„საჩივრები და პრეტენზიები მას შემდეგ შემოვიდა, რაც სასურველი შედეგები ვერ მიიღეს“
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
არჩევნები დასრულდა, თუმცა არ წყდება ოპოზიციის ბოიკოტი და ბრალდებები გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორ ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი და მეორე ტურები, რა სახის ხარვეზები დაფიქსირდა, რატომ არ განიხილეს რიგი საჩივრები, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში აჭარის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ ბათნიძე.
– ბატონო ფრიდონ, არჩევნების წინასწარი მონაცემებით, რომელმა პარტიამ გადალახა ბარიერი და რამდენი პროცენტით?
– არჩევნების პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (ხმების 45,86%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (ხმების 33,96%).
– რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს?
– მეორე ტური ჩატარდა მაჟორიტარულ ოლქებში. როგორც იცით, სულ სამი მაჟორიტარული ოლქი იყო აჭარაში: #28 (ბათუმი); #29 (ქობულეთი); # 30 (მაღალმთიანეთი). მეორე ტურში ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ქობულეთში ცოტნე ანანიძე გავიდა 50, 05 %-ით და აღარ დასჭირდა მეორე ტური. რაც შეეხება ბათუმს, ტიტე აროშიძემ („ქართული ოცნება“) მიიღო 88%, ხოლო მისმა კონკურენტმა გიორგი კირთაძემ („ნაციონალები“), ბოიკოტის რეჟიმში მიიღო 12%, მაშინ როდესაც პირველ ტურში ჰქონდა ხმების 34,46%. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, რომლის შემადგენლობაშიც ამ არჩევნებზე შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც, პირველ ტურში გია აბულაძემ „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ მიიღო ხმების 32,12%, ხოლო ფრიდონ ფუტკარაძემ – 49,6%. მეორე ტურში: გია აბულაძეს ხმა მისცა ამომრჩეველთა მხოლოდ 10,82%-მა, ხოლო ფრიდონ ფუტკარაძეს – 89,18%-მა.
– წინასაარჩევნოდ რამდენად იყენებდა მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს და ჰქონდა თუ არა ამომრჩევლებზე ზეწოლის, მუქარის მცდელობა, როგორც ამას ამტკიცებს ოპოზიცია?
– როდესაც ორი საკანონმდებლო ორგანოს, ამ შემთხვევაში პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ერთად, მსგავს საკითხს, ცენტრალური საარჩევნო კომისია აკონტროლებს,უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კი ამ მიმართულებით განცხადება არ შემოსულა. როგორც ვიცი, საოლქო კომისიაში შევიდა მხოლოდ ორი განცხადება ადმინისტრაციულ ინიციატივებზე, ერთი ქობულეთში და მეორე – ბათუმში, თუმცა დიდი განხილვა ამას არ მოჰყოლია.
– „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ელენე ნიჟარაძე დარღვევად თვლის წინასაარჩევნოდ, ვადაზე ადრე გაჟღერებულ ინფორმაციას შეღავათების შესახებ. როგორც იურისტი, რას იტყვით ამ ბრალდებაზე?
– საერთოდ, მე არ ვერევი პოლიტიკაში, თუმცა, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ შეღავათების გაჟღერება მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ამას მოითხოვდა ბიუჯეტში შესწორების შეტანის რეგლამენტი. როცა ქვეყანაში ფორსმაჟორული ვითარებაა კორონავირუსის პანდემიის გამო და ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს მოსახლეობის დასახმარებლად, ეს წინასაარჩევნო პიარად ვერ ჩაეთვლება არჩევნებში მონაწილე მმართველ გუნდს. რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი სიტუაცია და ქვეყნის პირველი პირი გამოსულიყო დაპირებებით, რასაც მანამდე არ ითვალისწინებდა ბიუჯეტი, მაშინ ეს იქნებოდა ადმინისტრაციული რესურსის არამიზანმიმართულად გამოყენება.
– გამოდის, წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდა ყოველგვარი დარღვევების გარეშე?
– ხელშესახები ფაქტები არსად დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ისეთი დარღვევები ყოფილა, რაც ზეგავლენას მოახდენდა არჩევნების ლეგიტიმაციაზე, თუმცა ადამიანები წარმართავენ ამ პროცესებს, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ ადამიანურ ფაქტორს, მცირე ხარვეზებს, მაგრამ მიზანმიმართული გაყალბება არ ყოფილა.
– რადგან ხარვეზებზე ვსაუბრობთ, ცალ-ცალკე დაახასიათეთ ორივე ტური. კონკრეტულად, რა ხარვეზები დაფიქსირდა პირველ ტურში ისეთი, რამაც გამოიწვია ოპოზიციის მკვეთრი უკმაყოფილება და ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა.
– პირველ ტურში მართლაც დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევა. მაგალითად, პანდემიის გამო შემოღებული რეკომენდაციების უგულებელყოფა, პირბადის მოხსნა თუ მარკირების წესის დარღვევა, ხელმოუწერელი ბიულეტენების ჩაბარება და სხვ. ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მინიმალურ ტექნიკურ ხარვეზებად. რაც შეეხება ხმების დათვლის პროცედურას, აქ რამე მნიშვნელოვან დარღვევაზე საჩივრები არ ყოფილა.
– ოპოზიცია ამტკიცებს, რომ უამრავი საჩივარი შეიტანეს. . .
– საჩივრები და პრეტენზიები წამოვიდა მას შემდეგ, რაც სასურველი შედეგები ვერ მიიღეს ამა თუ იმ პარტიის კანდიდატებმა.
– ეს საჩივრები ხომ იყო დასაბუთებული?
– ხელჩასაჭიდად მოიშველიეს ის ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც საკმაოდ ბლომად იყო დაშვებული,მაგრამ მყისიერად გასწორდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებით. დაფიქსირდა სავარჯიშო ბიულეტენების არსებობაც.
– სავარჯიშო ბიულეტენი რას ნიშნავს?
– როდესაც მდივანი წინასწარ წერს მონაცემებს, აჯამებს, რომ შემდეგ გადაიტანოს სუფთად დაწერილი. ზოგან, ოქმებში, 5-ის მაგივრად ეწერა – 4 და ა.შ. ყველაფერი გადაითვალა, გასწორდა და ისე დაჯამდა.
– ოპოზიცია სწორედ ამას ედავება მმართველ გუნდს. ამბობენ, ან უცოდინარი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული საუბნო კომისიები ან შეგნებულად დაუშვეს შეცდომები, რამაც არეულობა გამოიწვიაო. თქვენი აზრით, რას უნდა მივაწეროთ ასეთი გაუგებრობა?
– შეცდომა მართლაც ბევრი იყო, რასაც უფრო უცოდინრობას და გამოუცდელობას მივაწერ. შეგნებულად დაშვებული „შეცდომები“ რომ ყოფილიყო, სულ სხვა შედეგებს მივიღებდით და მეორე ტურიც არ დაგვჭირდებოდა. გარწმუნებთ, არავის არაფერი გაუყალბებია, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ.
– ვინ დააკომპლექტა საუბნო საარჩევნო კომისიები?
– საოლქო საარჩევნო კომისიამ.
– ისიც ითქვა, „კარუსელები“ დატრიალდაო. თქვენ დააფიქსირეთ მსგავსი ფაქტები?
– ჩვენ არ დაგვიფიქსირებია არაფერი მსგავსი. გაგებით კი გავიგეთ, ოღონდ ზეპირ საუბრებში, არანაირი ფაქტი არ მოუტანიათ განსახილველად. „კარუსელი“ ნიშნავს ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემას, ანუ ესეც ხმის მიცემის პროცედურაა, რომლის გასაჩივრება კანონის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო ყუთის გახსნამდე. აქედან გამომდინარე, როგორც გითხარით, მანამ, სანამ კენჭისყრის შედეგები არ გახდა ცნობილი, არანაირი საჩივარი არ ყოფილა. უკვე შემდეგ დაიხვიეს ხელზე ყველა ის ხარვეზი, რომელსაც მანამდე თავადაც არ აქცევდნენ ყურადღებას. თუკი იყო „კარუსელი“, რატომ არ დააფიქსირეს,არ გაასაჩივრეს?
– სწორედ ამას დავობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი საჩივრები არ განიხილეს.
– უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჩივრები არ შემოსულა. უბნებთან დაკავშირებით მიმართეს საოლქო კომისიას. როგორც ვიცი, ბათუმის ოლქთან დაკავშირებით 160-ზე მეტი განკარგულება მიიღეს და განიხილეს, რაც თავისთავად ნიშნავს საჩივრებზე რეაგირებას.
– ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იყო საჩივრები, რომლებიც არც კი განუხილავთ.
-არსებობს ასეთი ტერმინი: განუხილველად დატოვება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დარღვეულია საარჩევნო კანონით დადგენილი საჩივრის შეტანის ვადები, ადგილი და სხვა პროცედურები. ამ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს საჩივარს. ის განცხადებები, რომლებიც არ განუხილავთ, სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ტერმინს იყენებს საოლქო საარჩევნო კომისია და სასამართლო, როდესაც რეაგირების გარეშე ტოვებს სარჩელს.
– რაც შეეხება დაკარგულ ბიულეტენებს და ბალანსს, რომელიც არ ჯდებოდა?
-„დაკარგული ბიულეტენები“ – მსგავსი ტერმინი არ არსებობს საარჩევნო კანონმდებლობაში, რაღაც ახალი შემოიღეს, რაც ნიშნავს, რომ მოსულ ამომრჩეველზე ნაკლები ბიულეტენი დაითვალეს. თუკი ბიულეტენი დაიკარგა, ეს ნიშნავს, ვიღაცამ მოიპარა. გამოდის, ქურდობა უნდა დაფიქსირდეს. ამ შემთხვევაში, უმაღლესი საარჩევნო კომისია ის ორგანო არ არის, რომელიც მსგავს ფაქტებს დააფიქსირებს და განიხილავს.
– მაშინ აგვიხსენით, რამ გამოიწვია ბიულეტენების კლება?
-კანონის მიხედვით, გახარჯული ბიულეტენების და ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბარი უნდა იყოს. როგორც იცით, პანდემიის პერიოდში აჭარის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა კოვიდსასტუმროებში იზოლაციაში. მათგან ბევრი არც იყო აჭარაში რეგისტრირებული, შესაბამისად, არ მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ არჩევნებში. თუმცა, მათ უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში. ეს ადამიანები, თავისთავად, მოხვდნენ საარჩევნო სიებში. აქვე იყვნენ თავად საუბნოს კომისიის წევრები, რომელთა ნაწილი ან აჭარაში არ იყო რეგისტრირებული, ან შესაბამის საარჩევნო ოლქში. თავისთავად, ამ ადამიანებმა დააფიქსირეს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ კენჭისყრაში არ მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამან გამოიწვია აღრიცხვიანობის ციფრებში არეულობა, რასაც მოჰყვა ბრალდებები, თანაც ისე, რომ არც გარკვეულან ძირითად მიზეზში, ანუ ამოიკითხეს ორი ციფრი, რომელიც არ შეეფარდა ერთმანეთს და გააკეთეს საფუძველს მოკლებული დასკვნები. როდესაც ყველაფერი გაირკვა, ის ბრალდებები აღარავის მოუხსნია. ხდება ისეც, რომ მოქალაქე ზედმეტ ბიულეტენებს იღებს, იდებს ჯიბეში და გააქვს საარჩევნო უბნიდან. ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს მეთვალყურემ. ეს ითვლება ტექნიკურ ხარვეზად და ჩამოიწერება, როგორც გაფუჭებული, გამოუყენებელი ბიულეტენი. ისიც ითქვა, რომ შეგნებულად გაქონდათ ბიულეტენები უბნებიდან, რათა შემდეგ, არეულობის ფაქტები დაედასტურებინათ. პირადად მე, არც ამას გამოვრიცხავ.
– მეორე ტურში დაფიქსირდა დარღვევები?
– მეორე ტურში მონაწილეობაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა, თუმცა ბიულეტენებში კანდიდატთა მოხსნა ვერ მოხერხდა, რადგან კანონით არ არის დაშვებული. თუ არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების დაწყებიდან 12 დღით ადრე უნდა გამოითხოვონ კანდიდატები. შემდეგ უკვე ამის უფლებას კანონი არ იძლევა არც პირველ და არც მეორე ტურში. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია აფრთხილებდა საკუთარ ამომრჩეველს, არ მისულიყო მეორე ტურზე, მათი მომხრეების რაღაც პროცენტი მაინც მოვიდა საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, მაგრამ ოპოზიციას არ ჰყავდა უბნებზე წარმოდგენილი არც დამსწრეები და არც დამკვირვებლები. შესაბამისად, მეორე ტური ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდა. ორადორი საჩივარი შემოვიდა, ერთი – ბათუმის ოლქში, მეორე – ხელვაჩაურში.
– მოდით, შევაჯამოთ არჩევნების ორივე ტური.
– არჩევნების ორივე ტური ჩატარდა მაღალ დონეზე, ნორმალურ, დემოკრატიულ, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში, ყოველგვარი მუქარის და ზეწოლის გარეშე. არ დარღვეულა ძირითადი პრინციპები: ფარულობა, უშუალობა თუ პირდაპირობა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორ გადანაწილდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატები, მაგრამ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, შეგვიძლია დავაფიქსიროთ.