რაზე კეთდება მთავარი აქცენტი ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში და როდის ეყოლება მერიას მრჩეველთა საბჭო?
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში ქალაქის 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განიხილავენ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. როგორ დაგეგმა მერიამ ბიუჯეტი, რაზე კეთდება მთავარი აქცენტები და შემცირებული თანხების მიუხედავად, რომელი მიმართულებებია პრიორიტეტული – ამ და სხვა დეტალებზე „აჭარასთან“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ისაუბრა.
-ბატონო არჩილ, არა მხოლოდ ჩვენი ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა, მსოფლიო ებრძვის ახალ კორონავირუსს. მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოდ აისახა როგორც ეკონომიკაზე, ისე სოციალურ და სხვა მიმართულებებზე. ამ ფონზე, როგორ დაიგეგმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი?
– ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ყველა ის მიმართულება, რაც პრიორიტეტული და აუცილებელია პოსტპანდემიურ და შემდგომ ფაზაში, პროექტში გათვალისწინებულია.
-უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?
-2021 წლიდან იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ყველა ის პროგრამა, რაც წელს გვქონდა, დარჩება და ამასთან გვაქვს სიახლეებიც. საერთო ჯამში, ეს მიმართულებები ბიუჯეტში მილიონ 100 ათასი ლარითაა განსაზღვრული. გამოვყოფ და ვიტყვი: მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სიციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც 0-დან 100 ათას ქულამდე აქვთ და ჰყავთ ერთიდან ორ წლამდე ბავშვები, ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ, ხოლო ვისაც ერთ წლამდე ბავშვები ჰყავთ – 90 ლარს. აქამდე ერთ წლამდე ბავშვების დახმარება 60 ლარი იყო. თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების მომსახურების ფარგლებში, დამატებით, 50 ბენეფიციარს დავეხმარებით და, საერთო ჯამში, მათი რიცხვი 100-მდე გაიზრდება. ცვლილებაა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ვეტერანი და ა.შ. ასეთ ოჯახებზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი 200-ლარიანი ვაუჩერი, მომავალი წლიდან კი ყველა ინდივიდუალურად მიიღებს 200-ლარიან დახმარებას.
-ხარჯვითი ნაწილი როგორ განისაზღვრა მომავალი წლის ბიუჯეტში?
-1 მილიონ 268 ათასი ლარით არის შემცირებული ხარჯვითი ნაწილი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის ხარჯების შემცირებას. ამან საშუალება მოგვცა, აქცენტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გაგვეკეთებინა. მიმდინარე წლის მაისიდან პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს ხელფასი შეუმცირდათ. პირველი იანვრიდან ის ერთლარიანი სხვაობა, რაც იყო, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. ამასთანავე, მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებს, მედდებს და სხვა პერსონალს ხელფასები გაეზრდება. ამავდროულად, კვლავაც პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულება. 2021 წელს მოგვიწევს თანადაფინანსების შემცირება მსხვილ პროექტებზე, რადგან ბევრი მათგანი დასკვნით ფაზაშია. ამის საფუძველზე შევძელით გაგვეზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის თანხები ნახევარი მილიონი ლარით, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისთვის, განისაზღვრება 2 მილიონ 400 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს სკვერების კეთილმოწყობას. ეს ნაწილი მომავალი წლის ბიუჯეტში გაიზრდება 3 მილიონ 100 ათასი ლარით. იცით, რომ მიმდინარეობს სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და არის გარდამავალი პროექტებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ კუთხით 1 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზრდება დაფინანსება.
-კაპიტალური ტრანსფერის სახით რას მიიღებს ქალაქის მერია რეგიონის ბიუჯეტიდან?
-რაც შეეხება კაპიტალურ ტრანსფერს, რამაც აჭარის ბიუჯეტიდან 2020 წელს შეადგინა 45 მილიონი ლარი, 2021 წელს იქნება 1 მილიონი ლარით მეტი.
-ნაშთის სახით რა თანხა გადავა 2021 წლის ბიუჯეტში?
-ამ ეტაპზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები არ არის დადგენილი, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე საკრებულოსთან. ბუნებრივია, პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე, გარკვეულ სამუშაოებში გვექნება ნაშთიც. დაგვრჩა თვე- ნახევარი, ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ავითვისებთ საბიუჯეტო ასიგნებებს.
– რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება ქალაქში?
-გვაქვს მიმდინარე და გარდამავალი პროექტები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეკრეაციის კუთხით. გრძელდება სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც. სამუშაოების ნაწილი დასრულდება ამ წლის ბოლომდე, ნაწილი კი მომავალი წლის ზაფხულამდე.
-შემოსულობების ნაწილში რა მოლოდინი გაქვთ?
– საკმაოდ ფრთხილადაა დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტში როგორც სათამაშო ბიზნესიდან, ისე ინვესტიციებიდან თანხების შემოდინება და განსაკუთრებით საპრივატიზებო ნაწილი. შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა პანდემიისშემდგომი დინამიკა და მაჩვენებლები, რაც გვქონდა პანდემიამდე პერიოდში, ხშირ შემთხვევაში განახევრებულია. მომავალი წლის დასაწყისი, ბუნებრივია, კვლავ იქნება მძიმე როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ეპიდემიური კუთხით, მაგრამ მეორე ნახევარში აქტივობები, დაგეგმილი ღონისძიებები, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი გაიხსნება. დაგეგმილია, რომ ქალაქს და რეგიონს შემოსავლების ნაწილში ჰქონდეს იგივე ზრდა, რაც პანდემიამდე ჰქონდა.
-ბატონო არჩილ, სამწუხაროდ, ბევრი კორპუსია ქალაქში, რომელიც მერიას წლებია არ აქვს ექსპლუატაციაში მიღებული. ამ კუთხით როგორია მერიის პოზიცია?
-აქ რამდენიმე საკითხი და ასპექტია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ესა თუ ის პირი როცა მომართავს ქალაქის მერიას, არქიტექტურის და შესაბამისი სამსახურები კანონმდებლობის სრული დაცვით გასცემენ სამშენებლო ნებართვებს. შემდგომ პერიოდში ჩვენ გვაქვს ორი ტიპის პრობლემა და გამოწვევა. ერთი ის, რომ მშენებლის კომერციული საჭიროებებიდან ან ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე დროში იწელება სამშენებლო სამუშაოები და მეორეც, თვითნებურად შეაქვთ ამა თუ იმ პროექტში ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მუნიციპალური ზედამხედველობის ინსპექცია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – გაფრთხილებით თუ ჯარიმით რეაგირებს. ხშირად სასამართლოსაც მიმართავენ დემონტაჟთან დაკავშირებით ან ხარვეზის გასწორების ვადა ეძლევა დეველოპერს თუ მშენებელს. მიუხედავად ამისა, მემკვიდრეობა საკმაოდ რთულია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქალაქს აქვს დაუსრულებელი მშენებლობები და არის შენობა-ნაგებობები, რომელთა იერსახეც საჭიროებს გამოსწორებას ან პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას. აქედან გამომდინარე, ისეთ პროექტს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონს და სამშენებლო მოთხოვნებს, ექსპლუატაციაში ვერ მივიღებთ. მუნიციპალური ზედამხედველობის ინსპექციაც მკაცრ რეკომენდაციებს და მითითებებს გასცემს, რომ კანონის შესაბამისად წარიმართოს მშენებლობა.
-პროექტში თვითნებური ცვლილებები ახსენეთ. ბევრი მშენებელი ამ კუთხით ამნისტიას ელოდება.
-მსგავსი ტიპის ამნისტიას იცნობს სამართლებრივი სივრცე. თბილისის მუნიციპალიტეტმა გარკვეული პერიოდის წინ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში და იმ მენაშენეების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებსაც წლების განმავლობაში პირნათლად ჰქონდათ გადახდილი თანხები. გამორიცხული არაფერია, ამ მიმართულებითაც შეიძლება მუშაობა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროექტი სამართლებრივ ჭრილში ყველა პროცედურას გადის, გაფრთხილებიდან და ჯარიმიდან დაწყებული, სასამართლომდე და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს დემონტაჟს, რთული გზაა გასავლელი.
-არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათი ჩართულობის გარეშე დაგეგმეთ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი და არც მრჩეველთა საბჭო ჰყავს მერიას.
-ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებული არ არის, პირველადი მონახაზია არსებული შემოსულობებით და საპროგნოზო მაჩვენებლებით, რითაც შეიძლება განისაზღვროს ბიუჯეტი. უახლოეს დღეებში მრჩეველთა საბჭოს ფორმირების საკითხსაც გადავწყვეტთ და შევეცდებით საბჭოს დაკომპლექტებას.