სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის, აჭარის ღვაწლმოსილ მუშაკთა პატივგებისა და მადლიერების საზოგადოებისა და ნიგაზეულის საჯარო სკოლის ინიციატივით, ბათუმში, კაფე-ბარ „ბლექსში“ მოეწყო პროფესორ აკაკი ზოიძის წიგნის „სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე“ წარდგენა.
წიგნი მოგვითხრობს 70 წელთან წილნაყარი, ღვაწლმოსილი მუშაკის, მამულიშვილობით, კაცობით, ჰუმანურობით გამორჩეული პიროვნების – გურამ ხიმშიაშვილის ლამაზ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ამ ნაშრომში ვეცნობით სოფელ ნიგაზეულს, მის ისტორიას, საქვეყნოდ ცნობილ გვარიშვილებს, მამულიშვილებს, სკოლას, აღმზრდელ პედაგოგებს, მათ აღზრდილებს. ცალკე თავი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილებში დაფერფლილ აჭარის მკვიდრთა თავდადებას და რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ინსპირირებულ ომებს.
საქვეყნო საქმეებით შთაგონებულ გურამ ხიმშიაშვილის პორტრეტს ავსებს და ცხადად წარმოაჩენს წიგნში წარმოდგენილი საზოგადო მოღვაწეების, ახლობელი ადამიანების, კოლეგებისა და ნაცნობ-მეგობრების მოგონებები, აზრები და შეხედულებები.
წიგნის მიზანდასახულობაზე, მისი შექმნის ცალკეულ მომენტზე, მრავალფეროვანი მასალის მოძიების, აკინძვისა და ნაშრომის სახით წარმოდგენის სხვა ეტაპებზე ისაუბრა წიგნის ავტორმა, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა აკაკი ზოიძემ.
სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რედაქტორი, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ დიასამიძე, რეცენზენტები – პროფესორი სერგო დუმბაძე, ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, წიგნის ტექნიკური რედაქტორი გურანდა ბოლქვაძე, პოეტი გურამ არძენაძე, უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ეთერ ცეცხლაძე, წიგნის გმირის გვარის წარმომადგენლები: ზურაბ, ლევან, ნუგზარ, ჯუმბერ, ილო ხიმშიაშვილები.
ნაშრომის მთავარმა პერსონაჟმა – გურამ ხიმშიაშვილმა თავისი ცხოვრებიდან გაიხსენა ცალკეული ეპიზოდები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მოუნელებელ ტკივილზე, რომელიც მას წინა ხელისუფლების დროს მიაყენეს – ჩამოართვეს და გაუსხვისეს მაღაზია „მაგნოლია“, რომელიც მის მეორე ოჯახს წარმოადგენდა და 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. როგორც მან აღნიშნა, მისთვის და მისი ოჯახისთვის ორმაგად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ ხელშეწყობით, გოგი შევარდნაძემ და ირმა ქოსაშვილმა მიითვისეს არა მარტო ობიექტი, არამედ მაღაზიაში არსებული 40 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქონება.
– ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა 40-მდე პროცესი, რომლებიც უშედეგოდ დამთავრდა, – გულდაწყვეტით გვითხრა გურამმა, – თუმცა იმედს არ ვკარგავ და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა საქართველოში ახდება რუსთაველის სიტყვები: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
ბატონმა გურამ ხიმშიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ავტორს, რედაქტორებს, რეცენზენტებს, მოწვეულ სტუმრებს მისი 70-წლიანი ცხოვრების წარმოჩენის, დაფასებისა და პატივგებისთვის.
რედაქტორმა, რეცენზენტებმა, სიტყვით გამომსვლელებმა წიგნს მაღალი შეფასება მისცეს. აღინიშნა, რომ ღირსეულ ადამიანთა ცხოვრების ეტაპების შესწავლა-ანალიზი, ცნობილ გვარიშვილთა წარმოჩენა ჩვენს ერსა და ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ სარგებლობას მოუტანს და წაადგება მოზარდი თაობის აღზრდას, მის მორალურ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას.
დასასრულ, წიგნის ავტორმა აკაკი ზოიძემ გულითადი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას წიგნის მაღალი შეფასებისთვის და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

