„იმ ბიულეტენების უმრავლესობა, ტექნიკური ხარვეზების გამო გაბათილებულად რომ ჩაითვალა, „ქართული ოცნების“ მომხრეებს ეკუთვნოდათ“
ცეცილი ირემაძე: 27 48 94 –
აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, რომელმაც მეორედ იყარა კენჭი ამავე საკანონმდებლო ორგანოში, ამჯერად, მაჟორიტარად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, ერთადერთი იყო სხვა ოლქების კანდიდატებიდან, რომელმაც არჩევნების პირველივე ტურში მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა.
რა წინასაარჩევნო ვითარება იყო, გაყალბდა თუ არა არჩევნები და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო, ამაზე საუბრობს ცოტნე ანანიძე „აჭარასთან“ ინტერვიუში.
– წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი კანდიდატურა, ახლა კი მაჟორიტარობა განდოთ. რა იგრძენით ასეთი ნდობის საპასუხოდ?
– საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ერთია, როდესაც პარტიის ავტორიტეტით გადიხარ, მეორე – როცა საკუთარით, მით უმეტეს, რომ ახლანდელი არჩევნები ნაწილობრივ პროპორციული იყო, რაც გულისხმობს 18/3-ზე ხმების გადანაწილებას უმაღლეს საბჭოში. თავისთავად, გაიზარდა ოლქის გეოგრაფიაც და მოსახლეობის რაოდენობაც, რაც კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, წარმომადგენლობას, მაღალი ხარისხის და დოზის კომუნიკაციას გავალდებულებს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობა მაჟორიტარულ სისტემაში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს თავისი კლასიკური გაგებით და როდესაც პირი ამ ფორმით ხდება უმაღლესი საბჭოს წევრი, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. სხვათა შორის, აჭარის და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების არჩევითობის პრინციპი იდენტური იყო და ვამაყობ, რომ მეც და ზაალ მიქელაძეც, პირველივე ჯერზე აგვირჩია ქობულეთმა, რადგან ძალიან კონკურენტული იყო საარჩევნო გარემო.
– ქობულეთის საარჩევნო ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, მაშინ, როდესაც დანარჩენ ორ საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. რითი ხსნით ამ ფაქტს – ქობულეთელები ენდობიან მმართველ გუნდს, თუ სხვა ოლქებში ნაკლებად იმუშავა წინასაარჩევნო კამპანიამ?
– საკმაოდ საინტერესო კითხვაა, რადგან ამ კუთხით არც მიფიქრია სიტუაციის გაანალიზება. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთის მოსახლეობას იმ ნდობისთვის, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს გამოგვიცხადა. არ არსებობს არც იდეალური პარტიები და არც იდეალური კანდიდატები. ბუნებრივია, ყველაფერი შედარებითია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველმა ბიულეტენებში წარმოდგენილი კანდიდატები ერთმანეთს შეადარა და ჩემი აზრით, გააკეთა სწორი არჩევანი იმ მოცემულობაში, რაც მათ შესთავაზეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე.
– თქვენ თვლით, რომ დანარჩენი კანდიდატები არ იმსახურებდნენ ამომრჩევლის ნდობას?
– მე ეს არ მითქვამს. ყველა პარტიის ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, ისინი ჩემი ღირსეული კონკურენტები იყვნენ. მზად ვარ, მათთან ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო ჩვენი ოლქის საკეთილდღეოდ, ვინაიდან პოზიცია-ოპოზიციის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული გარემოს, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის. სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფმა ადამიანებმა უნდა შევძლოთ თანამშრომლობა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღება პროგრესირებისთვის.
დღეისათვის, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ამოცანა, რასაც, იმედი მაქვს, გადავჭრით. აქვე მინდა საზოგადოებრივ სარბიელზე წარმატება ვუსურვო ყველა ჩემს კონკურენტს.
– რა შესთავაზეთ ამომრჩეველს ისეთი, რომ არჩევანი თქვენზე შეაჩერა, როგორც ვიცით, ოპოზიცია საკმაოდ ბევრს ჰპირდებოდა მოსახლეობას?
– ჩვენ მხოლოდ რეალურს ვპირდებოდით, იმას, რისი გაკეთებაც შესაძლებელია არსებულ რეალობაში. ამასთან, მოსვლისთვის მადლობას ვუხდიდით წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე ხალხს და ბოდიშს – იმ გამოწვევებისთვის, რის წინაშეც აღმოჩნდა ქვეყანა და კაცობრიობა.
– თქვენი რეალური კონკურენტი ელგუჯა ბაგრატიონი იყო. რაიმეგართულება ხომ არ წარმოიქმნა თქვენს შორის?
– საწყის ეტაპზე ბონდო თედორაძე იყო „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, შემდეგ ჩემს კოლეგა ელგუჯა ბაგრატიონზე შეაჩერეს არჩევანი. მინდა აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ძალიან მშვიდ, ჯანსაღ გარემოში ჩაიარა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არასოდეს გამოუყენებია წინასაარჩევნო მარათონში სიძულვილის ენა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ არც ბატონ ელგუჯას წარუმართავს წინასაარჩევნო კამპანია ნეგატიურ ჭრილში, მაგრამ პოსტსაარჩევნო გარემოში ერთმანეთის მიყოლებით გაიჟღერა არასერიოზულმა, დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა და პრეტენზიებმა, მათ შორის ქობულეთის საარჩევნო ოლქთან მიმართებაში. დაიწყეს საპროტესტო აქციები საოლქო თუ უმაღლესი საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციებთან, რაც დღესაც მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად გაუმართლებელი და პოლიტიკურად არაკორექტულია.
– დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.
– დიახ, ეს ასეა და არავის შეუზღუდავს მათი თავისუფლება, მაგრამ თუ ვსაუბრობთ დემოკრატიასა და პროგრესზე, პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების ჩამოყალიბებაზე, მიუღებელია ის ფორმები, შინაარსი და ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს ოპოზიცია. კონკურენტების მსგავს დამოკიდებულებას ვგმობთ და ვემიჯნებით. იგივეს აკეთებს პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკოსი და მედიაც, რომელიც ეთიკის სტანდარტებით მუშაობს.
-განსაკუთრებით რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?
– აღვშფოთდით, როდესაც განაცხადეს, რომ ცოტა იყო ამომრჩეველთა რაოდენობა და ბევრი – გაუქმებული ბიულეტენი, თითქოს არჩევნები გავაყალბეთ და არასწორად დავთვალეთ შედეგები. საქართველოს მასშტაბით, ხმების გადათვლა შესთავაზეს ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილს, რაზეც უარი განაცხადეს, კარგად იცოდნენ – იმ ბიულეტენების უმრავლესობა, ტექნიკური ხარვეზების გამო გაბათილებულად რომ ჩაითვალა, „ქართული ოცნების“ მომხრეებს ეკუთვნოდათ. თავისთავად, როდესაც საზოგადოებას სიმართლის საპირისპიროს აუწყებენ, იწვევს ჩვენს სამართლიან აღშფოთებას. ოპოზიციის, მმართველი პარტიის და პარტნიორი ქვეყნების ელჩების შეთანხმებით, ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი ჰქონდა. თავიდანვე, ოპოზიციის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლებითაც კი, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხმების 40 %-ზე მეტი. იგივე შედეგი დადო კრიტიკულად განწყობილმა სადამკვირვებლო მისიებმა თუ ოპოზიციურმა მედიამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მათ, უბრალოდ, პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვთ გაყალბებებზე უსაფუძვლო საუბრები, რითაც საზოგადოებას თავს ახვევენ დესტრუქციულ განწყობებს და ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში, მიმართულია ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობისკენ.
– წინასაარჩევნოდ, რა პრობლემების მოგვარებას გთხოვდათ ქობულეთელი ამომრჩეველი გამარჯვების შემთხვევაში?
– ჩაქვი, მახინჯაური, ქობულეთი – ეს საკმაოდ დიდი მოცულობის ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა ტიპის პრობლემა იჩენს თავს. მათ შორისაა უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ზოგან მოსაწესრიგებელია შიდა გზები და წყლის სისტემები. მეც და ბატონი ზაალიც არჩევნების შემდეგ აქ ვიმყოფებით, ადგილზე ვეცნობით, რა უჭირს მოსახლეობას და კონკრეტულად რით შევძლებთ დახმარებას. ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ციტრუსის კრეფა-ჩაბარება-რეალიზაცია, რომელიც აქტიურ ფაზაშია. მთავრობის ხელშეწყობით, არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა. ეს მნიშვნელოვანია ქობულეთელებისთვის, ვინაიდან ტრადიციულად, ციტრუსი ბევრი ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წლის დასაწყისში ჩვენი მხარისთვის უჩვეულო ყინვებმა დააზიანა ბაღები და ცოტაა მოსავალი, მაგრამ რაც არის, მაღალი ხარისხისაა, მასზე დიდი მოთხოვნაა და რეალიზაციაც უპრობლემო იქნება.
– როგორც დეპუტატი, რა საქმეს გააგრძელებთ მომდევნო 4 წელიწადში?
– ვთვლი, რომ ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არასოდეს მაკმაყოფილებს მიღწეული. ვგულისხმობ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის საკითხებს, რომლის კომიტეტსაც ვხელმძღვანელობდი. ცხადია, ამ მიმართულებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემა მოიხსნა, პროგრესი გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ბალანსის და თანასწორობის, პატიმართა უფლებების, შშმ პირთა და სხვა უფლებების კუთხით. ბავშვთა კოდექსიც და გენდერული კვოტირების შესახებ კანონიც მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ- პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური უფლებების განმტკიცებისა და რეალიზების თვალსაზრისით. თუმცა ეს არის მუდმივი ბრძოლა, სამუშაო, რომელიც საჭიროებს კონკრეტული საქმის ღრმად შესწავლას საერთო პრობლემის განზოგადებისა და გადაჭრისთვის. ყველა ადამიანს სჭირდება მხარში დგომა, რომ არ ჰქონდეს უუფლებობის განცდა, არ მიიჩნიოს, რომ სწორედ მისი უფლება უგულებელვყავით და არ დავეხმარეთ მისთვის მძიმე ვითარებაში.
– ყოველთვის ყველას დახმარებას ხომ ვერ შეძლებთ?
– მაშინ სწორად უნდა ავუხსნათ საკანონმდებლო რეგულაციები, საკონსტიტუციო ნორმები. . . ხდება ისეც, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ჩრდილს ვაყენებთ სავარაუდო დამნაშავეებს, არ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციით გათვალისწინებულ წესებს, რაც არღვევს მის უფლებებს. მოკლედ, ეს არის ცალკე სასაუბრო თემა, აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და გასაანალიზებელი, რაც მოითხოვს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს. . . რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენმა დეპუტაციამ ბევრი რამ გააკეთა, საკმაოდ ნაყოფიერი ოთხი წელი გვქონდა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი მე წარმოვადგენ მაჟორიტარულ ოლქს და ვეცდები, მთლიანად დავიხარჯო, მაქსიმალურად დავუდგე მხარში თითოეულ ოჯახს.
– რა კომენტარს გააკეთებთ ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მუდმივ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე?
– როდესაც ამ მძიმე ვითარებაში მოუწოდებ ადამიანებს, გამოვიდნენ გარეთ, არ იცავ დისტანციას, უგულებელყოფ დამცავ საშუალებებს და არაფრად აგდებ პანდემიის შესაჩერებლად შემოღებულ შეზღუდვებს, სხვა რაღა უნდა გიწოდო, თუ არა მარგინალური ოპოზიცია, რომლის დომინანტად გვევლინებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ლიდერები. მათ მიერ შემუშავებულ ხაზს, სტრატეგიას, დაღუპვამდე მიჰყავს ქართველი ერი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დააკვირდით მათ ტექსტებს, ლექსიკას, რომელიც ცინიზმით და სიძულვილითაა აღსავსე. ამ აქციებით ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ იმიჯს ლახავს, თავს აზიანებს, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, ვერ დაიჭერ ნეიტრალიტეტს. ვხედავთ, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია კოვიდინფიცირების კუთხით. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი, პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ერთხმად მოუწოდებენ ოპოზიციას, შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოებში და ამომრჩევლის მიერ მიცემული ნდობის მანდატები გამოიყენონ საპარლამენტო მუშაობის ფორმატში, თავისი იდეების, პოლიტიკური ხედვების რეალიზაციისთვის.
– ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოდ ჩამოყალიბებაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის გამოსავალი.
– გეთანხმებით, ეს არ იქნება ქვეყნის განვითარებისთვის პოზიტივის მომტანი. მეტსაც გეტყვით, ეს დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვისაც. გასაგებია, რომ უკმაყოფილოები არიან არჩევნების შედეგებით, მაგრამ პროტესტი ხომ უნდა ჯდებოდეს რაღაც ლოგიკასა და დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღებ ფორმატში? გვესმის აგრესიული მოწოდებები, ფიქსირდება ძალადობის ელემენტებიც, რაც არ არის ის გზა, რომელიც წაადგება ქვეყანას ან თავად ოპოზიციურ პარტიებს. მოვუწოდებ, დაფიქრდნენ როგორც საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალზე, ისე საქართველოს აწმყოსა და მომავალზე და ისე მიიღონ საბოლოო, რაციონალური გადაწყვეტილება.