საქართველოს მასშტაბით, ხელბურთს ყველაზე უკეთ ბათუმში თამაშობენ
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
სპორტის ეს სახეობა აჭარაში ყოველთვის წარმატებული იყო. როგორც ლევან ჯიოშვილის წიგნში „სპორტი აჭარაშია“ გადმოცემული, ხელბურთი ჩვენთან, როგორც სპორტის სახეობა, მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი 50-იანი წლებიდან იწყება. პირველი ჯგუფები 1952 წელს ედუარდ თხილაიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და პირველი ვარჯიშები (შეჯიბრებებიც) სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ საჩოგბურთო კორტებზე ტარდებოდა; ბათუმელთა დებიუტი კი, საქართველოს პირველობაზე, 1957 წელს შედგა.
სამი წლის შემდეგ ბენიამინ ფირცხალაიშვილის თაოსნობით, ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ბაზაზე ვაჟთა და ქალთა გუნდები ერთი სახელწოდებით – „მენავთობე“ შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელს ვაჟთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
წლების განმავლობაში აჭარაში ხშირად ტარდებოდა არაერთი მნიშვნელოვანი დონის ტურნირი, როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო. ამან ხელი შეუწყო ჩვენთან ხელბურთის განვითარებას. 1975 წელს ბათუმის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი „განთიადი“ შეიქმნა, რომელიც იმავე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწიეს ბათუმელებმა, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდებმა. ეს წარმატებები დღესაც გრძელდება.
საქართველოში ახლა ერთ-ერთი წარმატებული გუნდია ბათუმის ხელბურთის კლუბი – „შავი ზღვის ბიჭები“, რომლის დირექტორად მიმდინარე წლის დასაწყისიდან ვალერიან კაკულია დაინიშნა. ის მანამდე ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი გახლდათ სასკოლო ასაკის ბავშვებში (ჭაბუკებსა და გოგონებში). კლუბში რამდენიმე გუნდია გაერთიანებული. უფროსების გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობს, რომლის გარდა კლუბში გოგონათა და ვაჟთა ორ-ორი გუნდია.
– ბატონო ვალერი, მოკლედ შევაჯამოთ წლევანდელი წელი.
– ამ წლის დასაწყისში ჩვენი ხელბურთელები უმაღლეს ლიგაში პირველ ადგილზე იყვნენ, მათ ვეღარავინ ეწეოდათ, მაგრამ პანდემიის გამო, უფრო სწორად იმიტომ, რომ ტურნირი ვეღარ გაგრძელდებოდა, ეს მონაცემები (ყველა შედეგი) განულებულად გამოცხადდა. ჩვენი გუნდი კი იყო პირველ ადგილზე, მაგრამ აუტსაიდერების გავარდნა, თამაშების შეწყვეტის გამო, ვეღარ მოხერხდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც შეინარჩუნა და თასიც მოიგო. ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა თასზე შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან რვა გუნდი მონაწილეობდა. შეხვედრები ოლიმპიური სისტემით გაიმართა. წაგებული ვარდებოდა. ბათუმელები ფინალში ქუთაისელ ხელბურთელებს შეხვდნენ და აი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ: გოგა კახიძე, გიორგი ახალბედაშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, ტარიელ მჟავანაძე, დავით კაკულია, გოჩა თურმანიძე, გივი ზაქარაძე, ზურაბ აბრამიშვილი, დაჩი ვარშალომიძე, გივი გიორგაძე, უჩა მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, რატი მსხვილიძე, გიორგი ტიელიძე, გიგა ტორონჯაძე. გუნდი მოამზადეს მწვრთნელებმა – ამირან კომახიძემ და მამუკა მჟავანაძემ.
– სად ვარჯიშობენ ჩვენი ხელბურთელები?
– დარბაზის არქონის გამო (ჯერჯერობით) ბათუმელ ხელბურთელთა ნაწილი ბათუმისა და ხელვაჩაურის სხვადასხვა სკოლის დარბაზებში ვარჯიშობდა, ნაწილი (ძირითადი გუნდი) – თბილისში. სხვათა შორის, ბათუმს უნდა ემასპინძლა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ხელბურთში, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ქალაქმა ვერ შეძლო მათი მიღება და ეს ჩემპიონატები (20 და 21 -წლამდელთა) თბილისში გაიმართა.
– ხელბურთით ბევრია ახალგაზრდაა დაინტერესებული?
– კი, ძალიან, რადგან ბათუმის მერია ძალიან გვიდგას გვერდით, ბავშვებს ყველანაირი აღჭურვილობა აქვთ, ბოტასებიდან დაწყებული, სპორტული ფორმებით დამთავრებული. ჩვენ ბათუმის მერიის გუნდი ვართ და მისგანვე ვფინანსდებით.
– დაახლოებით რამდენი მოზარდია სპორტის ამ სახეობით დაკავებული?
– სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ამჟამად, დაახლოებით, 120-130 სპორტსმენი ვარჯიშობს.
– ხელბურთს ბათუმში დიდი ხნის ისტორია აქვს?
– საკმაოდ და ჩვენი ნაკრები მუდამ წარმატებული იყო, არაერთი ხელბურთელი ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ამირან კომახიძე საქართველოს ნაკრების წევრი იყო, შესანიშნავი მეკარე გახლდათ და ნაკრების თითქმის ყველა მეკარე მისი გაზრდილია.
– თქვენი კლუბი რამდენი ხანია არსებობს?
– მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენს კლუბს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა – ათი წელი და გვინდოდა ფართოდ აღგვენიშნა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. მისი პირველი მწვრთნელი იყო მერაბ ჭანტურია, დირექტორი – თემურ ბზეკალავა (აწ გარდაცვლილი). ახლა ხელბურთელებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რამდენიმე მწვრთნელი ავარჯიშებს.
– დღეს საქართველოში ხელბურთს ყველაზე უკეთ სად თამაშობენ?
– ბათუმში, რა თქმა უნდა – გვყავს ძლიერი გუნდი, ასევე ქუთაისში, თბილისში . . . ამ და სხვა გუნდებთან თამაში ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ბოლო ფინალიც ქუთაისელებთან ძალიან დაძაბული იყო და სანახაობრივადაც საინტერესო გამოდგა.
– ახლა რა შეჯიბრებისთვის ემზადებით?
– საქართველოს ჩემპიონატი იგეგმებოდა, მაგრამ ამ პანდემიის შეზღუდვების გამო რამდენად მოხერხდება, არ ვიცით. დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს ცალ-ცალკე უნდა ეთამაშათ, რომლის შემდეგაც გამრჯვებულები ფინალში ითამაშებდნენ. პატარები უკვე რამდენიმე ხანია აღარ ვარჯიშობენ, უფროსები, რეგულაციების დაცვით შეძლებისდაგვარად ვარჯიშობდნენ. დარბაზში შემოწმების გარეშე ვერავინ შევიდოდა. ოჯახშიც რომ ვინმე სიცხიანი ყოლოდა, სპორტსმენი ვარჯიშს ვეღარ გააგრძელებდა, თუმცა ახლა ყველაფერი შევაჩერეთ და იმ დროს ველოდებით, როცა ვარჯიშის შესაძლებლობა იქნება.

