აჭარაში 7000 -ზე მეტ ოჯახს საახალწოდ სასურსათო კალათები დაურიგდება
ხატია იაშვილი: 555 184 888 –
აჭარაში ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად, ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას. დახამრების პაკეტების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს ახალ წლამდე გადაეცემა სასურსათო კალათები, ხოლო ციტრუსის ექსპორტიორები გათავისუფლდებიან წარმოშობის, ხარისხის სერთიფიკატის მოსაკრებლისგან, ასევე, აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს დაევალა კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალის მატერიალური წახალისება.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც უნდა გადაიხედოს და თანხა მაქსიმალურად გადანაწილდეს მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე.
– იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაში თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას. ახლა არ არის პომპეზური ტაშფანდურების დრო და ყველას ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს ეს მოცემულობა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის სხდომაზე ასევე, ითქვა, რომ ყველა მოიჯარეს, რომლებსაც მიმდინარე ხელშეკრულებები აქვს როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ან საქვეუწყებო დაწესებულებებთან, იჯარის გადასახადი გადაუვადდება. გადასახადები სამი თვით გადაუვადდებათ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებსაც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შეღავათებით ისარგებლებენ ასევე, ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიებიც.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა.
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
– პანდემია რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერება, როგორც მედპერსონალის კუთხით, ასევე – ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და მისი აღჭურვა გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დამატებით შევიძინეთ დიალიზის აპარატები, ასევე, შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება. იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებულნი, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანის შრომას, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ძალიან ბანალურად კითხულობენ, თუ რისი გაკეთება შევძელით – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამიტომ ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო და დავავალო, რომ წლის ბოლოსთვის უზრუნველყონ ყველა იმ დამსახურებული მედპერსონალის, მათ შორის რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან. დარწმუნებული ვარ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეები „ბანდად’’ მოიხსენია,
მათ საქციელს კი ,,მარგინალების’ზღვარგადასული პროტესტი“ უწოდა. – გუშინ, რადგან ერთი რიგითი ბათუმელიც შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდე ოჯახში შეშვება და საბოლოო ჯამში ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები საკუთრ შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყების წინ თორნიკე რიჟვაძემ.