„როდესაც პანდემია დასრულდება, შიშის დასაძლევად, აუცილებლად დაიწყება აგრესია“ . . .
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ზაზა ავალიანი, პროფესორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტი ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ ამბობს: „ამ დროს ზიანდება სასუნთქი ზედაპირის უმეტესი წილი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთი სისტემის ჩამოშლას, სასუნთქი სისტემა ჩვენი ორგანიზის კარიბჭეა, საიდანაც ვმარაგდებით ჟანგბადით – ადამიანის უპირველესი ენერგეტიკული საშენი მასალით, რომლის გარეშეც ვერ ვაწარმოებთ ნივთიერებათა ცვლას. მისი უკმარისობა, ცალსახად იწვევს სხვა დაავადებებს, მათ შორის ხაზგასასმელია ფსიქიკური აშლილობები. სუიციდმა სწორედ ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მკვეთრად იმატა მსოფლიო მასშტაბით. რეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საინტერესო კვლევაში აშშ-ის სამი შტატი იყო დასახელებული, სადაც თითქმის ერთი მესამედით მოიმატა თვითმკვლელთა რაოდენობამ.იცით, რომ კოვიდის გავრცელების მხრივ ამერიკა, სამწუხაროდ, უპირობო ლიდერია მსოფლიოში.“
რა საფრთხეს გვიქმნის ფსიქოლოგიური კუთხით ახალი კორონავირუსი, ამაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე.
– რამდენადაა შესაძლებელი, რომ კოვიდინფექციის ზრდამ გამოიწვიოს სუიციდალური შემთხვევების მატება?
– ფართომასშტაბიანი ოფიციალური კვლევა იმის შესახებ, რომ კოვიდინფექციის ფონზე სუიციდის რაოდენობა მატულობს, არ არსებობს, მაგრამ საზოგადოებაში არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ დაავადების მიმართ, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. სახლში ჩაკეტილობამ, შეზღუდვებმა, სივრცის ნაკლებობამ, შესაძლოა ადამიანში გამოიწვიოს ძალიან უარყოფითი ემოციები და რასაკვირველია, სუიციდური აზრებიც, ანუ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ჩვენს ინერტულ ფსიქიკურ სამყაროზე.
– მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რა უნდა მოვიმოქმედოთ?
-ამ დროს აუცილებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ არ არის მარტო, მის გვერდით დგას საზოგადოება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე. აბსოლუტურად ყველა კატაკლიზმა, ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისი, დაღს ასვამს ჩვენს ფსიქიკას. მით უმეტეს, რთულია გადაიტანო კოვიდინფექციის პანდემია, რომელიც არ მთავრდება, საიდანაც თავის დაღწევის გზა, გამოსავალი არ ჩანს. კრიტიკულ ვითარებაში კი ადამიანისთვის, შესაძლოა, გამოსავალი იყოს სუიციდალური ქმედებები და აზრები.
– სოციალურ ქსელზე მიჯაჭვული ადამიანებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ახლოვდება სამყაროს აღსასრული – თუ ახალ კორონავირუსს დავამარცხებთ, მას მეორე ვირუსი ჩაანაცვლებს და ა.შ.
-მსგავსი აზრები ხშირი იყო ადრეც. შიშს აჩენდა მზის დაბნელებაც კი, მაგრამ მაშინ ყველა მოსაზრება იხარშებოდა ლოკალურად, გავრცელების ნაკლები არეალის გამო. ახლა ინტერნეტის მსოფლიო ქსელმა წაშალა საზღვრები და პლანეტის ერთ კუთხეში გაჟღერებულ წინადადებას ათასობით კილომეტრზე მოისმენთ. ამას ემატება ახალი ვირუსის მიმართ შიში, დაძაბულობა და ჩვენი ფსიქიკაც უფრო ადვილად ითავისებს უარყოფით ემოციებზე დაფუძნებულ ვარაუდებს.
– სახელმწიფო როგორ უნდა დაეხმაროს მოსახლეობას ამ მიმართულებით?
– მთელ სოციუმს თუ ვერ დაეხმარება, მის გარკვეულ ნაწილზე შესაძლებელია დახმარების გაწევა მუნიციპალური სტრუქტურების გამოყენებით. მოსახლეობას ისედაც უჭირს, არა აქვს ფსიქოთერაპევტთან მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხით მსგავსი სამსახურების დაფინანსება სამომავლოდ საკმაოდ რთულ პრობლემებს აგვარიდებს, ვგულისხმობ თანაქალაქელთა მყარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დროული დახმარება საწყის ეტაპზე, აღმოფხვრის პრობლემას და დაიცავს ბენეფიციარს გართულებებისგან.
– ეს სამსახური საქველმოქმედო უნდა იყოს?
– სტრუქტურის ჩამოყალიბება სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ აუცილებლად უფასო უნდა იყოს. ხანგრძლივი დროით ჩკეტილობამ, თანაქალაქელების მზარდმა სიკვდილიანობამ, უმუშევრობამ, ბიზნესების დაკეტვამ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებამ, რამაც ბევრი მოქალაქისთვის შეუძლებელი გახადა თავსუფლად გადაადგილება, შესაძლოა უმძიმესი დარტყმა მიაყენოს ჩვენს ფსიქიკას. ყველა თავისას დარდობს, ის, რაც ერთისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მეორესთვის მთელი ტრაგედიაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი იხსნის სტრესს მაღაზიებში გავლით, ტანსაცმლის თუ სხვა ნივთების შეძენით. ახლა, როდესაც ესეც მოაკლდათ, ზოგი დაგროვებულ ემოციებს სხვაგან ვერ წაიღებს, ისევ საკუთარ თავში ჩაიკეტება და უარყოფითად დაიმუხტება. ეს ერთ-ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, მაგრამ საკმაოდ ხელშესახები, ანუ იმის თქმა მინდა, რომ კოვიდინფექციის დროს ჩაკეტილობამ, მისმა ხანგრძლივმა მიმდინარეობამ, გამოიწვია უიმედობის განცდა, რასაც ემატება ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ადრე თუ გვიან, თავს შეგვახსენებს ფსიქოლოგიური გართულებების მატებით. შიშმა, შესაძლოა, ძალიან ბევრი ნეგატივი გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების სამომავლო განვითარებაზეც მოახდენს გავლენას.
– პანდემიის მძლავრი ტალღის შესაჩერებლად, ამ ეტაპზე მობილიზებულია სამედიცინო, ადამიანური და ფინანსური რესურსები. ამ ფონზე, მეეჭვება, მნიშვნელოვნად მიიჩნიონ ემოციები და დამატებითი თანხები გასცენ მის დასარეგულირებლად.
– შიში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ბევრ შეუქცევად პროცესს ადამიანებში. როდესაც პანდემია დასრულდება, შიშის დასაძლევად აუცილებლად წამოვა აგრესია, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს, ჩამოყალიბდება აგრესიული პირებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებისგანაც თავის დაცვა საზოგადოებისთვის მძიმე იქნება. ესეც გასათვალისწინებელია, რადგან აღარ ვიცით, როდის დაგვიდგება განკითხვის დღე.
– პრინციპში, აგრესია უკვე დაწყებულია, გავიხსენოთ ბანკებში აყვანილი მძევლები, ექიმის დაჭრა კოვიდინფიცირებულის მიერ თუ საავადმყოფოზე თავდასხმა გასაძარცვად.
– დიახ, მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვართ სამედიცინო პერსონალიც. არა იმიტომ, რომ კოვიდინფიცირებულებთან ვმუშაობთ, ეს ჩვენი ვალია, თანაც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლა საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაა, მაგრამ როდესაც ვკონტაქტობთ პაციენტებთან და არ ვიცით ინფიცირებულია თუ არა ის, ვიძაბებით და სტრესულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ამიტომ მინდა ვთხოვო კოვიდინფიცირებულებს და მათ, ინფიცირების რეალური საფრთხე რომ აქვთ: ნუ გამოხვალთ გარეთ, მოერიდეთ აფთიაქებს, მაღაზიებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. სთხოვეთ ახლობლებს და ისინი მოგამარაგებენ აუცილებელი სურსათით და მედიკამენტებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ნიჰილიზმი, აპათია, შიში ერთად ქმნის უწყვეტ ჯაჭვს, რომელიც სხვაგვარად არ გაწყდება.
– პრობლემები შეექმნებათ ბავშვებს და ახალგაზრდებსაც, რომლებიც ონლაინსწავლებაზე არიან გადასულები, რაც შესაძლოა, დამოკიდებულებაშიც გადაეზარდოთ.
– დიახ, ეს პრობლემა ისედაც გვქონდა, ახლა კი მეტად წარმოჩნდება. ფსიქოლოგიური დახმარება აუცილებლად დასჭირდება ახალგაზრდა თაობას. შესაძლებელია, სწორედ ამის გამო ბევრმა ისეთმა დაავადებამ იჩინოს თავი, რომლისგანაც დაზღვეული ვიქნებოდით ჩვეულებრივ, რიგით ცხოვრებისეულ პირობებში. ამ პროცესების მართვაში მნიშვნელოვანია ყველა მედიასაშუალების ჩართვა. ერთად უნდა დავდგეთ და ამ უხილავ მტერს შევებრძოლოთ შეძლებისდაგვარად. ყველა თაობას აქვს თავისი გამოწვევა. ჩვენს ბებია-ბაბუებს სამამულო ომის გადატანა მოუხდათ, ჩვენი გამოწვევა კი ახალი კორონავირუსი გახდა, რომლის ბოლოც არ ჩანს ამ გადასახედიდან და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგებს მოვიმკით მისი დასრულების შემთხვევაში.
– ქალბატონო შორენა, თუ შეიძლება ეტაპობრივად დავახასიათოთ, რას განიცდის იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებული?
– პირველი ეტაპი არის შოკი. იმის გააზრება და გათავისება, რომ მას კოვიდი დაემართა, მყისიერად იწვევს შოკურ რეაქციას. შემდეგ ხდება ამ სიტუაციასთან ადაპტირება, თუმცა ჩნდება კითხვები: რატომ მე და არა სხვა? შემდეგ იწყება გამოსავლის ძიება, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე . . . ასე ვთქვათ, შეგუების ეტაპი და მკურნალობა. ამათ შორის არიან პაციენტები, სხვაზე რომ ზრუნავენ და იზოლაციის ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ უფრთხილდებიან გარშემომყოფთ, რადგან მასაც არ გაუფრთხილდნენ თავის დროზე და დააინფიცირეს. ეს ადამიანები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, არ ერიდებიან კონტაქტებს, რაც თავისთავად იწვევს კოვიდინფექციის უკონტროლო გავრცელებას. სხვათა შორის, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანიც, რომელიც ვირუსის ტესტის პასუხის მოსვლამდე არ ამხელს საკუთარ საეჭვო მდგომარეობას, პირიქით, გაერევა საზოგადოებაში.
– მსგავსი ეგოისტური დამოკიდებულება ცუდ განწყობაზე გვაყენებს და ადამიანების მიმართ რწმენას გვაკარგვინებს . . .
– ყოველთვის იყო და იქნება მსგავსი ქცევები, ხასიათს გამოგისწორებთ და გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი პაციენტი უყვება ახლობლებს, რომ არაფერი საშიში არ არის და იოლად გადაიტანეს კოვიდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს განწყობას არა მხოლოდ კორონასთან, ნებისმიერ დაავადებასთან დამოკიდებულებაში. ახალი კორონავირუსი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მისი შორეული გართულებების კვლევა ჯერ არ არსებობს. ამიტომ იწვევს შიშს და უიმედობის, დაუცველობის შემაძრწუნებელ განცდას.
– სტრესს განიცდიან იმ ოჯახების წევრებიც, რომელთაც ახლობელი გარდაეცვალათ კოვიდით და არ მისცეს წესითა და რიგით გასვენების საშუალება.
– სწორს ბრძანებთ, ეს ადამიანები ისტრესებიან და საჭიროებენ კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარებას. ხომ შეიძლება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მაინც ავამუშაოთ ნდობის ტელეფონი, რომელიც კონკრეტულ საფრთხეს ააცილებს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს. ცხადია, პირველ რიგში, ვგულისხმობ იზოლაციაში მყოფ კოვიდინფიცირებულს, რომელსაც რაღაც მომენტში, სიტყვით მაინც, დაეხმარება ექიმი-ფსიქოლოგი. ანალოგიური სამსახურები ძალიან კარგად მუშაობს უცხოეთში.
– იმატა ოჯახური ძალადობის ფაქტებმაც . . .
– ჩაკეტილი სივრცე და გაჭირვება თავისთავად იწვევს აგრესიას და წარმოქმნის კონფლიქტს ოჯახის წევრებს შორის. ეს იმ დიდი პრობლემური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
– თუ შეიძლება, შევაჯამოთ ინტერვიუში წამოჭრილი საკითხები.
– სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ დონეზე უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ცენტრები, სადაც სპეციალისტები ნდობის ტელეფონების თუ პირადი კონტაქტების მეშვეობით შეძლებენ არა მხოლოდ სუიციდალური აზრებით შეპყრობილი ადამიანების განეიტრალებას, არამედ დაეხმარებიან მაღალი ხარისხის დეპრესიული და ნერვოზული აშლილობის მქონე პირებს. ამ სტრუქტურებში უნდა ჩაერთოს როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე ფიზიკური პირები. მაგალითად, რუსეთში, ფსიქო-სოციალურ ცენტრებში ამ მიზნით ძალიან კარგად იყენებენ პენსიონერებს, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ, მორიგეობით ესაუბრებიან და კრიტიკული სიტუაციებიდან გამოჰყავთ ემოციური აშლილობის მქონე ადამიანები. ეს სამსახურები ქვეყნის მასშტაბითაა შესაქმნელი, თუ გვინდა, რომ ჯანსაღი საზოგადოება შევინრჩუნოთ მსოფლიო პანდემიის პირობებში. ეს უნდა გაკეთდეს დღეს, თორემ ხვალ იქნება ძალიან გვიან.
![სულ ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat.gif)
![დღეს ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat-today.gif)