„პირველ პლანზე აყენებენ პარტიულ ინტერესებს და ფინანსურ მდგომარეობას“
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი, ცდილობს შეაფასოს ირგვლივ განვითარებული ურთულესი პოლიტიკური პროცესები და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, როგორც ნეიტრალურმა პოლიტიკოსმა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ბატონო მერაბ, რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში?
– სიმართლე გითხრათ, ლამის 17 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ასეთი საშინელი ველი, როგორიც ახლა იყო, ჯერ არ მინახავს. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ ვერცერთ პოლიტიკურ გუნდს ბოლომდე ვერ გავყვებოდი ხმების მოპოვებისთვის ბრძოლაში. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არად დაგიდევენ პრინციპებს და დღეს თუ ერთ ძალას ემხრობიან, ხვალ მეორეს უკმევენ საკმეველს. მსგავსი რამ არ შემიძლია. თუკი ვერ გავითავისე პარტიის ამოცანები, თუკი არ ვეთანხმები პრინციპულ მიმართულებაში, ვერ დავუდგები გვერდით და ვერ ვუღალატებ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ვამჯობინე შეჩერება და ვარკვევ, სად, როდის და რა ფორმით ჩავერთვები პოლიტიკაში სამომავლოდ, მანამდე კი ოჯახს მივხედავ და გავაგრძელებ უფლებადამცველის საქმიანობას.
– ბატონო მერაბ, თქვენ „პატრიოტთა ალიანსიდან“ შეხვედით უმაღლეს საბჭოში, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობდით. რატომ მიხვედით ან წამოხვედით „პატრიოტებიდან“?
– „პატრიოტთა ალიანსი“ აღმოცენდა წინააღმდეგობის მოძრაობიდან, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელიც ვიყავი. ამასთან, ბელგიაში პოლიტდევნილთა ომბუდსმენიც გახლდით. როდესაც პარტია ჩამოვაყალიბეთ, ჩემს მეგობრებთან – ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან ერთად ვაგრძელებდი ბრძოლას. შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, დამოუკიდებელ დეპუტატად დავრეგისტრირდი და აქამდე ვერ ვნახე პოლიტიკური ძალა, რომელშიც გავერთიანდები. ამიტომ, ამ ეტაპზე გაჩერება ვამჯობინე.
– როგორც ნეიტრალური პოლიტიკოსი, როგორ შეაფასებთ არჩევნებს – გაყალბდა თუ არა?
– ძალიან ძნელია შეფასება, მით უმეტეს, როდესაც გარედან უყურებ პროცესებს და შიგ არ იხარშები. პირველ ყოვლისა, მაინც ხელისუფლება მიმაჩნია დამნაშავედ, აქამდე რომ მიიყვანა საქმე.
-კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ მმართველ პარტიას?
– თუნდაც იმაში, არაპროფესიონალებით რომ დააკომპლექტა საარჩევნო კომისიები, ცესკო თუ უსკო. უამრავი ხარვეზი დაფიქსირდა ოქმების შევსებაშიც კი. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე 700 ამომრჩეველი მივიდა, ოქმით კი 1000-ზე მეტი დაითვალეს. გაყალბებაში ეჭვის შეტანის მიზეზი, ხელმოსაკიდი ფაქტები, თავად საარჩევნო კომისიებმა მისცეს ოპოზიციურ პარტიებს. შედეგად მივიღეთ უპრეცედენტო რამ – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გამოაცხადა ბოიკოტი საკანონმდებლო ორგანოებში შესვლაზე. ცხადია, ხელისუფლებაა დამნაშავე, უნდა დაეკომპლექტებინა საარჩევნო კომისიები მცოდნე ადამიანებით.
– ვინმე პერსონალურად გყავთ მხედველობაში? პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობდა აჭარაში უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიას. . .
– პარმენ ჯალაღონია ერთია, პირადად მის კომპეტენციაში ეჭვს ვერ შევიტან, მაგრამ ისიც ფქტია, რომ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა უბნებზე, რაც შეგნებულად თუ არ გაკეთდა, უცოდინრობას დაბრალდება. მითხარი, როგორ დაგიჯერო, რომ 1000 ამომრჩეველი მოვიდა და შენ 1500 ოქმი დათვალე. ელემენტარული მათემატიკის უცოდინარი ხალხი ავსებდა ბიულეტენებს თუ მოსყიდული?
– თქვენი აზრით, ეს ხარვეზები გამიზნულად იყო დაშვებული თუ უნებლიეთ?
– ვერ გეტყვით, თუმცა ეჭვის საფუძველი აშკარად არსებობს.
– რამდენად გამართლებულია ოპოზიციის ბოიკოტი, დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს?
– თუკი ოპოზიცია არ წავა მოლაპარაკებებზე და არ შევა პარლამენტში, ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
– მმართველი პარტია დათმობაზე წასვლას არ აპირებს, ისიც ითქვა, დესტრუქციული ოპოზიცია თუ არ შემოვა ხელისუფლებაში, უკეთესია, უფრო სწრაფად შედგება 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც პანდემიის შედეგების ნორმალიზებისთვის იქნება გათვლილიო.
– ასეთი განცხადების გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ძალიან შორს დგას პოლიტიკისგან და მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობს. როგორ წარმოუდგენიათ დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირება ოპოზიციის გარეშე? ეს არის ცუდი! მოწინავე მსოფლიო საზოგადოების თვალში მსგავსი რამ მიუღებელია და ცუდ ჭრილში წარმოაჩენს მთელ ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გავიკიცხებით საერთაშორისო დონეზე, თორემ საქართველოში რევოლუციების არ მჯერა, დღეს აღარავინ დაუშვებს სამოქალაქო ომის განმეორებას. ამის გაკვეთილი უკვე მივიღეთ 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში და რაც მოგვიტანა ძმათა სისხლისღვრამ, ყველას გვახსოვს.
– პანდემიის აფეთქებას ოპოზიცია მმართველ გუნდს აბრალებს, ხელისუფლება კი პირიქით. თქვენი გადასახედიდან, აქციებმა დაამძიმა კოვიდვითარება თუ ივლის-აგვისტოში შიდა ტურიზმის გახსნამ?
– მე უფრო აქციებს ვაბრალებ, რადგან ვირუსი გადადის დისტანცირების და პირბადეების უგულვებელყოფის გამო. სწორედ საპროტესტო ტალღის შემდეგ დაირღვა კლასტერებად დაყოფის პრაქტიკა და ერთბაშად, ათასობით ადამიანი გახდა ვირუსის გადამტანი. სიტუაციის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა. ვეთანხმები ხელისუფლებას, ოპოზიციის აქციებს რომ აბრალებს პანდემიის აფეთქებას, რადგან ბოიკოტიც კი საკმარისია, ვადამდელი არჩევნები რომ დაანიშნინონ მმრთველ გუნდს. ამისთვის არ არის საჭირო ათიათასობით აღგზნებული, ემოციებით სავსე ხალხის შეკრება ცივ ღამეებში. მსგავს ვითარებაში, ადამიანი ვერ თოკავს თავს და აღარც კორონა ახსოვს და აღარც პანდემია. პირველ ადგილზე ვიყავით ვირუსის შეჩერების მხრივ და ახლაც პირველები ვართ გავრცელების კუთხით. შეზღუდვების გარეშე არ აღმოიფხვრება უსაშინლესი სენი, მას ხომ ასობით ქართველის სიცოცხლე მიაქვს ყოველ ორ-სამ დღეში. დავიღალეთ გასვენებებით. ხანდახან ვფიქრობ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი შეიქმნას ქვეყანაში. თუ ასე გაგრძელდა, სოციალური აფეთქება მოხდება და მაშინ მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავვარდებით.
– ამ ფონზე როგორ მოიქცევა მმართველი პარტია? – როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „იყიდის“ ნაკლებად დესტრუქციულ ორ-სამ პარტიას და მრავალპარტიული პარლამენტის ლეგალიზაციას მოახდენს თუ ისევ ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს დააკომპლექტებს?
-სხვათა შორის, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა მაგნატის მიერ პოლიტიკური პარტიების ყიდვა. ამაში პოლიტიკოსები ცუდს ვერაფერს ხედავენ. ის კი არა, პარტიების უმეტესობა ამ პრაქტიკას მისდევს. უდიდესი პოპულარობის მქონე ლიდერთანაც კი შესაძლებელია მივიდეს „მაყუთიანი ბიძა“, იყიდოს, სხვა „ჩახსნას“ საარჩევნო სიიდან და ის დააყენოს წინ. ასეთი გამყიდველობა ახასიათებს პოლიტიკურ სპექტრს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ამიტომ ზნეობასა და მორალზე საუბარი ამ სფეროში ზედმეტად მიმაჩნია – პოლიტიკა არ ითვალისწინებს სირცხვილ-ნამუსს. პირველ პლანზე აყენებენ პარტიულ ინტერესებს და ფინანსურ მდგომარეობას. არ გამიკვირდება, თუ რამდენიმე პარტია მიეყიდება ოლიგარქს.
– ქვეყნისთვის რა ვარიანტი იქნება უკეთესი? საშინელი ინფლაციაა, ხელფასი აღარ ხელფასობს, პენსიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
– ხელისუფლებამ გონიერება უნდა გამოიჩინოს და გააკონტროლოს პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომლის დარეგულირება იოლადაა შესაძლებელი სუბსიდირებით. საქართველოს უამრავი მილიონერი და ათეული მილიარდერი ყავს. ამაზე საშინელი პერიოდი რაღა უნდა დაუდგეს ერს, ვირუსით განადგურების პირას ვართ მისული. დროა, გააღონ სეიფები და მშობლიური ქვეყნის დასაპურებლად გაიღონ სახსრები. რამდენი უმწეო გვყავს? ნახევარ მილიონზე მეტი ხომ არ იქნება? დაეხმარონ ბავშვებს მაინც, გადაარჩინონ შიმშილისგან. კარგად ვიცით, ნებაყოფლობით ამას ვერავინ მოიფიქრებს, ხელისუფლებამ უნდა გაუკეთოს ორგანიზება.
– ეს კარგად ჰქონდა ორგანიზებული წინა ხელისუფლებას, ბიზნესმენებს თანხებს რომ „აწერდა“.
– არ ვამბობ, რომ უკიდურეს ზომებს მიმართონ, ხომ შეიძლება შეთანხმება, მოწოდება. . . ერთი მაგალითი გამახსენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, საბჭოთა კავშირში იმდენად გაიაფდა პროდუქტები, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტებიც კი გაოცდნენ, ეს როგორ მოხერხდაო. ახლა, მით უმეტეს, სამ მილიონ ნახევარი რომ დავრჩით, ამდენმა მილიონერმა როგორ ვერ უნდა შემოყაროს იმდენი პროდუქტი, რომ კატასტროფამდე გაძვირებული საკვები გააიაფოს? ეს ხელისუფლებამ უნდა მოაწესრიგოს. თუ ვერაფერი შეძლო, ოპოზიციური სპექტრი სათანადოდ გამოიყენებს შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას და ძალით თუ ნებით, შეცვლის მთავრობას. კაცი რომ მივა სახლში და მშიერი ბავშვები დახვდება, გარეთ გავა და შეუერთდება საპროტესტო აქციებს, პოლიტიკური პრინციპები აღარც გაახსენდება.
– თქვენმა წინადადებამ ის ახალგაზრდა გამახსენა, ბანკში რომ შევარდა, მძევლები აიყვანა და ხელისუფლებას ანალოგიური პირობები წაუყენა.
– ცხადია, ამ ფაქტს იურიდიულად ვერაფრით გავამართლებთ, მაგრამ მაინც ვუცხადებ სოლიდარობას იმ ახალგაზრდას. მან ამოთქვა ის, რაც აწუხებს დღეს საქართველოს. საბანკო პროცენტებმა დააქცია ოჯახები, შიმშილობის ზღვარს ქვემოთ დასცა ადამიანები. მძევლებიც კი ეთანხმებოდნენ ე.წ. მოძალადეს. დარწმუნებული ვარ, არ მოინდომებენ მის ტერორისტად შერაცხვას და ამ მუხლით გასამართლებას. ხედავთ, რა დღეშია ქვეყანა, რა ქნას უმუშევრად დარჩენილმა ხალხმა, მანამდეც არ ჰქონდა არაფერი, ამ ინფლაციის გამო კი მინიმალური საკვებითაც ვერ უზრუნველყოფს შვილებს. პროცენტების ის რაოდენობა, ჩვენი ბანკები რომ აწესებენ, დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა და არა ევროპული ქვეყნებისთვის. თუკი ევროპისკენ და ნატოსკენ მივდივართ, შევეშვათ საბჭოური ცხოვრების სტილს და გადავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე. როგორ შეიძლება დღეს იკმარო 500-700 ლარი? ხელფასები და პენსიებია გასაზრდელი და პროდუქტების ფასები – დასაწევი. ამასაც თუ ვერ გაგვიკეთებს, სხვა რაში გვჭირდება ეს ხელისუფლება?
– ბიუჯეტი ვერ წვდება ასეთ ხარჯებს. ღარიბი ქვეყანა ვართ და რა ვქნათო, გვპასუხობენ ამ კითხვაზე.
– ჰოდა, თუ არაფერი შეიცვლება, გამოჩნდება სხვა პოლიტიკური ძალა.
– ვინ გყავთ მხედველობაში?
-არსებული – არც ერთი, მაგრამ ახალი ძალა აუცილებლად გამოჩნდება, რადგან ჯერ გზაშია. ბოლოსდაბოლოს, ერთ გუნდად შეიკვრებიან განათლებული, მცოდნე ადამიანები და ქვეყნის მოსახლეობას ისეთ პროგრამას შესთავაზებენ, რომელსაც ყველა დაეთანხმება, მიიღებს და გაჰყვება კიდეც საქართველოს საკეთილდღეოდ.