ტიტე აროშიძე: მათ გაყალბების იმიჯის შექმნა სურდათ, თორემ ძალიან კარგად იცოდნენ და იციან, რომ არავის არაფერი გაუყალბებია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ტიტე აროშიძემ, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს ბათუმის საარჩევნო ოლქში იყრიდა, როგორც ცნობილია, პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა. რა მოხდა არჩევნებზე, გააყალბა თუ არა შედეგები ხელისუფლებამ და რამდენად უკონკურენტო გარემო იყო მეორე ტურში, ამაზე ტიტე აროშიძე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.
–ბატონო ტიტე, თუ შეიძლება, შეაფასეთ წინასაარჩევნო გარემო. . .
-წინასაარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ რეგიონში ეპიდვითარება დაიძაბა და იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. უკვე ზაფხულის ბოლოს, ხელისუფლება იძულებული გახდა დაეწესებინა გარკვეული შეზღუდვები, რამაც სიტუაცია ცოტათი გამოასწორა, თუმცა სურათი უარესობისკენ შეცვალა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამ, რაც გულისხმობდა შეხვედრებს, კანდიდატების წარდგენას, საუბარს მოსახლეობასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, კამპანიას ვატარებდით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია. მათგან განსხვავებით, ვცდილობდით, დისტანციის დაცვას, რაც შეიძლება ნაკლები აუდიტორიის შეკრებას და დამსწერთა პირბადეებით მომარაგებას. ვითარება დაიძაბა, როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ, უფრო სწორად კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და წინასაარჩევნოდ მიტინგების და მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება. გახსოვთ ალბათ, ბათუმის პარკში პირველი აქცია, რომელშიც 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ აქციებმა გადაინაცვლა ზუგდიდში, თბილისში და ა.შ. ააგორეს აქციების ტალღები, არადა ძალიან კარგად იცოდნენ, რა მოჰყვებოდა ამ ქმედებებს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეკრებების მიმდინარეობისას, არ იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების არცერთ პუნქტს.
– ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გააკეთეს?
-სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როდესაც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა მიტინგებზე და მომხრეებს აიმედებდა, არაფერი დაგემართებათ, მე უკვე მოვიხადე კორონა და კარგად ვარ, მთავარია ქვეყანას ვუშველოთ და გადავარჩინოთო. მახსოვს, ბოკერიამ ღრეობა გამართა ზუგდიდში მაშინ, როდესაც, ჩვენ 20 კაცზე მეტს არ ვიწვევდით შეხვედრებზე. ოპოზიციის სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ეპიდემიის ის აფეთქება, რომელიც ახლაა ქვეყანაში. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იმდენად მცირე მოსახლეობა გვყავს და იმდენად ძლიერია სანათესაო, სამეზობლო თუ სამეგობრო ურთიერთობები, რომ ერთი ინიფიცირებულის უკან ათეულობით პირი მოიაზრება. ჩვენთან კომუნიკაცია გაცილებით მჭიდროა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ საფრანგეთში, თუმცა არც იქ არის კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება.
-ოპოზიციის განცხადებით, გაყალბება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა. . .
-მსგავსი არაფერი ყოფილა, პირიქით, წინასაარჩევნო კამპანია მიგვყავდა ძალიან ფრთხილად, მოზომილად, რადგან დაიძაბა ეპიდვითარება როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. არანაირი ადმინისტრაციული რესურსი არ გამოგვიყენებია, პირწმინდად ვიცავდით ყველა წესს, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით.
-ოპოზიცია ზეწოლასა და მუქარაშიც გადანაშაულებთ. . .
-აქ არის მეორე ფაქტორიც, თუ არ ვცდები, არჩევნების პირველი ტურის მეორე დღე იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ აყვირდა: აი, ჩვენ მოვიპოვეთ მასალები, როგორ ესაუბრება კოორდინატორი ამომრჩეველს, ითხოვს მოვიდეს და ხმა მისცეს მათ. არადა, ეს ჩვეულებრივი ამბავია არჩევნების დროს, ურეკავენ საკუთარ მომხრეებს და სთხოვენ ხმის, პოზიციის დაფიქსირებას. ამ პროცესში იყო ჩართული არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბების წარმომადგენელებიც. ვინ ვის ემუქრებოდა და რა ზეწოლას ახორციელებდა, გაუგებარია. მხოლოდ ეს მასალა ჰქონდათ მოპოვებული, მაგრამ ისეთი ტონით მაუწყებლობდნენ, სასაცილო იყო, სხვა თუ არაფერი. ამის მეტი ვერაფერი ნახეს, ან რა უნდა ენახათ, როცა არ გაყალბებულა არჩევნები.
-ტექნიკურ ხარვეზებზეც იყო საუბარი. . .
-დიახ, ტექნიკური ხარვეზები იყო ძალიან ბევრი. იგივე, კომისიებში, არასწორ დათვლასთან, შესწორებელ ოქმებთან დაკავშირებით, დაფიქსირდა პროცედურული დარღვევებიც, მაგრამ გაყალბება და მოსყიდვა არ ყოფილა, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის მისიების, საელჩოების წარმომადგენლები. თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიბმული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც კი, რომელთაც კვლევებს უკვეთავს ოპოზიცია, აცხადებენ, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა საკმაოდ მაღალ დემოკრატიულ დონეზე, გამჭვირვალედ, გაუყალბებლად, თუმცა აღინიშნებოდა ტექნიკური ხარვეზები, რაც გამოწვეული იყო ზოგჯერ – საარჩევნო კოდექსის რიგი მუხლების გაუთვალისწინებლობით, ზოგჯერ – უბანზე კომისიის წევრთა მოუმზადებლობით და ა.შ. მსგავსი რამ, ყოველთვის ახასიათებს არჩევნებს. ის კი არა, ახლა ტრამპიც აცხადებს არჩევნები გამიყალბესო.
-საუბარი იყო დაკარგულ ბიულეტენებზე, იმასაც აპელირებს ოპოზიცია, რომ ბალანსი არ ჯდება მოსული ამომრჩევლის აღირცხვასა და ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს შორის. . .
-სწორედ ესაა ტექნიკური ხარვეზები. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ნაციონალური მოძრობა“ ორკესტრირებულად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა არჩევნების მსვლელობისთვის.
-თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობ?
-იგივე, რიგების შექმნას. ცდილობდნენ რიგების იმიტაცია შეექმნათ და მისცემდნენ თუ არა ხმას, რიგში ბრუნდებოდნენ, მისულ ამომრჩეველს გზას უღობავდნენ და ჩოჩქოლს ქმნიდნენ. იმ ბიულეტენებსაც თავად იპარავდნენ, სხვა უბანზე გადაჰქონდათ, რომ ბალანსი არ დამჯდრიყო. ზეწოლას ახორციელებდნენ კომისიის წევრებზე, ემუქრებოდნენ ჩვენს მომხრეებს და ა.შ.
– თქვენ იგივეს ამბობთ, რასაც ოპოზიცია მმართველ პარტიას გაბრალებთ.
-ჰაერზე არაფერს ვამბობთ, ჩანაწერები შენახულია და ამ ყველაფერს თავად კომისიის წევრებიც ადასტურებენ. ამიტომ, ვუშვებთ იმასაც, რომ ბალანსი არ დაჯდა, ბიულეტენები დაიკარგა, ესაა ტექნიკური ხარვეზები. ხდება ისიც, რომ ასაკოვანმა ადამიანმა სწორად ვერ შემოხაზა, ან დაავიწყდა და ჯიბეში ჩაიდო ბიულეტენი, მსგავსი რამ ყველგან ხდება, მაგრამ წინასწარ გამიზნულ, დაგეგმილ, გათვლილ პროცესსაც არ გამოვრიცხავთ. იმდენად მასშტაბურად მოქმედებდნენ „ნაციონალები“, რომ თვალშისაცემი იყო მათი, ერთი შეხედვით, ქაოსური ქმედებები, რასაც ბოლოს ხარვეზების დაფიქსირება და მმართველი გუნდის დადანაშულება მოჰყვა.
-მაშინვე რატომ არ გადათვალეთ კენჭისყრის შედეგები?
-ჩვენ შევთავაზეთ და სასტიკი უარი განაცხადეს. კარგად იცოდნენ, რაც იყო და იმიტომ. მათ გაყალბების იმიჯის შექმნა სურდათ, თორემ ძალიან კარგად იცოდნენ და იციან, რომ არავის არაფერი გაუყალბებია. ამ დესტრუქციული ძალის და მათი წინამძღვრის ხელწერას უკვე კარგად ვიცნობთ, ამას მათი სცენარი არ ითვალისწინებდა.
-მაინც რას ითვალისწინებს მათი სცენარი?
-ეს სცენარი თავიდანვე რევოლუციური იყო. გაიხსენეთ, შეკრება რომ ჰქონდათ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, 20-იოდე კაცმა მოიყარა თავი საყვირებით, მინებიც კი ჩაამტვრიეს და ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს მთელი ბათუმი იქ იყო თავშეყრილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშშიც კი ნათქვამია: „ნანახ ფილმს გვაგონებს ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან“.
-როგორ ფიქრობთ, არჩევების მეორე ტურში რატომ არ მიიღეს მონაწილეობა?
-მათივე სცენარს მოვიშველიებ პასუხისთვის, რომელიც არც კი ითვალისწინებდა მეორე ტურს. იგივე „სამართლიანი არჩევნების“ გადათვლის შედეგებიც კი, რომელიც ერთი ერთში დაჯდა ჩვენს შედეგთან, აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა ხმების უმრავლესობა. მათივე ეგზიტპოლებიც („ფორმულა“, „მთავარი არხი“) აღიარებდა ჩვენს პრიორიტეტს. აქედან გამომდინარე, კარგად იცოდნენ, რომ მეორე ტურში იმ ხმებსაც ვეღარ აიღებდნენ, რაც მანამდე მიიღეს, შანსი არ ჰქონდათ, კატასტროფულად დამარცხდებოდნენ. თანაც ამ ბოიკოტით სურდათ, ხაზგასმით ეჩვენებინათ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, იმდენად გაყალბდა, აღარ ვმონაწილეობთო.
-თქვენ აცხადებთ, რომ ყველაფერი ეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწყობილია, მაშინ რატომ დაუდგა მას გვერდით ოპოზიციის სხვა ნაწილიც?
-ეს ჩემთვისაც გაუგებარია, ალბათ ყველა ერთად, საერთო ლიდერის, სააკაშვილის მოწოდებებს აჰყვა, რომელიც უკრაინაში იყო მოკალათებული თბილად და ამათ აგულიანებდა, იმ ცივ ღამეებში, მდგარიყვნენ აქციებზე და დესტრუქცია მოეწყოთ ქვეყანაში.
-მეორე ტურში თუ მიიღეს ხმები, ამბობენ, უკონკურენტო გარემო იყოო.
-არა, რას ამბობთ, ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ. არჩევნებზე უარის თქმა ნიშნავს საოლქოში მისვლას და წარდგენილი სიის გაუქმებას, მხოლოდ ამის შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენში აღმოჩნდება ერთი კანდიდატი. ოპოზიცია, პირიქით, ხალხს იწვევდა არჩევნებზე, თქვენ შემოხაზეთ, ბოიკოტს ჩვენ გავაგრძელებთო. ალბათ სურდათ ეჩვენებინათ, ბოკიოტის რეჟიმშიც კი ხმების საკმაოდ რაოდენობა დავაგროვეთო. არ გამოუვიდათ, ჩაეშალათ განზრახვა, მათი მომხრეების ძალიან ცოტა რაოდენობა მოვიდა. არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ პროცესს, აცხადებდნენ, ჩვენ – გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოვიგეთო. არცერთ საარჩევნო კოდექსში არ წერია, რომ ოპოზიციას საერთო პროცენტი ჩაუთვალონ. აჭარის მაგალითი ავიღოთ, 26 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ თითოეული მათგანი დაამარცხა, თანაც მაჟორტარ კანდიდატთა შეზღუდული რაოდენობით. საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული 33 პარტიიდან კი პარლამენტში მხოლოდ 9 აღმოჩნდა. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ განახორციელა საარჩევნო კოდექსში ორი დიდი ცვლილება (ბარიერის დაწევა და ნაწილობრივ პროპორციული სისტემის შემოღება), მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად. 70 მაჟორიტარიდან 30 კანდიდატზე ჩამოვედით, მაგრამ როგორც ხედავთ, ოპოზიციამ თავად განაცხადა უარი შემოსვლაზე.
-გამოდის, უმაღლესი საბჭო ერთპარტიული იქნება თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად.
-უმაღლეს საბჭოში, როგორც იცით, მხოლოდ ორი ძალა გავედით და ამ გადასახედიდან იმასაც ვიტყვი, იმდენად დესტრუქციული, ქვეყნისთვის დამანგრეველია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუკი უარს იტყვის და არ შემოვა ჩვენს საკანონმდებლო ორგნოში, ამით არაფერი დაშავდება. მით უმეტეს, ამ ეტაპზე კრიზისში ვართ პანდემიიდან გამომდინარე, როგორც ეკონომიკურად ისე სოციალურად, ასე რომ, აღარ გვცალია ფუჭი ბრძოლებისთვის. უმაღლესმა საბჭომ დეტალურად, სკრუპულოზურად უნდა შეიმუშაოს და მიიღოს 2021 წლის ყველა საბიუჯეტო კანონი ადამიანების დასახმარებლად. იმის მიუხედავად, რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური კრიზისების გამო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციების, მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ პრობლემებს და ეკონომიკური აღმავლობის კურსს ძალიან სწრაფად დავადგებით.