ბრძოლის წესები და მეთოდები, რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ აგრესიას, რაც გამოიხატება არა მხოლოდ უხეში, არამედ „რბილი” ძალით ზემოქმედებაშიც, რასაც მოსკოვი ახლო სამეზობლოში გავლენის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის იყენებს. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ დასავლელი ანალიტიკოსები აქტიურად საუბრობენ და საქართველოს ხელისუფლებას კონტრზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. დასავლეთში, თამამად შეიძლება ითქვას, აცნობიერებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. ამ მიმართებით სოციალურ ქსელებს და მედიას კრემლი მოხერხებულად იყენებს, აღიარებულია, რომ რუსული საგარეო ამოცანა სიმართლის გარკვევა კი არ არის, არამედ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს მიზანია მსოფლიოში და მით უფრო საქართველოში პრორუსული დისკურსის გაძლიერება, ანუ ევროპული ფასეულობების ნიველირება – თითქოს ევროპა გარყვნილია, რუსეთი კი ერთმორწმუნე და კეთილმოსურნე. ამ პროპაგანდის მთავარი პოსტულატია ის, რომ ქართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება დასავლეთის კურსზე უარის თქმით. რუსული მედია (ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ) სისტემატურად გვახვევს თავს მოსაზრებას – ქართველები დასავლეთთან მეგობრობის გამო დავკარგავთ ეროვნულობას, დასავლეთი არ დაგვეხმარება, რაც, მათი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტმაც ცხადყო, ხოლო თუ რუსეთის მზეს დავიფიცებთ, იგი მუდამ ჩვენს გვერდით იქნება. . . რეალობა ის არის, რომ თავად რუსეთი ებრძვის დემოკრატიის ყოველგვარ გამოვლინებას, ახშობს თავისუფალ აზრს საკუთარ ქვეყანაში. დიდი გამჭრიახობა არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ რუსეთი ცდილობს და კვლავ შეეცდება საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის გამძაფრებას და ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობის შექმნას. სწორედ ამგვარ მოსაზრებას ავითარებენ პოლიტოლოგები. მათი აზრით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყოველთვის იქნება რუსული პროპაგანდის სამიზნე. მის განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველო იპყრობს. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე გარემოება გვაძლევს: თუ საქართველო ნატოს (ამერიკელი და ნატოს გავლენიანი ჩინოვნიკები ღიად საუბრობენ, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატოს წევრები უახლოეს მომავალში) წევრი გახდება, რუსეთი დაკარგავს თავის გავლენას არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. თვალნათლივ ვხედავთ, რომ როცა ევროატლანტიკურმა ორგანიზაციებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, კრემლი ყოველთვის ძალისმიერ მეთოდებზე გადადის, 2008 წლის აგვისტოს ომი ანუ აგრესია საქართველოს მიმართ ამის მკაფიო მაგალითია. ეს ომი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანას მაპ-ი არ მიეღო. კრემლი თავად აპიარებს იმ მოსაზრებას, რომ ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს არ მიიღებენ და ავრცელებს (არადა, მსოფლიოში ნატოსა და ევროკავშირზე დემოკრატიული გაერთიანება არ არსებობს) მითებს ნატოს შესახებ: საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არ მოგვარდება. არადა, რეალობა სულ სხვაგვარია. ნატოს არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ხელს შეუშლის ნატოში გაწევრიანებას, ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზეა საუბარია, ალიანსიმ წესდების ე. წ. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია. ამ მუხლის მიხედვით, ნატოს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მოიწვიონ ალიანსში ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წვლილი შეიტანოს ალიანსის უსაფრთხოებაში. ამ კრიტერიუმებით საქართველოს შეუძლია გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული ნატოს წევრი ქვეყანა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. ეს რაც შეეხება პირველ მითს. ახლა მეორე მითი განვიხილოთ: თითქოს საქართველოს, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე უარის თქმა. ეს მითი მთლიანად აცდენილია რეალობას. ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას! სინამდვილეში, ნატო მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი საქართველოდან. „ნატო არ არის ქართველი ხალხის არჩევანი“ – სწორედ ასეთ მითს აპიარებს რუსული პროპაგანდა. სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. ამას ადასტურებს უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტია, როცა მოსახლეობის 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს გადაწყვეტილება თაობათა არჩევანია. დღემდე ნატოში გაერთიანება საქართველოს მთავრობის საგარეო პრიორიტეტად რჩება და მას ყველა გამოკითხვით, საქართველოს მოქალაქეების ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს. არანაკლებ საინტერესოა ეს მითიც: „1992 წლიდან დღემდე ნატო- საქართველოს თანამშრომლობის პროცესში პროგრესი არ აღინიშნება“. რეალურად ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მუდმივად პროგრესირებადია და ამ პროცესში საქართველო ყოველ ეტაპზე სულ უფრო უახლოვდება ალიანსს. დღეს საქართველოს ასპირანტის ანუ გაწევრიანების მსურველი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო ე. წ. მაპ-ის გაგრძელება იქნება. მასში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება, გარდა ამისა, 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს დაპირება ნატოს მომდევნო სამიტებზეც მრავალჯერ დადასტურდა. რაც მთავარია, 2014 წელს, ნატომ საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი გადასცა, რაც საქართველოს უსაფრთხოების გამყარებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალი მექანიზმია. მაგალითად, აღნიშნული პაკეტის ფარგლებში (2015 წლის აგვისტოში), საქართველოში ნატო – საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა, რაც ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. რუსეთი რის რუსეთი იქნებოდა, ამ მითსაც რომ არ აპიარებდეს: „დასავლური ღირებულებები ქართულთან შეუთავსებელია“, რაც ცხადია, სრული სიცრუეა.. ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი არჩევანი ყოველთვის იყო განპირობებული დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით, რაც გულისხმობს ტოლერანტობას, სამართლიანობას და ოჯახისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნოყიერი ნიადაგი აქვს. ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთი შემდგომ ფასეულობებს ეყრდნობა – ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ეს ღირებულებები ყოველთვის იყო საქართველოს ბუნებრივი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ამის დასტურია.